საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მთიანი ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
„მე ეს ადრე განვაცხადე, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მთიანი ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია. თავად სომხეთმა არ აღიარა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა და ამ გარემოების გათვალისწინებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანია“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.