ასლან ხადარცევი: ცეზარ ჩოჩელისა და მისი თანამოაზრეების შრომისმოყვარეობამ გამაოცა,

ასლან ხადარცევი: ცეზარ ჩოჩელისა და მისი თანამოაზრეების შრომისმოყვარეობამ გამაოცა,

28 იანვარს, “ვერსიაში” გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც კარგად ინფორმირებული, კომპეტენტური წყარო, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელისა და ვანო მერაბიშვილის კრიმინალურ-კორუფციულ გარიგებებზე გვიამბობდა, გამოხმაურება მოჰყვა - “ვერსიას” ყველა ის კომპანია დაუკავშირდა, რომელიც, პირდაპირ თუ ირიბად, ცეზარ ჩოჩელთან იყო დაკავშირებული. ამასთან, სპეციალურად ზემოხსენებული სტატიის გამო, ჩვენთან შეხვედრა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის, ალანიას პარლამენტის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბიზნესმენმა ასლან ხადარცევმა ითხოვა, რომელიც 2003-2007 წლებში, რუსეთის ფედერაციის პარლამენტის სახელმწიფო სათათბირო “გოსდუმის” წევრიც იყო.

ასლან ხადარცევი “ვერსიის” წყაროს ინფორმაციამ აღაშფოთა, რომელიც ჩოჩელებისა და ხადარცევების ურთიერთობაზე გვიამბობდა. შეგახსენებთ: წყაროს ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელმა ბიზნესი ხადარცევის ინვესტიციით დაიწყო, მერე, ჩოჩელმა პარტნიორის “გადაგდება” მოინდომა, რის გამოც, ხადარცევმა ლუდის ქარხანა “ლომისი” დაშალა და ვლადიკავკაზში გადაიტანა... როგორც ხადარცევი “ვერსიას” ეუბნება, “ლომისი” მის საკუთრებაში არასოდეს ყოფილა. მეტიც, წლების წინ, ცეზარ ჩოჩელმა “ლომისი” გაყიდა, რომელიც თურქულმა კომპანია “ეფეს პილსნერმა” იყიდა. “ვერსიასთან” ექსკლუზიური ინტერვიუ ასლან ხადარცევმა სწორედ ამ თემაზე საუბრით დაიწყო.

- ბოლო 20 წლის განმავლობაში, ცეზარ ჩოჩელმა საქართველოში 8 ქარხანა აამუშავა, ხადარცევებისა და ჩოჩელების ოთხი თაობა დამეგობრდა - ჩვენი მშობლები, ჩვენ, უმცროსი ძმები და შვილები, კიდევ რა კრიტერიუმები გაქვთ საქართველოში საქმიანი ადამიანის შესაფასებლად?! წარმოიდგინეთ, მე და ცეზარი მთელი ცხოვრება ვშრომობთ, ვაშენებთ, ჩვენს ირგვლივ თავს ვუყრით ადამიანებს, თაობებს ვაახლოებთ, მაგრამ ერთი კვირის წინ წავიკითხე თქვენი სტატია და გავოგნდი. არ იფიქროთ, რამეში გადანაშაულებთ, ეს იმ ადამიანის ბრალია, ვინც არასწორი ინფორმაცია მოგაწოდათ, მაგრამ ჩვენი მსაჯული უფალია. თქვენი სტატია ჩემთვის კოღოს ნაკბენივით იყო, როგორ დაწერეთ, რომ ხადარცევებმა ახალგორის ქარხანა დავშალეთ და 21 მანქანით, ვლადიკავკაზში გავიტანეთ?

უკაცრავად, ბატონო ასლან, ამ დეტალს ვერ გადავამოწმებდი, რადგან ახალგორის რაიონი ოკუპირებულია, თორემ დიდი სიამოვნებით წავიდოდი და ქარხანას ადგილზე ვნახავდი, ხალხსაც გავესაუბრებოდი...

- ჰოდა, გეუბნებით, რომ ახალგორის ქარხნიდან ერთი “ბოლტიც” არ დაკარგულა! ვიცი, რომ “ლომისი” დღემდე მუშაობს, მაგრამ ჩემი არ არის და რა უფლება მქონდა, სადმე გადამეტანა? ერთხელ დამირეკა “ლომისის” ქარხნის დირექტორმა, რაღაც დეტალის შეძენა მთხოვა და დავეხმარე, მაგრამ ეს ხომ ბუნებრივია. გიმეორებთ, ვამაყობ ჩვენი მეგობრობით, რადგან ამ 20 წლის განმავლობაში, ხადარცევებმა და ჩოჩელებმა ულამაზესი, მეგობრული პირამიდა შევქმენით. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ყველაფერში, რუსეთის ფედერაციის “დუმის” წევრი, მახარბეკ ხადარცევიც გარიეს, მას წარმოდგენაც არ აქვს, რაზეა საუბარი და არაფერ შუაშია! მახარბეკი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უძლიერესი ბიზნესმენი და შვიდი შვილის მამაა! როგორ, ჩვენ ჩამოვედით ახალგორში და ქარხანა ვლადიკავკაზში გადავიტანეთ? ეს ხომ აბსურდია! ამ ამბავს არავის მოვუყვები, ან რა მოვყვე, ქურდი ვარ, რომელმაც სხვისი კუთვნილი ქარხანა დავშალე და ვლადიკავკაზში გადავიტანე?

ჩოჩელებისა და ხადარცევების მეგობრობის 20-წლიანი პირამიდა

მათი მეგობრობა 1994 წლიდან დაიწყო. ცეზარ ჩოჩელმა “ვერსიას” უამბო, რომ 1994 წელს, როდესაც საზღვარი ჩაიკეტა და ქართველებსა და ჩრდილოეთ ოსებს შორის მიმოსვლა შეწყდა, ახალგორში, უკვე არსებული ლუდის საწარმოს რეკონსტრუქცია  გადაწყვიტა. მძიმე პერიოდის მიუხედავად, დასახმარებლად ვლადიკავკაზში, ასლან ხადარცევთან ჩავიდა, რომელიც ახალგაზრდა, ქართველი კაცის ასეთმა გამბედაობამ განსაკუთრებით მოხიბლა, დაეხმარა და მათი მეგობრობაც ასე დაიწყო. ჩოჩელებისა და ხადარცევების ხანგრძლივი და მყარი მეგობრობის შესახებ თავად ასლან ხადარცევი გვიამბობს, მაგრამ დასაწყისში იმ რამდენიმე, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტს აღვნიშნავ, რომელიც დიქტოფონსმიღმა მითხრა. დაძაბული ქართულ-ოსური, გნებავთ, ქართულ-რუსული ურთიერთობების ფონზე, ვლადიკავკაზში სტუმრად ჩასული ჩოჩელები ასლან ხადარცევმა რესტორანში დაპატიჟა. ეს ის პერიოდია, როცა ასლან ხადარცევი “გოსდუმის” დეპუტატია, სტუმრების პატივსაცემად, მასპინძელმა რესტორნის მუსიკოსებს რევაზ ლაღიძის “თბილისო” შეუკვეთა. მუსიკოსებმა თხოვნა არ შეასრულეს, უფრო ზუსტად, ვერ გაბედეს “თბილისოს” შესრულება. ასლან ხადარცევმა რესტორნის დირექტორი დაიბარა და მუსიკოსები სამსახურიდან გააშვებინა. რამდენიმე დღის შემდეგ, ვლადიკავკაზში, სხვა რესტორანში შევიდნენ, მაგიდა გაშლილიც კი არ იყო და ისე, რომ არავის შეუკვეთავს, მუსიკოსებმა “თბილისო” საკუთარი სურვილით შეასრულეს...

ხადარცევებისა და ჩოჩელების მეგობრობას, მათი უმცროსი ძმები და შვილები აგრძელებენ: ასლან ხადარცევის უფროსი ვაჟი ზაურ ხადარცევი, ცეზარ ჩოჩელის ბიზნესპარტნიორია. ზაურს 2 შვილი ჰყავს, მაგრამ ღიმილით ამბობს, რომ სამი შვილი ეყოლება,  რადგან  ბატონი ცეზარტიდან  იცის   საქართველოს პატრიარქის ინიციატივის  შესახებ და  უნდა რომ მისი   მესამე შვილი ს ნათლია  სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე  იყოს.

ბატონო ასლან, როგორ გაიცანით ცეზარ ჩოჩელი, საუბარი იქიდან დავიწყოთ, როცა ყველაზე რთულ დროს, ვლადიკავკაზში, თქვენი კაბინეტის კარი ჩოჩელმა შემოაღო და ფულის სესხება გთხოვათ.

- არავითარი ფული! თანხა საერთოდ არ ყოფილა, ჩოჩელი და მისი ცოლისძმა სტუმრად ჩამოვიდნენ ჩემთან, მითხრეს, რომ ახალგორში ლუდის პატარა საწარმოს გახსნა უნდოდათ. მთელი ჩრდილოეთ კავკასია შემოუვლიათ, მაგრამ ალაო ვერ იშოვეს და მხოლოდ 2 ტონა მთხოვეს. ისიც მითხრეს, რომ როდესაც საწარმოს აამუშავებდნენ, აუცილებლად ჩამოვიდოდნენ და თანხას გადაიხდიდნენ. თვალებანთებულები მიმზერდნენ და, რა თქმა უნდა, მივეცი 2 ტონა ალაო. შევატყვე, არ ელოდნენ, ასე ადვილად თუ დავთანხმდებოდი და, ალბათ, იფიქრეს, ესეც ჩვენსავით გადარეულიაო. მოკლედ, ცეზარ ჩოჩელი თავიდანვე მომეწონა. მოგვიანებით, ისევ ჩამოვიდნენ ვლადიკავკაზში, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ შინაგანად მესიამოვნა. ლუდის წარმოება დაუწყიათ და საწარმოს დასათვალიერებლად დამპატიჟეს, მიპატიჟება მივიღე, ჩამოვედი საქართველოში, მაგრამ რაც ვნახე, იმას საწარმოს ნამდვილად ვერ დაარქმევდი. ცეზარ ჩოჩელისა და მისი თანამოაზრეების შრომისმოყვარეობამ გამაოცა, ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებდნენ, არ დაგიმალავთ, ასეთი რამ არსად მინახავს. ხომ გახსოვთ, რა მძიმე დრო იყო - უშუქობა, უწყლობა, მაგრამ ამ ხალხის თვალებში ცეცხლი ენთო, 24 საათის განმავლობაში შრომობდნენ და ამან აღმაფრთოვანა. ეს იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილება და ასე დაიწყო ის უდიდესი მეგობრობა, რომლითაც განსაკუთრებით ვამაყობ! ჩოჩელებსა და ხადარცევებს შორის არასოდეს ყოფილა ფულზე საუბარი, ჩვენს შორის თავიდანვე გულწრფელი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რადგან ერთი ხასიათისა და თვისებების ადამიანები შევხვდით: გვიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, ჩოჩელები - აქ, საქართველოში და ხადარცევები - იქ, ვლადიკავკაზში, ნებისმიერ სიტუაციაში, ლხინსა და, სამწუხაროდ, ხანდახან ჭირშიც ერთმანეთის გვერდით ვართ, მნიშვნელობა არ აქვს, დღესასწაულია თუ არჩევნები - ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და ვგულშემატკივრობთ. მაშინ, როდესაც ცეზარ ჩოჩელს გამგებელად, შემდეგ კი, მხარის გუბერნატორად ირჩევდნენ, ხადარცევები საქართველოში ჩამოვედით და მის გვერდით ვიდექით, 2003 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაციის მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატად მირჩევდნენ, ცეზარი მხარს მიჭერდა...

1994 წლის შემდეგ, როდესაც ახალგორში, ლუდის საწარმო “ლომისი”, მართლაც, არაჩვეულებრივ ქარხანად აქციეს და ახალი ხარისხის ლუდი ჩამოასხეს, ჩოჩელებმა ისევ დაგვპატიჟეს. დაახლოებით, 5-6 ოჯახი ჩამოვედით და პრეზენტაციის ორგანიზებაშიც დავეხმარეთ, ტელევიზიებმა გააშუქეს და ვფიქრობ, ხალხმა პირველად მაშინ შეიტყო, რომ ახალგაზრდა კაცმა, ცეზარ ჩოჩელმა, თავის გუნდთან ერთად, ასეთი წარმატებული საწარმო შექმნა. ამ დროს, ცეზარსა და მის გუნდს ჯერ კიდევ არ ჰქონია ურთიერთობა ჩეხურ კომპანიასთან, მაგრამ ისინი დღე და ღამე, მუხლჩაუხრელად შრომობდნენ.

თუკი ფინანსურად არ დახმარებიხართ, გამოდის, მხოლოდ რჩევებითა და რეკომენდაციებით შემოიფარგლებოდით?

- რეკომენდაციებს ვაძლევდი, მაგრამ იმდენად დაინტერესებულები იყვნენ, რომ წარმოების შესახებ სპეციალურ ლიტერატურასაც ეცნობოდნენ. მხოლოდ იმას ვეუბნებოდი, სად, რომელი მილი უნდა დაემონტაჟებინათ და იმდენად ნიჭიერები არიან, ყველაფერს უსიტყვოდ ხვდებოდნენ. პირველად რომ ჩამოვიდნენ ვლადიკავკაზში და ჩვენი ქარხანა დაათვალიერეს, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ “ლომისი” აეშენებინათ. აი, ასეთი დაუღალავი შრომის საფუძველზე ჩამოყალიბდა ჩვენი მეგობრობა და ეს უმთავრესია, თუმცა ჩოჩელები და ხადარცევები ისე ვმეგობრობთ, როგორც კავკასიელებს შეეფერება. ერთმანეთს არ ვეუბნებით, რა ყოჩაღები ვართ. მოკლე დროში, ჩოჩელებმა საქართველოში იმაზე მეტს მიაღწიეს, ვიდრე ჩვენ, ხადარცევებმა - ვლადიკავკაზში და ეს მხოლოდ მათ შრომისმოყვარეობაზე მეტყველებს. ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ასლან ხადარცევი და ცეზარ ჩოჩელი კი არა, ჩვენი ოჯახებიც უნდა დამეგობრებულიყვნენ, უფროს თაობას - მშობლებსაც უნდა გაეცნოთ ერთმანეთი და ასე ჩამოვიდნენ ვლადიკავკაზში ცეზარის მშობლები, ცეზარის მეგობრის, დევი ოვაშვილის მამა და სიმამრი, რომლებსაც საზღვარზე დავხვდი და სახლში მივიპატიჟე. პირველი თაობა, ჩვენი მშობლებიც დამეგობრდნენ, ამასობაში პატარა ძმები გაიზარდნენ და ახლა უკვე ჩვენი შვილებიც მეგობრობენ. მართალია, პოლიტიკური ვითარება დაიძაბა და პრობლემები გაჩნდა, მაგრამ ამას ჩვენს მეგობრობაზე გავლენა არ მოუხდენია და როდესაც მცხეთის სვეტიცხოველში ცეზარის შვილებს ნათლავდნენ, საქართველოში ვლადიკავკაზიდან ერევნის გავლით ჩამოვედი.

ფინანსურად ან, თუნდაც, ინვესტიცებით არ დახმარებიხართ ცეზარ ჩოჩელს?

- წლების შემდეგ, როდესაც “ლომისის” გარდა, ახალი ქარხნის, “ნატახტარის” მშენებლობა წამოიწყეს, ამისთვის კრედიტი აიღეს და მაშინ დავეხმარე. არ შემეძლო, თორემ ფინანსურადაც სიამოვნებით დავეხმარებოდი. მეტიც, როგორც ბიზნესმენს, მონაწილეობაც არ მიმიღია მის პროექტებში, რადგან იმ დროს მეც პატარა პრობლემები მქონდა. ახალი ქარხნის მშენებლობაც თვითონ დაიწყეს და დაუფარავად გეტყვით, “ნატახტარის” მსგავსი პროექტი, არსად მინახავს. ამ დროს, ცეზარ ჩოჩელის პარტნიორი უკვე ჩეხური კომპანია იყო...

ესე იგი, “ნატახტარისმშენებლობის დროს გააცანით ერთმანეთს ვაცლავ დვორჟაკი და ცეზარ ჩოჩელი?

- არა, ვაცლავ დვორჟაკი უფრო ადრე გავაცანი, როდესაც ის ახალგორში იყო ჩამოსული და მათ შორის საქმიანი ურთიერთობა გაცილებით სწრაფად და ოპერატიულად ჩამოყალიბდა. როდესაც “ნატახტარის” პროექტის ნახაზი ვნახე და წარმოვიდგინე, რომ ამხელა საწარმო, ტრიალ მინდორზე უნდა აშენებულიყო, თმა ყალყზე დამიდგა. მაქსიმალურად გვერდში ვედექი და საჭირო რჩევებით ვამხნევებდი, მაგრამ პოლიტიკური სკანდალის გამო, ქარხნის გახსნის ღონისძიებას ვერ დავესწარი. სამაგიეროდ, მოგვიანებით, ისევ ერევანის გავლით ჩამოვედი. დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში, ერთმანეთი არ გვინახავს და მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობდით, მაგრამ ჩვენი მეგობრობა სულ უფრო და უფრო მყარდებოდა. მეტსაც გეტყვით, ჩემზე უკეთ იცით, რა მიღწევები აქვს ქართულ მედიცინას, უკვე 10 წელია, თბილისში, ზურაბ მეტრეველთან ვმკურნალობ. ზურაბი მე-9 საავადმყოფოში მუშაობს, პერიოდულად ჩამოვდივარ მასთან გასასინჯად და კონსულტაციისთვის...

უკაცრავად, რუსეთიდან საქართველოში ჩამოდიხართ კონსულტაციაზე?

- დიახ, ასეა. გარდა ამისა, ძალიან მაღალი დონის თვალის კლინიკები გაქვთ, სადაც ბევრი ჩემი ახლობელი, ნათესავი და მეგობარი მკურნალობს. იმის თქმა მინდა, რომ ყველგან და ყოველთვის, მხოლოდ კარგი უნდა დაინახო. რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ყოფნის დროს, ცეზარმა ურთულესი საწარმოების მშენებლობები დამათვალიერებინა, გაოცებულმა ვუთხარი, ხომ არ გაგიჟდი, ცეზარ, ამდენ საწარმოს რატომ აშენებ? მან კი მიპასუხა, რატომ უნდა შემოგვქონდეს თურქეთიდან მეტალო-პლასტმასის მილები, ხომ შეიძლება, თვითონ დავამზადოთო. ვლადიკავკაზში რომ დავბრუნდი, ჩემებს ვუთხარი, ნამდვილი მეწარმეები ჩვენ კი არა, ცეზარია, რომელიც საკუთარი ხელებით უამრავ საწარმოს აშენებს-მეთქი. მართალია, 2008 წლის მოვლენებმა დიდი ტკივილი დაგვიტოვა, მაგრამ როგორც ფილოსოფოსები ამბობენ, ნებისმიერ ომს მშვიდობა მოსდევს. როდესაც საქართველოს ინტელეგენციას, მსახიობებსა და კულტურის მოღვაწეებს, საზღვარზე მემორიალური დაფის გახსნა უნდოდათ, მეც მომმართეს, როგორც პარლამენტის წევრს, სხვათა შორის, ცეზარ ჩოჩელს ჩვენს პარლამენტშიც კარგად იცნობენ. ეს დაფა საზღვარზე აღვმართეთ, რომელსაც ქართულ, რუსულ და ოსურ ენებზე, შოთა რუსთაველის სიტყვები ამშვენებს: “ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”.

მაპატიეთ, გულწრფელი ემოციისთვის, მაგრამ გისმენთ და მგონია, რომ ჩვენს შორის თითქოს არავითარი უთანხმოება არაა. როგორ ფიქრობთ, რა დაგვემართა ქართველებსა და ოსებს?

- ჩვენს შორის ზუსტად ის მოხდა, რაც ორ ძმას ემართება ხოლმე. დროთა განმავლობაში, კავკასიაში, ორი მოსისხლე მტერიც კი რიგდება და ეს ყოველთვის ასე იყო, თუმცა შერიგების პროცესს დრო და ნათელი გონება სჭირდება, ისეთი ადამიანებია საჭირო, როგორებიც მე და ცეზარი ვართ, რომლებსაც ჩხუბი კი არა, მუშაობა და კარგად ცხოვრება გვინდა. ვინც არ მუშაობს, ის ყოველთვის ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ მან საკუთარი ისტორია არ იცის, არაფერი წაუკითხავს თამარ მეფისა და დავით სოსლანის შესახებ. ფაქტია და ვერავინ უარყოფს, რომ ოსური ოჯახებიდანაც გზავნიან შვილებს საქართველოში განათლების მისაღებად და პირიქით, აქედანაც ჩამოდიან ვლადიკავკაზში. ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ ის, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს, რადგან ახლანდელი უთანხმოება მხოლოდ დროებითი მოვლენაა, რომელიც აუცილებლად გაივლის. ერთხელ მითხრეს, ყველას რომ ისე უყვარდეს საქართველო, როგორც ასლან ხადარცევს, უკეთ ვიცხოვრებდითო, არ მრცხვენია, რადგან ეს მართლაც ასეა. ჩვენ არასოდეს შევიცვლებით, ასეთებად დავრჩებით და ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდებით!

ახალგორში მცხოვრებ ოსებს მართლა უთხარით, რომ ისინი ქართველების ძმები არიან და საქართველოში ერთად, მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ?

- დიახ, და ეს არაერთხელ მითქვამს მათთვის, დასამალი არაფერია! იცით, როგორი ხასიათი მაქვს? თუკი ოჯახში ბევრი არაფერი გექნებათ, მაგრამ პურის ნაჭერს მთელი გულით შემომთავაზებთ, ჩემთვის ესეც საკმარისი იქნება. ამიტომ ახალგორის რაიონში, ბევრ ოჯახში ვარ ნამყოფი და ვიცი, როგორ ცხოვრობს ხალხი. ეს ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ვუთხარი ახალგორელ ოსებს, როდესაც ცეზარის ძმა, ვეფხია ჩოჩელი, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი იყო. რაიონის კლუბში იყო შეხვედრა და ოსებს მივმართე, რომ მამაჩემიც მეგობრობდა ქართველებთან და მეც ვმეგობრობ მათთან. ჩვენი ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, არ შეიძლება, ომსა და ჩხუბში გავატაროთ. ეს ურთიერთობა არ უნდა დავკარგოთ, რადგან ის, რაც სისხლში გვაქვს, შეუძლებელია, არ შევინახოთ. “მიმინო” ხომ გახსოვთ? მხოლოდ ქართველს შეუძლია, სომეხ მეგობართან ერთად, მთელი ფული რესტორანში დახარჯოს, მეორე დღეს კი, ცარიელი ჯიბით, ქუჩაში დარჩეს. ისევ წინა კითხვას დავუბრუნდები, 20 წლის წინ, ჩვენც ის დაგვემართა, რაც ყველა ქვეყანას - დსთ-ს სივრცეში, გავცხარდით, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ყველაფერი ჩაივლის. ისევ სიამოვნებით წავიკითხავთ რუსთაველს, ვნახავთ გიორგი დანელიას ფილმებს, მოვუსმენთ ვახტანგ კიკაბიძეს... მართალია, გავცხარდით, მაგრამ ის, რაც ისტორიულად გვაკავშირებს, არ დაიკარგება. თქვენ, ქართველებს განვითარების მეტი შანსი და რესურსი გაქვთ, რადგან ჩვენი რესპუბლიკა მხოლოდ ერთი სუბიექტია რუსეთის ფედერაციაში, ამიტომ აუცილებელია, ჩვენს შორის კულტურული, საგანმანათლებლო ურთიერთობები დალაგდეს. კარგად მესმის, რომ ინგლისურიც აუცილებელია, მაგრამ ჩვენი კულტურული ურთიერთობები ბავშვებს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ და ეს ორივე მხარემ უნდა გავაკეთოთ. დღევანდელმა ბავშვებმა “შრეკი” უფრო კარგად იციან, არადა, კარგი იქნება, თუ “წუნას და წრუწუნას” უფრო ხშირად ვაჩვენებთ და პატარაობიდანვე შევაყვარებთ!

ბატონო ასლან, უხერხული შეკითხვა უნდა დაგისვათ - თუკი ოსები მზად არიან, რუსთაველი წაიკითხონ, დანელიას ფილმები ნახონ, გამოდის, რომ პრობლემა ქართველებსა და ოსებში კი არა, სხვა, მესამე ძალაშია. არ გგონიათ, რომ ჩვენს შორის კონფლიქტი რუსეთის ინსპირირებულია?

- ვერ დაგეთანხმებით, რადგან საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ეს კონფლიქტი ვიღაცის მიერაა ინსპირირებული. ვფიქრობ, ნებისმიერი კონფლიქტის მიზეზი ეკონომიკური, ან სოციალური მიზეზია, ხშირად კონფლიქტს ამა თუ იმ ხელმძღვანელი პირის დაუფიქრებლობა, მცდარი საქციელი, ან სულაც შემთხვევითობა იწვევს, რადგან თავის დროზე, როდესაც ავსტრიის ჰერცოგი მოკლეს, ომი დაიწყო. როდესაც ორი ერი ასე მჭიდროდაა დაკავშირებული, გარეგანი არა, მაგრამ შინაგანი ფაქტორები კონფლიქტს იწვევს. ვფიქრობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი მაშინდელი ხელმძღვანელები შეცდნენ. მარტივ მაგალითს გეტყვით: დაღესტნის ხელმძღვანელად, დროებით, რამაზან აბდულატიპოვი დანიშნეს, რომელიც დიდებული პოლიტიკოსია. მიმაჩნია, რომ კავკასიაში, ახალგაზრდა კაცის ხელმძღვანელად არჩევის ტენდენცია ყოველთვის არ ამართლებს. კავკასიის ქვეყნებში, სადაც საუკუნეების განმავლობაში მიჩვეულები არიან, უფროსების რჩევას დაუგდონ ყური, ხელმძღვანელად შედარებით უფროსი ასაკის, გონიერ ხალხს უნდა ვირჩევდეთ. ჩვენ, კავკასიელები, ცხელსისხლიანები ვართ, ამიტომ პოლიტიკური ხელმძღვანელი გონიერი ადამიანი უნდა იყოს. ცხადია, ომმა ტკივილი და ჭრილობები დაგვიტოვა, მაგრამ დრო გავა და ერთად ცხოვრებას ისევ შევძლებთ. დიახ, ერთმანეთის მოსისხლეებად ვიქეცით, მაგრამ სიმართლის თქმის არ უნდა შეგვრცხვეს. მოდი, საკუთარ თავში ვეძებოთ კონფლიქტის მიზეზი, შეცდომებიც ჩვენში აღმოვაჩინოთ და არა სხვა, მესამე ძალაში. ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთს მეგობრულად უნდა ჩამოვართვათ ხელი და ვუთხრათ, საუკუნეების განმავლობაში ვმეგობრობთ და ასე უნდა გავაგრძელოთო. ინგლისელებს, შოტლანდიელებსა და ირლანდიელებს ერთმანეთში სულ დავა აქვთ, მაგრამ რას იზამ, მაინც ერთ ქვეყანაში არიან გაერთიანებულნი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ჰქვია!

“ვერსიასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუს ასლან ხადარცევის უფროსი ვაჟი, ზაურ ხადარცევი აგრძელებს:

- ხადარცევებსა და ჩოჩელებს შორის მეგობრობა უფროსებმა დაიწყეს და ახლა ჩვენ, შვილებიც ვაგრძელებთ, მალე ამ მეგობრობის 20 წლის იუბილესაც აღვნიშნავთ. ჩვენ უკვე ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ ასე ახლოს, სისხლით ნათესავებიც კი არ არიან.

ზაურ, ცეზარ ჩოჩელის ქარხანაში მუშაობთ თუ მამათქვენის ლუდის საწარმოში?

- არა, მამაჩემი, ბებიასა და ბაბუასთან ერთად, სოფელში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც დავოჯახდი, ვლადიკვაკაზში გადავედი საცხოვრებლად და დამოუკიდებლად ვმუშაობ. ამჟამად, ცეზარ ჩოჩელის პარტნიორი ვარ ბიზნესში და პროდუქციის დისტრიბუციაში ვეხმარები, თუმცა არ იფიქროთ, მხოლოდ “ზედაზენისა” და “ნატახტარის” პროდუქციის დისტრიბუციას ვახორციელებ, სხვა კომპანიებსაც ვეხმარები, რომლებიც სასმელებს აწარმოებენ. თუ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დალაგდება და აღდგება, უალკოჰოლო სასმელების გარდა, რუსეთის ბაზარზე აუცილებლად გავიტან ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებსაც.