წყალგამყოფი ნაციონალურ აწმყოსა და მომავალს შორის

წყალგამყოფი ნაციონალურ აწმყოსა და მომავალს შორის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ნებისმიერ ფორმატში სადებატოდ იწვევენ. ამის შესახებ განცხადება დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებმა, დავით საგანელიძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, დავით ბერძენიშვილმა და გიგა ბუკიამ გააკეთეს. ამასთანავე, დავით ბერძენიშვილი დასძენს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც პრეზიდენტის უფლება-მოსილება განისაზღვრება, საპარლამენტო უმცირესობის ინტერესშიც შედის, რადგან თუ პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, „ნაციონალი“ დეპუტატების უმრავლესობა, რომლებიც ახლა პარლამენტში არიან, ახალი მოწვევის პარლამენტში უბრალოდ ვერ მოხვდებიან. ბერძენიშვილის თქმით, თუკი ოქტომბრის არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 45% გაიფორმა, ახლა მის მიერ პარლამენტში მოსახვედრად დაწესებული ბარიერის გადალახვა-არ გადალახვის საკითხი დგას და შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საერთოდაც ვერ მოვხდეს.

„ისტორიის ჩარხს უკან ვერავინ დააბრუნებს - თუნდაც უპრეცედენტო კონსტიტუციური უფლებებით აღჭურვილი მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, ქვეყნის წინსვლის ხანმოკლე შეფერხება ბევრ მოვლენას შეუძლია - მათ შორის, პოლიტიკური პერსპექტივის გარეშე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მორიგ უპასუხისმგებლო ნაბიჯს.

კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამგვარი შეფერხების საფრთხე ააცილა ქვეყანას, როდესაც ყველასთვის ნათელი გახადა, თუ რა ცდუნებას იყო აყოლილი მიხეილ სააკაშვილი და როგორ ამზადებდა ნიადაგს (განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ) მორიგი ავანტიურისათვის - „მე, ისეთი სუპერდემოკრატი პრეზიდენტი ვარ, რომ არჩევნებში დამარცხებაც კი ვაღიარე, მაგრამ დიქტატორ ივანიშვილს კატასტროფისკენ მიჰყავს ქვეყანა და ამიტომ, იძულებული ვარ, შევასრულო კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და ხელისუფლებას ჩამოვაცილო მისი მთავრობა“-ო.

ამგვარი ნაბიჯის ცდუნებას მას უქმნიდა 2004 წლის კონსტიტუციური ცვლილებებით შექმნილი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი გახდა ხალხისა და პარლამენტის ნდობის მქონე მთავრობის გარეკვა და მხოლოდ მისი ნება-სურვილის შემსრულებელი მთავრობის დანიშვნა“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

მათ ამ საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნიდან ამონარიდი მოჰყავთ, სადაც ნათქვამია: „ამ შემოთავაზების გაზიარება რთულია. ამგვარ მთავრობას (პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნულს) არ ექნება ლეგიტიმურობა. როდესაც პარლამენტი სამჯერ უარყოფს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ მთავრობას, პრეზიდენტს არ უნდა შეეძლოს ისეთი პრემიერის დანიშვნა, რომელიც პარლამენტს არ აურჩევია. მას უნდა შეეძლოს პარლამენტის დათხოვნა და მოქმედი პრემიერ-მინისტრისთვის მოვალეობების შესრულების დაკისრება არჩევნების დასრულებამდე“, - (ვენეციის კომისიის დასკვნა N281/2004. მარტი, 2004).

დავით საგანელიძის თქმით, მიუხედავად ამისა, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი დემოკრატიულ სამყაროს 9 წლის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა, ვინაიდან სააკაშვილი ახერხებდა ყველასთვის თვალში ნაცრის შეყრას. მხოლოდ პარლამენტში ინიცირებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა გახადა ყველასთვის ნათელი, თუ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. ყველასთვის ცხადი გახდა ისიც, თუ როგორ ფარისევლობდა სააკაშვილი დამარცხებასთან შეგუების თემაზე და რას ემსახურებოდა მისი პიარ-კამპანია უცხოეთში.

„საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები გაოცებით კითხულობენ, ნუთუ მართლა წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის უკითხავად შეუძლია შექმნას მთავრობა და მას ამართინოს ქვეყანაო... ამგვარი ჩანაწერი, ასე კონსტიტუციურად გამყარებული დიქტატურა ხომ დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობს! სწორედ ეს მიუთითა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ 2013 წლის 31 იანვარს თბილისში ყოფნისას: „არის რიგი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ცვლილებები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული და მესმის, ეს უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პარლამენტმა და მთავრობამ სტაბილურად იმუშაოს. აუცილებლია, შეიცვალოს კონსტიტუცია, რათა სახელმწიფოს მეთაურის ძალაუფლების ლიმიტირება მოხდეს, რომელიც მას უფლებას აძლევს, რომ მთავრობა დაითხოვოს და პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობა აირჩიოს.“

ამდენად, თავად კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირების ფაქტიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სააკაშვილის გეგმა ჩაშლილიყო - ახლა არც მისი „კოჰაბიტაციური“ სურვილების ჭეშმარიტების სჯერა ვინმეს და აღარც მისი კონსტიტუციური მექანიზმების. შესაბამისად, იგი დღესვე, სანამ კონსტიტუციაში ჯერ კიდევ არსებობს ეს ჩანაწერი, უკვე უძლურია გამოიყენოს ეს იარაღი. ამ იარაღით მას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური თვითმკვლელობა შეუძლია“, - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფალია არჩევანში. მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს და ამით არა მარტო წარსულის სიმახინჯეზე თქვან უარი, არამედ პოლიტიკური მომავლისთვისაც გადადგან სწორი ნაბიჯი, ან, მათ შეუძლიათ უარი თქვან ცვლილებების მხარდაჭერაზე და ამით მთელი მსოფლიოს გასაგონად გააცხადონ თავიანთი ჭეშმარიტი პოლიტიკური ზრახვები და მომავლის ხედვა.

ცვლილებების განხილვის პროცესში უმცირესობის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან დაისვა საკითხი პარლამენტის დათხოვნის 6-თვიანი შეზღუდვების მოხსნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, მათი წინადადება მიზნად ისახავდა მათ პოლიტიკურ მზაობას, ნებისმიერ დროს მიეცათ ხალხისთვის არჩევანის საშუალება, მაგრამ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თვალთახედვიდან ეს ნოვაცია რაიმე საფრთხეს შეიცავს, კოალიცია მზად არის, საკითხზე მსჯელობა გაიმართოს და „ნაციონალების“ წინადადება გაიზიარონ, თუ იგი მკაფიოდ და საჯაროდ იქნება გამოთქმული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციები უნდა გამოკვეთონ არა მარტო პოლიტიკურმა გუნდებმა, არამედ თითოეულმა პარლამენტარმა და პოლიტიკოსმა. „ქართული ოცნების“ წევრები არ გამორიცხავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეულმა წევრებმა ჩათვალონ, რომ ეს ის თემა და საკითხია, რომელზეც ისინი ინდივიდუალურად არიან პასუხისმგებელი ხალხის წინაშე და მხარი დაუჭირონ ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება მიხეილ სააკაშვილის პოზიცია.

ამასთანავე, „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააკაშვილმა სწორი ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ მისცა არც მის გუნდს და არც მის ცალკეულ წარმომადგენლებს და კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზანი მაინც მიღწეული იქნება. ამ შემთხვევაში დემოკრატიული სამყარო საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ძალაუფლებაზე შეყვარებულ თავგზააბნეულ დიქტატორთან, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით - საკუთარი პოლიტიკური თვითგანადგურების გზაზე მდგარ, ერთი კაცის ახირებებს აყოლილ, თავისუფლებაწართმეულ ადამიანებთან, რომელთა სიტყვას ჩალის ფასი უნდა დაედოს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.

„რა უნდა უთხრან ამ ცვლილებებისთვის ხმის არმიმცემებმა ქართველ ხალხს? - მართალია, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი ჯერ კიდევ 2004 წელს დაგმო ვენეციის კომისიამ, მართალია 2010 წლის ჩვენს მიერვე შეტანილი ცვლილებებით იგი 10 თვის შემდეგ გაუქმდება, მართალია ამ 10 თვის განმავლობაში პრეზიდენტი მაინც არ აპირებს ამ უფლებამოსილებით სარგებლობას, მართალია ცოტა ხნის წინ ჩვენვე დავუჭირეთ მხარი ამ ცვლილებების განხილვას, მაგრამ მიშას ეწყინება კონსტიტუციური დიქტატორის რეგალიის ჩამორთმევა და ამიტომ ხმას ვერ მივცემთ ამ ცვლილებასო... სიმბოლურია, რომ აქ საუბარია სწორედ პრეზიდენტობის ვადის იმ 10 თვეზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ისედაც მითვისებული აქვს კონსტიტუციური მანიპულაციებისა (2006 წლის ცვლილებები) და თვალთმაქცობის (2007 წელს პრეზიდენტობიდან გადადგომის განცხადების დაგვიანებით გაფორმება) გზით. ამრიგად, სრულიად ნათელია - ვინც თავს აარიდებს შემოთავაზებული ცვლილებისთვის ხმის მიცემას, იგი აკეთებს არჩევანს ერთი კაცის ახირების სასარგებლოდ და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, ანუ აცხადებს, რომ „სახელმწიფო, ეს სააკაშვილია“. ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ „სახელმწიფო, ეს ქართველი ხალხია“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ ლიდერთა განცხადებაში.

მათ თქმით, დღეიდან ისინი საჯარო საპარლამენტო და სატელევიზიო დებატებში იწვევენ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულ წარმომადგენელს თემაზე - „სააკაშვილი თუ საქართველო, დიქტატურა თუ ხალხის მმართველობა“. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში სააკაშვილის ზურგს უკან მიმალულ ადამიანებს, რომლებიც პერსონალურად არასოდეს არაფერზე აგებდნენ პასუხს, მოუწევთ საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე - უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება. ამ საკითხზე არჩევანის გაკეთებისას ვერავინ ვერავის ზურგს ვერ ამოეფარება და ვერც დემაგოგიური ხრიკებით შეძლებს სხვა თემებით მის გადაფარვას.

„პარლამენტის წევრებმა, რომლებიც თავს იწონებენ ხალხის რჩეულის სტატუსით, თვალი უნდა გაუსწორონ საზოგადოებას და საკუთარ შვილებს (და არა ჩვენ ან ბიძინა ივანიშვილს) და განაცხადონ - „კი“ თუ „არა“. ეს არ არის მორიგი პოლიტიკური საკითხი, რომელზეც მსოფმხედველობიდან გამომდინარე შეიძლება ორი მეტ-ნაკლებად სწორი პასუხი არსებობდეს, ეს არის ფუნდამენტური საკითხი იმის გასარკვევად, თუ სინამდვილეში რას ემსახურება თითოეული ჩვენგანი - ხალხს თუ დიქტატორს. შესაბამისად, ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი დამოკიდებულება თითოეული მათგანისადმი - ვინც იტყვის „კი“, მასთან ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის თუ ოპონირების აზრს და შესაძლებლობას სხვა საკითხებზეც. ვინც იტყვის „არა“, მის მოსმენაზე და მასთან დებატებზე ჩვენ დროს ვერ დავკარგავთ ვერც ნებისმიერ სხვა საკითხზე“, - ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის მიმართვაში.