სასამართლოში ცნობილი საქმეების განხილვისას საზოგადოება ბევრ საინტერესოს გაიგებს

სასამართლოში ცნობილი საქმეების განხილვისას საზოგადოება ბევრ საინტერესოს გაიგებს

წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში არაერთ ბიზნესმენს მმართველმა გუნდმა ბიზნესი წაართვა, რის გამოც დღეს ეს ადამიანები პროკურატურაში ჩივიან და საკუთრების დაბრუნებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, ჩამორთმეული ბიზნესი მეორე, მესამე პირებზე არის გადაფორმებული, რაც სამართალწარმოების პროცესში სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ, ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფი, „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელ მამია სანადირაძის თაოსნობით ექსპერტებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ იმაზე, რომ გამოძებნონ სამართლებრივი გზები წართმეული ბიზნესების დასაბრუნებლად, რათა ხელისუფლებას ამ პროცესში გარკვეული დახმარება გაუწიონ და თვითონ კი საკუთრება დაიბრუნონ.

ერთ-ერთი ექსპერტი, რომელიც ამ საქმეში არის ჩართული, ყოფილი გენერალური პროკურორი, პროფესორი გია მეფარიშვილია, რომელსაც საკუთარი კონცეფცია აქვს. მისი კონცეფციის შესახებ for.ge-ს გია მეფარიშვილი გვესაუბრება.

გია მეფარიშვილი: საუბარია 2004-2012 წლებში სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლო სისტემის მიერ უკანონოდ, დაუსაბუთებლად მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას ეხება. მათ შორის არის საკუთრების უფლება. არსებობს ადამიანის სამი ფუნდამენტური უფლება - სიცოცხლის უფლება, თავისუფლების უფლება და საკუთრების უფლება. ამიტომ, საქართველოს საქმიანი წრეები (ბიზნესმენებს ვგულისხმობ) შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მართალია, წავიდა ის ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანაში უსამართლობა და ტერორი დაამკვიდრა, მაგრამ ახლა რა უნდა ვქნათ, არის თუ არა რაიმე მეთოდი იმისთვის, რომ აღდგეს სამართლიანობა?

ეს არის ძალიან რთული საკითხი და ასეთი ქმედებების უდიდესი ნაწილი უნდა შეფასდეს, როგორც დანაშაული, ხოლო ასეთ შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს ის პროცედურები, რაც ნორმალურ ქვეყნებში არსებობს - უნდა ჩატარდეს გამოძიება, ხოლო შემდეგ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ამ თემაზე სპეციალური კონფერენცია ჩატარდა და იქ ითქვა, რომ ეს პროცესი დროში ძალიან გაიწელება. დიახ, ეს პროცესი დროში გაიწელება, რადგან უნდა გაიაროს ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ უკანონოდ არავინ დაისაჯოს და არ გაგრძელდეს ის საშინელი ბაკქანალია, რასაც ჯერ კიდევ სულ რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ადგილი.

რა უნდა გაკეთდეს და რა გზები არსებობს? ეს არის კოპლექსური საკითხი და პირველ რიგში, ახალი ხელისუფლებისგან პოლიტიკური ნება არის საჭირო.

როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური ნება არსებობს და ამ საკითხის მოსაგვარებლად, ალბათ, უკვე შესაბამისი ბრძანებაც არის გაცემული. აქ საუბარია 2004-2012 წლებში გამოტანილ სასამართლო განაჩენებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც ქართული ბიზნესი დატერორდა. კონფისკაციის სახით, პირდაპირ, ღიად, დაუნდობლად არის ჩამორთმეული ქონებები და ამას ხელისუფლება სასამართლოს მეშვეობით აკეთებდა. ამ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა დაისახა, რომელთაგან მე ერთ-ერთის მომხრე ვარ. მე მომხრე ვარ იმ კონცეფციისა, რომ დაუყოვნებლივ, რაც შეიძლება სწრაფად, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შეიქმნას სპეციალიზირებული პროკურატურა და მან გამოიძიოს ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასთან არის დაკავშირებული, მათ შორის - საკუთრების ჩამორთმევის საკითხები, რადგან ჩვენ ვერ გავყოფთ ამ უფლებებს. შემდეგ კი იქნება შესაბამისი მსჯელობა, თუ რა შეიძლება ეშველოს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, რომლის გადახედვის ერთადერთი გზა არსებობს, ეს არის ახლადაღმოჩენილი გარემოება. საქმეების უდიდეს ნაწილში უნდა შეიქმნას ახლადაღმოჩენილი გარემოებები, რასაც გამოძიება გააკეთებს. არსებობს ისეთი საქმეებიც, სადაც გამოძიების ჩატარება არ არის აუცილებელი. საუბარია ისეთ საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ან პარლამენტის მიერ გამოტანილი დადგენილება არსებობს, ან კანონი, რომელიც არსებობდა, მაგრამ ახლა ძალაში აღარ არის და ა.შ. ეს იქნება კიდევ ერთი ფორმა იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეში არსებობდა, მაგრამ სასამართლომ, მხარეების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ გამოიკვლია. დანარჩენ შემთხვევებში გამოძიებასთან იქნება ყველაფერი დაკავშირებული.

ბიზნესგარემო დატერორებული იყო რეპრესიების მეშვეობით. ეს იყო დაპატიმრებები, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება და ა.შ.

დღეს ხშირად ისმის პრეტენზიები პროკურატურის მისამართით, რომ ის ნელა და არაეფექტიანად მუშაობს. გასაგებია, რომ არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაიბარა, დაემუქრა, მაგალითად, შვილის დაპატიმრებით და ამ შანტაჟის შედეგად ბიზნესიამოართვა. ეს ადამიანები ამ ყველაფერს ყვებიან, მაგრამ არის კი ეს საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ ის კონკრეტული დამნაშავეები, ვინც ამას სჩადიოდა სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მოექცნენ?

- მოგეხსენებათ, ახალი ხელისუფლება გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას სპეიცლური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც არსამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების ის წარმომადგენლები შევლენ, ვინც სამართალდამცავ უწყებებში არ მუშაობენ და ეს კომისია უკვე ძალაში შესულ განაჩენებს გადახედავს. მიმაჩნია, რომ ეს საკითხის გადაწყვეტის არაეფექტური საშუალებაა. ჯერ ერთი, აქ უამრავი კონსტიტუციური წინააღმდეგობაა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ. ყველაზე რთული არის მტკიცებულებების მოპოვება, რაც მხოლოდ გამოძიების გზით არის შესაძლებელი.

საკუთრების ჩამორთმევის ბუმი 2004-2005 წლებში იყო, როდესაც იბარებდნენ ყველას და ყველა საქმეში ფიგურირებდა ერთი ნოტარიუსი და ყველა საკუთრებაჩამორთმეულ პირთან ჩუქების ხელშეკრულება ფორმდებოდა. ამასთანავე, ეს აუცილებლად ღამის საათებში ხდებოდა, ხშირ შემთხვევაში, საგამოძიებო იზოლატორშიც კი.

ახლა რა შეიძლება ამის საწინააღმდეგოდ მოვიმოქმედოთ? თუ მთავაზობთ სამოქალაქო დავის ფორმას, რომ ეს ხელშეკრულებები გაუქმდეს იმის გამო, რომ ისინი ბიზნესმენების თავისუფალ ნებას არ გამოხატავდნენ, ეს არ არის გამოსავალი. აქ დანაშაულია ჩადენილი, პირველ რიგში, იმ ჩინოვნიკების მიერ, რომლებმაც კონკრეტული სამართალდამცავები აიძულა, რომ ამგვარი ქმედებები ჩაედინათ.

როგორ უნდა გავიდეთ ამ ჩინოვნიკებზე?

- ამას უნდა გამოძიება, ფაქტების და მტკიცებულებების შეკრება და ამის შემდეგ უკვე კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა. ყველაფერ ამას ცივილიზებული ფორმა უნდა ჰქონდეს. კეტის აღებას ან ლინჩის წესით სამართლის აღსრულებას არავის ვურჩევ, რადგან ეს არაფრის მომცემია. მე ვეთანხმები თქვენს შენიშვნას, რომ ეს დროში გაწელილი პროცედურა იქნება, მაგრამ სხვა გამოსავალს ფიზიკურად ვერ ვხედავ.

ბატონო გია, არის კიდევ ერთი პრობლემა. კერძოდ, ამ გზით ჩამორთმეული ქონება ძირითადად მესამე და მეოთხე პირებზე არის გადაფორმებული. ამიტომ დავის წარმოშობის შემთხვევაში ქონების ახლანდელ მესაკუთრეებს შეუძლიათ პრეტენზია განაცხადონ, რომ ისინი  კეთილსინდისიერი მყიდველები არიან. არსებობს რაიმე გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

- ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნით ისარგებლეს (ყველაზე არ მაქვს საუბარი) და ქონება ჩამოართვეს ხალხს, კარგად შეიმუშავეს საამისო მეთოდი. კერძოდ, ქონება გადადიოდა სახელმწიფოს საკუთრებაში, შემდეგ ქონება აუქციონის წესით, ნულოვანი აუქციონით იყიდებოდა, რაც საერთოდ კოშმარია. მოგვიანებით, ეს ქონება ჯერ ერთმა ადამიანმა იყიდა, შემდეგ მეორემ, მესამემ და ა.შ. ახლა ის მესამე, ან მეოთხე მყიდველი გეტყვით, რომ კეთილსინდისიერი მყიდველია და მასთან საპრეტენზიო არაფერი უნდა გქონდეთ. როდესაც ქონების ჩამორთმევის აქტი ბათილად ცხადდება, იქ, რა თქმა უნდა, დგება კომპენსაციის საკითხიც და ვინ უნდა გადაიხადოს კომპენსაცია? სახელმწიფო ბიუჯეტმა?

სახელმწიფო ბიუჯეტი უბრალოდ ვერ გასწვდება ამხელა ხარჯების გაღებას, რადგან ამ შემთხვევაში კოლოსალურ თანხებზე იქნება საუბარი. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში სახელმწიფო?

- თუ კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა გამოიკვეთა, შესაძლებელი იქნება სამოქალაქო სარჩელის დაყენება და კონკრეტული სამართალდარღვევის საფუძველზე ამ ადამიანისთვის ქონებრივი ვალდებულების დაკისრება. მე ასეთ მეთოდს მხარს ვუჭერ და თავიდანვე ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, პროკურორის მიერ სამოქალაქო სარჩელის დაყენების შესაძლებლობის სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან ამოღებამ სრული კატასტროფა გამოიწვია. ამდენად, ეს არის კომპლექსური პრობლემა, რადგან ჩვენი კანონმდებლობა გაპარტახებულია.

წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იცოდნენ რას აკეთებდნენ და კანონმდებლობაც თავის თავზე მოირგეს, მაგრამ ის ვერ გათვალეს, რომ ბოროტება ადრე თუ გვიან, აუცილებლად აღიკვეთება.

ბატონო გია, ასევე სერიოზული პრობემაა პროკურატურის კადრები, რადგან ის ადამიანები, რომლებმაც ეს კანონდარღვევები უნდა გამოიძიონ, ხშირ შემთვევაში, საკუთრების ჩამორთმევასა თუ სხვა უკანონობაში თავადვე მონაწილეობდნენ. რა შეიძლება ამ კუთხით ახალმა ხელისუფლებამ მოიმოქმედოს?

- აბსოლუტურად გეთანხმებით ამაში, რადგან საზოგადოებას ამ მიმართულებით შენიშვნები და კითხვები მართლაც აქვს. გარკვეულ პროკურორებზე ისეთი ინფორმაციები ვრცელდება, რომ შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე. თითოეულ ასეთ საქმეზე რეაგირებაა საჭირო და შესაბამისი შემოწმება უნდა ჩატარდეს, მაგრამ მინდა თქვენი მედია-საშუალების მეშვეობით საზოგადოებას მივმართო - თუ ჩვენ ისევ ისეთი ჰულვეიბინური გზით წავალთ, ეს გზა იმ ტყიდან არ გამოგვიყვანს, რომელშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით. მე გთავაზობთ დროში გაწელილ, მაგრამ ერთადერთ სამართლიან პროცედურას, სანამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არ იქნება კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ნურავის დავარქმევთ რაიმე სახელს. საპროკურორო ჩინოვნიკი ძალიან სპეციფიური ჩინოვნიკია. მას ბევრი მტერი ჰყავს, მოყვარე კი - ცოტა. დღეს მოქმედი კანონმდებლობის პირობებშიც შესაძლებელია სიმართლე იქნას დადგენილი მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება ძალიან რთულია. იმ ჩინოვნიკების დიდი ნაწილი, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, იყო ერთი პატარა ჭანჭიკი იმ ურთულესი მექანიზმისა, რასაც სახელმწიფო ჰქვია. ეს ადამიანები კონკრეტულ ბრძანებებს ასრულებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, მათ პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლებს.

გარკვეული პერიოდის წინ პროკურორებისა და მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხზე რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნე და ვთქვი, რომ აუცილებლად გაიმართება „ნიურნბერგის“ მსგავსი პროცესი. მხედველობაში მქონდა ჩემი ახალგაზრდობის ერთ-ერთი უსაყვარლესი პირის, სტენლი კრამერის ცნობილი ფილმი, „ნიუნრბერგის პროცესი“, სადაც მოსამართლეებს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ასამართლებენ. საქართველოში მოვიდა ეს დრო და ახლა კეთილი ინებოს ახალმა ხელისუფლებამ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას, თუ არიან ასეთი პროკურორები და მოსამართლეები, მათ საკადრისი მიაგოს. თუ ასეთები არ არიან, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ აზრს არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ეს არაფრის მომცემია და არც უნდა იყოს რამის მომცემი.

თუ პროკურორმა, ან მოსამართლემ თავის საქმიანობაში დანაშაული ჩაიდინეს, სხვადასხვა ბერკეტი არსებობს. პირველი არის ამ ქმედების დანაშაულად შეფასება. მეორე არის ის, რომ ასეთი ადამიანი სამსახურიდან უნდა გაანთავისუფლო, რათა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მისცე. და მესამე - პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს, რომ ასეთ ადამიანებს საკადრისი პასუხი გაეცეთ. სახელმწიფომ, ასე ვთქვათ, კლანჭების ჩვენება უნდა შეძლოს. თუ სახელმწიფო დონდლო და არაფრის გამკეთებელი იქნება, არაფერი გამოსწორდება.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საზოგადოებაში უკვე ხშირად საუბრობენ საბოტაჟზეც, რადგან ხშირ შემთხვევაში პროკურორები და გამომძიებლები წელავენ გამოძიებას, ან რაღაცეებზე თვალს ხუჭავენ. პროკურატურაში ადამიანებს ეუბნებიან, რომ მოსამართლეების მიერ ჩადენილი უკანონობის გამოძიება მათი პრეროგატივა არ არის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსკენ უთითებენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი, რომელიც სასამართლოს მაკონტროლებელი ორგანოა, დღესაც კოტე კუბლაშვილის გავლენის ქვეშ არის. რა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი?

- ძალიან მძიმე და სერიოზულ თემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მოდით შევეცდები, ამ კითხვაზე იუმორით გიპასუხოთ. იყო ძალიან ნიჭიერი და კარგი კომიკოსი, მიხეილ პუგოვკინი, რომელიც ძირითადად გაიდაის ფილმებში მონაწილეობდა. ამასთანავე, ძალიან კარგი განათლება ჰქონდა და ასევე იუმორის შესანიშნავი გრძნობაც. 1989 თუ 1990 წელი იყო, მიხეილ გორბაჩოვმა ამ ბატონ პუგოვკინს ჰკითხა - კითხვები არისო? მან კი უპასუხა - კითხვები არის, მაგრამ პასუხები არაო. დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ ახლა ჩვენ. პრობლემები უზარმაზარ ზვირთად წამოვიდა და ამ პრობლემებს თვალის გასწორება და გადაწყვეტა სჭირდება. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ და უფრო მეტსაც გეტყვით, მოსახლეობაში უკვე გარკვეული უკმაყოფილებაც არის იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების დანაპირები ძალიან ნელა ხორციელდება, შედეგი არ დგას და ამას ძალიან რთული შედეგები მოჰყვება. მე მხედველობაში არ მაქვს აჯანყება, ან რაიმე ამგვარი, მაგრამ ეს იქნება იმედგაცრუება, რაც ყველაზე რთულია. ასე რომ, პრობლემები ძალიან ბევრია და ამას ზედმიწევნით სწორი მიდგომა და სერიოზული გადაწყვეტა სჭირდება. მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ ყველას, რომ ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში სპეციალიზაცია იყოს შენარჩუნებული და პური გამოაცხოს მეპურემ და არა ვინმე სხვამ.

ურაპატრიოტიზმი ასეთ სპეციფიკურ საკითხებში ძალიან საშიშია. როგორც ამბობენ, ჯოხი თუ გადაიღუნება, შეიძლება ამას გაუთვალისწინებელი შედეგი მოჰყვეს. მე არ მაქვს ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი კოლეგები, ან ჩემი სტუდენტები, რომლებიც დღეს სამართლდამცავ სტრუქტურებში მუშაობენ, შეცდომებს არ უშვებდნენ. რა თქმა უნდა, შეცდომები იყო, მაგრამ სანამ კონკრეტულ სამხილი არ გვექნება, სანამ არ გვექნება მტკიცებულება იმისა, რომ ეს ადამიანი დამნაშავედ მივიჩნიო, მოდით ვინმესთვის რაიმე ბრალდების წაყენებისგან თავი შევიკავოთ. თუ ჩვენ ყველას უმიზეზოდ გალანძღვა დავიწყეთ (რაც სხვათაშორის, გვქონდა აქამდე), ჩარეცხილები, მუმიები და ა.შ. ასე შორს ვერ წავალთ.

რა თქმა უნდა, შეცდომები არის და თითოეულ მათგანზე რეაგირება არის საჭირო, მაგრამ ჩვენი პრობლემა ის არის, რომ საქმეს კი არა, უფრო მეტ ლაპარაკს მივეჩვიეთ. თუმცა, აქვე ერთი რამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, როგორც ამბობენ, გამოძიებას სამხილები არ აქვს და განსაკუთრებით, ამაზე პოლიტიკური ოპოზიცია საუბრობს აქტიურად, სინამდვილეში ასე არ არის. ადვოკატებიც საუბრობენ ამაზე, მაგრამ ამან არ უნდა გაგაკვირვოთ, რადგან ადვოკატის მოვალეობაა, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესები დაიცვას. აბა ადვოკატი ხომ არ გამოვა და არ იტყვის, ჩემი კლიენტი ისეა მტკიცებულებებით დაჭედებული, რომ არაფერი ეშველებაო?

უახლოეს დროში ეს ცნობილი საქმეები უკვე სასამართლოში გადაინაცვლებს, სადაც პირდაპირი ტრანსლაციისა და გაშუქების საშუალება ეძლევა მედიას. ასევე წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია ამ საქმეებში ნაფიცი მსაჯულების ჩართვაც, რადგან ამ ცნობილი ადამიანების საქმეებზე გადაწყვეტილებას თავად საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ.

დამიჯერეთ, როდესაც სასამართლო სხდომის დარბაზი მედია-საშუალებების წარმომადგენლებით იქნება სავსე და მათ გაშუქების სრული თავისუფლება ექნებათ, ვერც პროკურორი და ვერც მოსამართლე ზედმეტს ვერაფერს გაბედავენ. ასე რომ, სულ ცოტა ხანში ძალიან ბევრი სიახლე იქნება და წინ ძალიან სერიოზული პროცესები გველის.