აურზაური არაფრის გამო

აურზაური არაფრის გამო

დაბალი პოლიტიკური კულტურა თუ პოლიტიკური კულტურის არარსებობა, ძნელია, სხვა სახელი დაარქვა პროცესს, რაც „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბების დროს წარმოიქმნა.

რამდენიმე რაიონში „ქართულ ოცნებას“ კონფერენციის ჩატარების საშუალება არ მიეცა, რადგან ადამიანთა ჯგუფმა პროცესი ჩაშალა,  ან მის ჩაშლას შეეცადა. ამ ადამიანთა ჯგუფში დავით საგანელიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და მათთან ერთად, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები „ამოიცნო“.

პრემიერ-მინისტრი ეჭვობს, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის რეგიონებში მიმდინარე პროცესები შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყოს ინსპირირებული.

„ყველას მოეთხოვება პასუხი, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის წევრმა, რეგიონალური სამსახურის წარმომადგენელმა და ა. შ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვის უნდა გაეკეთებინა აქცია რუსთავში დავით საგანელიძის განცხადებასთან დაკავშირებით? „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ახერხებს იმას, რომ რეგიონებში გამგებლებისა და საკრებულოს ხელმძღვანელების შეცვლა, რომელიც აჟიოტაჟით ხდებოდა, რა თქმა უნდა, მათგან მართული იყო. ახლა ეს პროცესი ჩამთავრდა და რაღაც ხომ უნდა იყვიროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“?! ახლა გადმოერთვნენ და პარტიის რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბებაზე გვედავებიან. თურმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აქციებს აწყობენ, რატომ უნდა ავირჩიოთ ის და არა ეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ინსპირირებულია“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამის გარდა, ერთ-ერთი რაიონის აქტივისტები პროტესტის ნიშნად დედაქალაქში ჩამოვიდნენ, ჯერ სახელმწიფო კანცელარიასთან ხოლო შემდეგ ბიზნესცენტრთან ლეიბები გაშალეს და ქვეყნის პრემიერთან შეხვედრა მოითხოვეს.

შეხვედრისას გაირკვა, რომ სხვადასხვა პარტიის წევრები „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ კონკრეტული ადამიანის დანიშვნას აპროტესტებდნენ. უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ეჭვი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი დაპირისპირებული პარტიის ინსპირირებული იყო იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეგობარ პარტიებში ჩანერგა. საგანელიძემ ჯერ მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატები“ ახსენა, შემდეგ კოალიციაში შემავალი დანარჩენი პარტიებიც, სადაც შეიძლებოდა ასეთი ჩანერგილი ადამიანები ყოფილიყვნენ.

 ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში კი საგანელიძემ განმარტა, რომ ყველაზე მეტი ჩანერგილი ადამიანი „ქართულ ოცნებაში“ აღმოაჩინა და მათი ძიებისას სხვა, მეგობარ პარტიებშიც ანალოგიურ სურათს გადააწყდა. საგანელიძემ ამ ადამიანების პარტიიდან გარიცხვა მოითხოვა და განმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა დასკვნებს გამოიტანდა.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ერთი მხრივ, ეს ძალიან ჰგავს შიდა ოპოზიციის ჩამოყალიბების პროცესს.

„ასეთი განცხადებები გამოცდილი პოლიტიკოსებისგან არ კეთდება, მაგრამ მეორეა, თუ სტრატეგიაა ასეთი და საჭიროა ამ თემებზე საუბარი“.

თუმცა სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ არ ღირს ამ თემაში ჩაღრმავება.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ქვეყნის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ  „თავისუფალ დემოკრატებთან“ მიმართებაში უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის მოწოდებას ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას პარტიის საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

„მოვუწოდებ ყველა პარტიის წარმომადგენელს, იყვნენ საქმიან კოორდინაციაში, როგორც ადრე ვიყავით. მე ვერ ვხედავ ვერანაირ გადაულახავ პრობლემას. ყველა პრობლემა მოგვარდება“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, საარჩევნო პერიოდში სულ იყო ეჭვები, რომ სხვადასხვა პარტიებში სპეცსამსახურების მიერ ადამიანების ჩანერგვა მიმდინარეობდა. ამის გარდა ხუხაშვილის შეფასებით, დიდი ქაოსია, ან სპეციფიკურ მოვლენასთან გვაქვს საქმე და პარტიებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რადგან არ არის სწორი, როდესაც ერთი პარტიის აქტივისტები მეორე პარტიას კარნახობენ, რა გააკეთოს საკუთარ პარტიაში.

ამ ერთი შეხედვით მარტივმა გაუგებრობამ, მედიის ერთ ნაწილში, აჟიოტაჟი გამოიწვია,  რომ კოალიციაში განხეთქილებაა და ის იშლება. საეჭვოა, მსგავსი გაუგებრობა კოალიციის დაშლის ან განხეთქილების მიზეზი გახდეს, მაგრამ ამ ამბავს ავტომატურად დაუკავშირდა ვიცე-პრემიერობიდან, ცოტა ხნის წინ ალასანიას გადაყენება. ხუხაშვილი ამბობს, რომ განხეთქილებაზე ლაპარაკი არასწორია.

სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ კოალიციის წევრებს უნდა ახსოვდეთ საკუთარი ვალდებულებები.

„კოალიციის წევრებმა, უნდა გაიხსენონ რა ვალდებულებები აქვთ შესასრულებელი და ისიც, რომ ვიდრე ამ დაპირებებს შეასრულებენ, ნაადრევია მათი დაქსაქსვა და ცალ-ცალკე წარმატების ძიება იქნება უშედეგო“.

მისივე შეფასებით „ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს  რიგ რაიონებში მკაფიოდ ვერ წარმოუდგენია, რომელ პარტიას უწევს მხარდაჭერას, რომელი პარტიის წევრია თვითონ, რა უნდა გააკეთოს სხვადასხვა პარტიის წევრმა და შეიძლება ვისაუბროთ არშემდგარ დემოკრატიაზე თუ რაიონებში რაიმე პოლიტიკური დატვირთვის მქონე თანამდებობებზე ადამიანები ინიშნებიან და არა ირჩევიან. არსად მომიკრავს თვალი ტელეეკრანზე, რომ რომელიმე ასეთი პარტიის ლიდერების წარმოჩენა ხდებოდეს ღია კენჭისყრებით“,- ამბობს ცისკარიშვილი.

დავით საგანელიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა, რომ მართალია, მას აქვს უფლება და დავალება, დანიშნოს პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები, მაგრამ უფრო მეტი დემოკრატიულობისთვის მათი არჩევა გადაწყვიტეს.

თუმცა, ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ ექსცესების მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ რეგიონების უმეტესობაში პირდაპირ დანიშვნა ხდება.

ერთია, პარტიას წესდებაში რა უწერია და როგორ მოქმედებს, მაგრამ სურათი, რაც საბოლოოდ გამოიკვეთა, საკმაოდ არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს და პოლიტიკური გაუნათლებლობის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს.

ის მძიმე გადმონაშთი, რაც კომუნისტური რეჟიმისგან შემორჩა საზოგადოებას, რომ მხოლოდ პარტიაში ყოფნა იყო წარმატებისა და კეთილდღეობის გარანტი, შევარდნაძის ეპოქაში რამდენადმე შესუსტდა. ადამიანებმა პარტიაში შესვლა უკვე იდეოლოგიის გამო დაიწყეს. სააკაშვილის მმართველობის დროს კვლავ გამყარდა ეს მივიწყებული წარმოდგენები. უფრო მეტიც, უძლეველობის იმიჯის შესაქმნელად ნაციონალებმა იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ მომღერალიც ვერ მღეროდა, თუ ნაციონალებს არ უმღეროდა.

რაც მთავარია, წარმატების გარანტი პარტია იყო ერთი - „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სატელიტებით. 9 წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ განსაკუთრებით რეგიონებში, ადამიანებს ძვალსა და რბილში გასჯდომოდათ, რომ მმართველი პარტიისათვის მხარდაჭერა ზოგიერთ შემთხვევაში მათი არსებობის გარანტიც კი ხდებოდა - ნაწყალობევი სამსახურით ან შემწეობით“.

დღეს ადამიანებისთვის, რომლებიც ამ რეჟიმს ებრძოდნენ, იგივე ფორმულა მოქმედებს, რაც სააკაშვილმა დაამკვიდრა. მათ მოიგეს არჩევნები, კოალიციაში შემავალი პარტიების წევრობა ჩათვალეს ტრამპლინად და დღეს სურთ წარმატებების მიღწევა. არის მეორე მომენტიც - ამ ადამიანებმა სასწორზე შეაგდეს საკუთარი და საკუთარი ოჯახების უსაფრთხოება, იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებდა. რეალურად, რისკი მართლაც უზარმაზარი იყო. ადამიანის ბუნებაა - დღეს ამ რისკისთვის დივიდენდები სურთ.

მართალია, ბიძინა ივანიშვილმა შენიშნა კიდეც, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის რისკავდნენ, მაგრამ მეორეა, როდესაც ადამიანებისთვის მრავალი წლის მანძილზე შიმშილის პრობლემა იყო გადასაჭრელი, ქვეყნისა და სამშობლოს აღქმა სადღაც უკანა პლანზე გადავიდა.

არის სხვა რეალობაც - რაღაც დივიდენდები უკვე გაიცა - „ქართული ოცნების“ რეგიონულ ორგანიზაციებში ის ადამიანები წევრიანდებიან, ვინც ნაკლებად აქტიურობდა, ან არჩევნების დროს მოწინააღმდეგე ფრონტზე იბრძოდა. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, მაგრამ ერთგვარ უსამართლობის განცდას იწვევს საზოგადოებაში. რეგიონებში ყველა ერთმანეთს იცნობს და იცის, ვინ რითი სუნთქავს, ვინ რითი იყო დაკავებული. სავარაუდოდ, ამ მიზეზით გადაწყვიტეს მეგობარმა პარტიებმა „ქართული ოცნების“ საქმეში ჩარევა. ამის გარდა, აუცილებლად იქნებოდნენ პროვოკატორები თუ „ჩანერგილები“, სავარაუდოდ აქციის მოწყობის იდეა მათგან წამოვიდოდა და კონფლიქტიც შედგა.

ამას ემატება ისიც, რომ ისედაც უკმაყოფილო ფონია შექმნილი რეგიონებში, რაკი ადგილობრივ თვითმმართველობებში ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხედავენ.

გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ როდესაც კოალიცია მოდიოდა ხელისუფლებაში, მან გამოაცხადა, რომ არ იქნებოდა პოლიტიკური დევნა.

„ეს პროცესი ჩვენ უნდა შევაკავოთ, მითუმეტეს, როცა ერთი მხარე ამბობს, რომ ისევ ნაციონალები მუშაობენ, მეორე მხრივ, ნაციონალები აცხადებენ, რომ მათზე მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. არც ერთი უკიდურესობა არ ვარგა, ადამიანი იმის გამო არ უნდა გაათავისუფლო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, აქ ბალანსის შენარჩუნება ძალიან ძნელია, მაგრამ პოლიტიკური ნება აბსოლუტურად გასაგებია, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანის გათავისუფლება არ არის სწორი. მესმის, რომ ვისაც მობეზრდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ყურება, ეს იწვევს პროტესტს, მაგრამ უმჯობესია ამ ადამიანებს ავუხსნათ, რომ არ იქნებოდა სწორი რევანშისტულ განწყობებში გადავიჭრათ, რაც საკმაოდ სახიფათო გზაა“,- აცხადებს ხუხაშვილი.

ხუხაშვილი თვლის, რომ მალე ჩაწყნარდება ყველაფერი, რადგან ხალხი იმდენ ხანს იყო დათრგუნული ხმაჩაგდებული, ღირსებააყრილი და ვერაფერს ვერ ბედავდნენ, როგორც კი თავისუფლება იგრძნეს გააქტიურება დაიწყეს.

„ეს გარკვეულ რისკებს ზრდის, მაგრამ არ მგონია, რომ უკონტროლო სიტუაციაში გადავა. ადამიანებს ორთქლის გამოშვების საშუალება უნდა მივცეთ. ეს ორთქლი 9 წელი გროვდებოდა, თუნდაც ჩვენთვის მიუღებელი აზრის გამოთქმის საშუალება ადამიანებს უნდა მივცეთ. ეს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, ხშირ შემთხვევაში, სახიფათო ზღვარზე ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ემოციებისგან დავიცლებით, ყველაფერი ჩაწყნარდება და კარგად იქნება“,- აცხადებს ხუხაშვილი.

რეგიონებიდან წამოსული ინფორმაციით, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს კოჰაბიტაციის პროცესი. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა შეისრუტოს ყველა, ნაციონალი თუ არანაციონალი, ვინც კი სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩევა. ეს ახლადშექმნილი პარტიისთვის საკმაოდ მომგებიანი სვლაა - ის ვინც სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩეოდა უკვე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თუ აქტივისტი, მათი ათვისება „ქართული ოცნების“ მიერ თავისთავად ნიშნავს ადგილობრივ თვითმმართველობებში „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობას თუ არა - შესუსტებას და მეორე, გამოცდილი კადრები ახლადშექმნილ პარტიას ბევრად უფრო ჩქარა გააძლიერებს. პრინციპში, ასეთი პრაგმატული გადაწყვეტილება მოულოდნელი არც უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება ამ ამბის გახმაურებას ეს ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ რეკლამირებაა, რომ ის დამოუკიდებელ, ძლიერ პარტიად ყალიბდება. მეორე, მხრივ ხაზგასმაა, რომ კოალიციაში კონკურენცია არსებობს. ამის გარდა, კარგი გაკვეთილია კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის, რომ პრემიერს შეუძლია, საკუთარ პარტიასაც დაეყრდნოს. რაც მთვარია, მზადდება ფონი, რომ საჭიროების შემთხვევაში ოპოზიციური ნიშა არ დარჩება თავისუფალი.

ღირდა თუ არა ქარიშხლის ატეხვა არაფრის გამო, ალბათ, ღირდა - ყველაფერი ნათელი გახდა, კონფლიქტი ამოიწურა, დასკვნების გამოტანის საშუალება ყველას მიეცა - ვნახოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.