„ბარამიძე რომ კომკავშირელობდა, ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით“

„ბარამიძე რომ კომკავშირელობდა, ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით“

საპარლამენტო უმცირესობა „საქართველოს კურსის უცვლელობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმცირესობის სახელით მინდა, წარმოგიდგინოთ კანონპროექტი „საქართველოს კურსის უცვლელობის“ შესახებ. ეს ეხება საქართველოს სტრატეგიულ საკითხებში კურსის უცვლელობას, რომელიც სამი კომპონენტისაგან შედგება, ჩვენი კურსის უცვლელობა ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არც ერთმა მთავრობამ არ გადაუხვიოს ამ კურსს, მეორე კომპონენტი არის დეოკუპაციისკენ მიმართული პოლიტიკა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, ხოლო მესამე არის, რომ საქართველო არ გაწევრიანებდება დსთ-ში, არ გაწევრიანდება ევრაზიულ კავშირში, ე.წ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და სხვა პოსტსაბჭოთა გაერთიანებებში, სადაც ოკუპანტი ქვეყანა არის წამყვანი ძალა და გაერთიანებაში, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს და თავისუფლებას უქმნის საფრთხეს“, - განაცხადა ბარამიძემ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, თუ პარლამენტს მიაჩნია, რომ საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა არსებობს, ამაში ცუდი არაფერია.

„თუ პარლამენტს მიაჩნია, რომ ამის აუცილებლობა არის, რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერი იქნება. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენი ქვეყნის გეზს ევროინტეგრაციისკენ. ეს იქნება დამატებითი დასტური იმათთვის, ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება, რომ საქართველოში შეიძლება, პროცესები უკან დატრიალდეს და არა დასავლეთისკენ, არამედ სხვა მიმართულებით წავიდეს. ამდენად, ყოველი ასეთი ნაბიჯი, ეს იქნება საპარლამენტო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და თუ პარლამენტში ეს გაკეთდება, ჩვენი პარტნიორების მხრიდან კარგად იქნება აღქმული“, - განაცხადა დონდუამ.

ამის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ საპარლამენტო უმრავლესობას ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ერთობლივად მომზადებას შესთავაზა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით დამატებითი ინიციატივით გამოვდივარ, ვინაიდან გუშინ ფორმასთან დაკავშირებით იყო გარკვეული უთანხმოება. ვთავაზობ საპარლამენტო უმრავლესობას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი ერთად შევიმუშაოთ“, - აღნიშნა ბაქრაძემ და ამ მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

რა თქმა უნდა, თავად ინიციატივა, რომლითაც თითქოსდა ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობა უნდა დაკანონდეს, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ამასთან დაკავშირებით ქართულ მედიაში უკვე ბევრი ითქვა, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის აუცილებლობაზე გვმოძღვრავდეს ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, კბილებით იცავდა საქართველოს დსთ-ში ყოფნის პოზიციას და სულ რამდენიმე წლის წინ გვარწმუნებდა, რომ საქართველოს ამის გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვს. საუბარია გია ბარამიძეზე, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მუდმივად ხელისუფლებაშია მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ქვეყნის სათავეში - „მოქალაქეთა კავშირი“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ადამიანი, რომელმაც 1994 წლის 1 მარტს (იყო რა დეპუტატი) პარლამენტის სხდომაზე საქართველოს დსთ-ში შესვლას მისცა ხმა და ბოლომდე ამ პოზიციის ერთგული იყო. მაშინ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით დადებითი პოზიცია მაშინდელი ხელისუფლების რამდენიმე ცნობილმა სახემ გამოხატა. მათ შორის იყვნენ, გია ბარამიძე, ზურაბ ჟვანია, ტახირ არველაძე (გიორგი არველაძის მამა), ვახტანგ რჩეულიშვილი, შალვა ნათელაშვილი, პეტრე მამრაძე, ლევან მამალაძე და ა.შ. ამ გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ კი ხმა მისცეს რესპუბლიკელებმა დავით ბერძენიშვილმა, ივლიანე ხაინდრავამ და ვახტანგ ხმალაძემ, ასევე გურამ ჩახვაძემ (რომელიც ამჟამად „ედპ“-ს წევრია), კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ, გელა ნიკოლაიშვილმა (უფლებადამცველი) და აკაკი ბობოხიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ წევრი).

დღეს კი გია ბარამიძე ახალ ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაში ადანაშაულებს და ამის თავიდან ასაცილებლად საგარეო კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით სპეციალური კანონის შემოღებას გვთავაზობს. ალბათ, ბარამიძის ამ ინიციატივაზე დიდად ყურადღების გამახვილებაც არ ღირდა, მაგრამ უბრალოდ უპრიანი იქნება, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საქართველოს მოსახლეობას, ვინ შეგვიყვანა დსთ-ში და დღეს ვინ აკრიტიკებს მმართველ გუნდს საგარეო პოლიტიკური კურსის თითქოსდა ცვლილების გამო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი განმარტავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკას საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს. ამიტომ პარლამენტის წევრებს სრული უფლება აქვთ, პარლამენტში ნებისმიერი კანონპროექტი შეიტანონ, მათ შორის ისეთ წევრებსაც აქვთ ამის იურიდიული უფლება, რომლებსაც ამ კანონპროექტის საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ წარსულში ჩადენილი. ბერძენიშვილის თქმით, გია ბარამიძეს იურიდიული უფლება აქვს ილაპარაკოს იმაზე, რომ დსთ-ში არ უნდა შევიდეთ, მაგრამ იურიდიული უფლების გარდა არსებობს მორალი.

„ვინაიდან ბარამიძეს 1994 წელს საქართველოს დსთ-ში შესვლაზე აქვს ხმა მიცემული, საიდან მოეპოვება მორალური უფლება, რომ სხვებს, ვინც საქართველოს დსთ-ში შესვლის წინააღმდეგნი იყვნენ, ახლა ასწავლოს ჭკუა, რომ თურმე დსთ-ში არ უნდა შევიდეთ. ჩვენ ეს ისედაც ვიცით, მაგრამ ბარამიძემ რომ გაიგო, ეგ არის ბედნიერება და თავის ბიოგრაფიაში ჩაწეროს ოქროს ასოებით, რომ საქართველო სხვისი მონა აღარ უნდა იყოს. ბარამიძე რომ კომკავშირლობდა, ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლოებისათვის ვიბრძოდით, რისთვისაც ციხეშიც წავედით“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, გია ბარამიძეს ამ კანონპროექტის პარლამენტში შეტანის უფლება აქვს და იგი შესაბამისმა კომიტეტმა უნდა განიხილოს. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი კანონის მიღება საჭირო არ არის, რადგან გია ბარამიძე და მისი პოლიტიკური პარტია საქართველოს ახალ ხელისუფლებას ქვეყნის სიყვარულს ვერ ასწავლის.

„ეს არის სამარცხვინო პიარ-აქცია. ნაციონალები ორი პიარ-აქციით გამოვიდნენ, ერთი არის ის, რომ ბარამიძე ღელავს ქვეყნის საგარეო კურსზე, ხოლო მეორე არის ის, რომ მერაბიშვილი კანონიერ ქურდებზე ღელავს. ბატონი მერაბიშვილის ცოლი ქვეყანაში კანონიერ ქურდად იჯდა და წყვეტდა, ვინ უნდა მომკვდარიყო და ვინ დარჩენილიყო ცოცხალი. მაპატიეთ და ქართველმა ხალხმა ამ ადამიანებს კარისკენ რომ მიუთითა, ესენი კარიდან გავიდნენ და ახლა ფანჯრიდან მოძვრებიან უკან, მაგრამ აღარ არის ამ საქმეში მათი ადგილი. ჭკუა საკუთარ თავს ასწავლონ. ბარამიძემ სარკეში ჩაიხედოს და უთხრას საკუთარ თავს - როგორ არ გრცხვენია, საქართველოს მონობას რომ დაუჭირე მხარი? ბატონმა მერაბიშვილმა კი ჩაიხედოს სარკეში და ჰკითხოს საკუთარ თავს - ვის ასწავლი ჭკუას, როდესაც შენი ცოლი ხალხის მოკვლის ბრძანებებს გასცემდა?“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ნაციონალები ამგვარ ინიციატივებს იმიტომ აყენებენ, რომ ცდილობენ, ქართულ საზოგადოებას მმართველი გუნდი „რუსეთუმეებად“ მოაჩვენონ, თვითონ კი პროდასავლური ღირებულებების მატარებლები გამოვიდნენ, თუმცა დეპუტატი ამბობს, რომ ამ მიზნის მიღწევის რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს.

„მერაბიშვილი და ბარამიძე ერთმანეთს რომ ჭადრაკს ეთამაშებიან და ფიგურებს პარავენ, ახლა საქართველოში ასეთი თამაში არ მიდის“, - ამბობს ბერძენიშვილი და დასძენს - იმ დროს, როდესაც ნაციონალები „ქართულ ოცნებას“ რუსეთუმეობაში ადანაშაულებენ, სტრასბურგში ქართულმა დელეგაციამ კბილებით დაიცვა რეზოლუციის ტექსი და ამის გამო რუსეთი გაანაწყენა.

და ბოლოს, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც დსთ-ში საქართველოს შესვლის წინააღმდეგ მისცეს ხმა, მაგალითად კაკო ბობოხიძე და ეს ინიციატივა რომ ბობოხიძეს დაეყენებინა, ამის მორალური უფლება მას ჰქონდა, ბარამიძეს კი ეს უფლება არ აქვს.

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ გია ბარამიძე არის ადამიანი, რომელმაც საქართველო ყურებით შეათრია დსთ-ში და შემდეგ თავს იკლავდა იმისთვის, რომ ქვეყანას ეს ორგანიზაცია არ დაეტოვებინა.

„კანონების შექმნის საშუალება ჰქონდათ ცხრა წლის განმავლობაში და რა კანონები შექმნეს, ყველამ ვნახეთ. თავხედები რომ არიან და მაგათ უზნეობას რომ ზღვარი არ აქვს, ამასაც ვხედავთ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა შევიცოდოთ. რატომ ფიქრობთ, რომ ქართული საზოგადოებისთვის გია ბარამიძის ნათქვამი საინტერესოა და ამდენ დროს რატომ უთმობთ ამას? გაზაფხული მოდის, ხვნა-თესვის დროს იწყება და ხალხს უამრავი პრობლემა აქვს. ამიტომ გია ბარამიძეზე, ამ სულით ხორცამდე დამნაშავეზე ამდენი დროის დაკარგვა ნამდვილად არ ღირს. სჯობს იმაზე ვიფიქროთ, ქვეყანა უმძიმესი მდგომარეობდაინ როგორ გამოვიყვანოთ, თორემ ამ ბანდიტური დაჯგუფების, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები, ეს მწამებლები რას ლაპარაკობენ, არავის აინტერესებს“, - ამბობს გოგა ხაინდრავა.

მისი თქმით, საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე მილიონობით ქართველმა თავი დადო იმისთვის, რომ ევროპაში ეცხოვრა და მომწყდარიყო ამ კოშმარს, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში ვიყავით, გაუთავებელი სისხლისღვრის რეჟიმში.

„ბარამიძის კანონი უნდა ამ კურსის დაცვას? თუ რუსეთის მსახური მერაბიშვილის კანონია საჭირო, ან უგუნური ბოკერიასი, რომელსაც ეგონა, რომ ამერიკას ემსახურებოდა და აღმოჩნდა, რომ მთელი თავისი გუნდიანად რუსეთის მსახურები იყვნენ. ამათი დასტური უნდა ჩვენს ევროპულ კურსს? ამას ბარამიძის კანონი არ სჭირდება“, - აღნიშნავს ხაინდრავა.  

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა კი ფიქრობს, რომ ბარამიძის მიერ წამოყენებული კანონპროექტი სულელურია, რადგან პარლამენტი ისეთი ტიპის საკანონმდებლო აქტს ვერ მიიღებს, რომელშიც ჩაიწერება, რომ როდისმე რაიმე კანონი არ უნდა იქნეს მიღებული. კუკავას განმარტებით, პარლამენტს აქვს კონსტიტუციური და სუვერენული უფლება, როცა უნდა, რაც უნდა მიიღოს.

„თეორიულად რომც დავუშვათ და პარლამენტმა დღეს მიიღოს კანონი, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციისაკენ კურსს არ შეცვლის. ერთი წლის შემდეგ რომ პარლამენტმა გადაწყვიტოს, რომ ნატოში კი არა, დსთ-ში უნდა გაწევრიანდეს საქართველო, ამ კანონს ვეღარ გააუქმებს და სხვას ვერ მიიღებს? წმინდა სამართლებრივი კუთხით ეს ელემენტარული აბსურდია“, - აღნიშნავს კუკავა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, მისი თქმით, მაშინ მიღებული ინდა იქნას დეკლარაცია, თუ რა წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის პრიორიტეტებს. ასეთი დეკლარაცია კი საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასაც აქვს გაკეთებული და წინა ხელისუფლებასაც - ისინი ნატოში გაწევრიანებას უჭერენ მხარს. რაც შეეხება ნაციონალების ეჭვებს, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ჩუმად მაინც დსთ-ში შესვლაზე ფიქრობს, კუკავას თქმით, პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონის მიღებაც კი ვერ შეუშლის პრემიერს, რომ ეს პოლიტიკა გააგრძელოს. აქედან გამომდინარე, ისეთი საკითხების გადაწყვეტა განცხადებების დონეზე, რომლებიც რეალურად სხვა ინსტანციებში და სხვა ფორმატში წყდება, კახა კუკავას თქმით, არაკომპეტენტურია.