წინა კვირის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში „უმცირესობაში“ მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან გააქტიურდა. თავდაპირველად ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია მოაწყეს. შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რკინის ქალამნები ჩაიცვა, ქვეყანაში მოგზაურობა დაიწყო და „ქართულ ოცნებას“ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. ყოველივე ამის შემდეგ ბატონმა ვანო მერაბიშვილმა სიხარულით გვამცნო, რომ „ნაციონალები“ უახლოეს ექვს თვეში ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას გეგმავენ.
ხალხი შეშფოთებულია. სადაც არ წახვალ ყველგან პოლიტიკაზე საუბრობენ. ადამიანები „ქართულ ოცნებას“ ქმედითი ღონისძიებების გატარებასა და „იატაკქვეშეთიდან“ გამოსული „ნაციონალების“ მოთოკვისაკენ მოუწოდებენ.
ხვალ ორშაბათია, ახალი კვირის პირველი დღე. კაციშვილმა არ იცის სააკაშვილი და მისი კომპანია რა ახალ სიურპრიზს მოგვიმზადებს.
გადავწყვიტე დღეს დაგასვენოთ, მორიგი სახალისო „ისტორიები“ შემოგთავაზოთ და პოლიტიკური ბატალიებიდან დაღლილები დროებით გაგახალისოთ.
ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი ბრძანდება და მის რამდენიმე მოგონებას გაგაცნობთ.
„12 წელი ვიყავი „ცისკრის“ რედაქტორი. ჩემს დროს ერთი ასეთი ამბავი მოხდა:
ჟურნალში „პირსისხლიანი მენშევიკების“ ნაცვლად „პირსისხლიანი ბოლშევიკები“ დაიბეჭდა. წარმოიდგინეთ, რა დროა. ვთქვით, რომ შეცდომა გაიპარა, კორექტურაა. დამიძახეს ცეკაში და მეუბნებიან, რა ვქნათ ახლა, არაფერი გამოდის, საყვედური უნდა მოგცეთო. - კი ბატონო, - ვთქვი მე.
გადაწყდა საქმე. უკვე გამოვდივარ ოთახიდან და მესმის: „ჯანსუღ, პირად საქმეში შეტანით მოგცემთ, რა? - კი, კაცო, კი, შენი ჭირიმე-მეთქი. ასე გვაძლევდნენ საყვედურებს, თუ ეს რამეს ნიშნავდა.“
„ერთხელ გურამ ფანჯიკიძემ საინტერესო რომანი „თვალი პატიოსანი“ მოიტანა. ისეთი ნაწარმოებია, თუ დავბეჭდავ, რაღაცა მოხდება - ან იმას დაიჭერენ, ან - მე.
ამ დროს შევარდნაძე შინაგან საქმეთა მინისტრია. რომანი მივუტანე და ვუთხარი, - ძალიან კარგი რომანია, იქნებ წაიკითხო, მე კი უეჭველად დამიჭერენ და ოჯახს მიმიხედე-მეთქი. ერთი კვირის თავზე დამირეკა, - ჯანსუღ, კარგი რომანია, დაბეჭდე და ოჯახის მიხედვა ჩემზე იყოსო.“
„ნოდარ დუმბაძეზე რომ ცუდი დაგეწერა, ან ბოროტი კაცი უნდა ყოფილიყავი, ან შეკვეთები უნდა შეგესრულებინა. ჰოდა, დაიწერა კიდევაც.
ნოდარი ძალიან განაწყენებული იყო. ბევრი ვიფიქრე და სამ კაცთან ერთად გადავწყვიტე, რესტორან „ბეთანიაში“ გაგვეწყო სუფრა და მოვფერებოდი.
ვერაფრით ვერ დავითანხმე, ვერ გამოვიყვანე მდგომარეობიდან. ბოლოს ერთი სათქმელი მოვიფიქრე და ვუთხარი: რა იყო, ნოდარა, ბიჭო, რამ დაგაღონა. შენ დღეს იმ დონეზე ხარ, შენით თუ მეიჭამ, თვარა „სირს“ ვერავინ მოგჭამს-მეთქი.
ატეხა სიცილი, გაიხარა. ასე სიცილ-სიცილით გავუყევით მანქანით წყნეთის გზას.“
ჩვენი შემდეგი სტუმარი მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა ბრძანდება. ალბათ გახსოვთ თავის დროზე გახმაურებული საბჭოთა სერიალი „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ და მისი მთავარი გმირი შტირლიცი, რომლის როლსაც რუსი მსახიობი ვიაჩესლავ ტიხონოვი ასრულებდა. საქართველოში თურმე ტიხონოვს არაერთი თაყვანისმცემელი ჰყოლია.
„ახალი გადაღებულია ფილმი „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“, სადაც მართლაც არაჩვეულებრივად თამაშობს რუსი მსახიობი ვიაჩესლავ ტიხონოვი.
დასში გვყავს შინაბერა, გაუთხოვარი მსახიობი, რომელიც გიჟდება მასზე, აბოდებს ტიხონოვზე, ტელევიზორს მიწეპებული უყურებს სერიალს, კადრი რა არის, კადრს არ ტოვებს.
ჩვენ. მსახიობები, შეკრებილები ვართ თეატრის ფოიეში, ტელევიზორია ჩართული და თვალს ვადევნებთ მორიგ სერიას, ვსაუბრობთ, ტიხონოვისა და სხვა მსახიობების თამაშს განვიხილავთ.
იქვეა გიზო სიხარულიძის ცოლი - ეთერი, ძალიან თბილი, არაჩვეულებრივი ქალი, მაგრამ ბავშვივით გულუბრყვილო და მიამიტი, არანაირი ქვეტექსტი მას არ ესმის. რასაც ლაპარაკობენ, ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით იგებს.
შემოგვიერთდა ამ დროს ეს ჩვენი „ყურებამდე შეყვარებული“ შინაბერა მსახიობი, დაინახა ტელეეკრანზე თავის „გულის მურაზი“, თვალები გაუბრწყინდა და აქოთქოთდა:
- შენ შემოგევლე, რა ხარ, რა? კაცი ხარ არნახული... ნეტა, ერთი ოცდაათი მანეთი მაშოვნინა, ჩავიდოდი მოსკოვში, მივცემდი ტიხონოვს და ჩამოვიდოდი უკან!
რა თქმა უნდა, ეს ნათქვამი გაიგო ეთერმაც, და გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით:
- ი, რათ უნდა ტიხონოვს შენი ოცდაათი მანეთი, ასეთ ფილმშია გადაღებული და ფული არ ექნება?!“
წერილის ბოლო გმირი კი მსახიობი გურამ ფირცხალავაა, რომელსაც ერთხელ მოსკოვში „არასასიამოვნო ისტორია“ შეემთხვა.
„დღეს რუსეთის თემაა აქტუალური და იქაურ ერთ კურიოზს მოგიყვებით.
1980-იანი წლებია, ახალგაზრდა ვარ, კავკასიური სისხლი მიდუღს. რუსმა ქალბატონებმა საქეიფოდ დამპატიჟეს და უარს რა მათქმევინებდა? ერთმა წინასწარ მთხოვა:
- გურამჩიკ, დარაგოი, ათ ქალში მარტო თქვენ იქნებით კაცი და რომ არ მოიწყინოთ, ჩემს ნაცნობს წამოვიყვან, დიდხანს იჯდა ციხეში, ცოდოა.
- კეთილი, - დავთანხმდი.
მოკლედ, მიდის გაქანებული ქეიფი, მინდა, ქალების მთელი ყურადღება მარტო ჩემსკენ იყოს და დავიწყე ფოკუსების კეთება. რა ვიცი, ხან რა მოვიგონე, ხან რა, თავდაყირამ შლანგითაც კი დავლიე ღვინო და ეს ქალები სულ გავაგიჟე. მიკრავენ ტაშს, კივიან, წივიან, არის ერთი ამბავი, იმ მეორეს ზედაც არ უყურებენ და უცებ, წამოდგა.
- მე მინდა, გურამი ვადღეგრძელო, - არყის ჭიქა ასწია.
- დაჯექი მანდ, - დაუცაცხანეს ქალებმა, - დალევა მერე, ვერ ხედავ, რა ფოკუსებს აჩვენებს?
დაჯდა საცოდავი სახით, ხმა არ ამოუღია. მე ჩემს სტიქიაში ვარ, ქალები თვალს აღარ მაშორებენ და ის ღმერთგამწყრალი ისევ წამოხტა:
- უფლება მომეცით, ამ ჭიქით...
- დაჯექი! - ეტაკნენ. ისე მოიბუზა, შემეცოდა.
- გისმენთ, ბატონო, - მეც ავიღე ჭიქა. რუსმა დამლოცა და...
იცით, რა გააკეთა? ჭიქა ზევით აიქნია, არაყი ჰაერში ერთ ზოლზე დადგა, მერე ქვემოდან პირი შეუშვირა და დალია, წვეთი არ ჩამოვარდნილა! ორსაათიანი შრომა წყალში ჩამიყარა, ჩემი ფოკუსები, იმ ნომერთან შედარებით, მაიმუნობას ჰგავდა. ეტყობა, ციხეში ჰქონდა ნასწავლი. ქალები ჭკუიდან გადავიდნენ, ვიღას ახსოვს შენი „დარაგოი“ გურამჩიკა, ათივე იმ უპატრონოს მიაჩერდა! აუ, მომეშალა ნერვები, ამან მე როგორ უნდა მაჯობოს-მეთქი?
ტუალეტში გავედი, ჭიქა გავიტანე, წყალი მოვუსვი და ვიკლავ თავს, როგორმე მისი ნომერი გავიმეორო. მოვკვდი, დავიტანჯე, არაფერი გამომდის! დავბრუნდი უკან დათრგუნვილი და ის უპატრონო ირონიით მეკითხება:
- ნუ, ჩტო, ტრენიროვალსია?
- კაკ უზნალ? - დავაღე პირი.
- საროჩკა ი ბრიუკი მოკრიე, - მთლად მომიღო ბოლო.
ვიღას ახსოვდა ქალები და დროსტარება, ორ წუთში უკვე ქუჩაში გავრბოდი.