წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრება „არასპორტული“ მოვლენებით გამოირჩეოდა. მართალია გუშინ არასასიამოვნო სენსაციასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ჩვენმა მორაგბეებმა ბელგიაში თამაშის მიწურულს გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლეს.
გასულ წელს ქართული სპორტის იმდროინდელ მესვეურებს და პირადად ბატონ ლადო ვარძელაშვილს დაუფარავად ვაკრიტიკებდი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთგვარი ტაიმ-აუტი ავიღე და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციების ახალი ხელმძღვანელობის მუშაობას თვალს ყურადღებით ვადევნებდი. დაუწერელი კანონია, რომ თანამდებობებზე მოსულ ახალ პიროვნებებს თავის გამოსაჩენად სამთვიანი ვადა უნდა მიეცეთ.
ძნელია იმ ხალხზე უარყოფითი ასპექტით საუბარი, რომლებსაც ცოტა ხნის წინ გვერდით ედექი და წინა სახელისუფლებო რეჟიმთან ბრძოლის საქმეში შეძლებისდაგვარად ეხმარებოდი.
ქართულ სპორტში პრობლემები მოგვიმრავლდა. ეს უშუალოდ სპორტსმენების გამოსვლებსა და შედეგებს არ ეხება. სამწუხაროდ მთავარი „გმირები“ ჩვენი სპორტული ფუნქციონერები და მწვრთნელები არიან. ახალი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთმა მათგანმა თანამდებობა დაკარგა და ბინძური ხერხებით ერთმანეთში ანგარიშსწორება დაიწყო.
იოლია გარეშე მაყურებლის პოზიციიდან სხვა ადამიანების გაკრიტიკება, მაგრამ სიმართლე ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა ითქვას.
წინა კვირის დასაწყისში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პირველი პირი ლევან ყიფიანი საკუთარ კაბინეტში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს შეხვდა. სტუმრებს მინისტრთან ერთად ყოფილი ფეხბურთლები ჯამარაული და ყაველაშვილიც დახვდნენ. მოარული ხმებით, ეს უკანასკნელი ქართული ფეხბურთის მომავალ პირველ კაცად მოიაზრება. ჩემი აზრით, იმ დღეს პროტოკოლი დაირღვა და ჯამარაულ-ყაველაშვილის დუეტს ოფიციალურ და საქმიან შეხვედრაზე დასწრების უფლება არ ჰქონდათ. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ბატონი ლევან ყიფიანის ახლობლები ბრძანდებიან. ქართული საფეხბურთო ოჯახის ერთმა ნაწილმა ეს ფაქტი მათ საქმეებში სახელმწიფოს კიდევ ერთ უხეშ ჩარევად მონათლა.
ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ბატონი ზვიად სიჭინავა თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ის საკუთარი სურვილით უნდა წავიდეს და არა იძულებითი წესით. თუ სახელმწიფოს მაღალჩინოსნები მას ძალის გამოყენებით გაუშვებენ, ჩემი სახით პირველი დამცველი გამოუჩნდება. დადგა დრო და საქართველო განვითარების ცივილურ ფორმას დაუბრუნდა. მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ძალმომრეობის წლები წარსულს უნდა ჩავაბაროთ. იგივე სიჭინავას ადრე თუ გვიან წასვლის დრო ისედაც მოუწევს.
რამდენიმე დღის წინ ჭიდაობის ფედერაციაში ნამდვილი ამერიკული თრილერი განვითარდა. მისი დაწვრილებითი პერიპეტიების მოყოლისგან თავს შევიკავებ რადგან ყველამ უკვე ყველაფერი იცის. ამ ინციდენტის შემდეგ რამდენიმე პირადი მოსაზრება გამიჩნდა და ნება მომეცით ამ თემაზე ვისაუბრო.
თავდაპირველად ლუკა კურტანიძეს დავიცავ. 100-კილოგრამიანი ლუკასა და 60 კილოგრამიანი თემურის ჩხუბის შემდეგ ჭიდაობის ფედერაციაში „რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფი გამოჩნდა. ძალიან მაინტერესებს, წინასწარ გაფრთხილებულები თუ არ იყვნენ, ასე სწრაფად რეაგირება და მოსვლა როგორ მოასწრეს? ლუკა კურტანიძეს ყაზარაშვილი რომ ეცემა, სხვადასხვა წონითი კატეგორიების გამო ბატონ თემურს ფეხზე დგომა არ უნდა შეძლებოდა. ყაზარაშვილს კურტანიძემ ვეტერანი მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილიც მიაყოლა. დავიჯერო, ფედერაციაში მათ გარდა არავინ იმყოფებოდა და მოძალადე პრეზიდენტს ხალხის დაუნდობელ ცემაში ხელი არავინ შეუშალა?
თავად კურტანიძეს განცხადებით, მას კოლეგებზე ხელი არ აღუმართავს და დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.
არ ვიცი ამ ინციდენტში სიმართლე სად არის. მინდა ბატონ ლუკას დავუჯერო, მაგრამ თემურ ყაზარაშვილის ავტორიტეტში ეჭვს ვერ შევიტან და მიმაჩნია რომ ის ტყუილს არ იკადრებდა.
ლუკა კურტანიძეს ამ ცხოვრებამ არაერთი მძიმე წუთი მოუმზადა. ის აფხაზეთდან ლტოლვილი გახლავთ და იმ ომში მამა დაკარგა. სპორტსმენობისას სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მსაჯების არაობიექტურობამ დააკარგვინა. 26 მაისის იმ „ისტორიულ“ ღამეს კი სამართალდამცავებმა დააკავეს და სხვა მომიტინგეებთან ერთად სასტიკად გაუსწორდნენ.
კურტანიძემ ფედერეაციაში მოსვლისთანავე არაერთი მტერი გაიჩინა. არ შეიძლება ერთ დღეს ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები გაათავისუფლო და მათ ნაცვლად სხვები დანიშნო. მინდორაშვილი კარგი მოჭიდავე ბრძანდებოდა, მაგრამ ნაკრების უფროს მწვრთნელად ივარგებს? ალბათ უმჯობესი იქნებოდა თბილისში დაგეგმილ ევროპის პირველობამდე ნაკრების უწინდელ სამწვრთნელო შემადგენლობას თავისი მოვალეობა შეესრულებინა. კულუარული ცნობით, კურტანიძე ფედერაციაში უხეშობით გამოირჩევა და სხვის აზრს არანაირ ყურადღებას არ აქცევს.
ერთ აზრსაც მოგახსენებთ. ადვილია შორიდან მოსაზრებების გამოხატვა, მაგრამ კურტანიძეს გადადგომისაკენ მოვუწოდებ. მან სპორტული კარიერის განმავლობაში დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა და ამ სახელს წყალს ნუ გააყოლებს. არ ვიცი ყაზარაშვილი მართლა გაასილაქა თუ არა, მაგრამ იგივე „ქართულ ოცნებას“ თავისი დაუფიქრებელი საქციელით დიდი ზიანი მიაყენა. უფრო მეტსაც ვიტყოდი - ამ პოლიტიკურ გაერთიანებას უღალატა და ბოლო დროს გააქტიურებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ სალაპარაკო მისცა.
ბოლო დღეებში ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები კურტანიძეს საქციელს დაუფარავად გმობენ. ყველა იმას აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს „დებოშირი და ხულიგანი“ თავიდან უნდა მოიშოროს. ხალხს არ აინტერესებს ლუკა მართალია თუ მტყუანი. ფაქტია რომ კურტანიძე ინციდენტის ეპიცენტრში აღმოჩნდა და მისი რეიტინგი ძალიან დაეცა. ამ მიზეზის გამო ლუკა უნდა წავიდეს, რადგან ძალიან მეეჭვება ჭიდაობის ფედერაციაში სიმშვიდემ მალე დაისადგუროს.
წერილის მეორე ნაწილში სხვადასხვა ფორუმებიდან ამოკრეფილი ციტატები მოვიყვანე. იმედია მათ კურტანიძეც წაიკითხავს და მიხვდება რომ ჩათრევას გაცლა სჯობია, რადგან საკუთარი დაუფიქრებელი ნაბიჯით იმიჯი ძალიან შეილახა.
„თუ დეპუტატობა უნდა დეპუტატი იყოს, თუ ფედერაცია, გაჰყვეს მაგ საქმეს, თუ ჩხუბი უნდა, რინგზე გავიდეს ან ჯერ დეპუტატობაზე თქვას უარი და მერე იჩხუბოს. სამივე ერთად არ გამოდის.“
„სულ გაგიჟდა ეს კაცი, შეაჩეროს ვინმემ, თორემ თავი ქვეყნის ბატონ პატრონი ჰგონია.“
„გამოძიება უნდა ჩაატაროს პროკურატურამ და დასაჯოს კურტანიძე თუ ბრალი დაუმტკიცდა. რაც მსმენია საკმაოდ მოძალადე ადამიანია, რომელიც ღვთისგან ბოძებულ ძალას ფიზიკურ დაპირისპირებაში იყენებს.“
„ეს ადამიანი პოლიტიკაში არ უნდა იყოს და ხელისუფლებამ ეს შეცდომა სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს, ამით საკუთარ თავს და ქვეყანას უდიდეს სამსახურს გაუკეთებენ.“
„ცალკე პრობლემაა ფედერაციებში პოლიტიკურად მოტივირებული დანიშვნები, უმახინჯესი სენის გაგრძელებაა. როგორც ჩანს არ შველის ამას ხელისუფლების ცვლილება. საჭიროა საკანონმდებლო დონეზე რეაგირება და ხელისუფლების მქონე პირს უნდა აეკრძალოს სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელობა!“
„რაიმე რეალითი შოუ რომ იყოს კურტანიძის მონაწილებით დიდი სიამოვნებით ვუყურებდი.“
„პოლიტიკა და სპორტი აქამდე ვერ გაიმიჯნა და ესენიც ამასვე აგრძელებენ.
ზოგიერთ ინდივიდს ერთდროულად ბაბაც უნდა და ჩიჩიაც, რაც არანაირად არ არის სწორი და სამართლიანი.“
„წინასწარ გეტყვით, ფეხზე მკიდია ნაცებს ვინ და რა ჰყავდათ. ამჟამად რა სავალალო დღეში ვართ სჯობს ამაზე ვიმსჯელოთ. საინტერესოა ეს ლუკა პოლიციის აკადემიაშიც ცემს კურსანტებს??? ისე, როგორ ასწრებს ამდენ საქმეს ერთდროულად? ეტყობა უსაზღვრო ინტელექტის მატარებელი კაცია და ჩვენ კი ვერ ვაფასებთ.“
„კი ბატონო, უნდა დაუფასდეს მხარში ამოდგომა, მაგრამ პარლამენტის და პოლიციის აკადემიის პრორექტორის ქვევით არ ეკადრებოდა? გაეხსნა ბიძინას მისთვის კარგად აღჭურვილი ვულკანიზაციის "ცეხი", გააკრავდა კედელზე კულტურისტების, მოჭიდავეების და ლამაზი ნაშების სურათებს და იქნებოდა დაფასებულიც და ბედნიერიც.“
„კურტანიძე თუ დამნაშავეა პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ნემსაძეს რომ მიუვარდნენ და გადააყენეს, აგო ვინმემ პასუხი? და მეორე. ასე უცებ როგორ გაჩნდა მანდ რუსთავი2?“
„ისე, მე კურტანიძის ადგილზე აუცილებლად გადავდგებოდი.“
„კურტანიძე კი არა, კრივში მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი იყო მოჰამედ ალი, მაგრამ არასდროს არ უჩხუბია ქუჩაში. ადამიანზეა ეგ რა. ეტყობა "აბიჟნიკია" ბუნებით ლუკა-ელდარი და მასეთ კაცს საჯარო სამსახურში, მით უმეტეს მაღალ თანამდებობაზე არაფერი ესაქმება.“
„კურტანიძე არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე! ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე, პარლამენტარი, პოლიციის აკადემიის პრორექტორი. ამ „ოცნებას“ რა უბედურებაა, ყველა წერა კითხვის უცოდინარი რომ ჰყავს დაწინაურებული. ერთი „მაგდანას ლურჯას“ წამკითხველიც ვერ მოიძიეს?? კადრებში ჭედავენ. ამიტომაცაა რომ რეიტინგი ეცემათ დღითი დღე.“
„კურტანიძეს არ ვიცავ, მაგრამ ერთი რაღაც მიკვირს. ის კაცი თვითონ გამოვიდა და განაცხადა, კურტანიძემ წიხლქვეშ დამიგდო და ისე მცემაო. რაღაც ნაცემის არაფერი ეტყობოდა, წიხლით ნაცემი კაცი წესით ფეხზე ვერ უნდა იდგეს. და მეორეც. როგორც თქვეს კურტანიძესთან ერთად რამდენიმე კაცი იყო კაბინეტში და დავიჯერო რომ ყაზარაშვილიაესე აცემინეს? რაღაც ეჭვს იწვევს ეს ამბავი.“
„გასაგებია, რომ დევნილია, ოჯახი დაუწიოკეს, შემდეგ კარიერა რომ დაამთავრა, თავისი ადგილი ვეღარ იპოვა ცხოვრებაში. მერე 26 მაისის საშინელი ღამე გაუთენდა, მაგრამ..სამარცხვინოდ იქცევა. ეგეთი ადამიანი არ არის ღირსი, თანამდებობები ეჭიროს და მით უმეტეს, ახალგაზრდების აღმზრდელი იყოს.“
„ნორმალურ ქვეყანაში, კურტანიძის ინციდენტს არ უნდა სჭირდებოდეს სოციალურ ქსელებში თემების გახსნა. ის უნდა დაეკავებინათ მაშინვე და მის წინააღმდეგ უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე.“
„ნაცებიც იგივეს რომ აკეთებდნენ, იმიტომ აგირჩიათ ხალხმა. მსგავსი ფაქტების უყურადღებოდ დატოვების შემდეგ თქვენი რეიტინგი სულ უფრო დაბლა ჩამოვა.“.
„ასანიძე ლუკაზე ნაკლები სპორტსმენია? არ შერცხვენილა ასე სამაგალითოდ არსად და ოლიმპიური ჩემპიონია, თუმცა ასანიძის დეპუტატობაც ერის სირცხვილი იყო. კურტანიძე, დაეტიე რა სადაც ხარ, სადაც ხალხს უყვარხარ. სად მიდიხარ, რა პოლიტიკა. მოიგე მედალი, ხალხს სიხარული მოუტანე. დაჯექი და გახსენი სპორტული დარბაზი, ახალი თაობა გაზარდე, ვინ გექაჩება?“
„არც კრუიფია განათლებული და არც ბეკენბაუერი, მაგრამ ინტელექტი აქვთ იმხელა, ბევრ ფიზიკის პროფესორს რომ არ აქვს.“
„ისე, 100-კილოიანმა კურტანიძემ, 60-კილოიანი ყაზარაშვილი თუ გალახა, ეს უკანასკნელი ცოცხალი როგორ არის?“