ევროპა – უკანასკნელი ზესახელმწიფო (ხუმრობის გარეშე)

ევროპა – უკანასკნელი ზესახელმწიფო (ხუმრობის გარეშე)

თუკი ამერიკას ომის წარმოება სურს, ევროკავშირს კი არ უნდა დასცინოს, არამედ უნდა უხაროდეს, რომ ის მზადაა მისი ადგილი დაიკავოს

„ომების ათწლეული სრულდება“ – განაცხადა ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტმა ობამამ. შეიძლება ამერიკაში ასეც არის, თუმცა სხვა ქვეყნებში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. ექსტრემისტები ტერორისტული აქტების მომზადებას განაგრძობენ. ავტორიტარული და ავტოკრატული რეჟიმები ძველებურად ინარჩუნებენ ძალაუფლებას ძალადობის მეშვეობით. და იმ შემთხვევაშიც თუკი შეერთებული შტატები საერთაშორისო კონფლიქტებს ჩამოშორდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კონფლიქტები თავისთავად მოგვარდება.

საბედნიეროდ, მსოფლიოში კიდევ ერთი ზესახელმწიფო არსებობს, რომელიც ფლობს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს, ასევე იზიარებს ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ღირებულებებს. მეტიც, მისთვის უცხო არ არის რადიკალური დინებების შეჩერებისკენ სწრაფვა, პირველ რიგში ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. და ამ ზესახელმწიფოს ჰქვია… ევროპა.

ოღონდ არ გაიცინოთ! შესანიშნავად მესმის, რომ რამდენიმე თვის წინ მსგავსი განცხადება აბსურდული იქნებოდა. ნამდვილად ვერ შევძლებდი მსგავსი რამის დაწერას 2011 წელს ლიბიის ოპერაციის შემდეგ, როდესაც საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ ათამდე სახელმწიფომ კინაღამ არ ჩააგდეს სწრაფი ომი (ქვეითი ძალების მონაწილეობის გარეშე) არაპოპულარული და ცუდად შეიარაღებული რეჟიმის წინააღმდეგ. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ბომბების დეფიციტის გამო ფრანგები ზოგჯერ იძულებით მათ ნაცვლად ბეტონის ბლოკებს ყრიდნენ. მეტიც, სადაზვერვო მონაცემების და კოორდინაციის გარეშე სამხედრო ხომალდებიდან, ამერიკული თვითმფრინავების და ცენტრალური სადაზვერვო განყოფილების (CIA) გარეშე, ფრანგ მფრინავებს სამიზნეებიც კი არ ეცოდინებოდათ.

საფრანგეთის ახალი ამოცანა

თუმცა, 2013 წელს, ფრანგული ავიაცია და ფრანგი ჯარისკაცები მალის დემოკრატიულ [2012 წლის მარტის სამხედრო გადატრიალებამდე - რედ.] მთავრობას და აჯანყებულ ისლამისტ ფანატიკოსებთან ჩაებნენ ბრძოლაში. გარდა ამისა, ეს ფრანგული ჩარევა (ჯერ კიდევ) ფართო ნაციონალური მხარდაჭერით სარგებლობს. მართალია ოპერაციის ლოჯისტიკურმა უზრუნველყოფამ, მისმა სამზადისმა და საბოლოო ამოცანებმა ათასგვარი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა თავად ჩარევის აუცილებლობას საფრანგეთში ეჭქვეშ ფაქტობრივად არავინ აყენებს. თითქმის არავინ სვამს შეკითხვას: „რატომ მაინცდამაინც საფრანგეთი?“

ფრანგებს, ერთგვარი პოსტკოლონიალური განცდა აქვთ ფრანგულენოვანი აფრიკის მიმართ (ასევე, როგორც ჩემი ერთი მეგობარი ამტკიცებს, მალის მუსიკის მიმართ), სადაც 1960 წლიდან მათ ორმოცზე მეტი სამხედრო ჩარევა განახორციელეს.

თუმცა, ამჯერად, სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია. მიზანს ის არ წარმოაგდენს, რომ იქ მარიონეტული პროფრანგული მთავრობა მოვიდეს, არამედ ის, რომ შეჩერდეს „ისლამურ მაგრიბში ალ-ქაიდას“ გაძლიერება. სწორედ ეს ტერორისტული ორგანიზაცია კვებავს მალის აჯანყებას და პასუხისმგებელია მძევლების შეპყრობაზე ალჟირის აირის კომლექსში იანვრის შუა რიცხვებში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფრანგები გაემგზავრნენ მალიში საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან საბრძოლველად, რომელსაც შეუძლია სერიოზული პრობლემების შექმნა მთელ ჩრდილოეთ აფრიკაში, და შესაძლოა, მის საზღვრებს მიღმაც. არც თუ დიდი ხნის წინ, მსგავსი ტერირისტული მოძრაობების გამო პენტაგონში სგანგებო საორგანიზაციო თათბირები ეწყობოდა.

დღეს კი, პარიზი ვერაფრით ვერ არწმუნებს ვაშინგტონს, რომ ამას რაიმენაირი ყურადღება მაინც მიაქციოს. რამდენიმე ამერიკული თვითმფრინავი ახლახანს მონაწილეობდა ფრანგი ჯარისკაცების რეგიონში გადაყვანაში, თუმცა, როგორც Le Figaro წერს, ამერიკელებმა თავდაპირველად ფრანგებს ამ ხარჯის დაფინანსება სთხოვეს („უპრეცედენტო მოთხოვნა“) და მხოლოდ ამის შემდეგ, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ დათანხმდნენ მხარდაჭერას დახმარების სახით.

მიუხედავად ამისა, სხვა ევროპელები მზად არიან დაფინანსებისა და ჯარისკაცების შემოთავაზებისათვის. ევროკავშირი დათანხმდა აფრიკელი სამხედროების მომზადების პროგრამის დაფინანსებაზე, რომლებსაც მალის კონტიგენტის დასახმარებლად გააგზავნიან. ზოგადად, მას იმაზე მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე წარმოიდგენდით. შარშან, ზაფხულში, ევროკავშირის სამხედრო ძალებმა, უხმაუროდ, ჩაატარეს ოპერაცია სომალის სანაპიროზე პირატული ბაზების წინააღმდეგ და წარმატებასაც მიაღწიეს. „მათ მთელი ტექნიკა დაგვიწვეს“, – უამბო Associated Press-ს პარატების ერთ-ერთმა მეთაურმა. მთლიანობაში ევროკავშირმა სამხედრო ჩარევა ოცზე მეტ კონფლიქტში განახორციელა. რა თქმა უნდა, მისი შედეგები ჯერ შორს არის ფრანგების შედეგებისგან 1960 წლიდან, მაგრამ ის სწორ გზას ადგას.

როგორც არ უნდა იყოს, მსოფლიო ჟანდარმად გადაქცევისთვის, ევროკავშირს ერთბაშად რამდენიმე დაბრკოლების გადალახვა მოუწევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის არმიათა ერთობლიობა მას მსოფლიოში მეორე ზესახელმწიფოდ აქცევს, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაუმკლავდეს თუნდაც მეტნაკლებად ხანგრძლივ კონფლიქტს.

ვაკუუმი

ზოგიერთმა ევროპელმა, და პირველ რიგში გერმანელებმა უნდა გადალახონ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემორჩენილი ზიზღი ჯარისკაცების მიმართ. სხვებმა (პირველ რიგში, ეს ბრიტანელებს ეხება), ბოლოს და ბოლოს უნდა გააცნობიერონ (ისევე როგორც ეს უკვე ცხადია სხვებისთვის), რომ ნატო შეერთებული შტატებისთვის აღარ არის ძველებურად საინტერესო. გასულ კვირაში, ახალი პრობლემები წარმოიქმნა, როდესაც პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან მისი ქვეყნის ურთიერთობების გადახედვას აპირებს. როგორი შედეგიც არ უნდა იყოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პროცესი წაადგება ევროკავშირის ერთიანი თავდაცვითი და საგარეო პოლიტიკის განვითარების განვითარებას.

სწორედ ეს არის დაბრკოლებები. მაგრამ არსებობს კი რაიმე სხვა გამოსავალი? თუკი ამერიკას უნდა მიიღოს „მშვიდობა ჩვენს დროში“ (ეს გამონათქვამი გამოიყენეს ბარაკ ობამამ და ნევილ შემბერლენმა) იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყველა სხვა რეგიონში ომებია, შექმნილი ვაკუუმის შევსება ვიღაც სხვას მოუწევს.

სავარაუდო კანდიდატებისთვის ზედაპირული თვალის შევლებაც კი (ჩინეთი, რუსეთი, ან შესაძლოა კატარი ან სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფო) საკმარისია, შეწყდეს ქილიკი ევროპელების მიმართ და აღმოვუჩინოთ მათ მორალური და ლოჯისტიკური დახმარება. ალბათ, ევროპა არ არის საუკეთესო ზესახელმწიფო, მაგრამ სხვა არ გვაქვს.

foreignpress.ge