მერაბიშვილის ოცნება, რომელიც მას არ მოკლავს

მერაბიშვილის ოცნება, რომელიც მას არ მოკლავს

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პარტიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის შეცვლას 4 წლის განმავლობაში ვერ დაელოდება. მერაბიშვილმა ეს განცხადება იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრის დროს გააკეთა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყობა, მაგრამ მთავრობას ქვეყნის დასუსტების საშუალება არ უნდა მიეცეს. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევიწროვდეს და მისი შეცვლა დაჩქარდეს. რაც შეეხება ფორმებსა და საშუალებებს, მერაბიშვილის თქმით, ამას დრო აჩვენებს.

„სამწუხაროდ ეს მთავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს. ეს რომ ყოფილიყო შედარებით ნორმალური, მაგალითად გაჩეჩილაძე, რომ ყოფილიყო, გაჩეჩილაძე პირობითად, სულ სხვა ვიღაცას, რომ მოეგო არჩევნები ვიტყოდით დაველოდოთო, მაგრამ ამ მთავრობას, პირდაპირ გეუბნებით, 4 წელიწადს ვერ ვაცდით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მივუვარდებით და სახელმწიფო გადატრიალებას მოვაწყობთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ მათ ის გეგმები განახორციელონ, რაც ეხება საქართველოს საგარეო კურსს.

2003 წელს ჩვენ ნაწილობრივ ვიყავით ხელისუფლებაში. ასე რომ, დღესაც უნდა დავიწყოთ რაღაც ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ხელისუფლების ნაბიჯ-ნაბიჯ შევიწროვება და მისი შეცვლის დაჩქარება. უნდა დავბლოკოთ მათი დესტრუქციული ქმედებები. რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი ამას დრო აჩვენებს. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი ქმედებებისა, რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

2003 წელს „ნაციონალები“ მართლაც ნაწილობრივ იყვნენ ხელისუფლებაში და ეს ახლაც ასეა, მაგრამ განსხვავება იმ დროსა და დღევანდელ სიტუაციას შორის თვალშისაცემია. იმ პერიოდში ქვეყნის სათავეში შევარდნაძის ძირმომპალი რეჟიმი იყო და მისი რამდენიმეწლიანმა მმართველობამ ქართულ საზოგადოებას ისე მოაბეზრა თავი, რომ მაშინ იმუშავა პრინციპმა - „ოღონდ შევარდნაძე არა და იყოს, ვინც გინდა.“ შედეგმაც არ დააყოვნა და 2003 წელს ხელისუფლებაში მოსული სააკაშვილის გუნდი ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა.

დღეს ვითარება რადიკალურად განსხვავდება 2003 წელს არსებული რეალობისგან და სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურებიც ამას კარგად უნდა ხვდებოდნენ, რადგან ერთადერთი, ვისგანაც ქართულ საზოგადოებას ქვეყნის განთავისუფლება სურდა, ეს სწორედ მათი გუნდი იყო და ეს ოქტომბრის არჩევნებმა კარგად აჩვენა. მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პროცესების ზედაპირზე ტივტივს და მმართველი გუნდის დისკრედიტაციას ცდილობს.

ბერკეტები, რაზეც მერაბიშვილი საუბრობს და რაც შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს, ალბათ, ის არის, რასაც უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ვუყურებთ. კერძოდ, სხვადასხვა ტიპის სოციალურ საფუძველზე მოწყობილი გამოსვლები, რაც დევნილების გარკვეულ ფართებში შევარდნით დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ეს პროცესი ხელოვნურად იყო ინსპირირებული და მას „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები უწევდნენ ორგანიზებას, ვითარება თავისთავად ჩაწყნარდა.

ახლა, როგორც ჩანს, მეორე რაუნდი დაიწყო, რაც რეგიონებში საკრებულოს თავმჯდომარეებისა და გამგებლების არჩევის პროცესში სერიოზულ დაპირისპირებებში გადადის და მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ „ნაციონალების“ გარეშე ეს ხმაურიც ვერ ატყდებოდა. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება დაიწყება, რაც ასევე არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. არის ცალკეული შემთხვევებიც (როგორიც არის ელექტროენერგიის გახშირებული გათიშვა და ა.შ.), რომლის დროსაც საბოტაჟზე საუბრობენ, თუმცა მთლიანობაში რამდენად გაამაართლებს ეს მეთოდები და აძლევს თუ არა ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის სათავეში მმართველი გუნდის სახით დაბრუნების შესაძლებლობას, ამასთან დაკავშირებით for.ge ექსპერტებს ესაუბრა.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის მხრიდან ეს მისი სურვილის დაფიქსირებაა, რომ მეოცნებეთა კოალიციაში გაწევრიანდეს. ექსპერტი ამბობს, რომ მეოცნებეობა ყველასთვის დასაშვებია, მაგრამ „მერაბიშვილის ოცნება“, ასეთი პოლიტიკური ძალა ცალკე ვერ იარსებებს და რადგან მერბიშვილი თავის ოცნებებზე საუბრობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი მალე „ქართულ ოცნებას“ შეუერთდება.

„მერაბიშვილის ოცნება სრულიად არასერიოზულია, მაგრამ ნათქვამია - ოცნებას კაცი არ მოუკლავსო“, - ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, მერაბიშვილის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება თვითმკურნალობის ძალიან პრიმიტიული კურსია.

„ასეთი საოცნებო თემების ნირწამხდარი „ნაციონალებისთვის“ შეთავაზება გარკვეული ფსიქოთერაპიაა, თუმცა „ნაციონალები“ თუ ასე შეეჩვიენ ოცნებებს, ვაითუ შემდეგ „მეოცნებეებისგან“ ვეღარ გავარჩიოთ“, - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცინცაძე არ ფიქრობს, რომ ნაციონალებს ხელისუფლების დასუსტების ბერკეტები ასე გულუხვად გააჩნიათ. ექსპერტი გამორიცხვის თეორიას იყენებს და ამბობს, რომ იმ მეთოდით ხელისუფლებაში მოსვლის, რომელიც ნაციონალებმა 2003 წელს გამოიყენეს, თეორიული შანსიც კი არ აქვთ. ცინცაძის განცხადებით, სააკაშვილის გუნდის გარე ძალის მხრიდან დახმარების (ჩარევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) შანსიც არ არსებობს, ქვეყანაში მოსახლეობის მათდამი სიმპატიის გაძლიერებაც (როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ 2002-2004 წლებში ჰქონდა) შეუძლებელია.

„რჩება ერთადერთი შანსი და ისიც სერიოზული დათქმით. კერძოდ, თუ მმართველმა გუნდმა მართლაც ვერ შეაგროვა დეპუტატების საჭირო რაოდენობა და კონსტიტუციაში პრეზიდენტისთვის საბედისწერო ცვლილება ვერ შეიტანა, მაშინ, პრეზიდენტს შეუძლია, პარლამენტი დაშალოს და ქვეყანა ახალ არჩევნებზე გაუშვას, მაგრამ ელექტორატის სიმპატია-ანტიპატიის გათვალისწინებით, მე დღეს ვერ ვხედავ შანსს, რომ არჩევნებში „ნაციონალებმა“ გაიმარჯვონ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისი თქმით, ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით, თუნდაც იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობამ შეიძლება მალე დაივიწყოს ის წყენა, რაც მას წინა ხელისუფლებამ მიაყენა, ამისთვის ერთი წელი მაინც არ იქნება საკმარისი. ამასთანავე, ექსპერტის თქმით, საკითხი ძალიან კომპლექსურია და ამ პროცესს თან უნდა ერთვოდეს სოციალური ფონის მკვეთრი გაუარესება, ასევე ყველა მოლოდინის და ყველა დაპირების ინფლაცია. გარდა ამისა, ამას დღევანდელი მმართველი გუნდის შეცდომების გამრავლება უნდა ერთვოდეს ზედ.

მაგალითად, თუკი ყოველდღე გახდება ცნობილი, რომ ჩინოვნიკებმა თვეში სამჯერ მიიღეს პრემიები და ამას თან უნდა ერთვოდეს ჩინოვნიკების ცინიკური განცხადებები, რომ ისინი დღე-ღამეში 27 საათს მუშაობენ, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ამგვარი შემთხვევები ბევრი უნდა დაგროვდეს, რომ მოსახლეობაში მმართველი გუნდის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება გაჩნდეს.

„ასე არ არის, ვანო მერაბიშვილი რომ აცხადებს, ოთხი წელი ვერ დავიცდითო. სააკაშვილი კი არა, დე გოლი, რომელსაც მგონი მასზე ცოტა მეტი მაინც დამსახურება ჰქონდა თავისი ქვეყნის წინაშე, გადადგომიდან ათი წელი იცდიდა. მხოლოდ ამის შემდეგ, ხელისუფლების შეცდომების დაგროვების შედეგად მიეცა მას შანსი კვლავ ქვეყნის სათავეში მოსულიყო. ერთ და ორ წელიწადში საქართველოში იმის პირობებს ვერ ვხედავ, რომ სიტუაცია ასე შეიცვალოს. თუმცა, ჩვენ ისეთ ტურბულენტურ ვითარებაში და დაპირებების, ოცნებების, იმედგაცრუებების ისეთ კალეიდოსკოპში ვცხოვრობთ, რომ ნოსტრადამუსი და ვანგა ერთდროულად რომ დავიქირავოთ, ვითარებაში მაინც ბოლომდე ვერ გავერკვევით“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.