ასობით ათასი საკვები პროდუქტიდან წელიწადში მხოლოდ 500 მოწმდება

ასობით ათასი საკვები პროდუქტიდან წელიწადში მხოლოდ 500 მოწმდება

სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავაც ჰიგიენა რჩება. შემოწმებების შედეგად დადგინდა, რომ სურსათის უვნებლობის დარღვევის მთავარი მიზეზი (დაახლოებით 95%) სურსათის კოლიფორმებით დაბინძურებაა. ეს ნიშნავს, რომ სურსათის დამზადებისას ჰიგიენური ნორმები ძალიან დარღვეულია და შესაბამისად არც პროდუქტია უვნებელი. 

საქართველოს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ სპეციალური დასკვნა წარმოადგინა და ორგანიზაციის მიერ 2011-13 წლებში სხვადასხვა პროდუქტის შემოწმების შედეგების პრეზენტაცია გამართა.

კვლევის შედეგების მიხედვით ყველაზე ხშირად დარღვევები ნახევრფაბრიკატებზე ფიქსირდება, სადაც არაჰიგიენური გარემოს გამო პროდუქტის კოლიფორმებით დაბინძურება ხდება.

„წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ რეგულარული რეაგირება მომხმარებელთა საჩივრებზე სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით. მომხმარებლის მითითების მიხედვით ხდება ამა თუ იმ პროდუქტის შესყიდვა, ლაბორატორიული შემოწმება და შედეგების გამოქვეყნება. თუ აღმოჩნდება უვნებლობის დარღვევა, ვატყობინებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

მართალია, ბოლო დროს მათგან რეაგირება გაიზარდა, მაგრამ უფრო მეტი კონტროლია საჭირო, რომ არ დაირღვეს მომხმარებელთა უფლებები“, - განაცხადა, ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლია თოდუამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, შემოწმება ამა თუ იმ ობიექტზე მოულოდნელად ჩაატაროს, რადგან სურსათის შემოწმების მხრივ სააგენტოს საქმიანობის მასშტაბები ძალიან მცირეა:

„2011 წელს სააგენტომ სულ 516 ცალი პროდუქტი შეიძინა, ეს იმ დროს, როცა ასჯერ ან ათასჯერ მეტი დასახელების პროდუქტი უნდა მოწმდებოდეს. რაც შეეხება საწარმოს, 40 თუ 50 ათასი საწარმოდან 2012 წელს შეამოწმეს მხოლოდ 400-მდე მეწარმე და თანაც ისე, რომ ისინი წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი“, - აცხადებს ლია თოდუა.

სააგენტოს წარმომადგენელი გიგა ქურდოვანიძე კი განმარტავს, რომ უფრო ხშირად მოწმდება მაღალი რისკის პროდუქციის მწარმოებელი საწარმოები:

„არაგეგმიურ შემოწმებასაც ვატარებთ. ეს მაშინ, როდესაც შემოდის ინფორმაცია, რომ ვიღაც სადღაც მოიწამლა. შემდეგ ჩვენ მიკვლევადობის პრინციპით მივდივართ და ამ საწარმოს ვამოწმებთ“, - ამბობს ქურდოვანიძე.

იგი ასევე ხაზს უსვამს, რომ დასახვეწია სურსათის უვნებლობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება უკონტროლოდ ნებისმიერი სახის საკვები პროდუქტის გაყიდვა. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებით. სურსათის უვნებლობის სამსახური მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ამოწმებს, არადა როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, გაცილებით მავნე და საფრთხის შემცველია უცხოეთიდან შემოსული დაბალი ხარისხის საკვები. მათი პერმანენტული მიღება არათუ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობას ანადგურებს, არამედ მის შთამომავლობაზე კი ახდენს ნეგატიურ გავლენას.