თითქმის ყოველ დღე, ქუთაისის მერიაში ურთიერთბრალდებები ისმის. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე მერიის ხელმძღვანელობას შტატებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაში ადანაშაულებს. მხარეებს შორის დაპირისპირება უკვე ორი თვეა გრძელდება, რომელიც დღეს, სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა.
როგორც for.ge-ს თენგიზ თოფურიძემ განუცხადა, საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში, განყოფილებების ხელმძღვანელთა თათბირი იყო, რომელსაც ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე ესწრებოდა, რომელმაც კადრების ოპტიმიზაციაზე ისაუბრა.
„ამის შემდეგ, ძოწენიძემ ჩემი გათავისუფლების საკითხი დასვა, რადგან მას არ ვემორჩილები. ის აცხადებს, რომ 2011 წლიდან დღემდე, საშტატო რაოდენობა მხოლოდ 11 პირით არის მომატებული, რაც ტყუილია, რადგან მერიის საშტატო რიცხოვნობა 815 პირს აჭარბებდა, პროგრამები შემცირდა, მაგრამ 740 თანამშრომელი სამსახურში მაინც რჩება. მერიის ადმინისტრაციული ხარჯი ადგილობრივი შემოსავლების 85 პროცენტს შეადგენს, საერთო ბიუჯეტის კი, 25 პროცენტს. ასეთი მაჩვენებელი კი, ბოლო წლების განმავლობაში არასოდეს ყოფილა. უპრეცედენტოდ დიდი თანხები იხარჯება. რაც შეეხება დღეს მომხდარ ინციდენტს, შეპასუხების შემდეგ, ძოწენიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ დამსწრე პირებმა ის ჩემამდე არ მოუშვეს“, - აცხადებს თოფურიძე.
for.ge-თან საუბარში ამირან ძოწენიძე თოფურიძის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა მათ შორის მომხდარ სიტყვიერ შეკამათებას ადასტურებს და აცხადებს, რომ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მერიაში განყოფილებების ხელმძღვანელთა შორის ყველაზე პრივილიგირებული პირი იყო, თუმცა, მას ეს პრივილეგიები ჩამოერთმევა.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თოფურიძე იმაზე მეტად პრივილიგირებული იყო, ვიდრე, ეს ამ სამსახურის უფროსს ეკუთვნოდა. ის იმ უფლებამოსილებით სარგებლობს, რითაც არ უნდა სარგებლობდეს. ქუთაისის მერიას სამი ვიცე მერი ჰყავს და მას ჩვენზე მეტი უფლებები აქვს. მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე, საკითხი დავაყენე, რომ მას ეს უფლებები ჩამოერთვას. კერძოდ, ის სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობს, რომელიც მას წესით არ უნდა ჰყავდეს. ამის ფონზე კი, იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომელთაც თვეში მხოლოდ ათი ლიტრი საწვავი გადაეცემათ, მაშინ, როდესაც, ის 350 ლიტრ საწვავს იღებს. აცხადებს, რომ მერიაში კადრების მიღება ნათესაური კავშირით მოხდა, მაშინ, როდესაც მისი მეუღლე, რომელიც საკუთარ სამუშაოს კარგად ასრულებს, მერიაშია დასაქმებული. დედაჩემი კი, ჩემზე ნაწყენია და მსაყვედურობს - შენს სამ შვილიან ძმას, სამსახური ვერ უნახეო. თოფურიძე იმ ადამიანებს დაუპირისპირდა და მათ მერიაში სპეცსამსახურების მიერ „ჩანერგილ“ კადრებს უწოდებს, რომლებთან ერთადაც ოთხი წლის განმავლობაში, თავს კომფორტულად გრძნობდა. მივლინებებს არ იკლებდა და გრანტებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ დადიოდა. მას არ მოუკლია - ბარსელონა, ბრიუსელი, ლონდონი და ა.შ. გასაგებია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას დისკომფორტი შეექმნა, რადგან როგორც ჩანს, მას არჩევნებში წაგებულ პარტიასთან ურთიერთობა აღარ უნდა, გამარჯვებულ ძალასთან მისასვლელ გზებს ეძებს და ღმერთმა ხელი მოუმართოს“, - აცხადებს ძოწენიძე.
ქუთაისის ვიცე-მერი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ბოლო პერიოდში გააქტიურებას, მის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებს და აცხადებს, რომ თოფურიძე პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებისთვის იბრძვის.
„ვფიქრობ, რომ მას თავისი მდგომარეობის შენარჩუნება სურს. მე კი, მეგობრებს იმის მიხედვით არ ვირჩევ - ვინ გამარჯვებულია და ვინ დამარცხებული. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თურმე, მერიაში ვიღაც უშიშროების სამსახურის მიერ დანიშნულია, ხოლო ჩემზე ვანო მერაბიშვილის მეგობარიაო, რასაც არ უარვყოფ, რადგან ჩვენ მეგობრები ვართ. მერაბიშვილი მაშინაც მეგობარი იყო, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, მაშინაც, სანამ შს მინისტრი და პრემიერ-მინისტრი გახდებოდა და ახლაც. ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ და თოფურიძის გამო, მეგობრებზე უარი ვთქვა? მის საკუთარი ქმედებების გამო, განსაკუთრებული ჩემი უფლება რომ იყოს, დღესვე სამსახურიდან გავუშვებდი და უკან არ დავიხევდი“, - განუცხადა for.ge-ს ძოწენიძემ.
თავის მხრივ, თოფურიძე ძოწენიძის ბრალდებებს - მისი პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, უარყოფს და გააქტიურებას საჯარო მოხელისთვის დაკისრებული უფლებამოსილების სამაგალითოდ შესრულების მოტივით ხნის და აცხადებს, რომ აპოლიტიკური ადამიანია.
„ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებ და თუ ვინმე თვლის, რომ არასათანადოდ ვმუშაობ, აქვთ უფლება სათანადო გადაწყვეტილება მიიღონ. სიმართლეს კი, სასამართლოს გზით მივაღწევ, ან პირიქით. ჩემს საჯარო განცხადებებს მერთან, ბესიკ ბრეგაძესთან მოლაპარაკებები უძღოდა, რომელსაც იმის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია, რომ კატასროფულად მატულობს საშტატო რიცხოვნობა, ადმინისტრაციული ხარჯები, სოციალური დახმარებების ხარჯები კვლავ მერიის სარეზერვო ფონდიდან გადის, ასევე გაიზარდა ავტოპარკი და საჯარო მოხელეები არ დადიან სამსახურში. რაც შეეხება პოლიტიზებას, პოლიტიკური პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ, აპოლიტიკური ადამიანი ვარ და არცერთ პარტიაში გაწევრიანებას არ ვაპირებ, რადგან კარგი სპეციალისტი და მენეჯერი ვარ“, - განაცხადა თოფურიძემ, რომელიც for.ge-ს რიტორიკულმა კითხვამ - „პრეზიდენტის ქუთაისში სტუმრობისას, აქტიურ მონაწილეობას იღებდით თუ არა ღონისძიებების ორგანიზებაში და მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას, რატომ „ატერორებდით“ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს?“ - დააბნია და განაცხადა, რომ „ეს ინფორმაცია, სისულელეა“.
ამას გარდა, თენგიზ თოფურიძე for.ge-ს იმ კითხვამაც დააბნია - „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, როგორც საჯარო მოხელე და როგორც ქვეყნის მოქალაქე რატომ არ აპროტესტებდა უკანონო ფაქტებს?“, რაზეც მან განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, „ამის აუცილებლობას ვერ ხედავდა“ და მისი პროტესტი „კაბინეტურ ხასიათს ატარებდა“.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის გააქტიურებაში ნეგატიური არაფერია, უბრალოდ, ეჭვებს ის ბადებს - თენგიზ თოფურიძე, რომელიც ამ სამსახურს 2008 წლის 2 ივლისიდან ხელმძღვანელობს, ქუთაისის მერიაში გამოვლენი უკანონო ფაქტებზე ამ დრომდე რატომ არ საუბრობდა.
for.ge-მ თოფურიძის დახასიათება ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს სთხოვა, რომლებიც აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინტელექტუალია, მაგრამ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა კოლეგამ ისიც კი განგვიცხადა, რომ სწორედ თოფურიძე იყო მედიის ერთ-ერთი „დამტერორებელი“. რაც შეეხება მერიაში საშტატო საკითხს, ვიცე-მერი ამბობს, რომ „ყველა განცხადება, რომელზეც თოფურიძე პრეტენზიას აცხადებს მისი ხელით არის ხელმოწერილი“, რასაც თავად თოფურიძე არ ადასტურებს და ამტკიცებს, რომ „დიდი ხანია დოკუმენტებს ხელს არ აწერს და ამ პრივილეგიით, ქუთაისის მერი და იურისტი სარგებლობენ“.