რაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან დახურულ კარს მიღმა?!

რაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან დახურულ კარს მიღმა?!

საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე სასაუბროდ ბიძინა ივანიშვილი ექსპერტებს შეხვდა. „ექსპერტთა კლუბში“ დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას თითქმის ყველა თემატიკაზე მომუშავე ექსპერტი ესწრებოდა.

შეხვედრის დაწყებამდე ექსპერტები აცხადებდნენ, რომ სხვადასხვა საკითხის შესახებ კითხვები ჰქონდათ და ამ თემებზე ბიძინა ივანიშვილის მოსაზრების მოსმენას აპირებდნენ.

შეხვედრიდან გამოსული ექსპერტები სიტყვაუხვობით ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ, როგორც For.ge-მ გაარკვია, სამსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელებულ გულახდილ შეხვედრაზე საუბარი ოპოზიციისა და უმრავლესობის ურთიერთობასაც დაეთმო.

კერძოდ იმას, რომ, მართალია, კოჰაბიტაცია დასავლეთის მხრიდან კეთილი სურვილი იყო, მაგრამ ნაციონალების მხრიდან თავიდანვე შეუძლებელი იყო კოჰაბიტაციაზე საუბარი. ისინი კოჰაბიტაციას გამოიყენებენ იმისთვის, რომ თავად ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს ათქმევინებდნენ, თურმე როგორი დემოკრატი ყოფილა მიხეილ სააკაშვილი, რომ ცალკეულ შეცდომებთან ერთად, მას ძალიან დიდი მიღწევები ჰქონდა, მაგრამ ახალი ხელისუფლება კიდევ უფრო განავითარებს მის დროს დაწყებულ დემოკრატიას.

თუკი ამას იტყოდა ახალი ხელისუფლება, მაშინ ამით თავად იქნებოდნენ დაჭერილნი. შესაბამისად, ამის საპასუხოდ, ნაციონალები ივანიშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას კი არ განავითარებდნენ, არამედ მათთვის ძირის გამოთხრას დაიწყებდნენ. თანაც, დიდი იარაღი ექნებოდათ ხელში, რომ ნახეთ, ესენიც კი აღიარებენ, რომ ჩვენ ვიყავით დემოკრატებიო. ამიტომ, ცხადია, უმრავლესობა მათ ამ თამაშში არ შეჰყვა, რადგან ეს იყო ნაციონალთა გეგმა და დასავლეთშიც მათი პოზიციის „გაპრავება“ ხდებოდა წლების განმავლობაში.

როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, ექსპერტებთან საუბრის თემა პრემიერთან შეთანხმდა და მისთვის საინტერესო თემები შეირჩა - საერთაშორისო ურთიერთობები, საშინაო პოლიტიკის სირთულეები, საკონსტიტუციო რეფორმის თემა.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ ე.წ. კოჰაბიტაციის პროცესში გამოსავალია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ასეთი, რეალურად უნდა ხედავდეს სიტუაციას. ამდენად, ის უნდა გარდაიქმნას, სხვა ხალხი წამოსწიოს წინ, სხვანაირად შეხედონ და შეაფასონ პოლიტიკა.

გოგი ხუციშვილის თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში ბოლო წლებში ისეთი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, რომელიც ხელს უშლის დაწყებული პროცესების ადექვატურად შეფასებას, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე - შიგნით. საუბარია იმ სტერეოტიპებსა და კლიშეებზე, რაც შეიქმნა წლების განმავლობაში და ახლაც ამ კლიშეების ფარგლებში ხდება არაერთი მოვლენის შეფასება, რისი გადალახვაც ასე უცბად ვერ ხერხდება. კერძოდ, აქამდე გვაშინებდნენ, რომ რაღაცაზე არ შეიძლება დალაპარაკება იმის გამო, არ ჩაითვალოს, რომ თურმე შენ იცვლი ორიენტაციას. სინამდვილეში, ყველაფერზე შესაძებელია დალაპარაკება და შესაძლო სცენარის განხილვა. მაგრამ, მოგვიანებით უნდა მოხდეს ამის გათვლა, გვიღირს თუ არა ამა თუ იმ სცენარის განვითარება.

„ჩვენ ლოზუნგებით კი არ უნდა ვიმოქმედოთ, არამედ - რეალური პოლიტიკით. რკინიგზის აღდგენის საკითხი იყო იმის მაგალითი, რომ უცბად გაჩნდა შიშები, შეიძლება თუ არა ამ თემაზე დალაპარაკება, რადგან ჩვენ ამით აფხაზებს ხომ არ ვუქმნით აღიარების პირობებს?! ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ ხალხი გადაეჩვია თავისუფალ აზროვნებას და ამ ჭრილში კი არ ხდებოდა საქმის განხილვა - გვიღირს თუ არა ამ საკითხის წამოწევა, არამედ თემების ტაბუირება ხდებოდა“, - აღნიშნა გოგი ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ექსპერტებთან შეხვედრისას პრემიერმა მოიცალა  საკითხების დიდი სპექტრის გასავლელად და ეს საკითხები მოიცავდა, როგორც საგარეო პოლიტიკას, ევროინტეგრაციის საკითხებს, რუსეთთან ურთიერთობასა და კონფლიქტებს, ისე - სამეზობლო და საშინაო პოლიტიკას.

შეხვედრისას დადასტურდა, რომ ქართულ მხარეს დასავლეთთან უფრო საქმიანი და სახელმწიფოებრივი პოზიციიდან საუბარი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების დროს იყო, როცა ეს ურთიერთობა ირაციონალურობამდე იყო აყვანილი, რომ თურმე ჩვენ გვყავს მარადიული მტრები და მარადიული მეგობრები.

„მომეწონა პრემიერ-მინისტრის პრაგმატული მიდგომა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესიდან გამომდინარე. მართალია, იქ იყო რთული საკითხებიც, რაზეც დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღე, ეს ძირითადად შეეხებოდა საკადრო პოლიტიკას, მთავრობის დაკომპლექტებას და ექსპერტების პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობას. ამაზე პასუხი გასცა ივანიშვილმა, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო მეტი პრობლემებია სინამდვილეში, ვიდრე ხელისუფლება აღიარებს“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუში თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას ექსპერტებმა პირველწყაროსგან მიიღეს ინფორმაცია დისკუსიის რეჟიმში. უფრო კონკრეტულად კი, პრემიერი საკმაოდ კრიტიკული გახლდათ უმცირესობის მიმართ, ეს დამოკიდებულება გამოხატა და დაასაბუთა კიდეც, თუ რატომ არის კრიტიკულად განწყობილი კოჰაბიტაციის პროცესში მათი ასეთი მონაწილეობით. ლაშა ტუღუშის თქმით, პრემიერს მიაჩნია, რომ უმცირესობა კონსტრუქციული არ არის და ცდილობს ვითარების გამწვავებას, რაც, მისი აზრით, კონტრპროდუქტიულია და უფრო ართულებს ვითარებას. ამდენად, დასავლეთს უნდა გავაგებინოთ და უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში.

„პრემიერს ჰქონდა მოსაზრება და ბევრი ექსპერტიც იზიარებს ამ აზრს, რომ არაერთი სწორი ნაბიჯია გადადგმული, მაგრამ პრობლემაა ის, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ხელისუფლება შეიცვალა და ამ მოკლე ვადაში რთულია სისტემის აწყობა. ამას კონტაქტების დამყარება სჭირდება. ბევრი რამ იცვლება, მათ შორის, ელჩებიც იცვლებიან. ჩვენ არ ვართ ბრიტანეთი ან აშშ, რომ ეს სისტემა გამართულად მუშაობდეს. ჩვენისთანა ქვეყანაში როცა გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, ამას გარკვეული დრო სჭირდება, რომ ეს ურთიერთობები დალაგდეს“, - აცხადებს ლაშა ტუღუში და ადასტურებს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მტკივნეულია და კითხვებსაც აჩენს. ამიტომ უნდა გაიგოს დასავლეთმა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მოტივებით ანგარიშსწორება არ ხდება.

აქვე ლაშა ტუღუში აფხაზეთის რკინიგზის აღგენის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით ბევრი საკითხი დასამუშავებელია.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა დღის წესრიგში ვერ დადგებოდა, რადგან ეს ამ ფორმატში პირველი შეხვედრა იყო. თუმცა ირაკლი მენაღარიშვილი ხელისუფლების ეფექტური მუშაობისთვის ამგვარი შეხვედრების გაგრძელების აუცილებლობას ხედავს.

„შეხვედრისას ხაზგასმით ითქვა, რომ  საგარეო პოლიტიკური კურსის შესაძლო რევიზიის შესახებ მითმა-მოთქმა თითიდან გამოწოვილი ჭორია და მეტი არაფერი. ეს არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა და ცალკეული პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, თუ რა გზას უნდა დაადგეს საქართველო. ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ სამართლის გაჩენის პროცესი არ შეიძლება შეფერხდეს, რადგან ეს არ არის ვინმეს სურვილი - არც დასავლეთის, არც აღმოსავლეთის, ეს კანონის მოთხოვნაა და ქართული საზოგადოების ნებაა და პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი. ასეთი იყო ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სულისკვეთება“, - განმარტავს ირაკლი მენაღარიშვილი.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ დიდი დრო დაეთმო საგარეო ურთიერთობების საკითხებზე საუბრებს. რა თქმა უნდა, კოჰაბიტაციასთან დაკავშირებით პრობლემებსაც შეეხებოდა დისკუსია, რომლის გადალახვაც საკმაოდ რთულია, მაგრამ არა - შეუძლებელი.

„ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ამ ხელისუფლების იდეაფიქსი არ არის ბევრი ხალხის დაჭერა და ციხეში ჩაგდება. უბრალოდ, იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს, საქმე რომ არ აღიძრას, ეს თითქმის შეუძლებელია“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.