უახლოეს დღეებში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე ბრალდებულთა პასუხისგებაში მიცემა გადაწყდება. ამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.
„გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება“, სადაც 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პარალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, 2010 წლის 6 აგვისტოს „თბილსერვის ჯგუფის“ საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა, გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფში“ ფორმალურად „თეატრალური კვარტეტის“ წევრებიც იყვნენ გაფორმებულები.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შპს „თბილსერვის ჯგუფზე“ მიმდინარე გამოძიებისას დადგენილ იქნა, რომ ფორმალურად გაფორმებული იყვნენ „თეატრალური კვარტეტის“ წევრები, რომლებიც ასრულებდნენ ვითომდა სპეცალპინისტ-დამგველების საქმიანობას. ხსენებული პირები აღნიშნულ საწარმოში გაფორმებული იყვნენ 2010 წლის იანვრიდან 2012 წლის ნოემბრამდე პერიოდში, რა პერიოდშიც მათ აღნიშნული საქმიანობისათვის ხელფასის სახით 70 ათასი ლარი დაერიცხათ მაშინ, როდესაც ხსენებულ პირებს აღნიშნულ საწარმოში რეალურად არანაირი საქმიანობა არ განუხორციელებიათ. „თეტრალურ კვარტეტთან“ დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები, დაკითხულები არიან მოწმეები და თვითონ „თეატრალური კვარტეტის“ ბიჭებიც აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფენ. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, თვითონ ჯგუფის წევრებისთვისაც შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნული საქმიანობის შესრულება“, - განაცხადა შოთაძემ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „თეატრალური კვარტეტის“ წევრები შპს „თბილსერვის ჯგუფში“ სწორედ მისი რეკომენდაციით მოხვდნენ. ახვლედიანის თქმით, კვარტეტის წევრები სწორედ მაშინ დასაქმდნენ, როდესაც მათ მატერიალური პრობლემები გააჩნდათ.
„თეატრალური კვარტეტის“ ბიჭები პირადად ჩემი რეკომენდაციით იქნენ მიღებული თბილისის დასუფთავების სამსახურის შპს „თბილსერვის ჯგუფში“. მე მათ ძალიან კარგად ვიცნობ. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ისინი მართლაც ასპარეზზე გამოსვლას იწყებდნენ და მათ მართლაც ბევრი მატერიალური პრობლემა გააჩნდათ. თუ დანაშაულია ის, რომ ეს ადამიანები ამ ფორმით იყვნენ დასაქმებულები თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში, მაშინ ვაგებთ კანონის წინაშე პასუხს. ჩვენი თხოვნაა, მივხედოთ საქმეს, იმას რაც ამ ქალაქსა და ქვეყანაშია გასაკეთებელი და სამართალდამცველ ორგანოებს მოვუწოდოთ, რომ „თეატრალური კვარტეტის“ ბიჭებს კი არ სდიონ, არამედ იმ კრიმინოგენური სიტუაციის გაუმჯობესებაზე იზრუნონ, რომელიც ჩვენს დედაქალაქში ასე მომრავლებულია”, - განაცხადა ახვლედიანმა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გიგი უგულავას დაკითხავენ. კბილაშვილი განმარტავს, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე უკვე 200-ზე მეტი პირი დაიკითხა და დაკითხული პირები გულწრფელად ამბობენ, რომ სამსახურთან შეხება არ ჰქონიათ და პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ.
კბილაშვილის ამ განცხადებას თბილისის მერი, გიგი უგულავა ეხმაურება და ამბობს, რომ მთავარი პროკურორი თავს მიიჩნევს პოლიტიკურ ბრალმდებლად, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ხსენებული გამოძიების პოლიტიკურ მოტივაციას - დააშინოს და დააშანტაჟოს ყველა ის ადამიანი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე იყო.
„მისი საუბარი მთლიანად ცდება პროკურორის უფლება-მოვალეობებს. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების გასამართლებლად პროკურორმა მაგალითად მოიყვანა საკრებულოს მიერ დასუფთავების ტარიფის დარიცხვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რითაც აშკარად შეეცადა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და გამოძიების რეალური მიზნების შენიღბვას“, - ამბობს უგულავა.
არის თუ არა დანაშაული საბიუჯეტო ორგანიზაციებში პარტული ნიშნით ადამიანების დანიშვნა და უნდა დაანონსოს თუ არა პროკურატურამ მაღალჩინოსნების დაკითხვის შესახებ ინფორმაცია, ამ თემაზე სამართლებრივი შეფასება იურისტ ლია მუხაშავრიას ვთხოვეთ.
ექსპერტი გაოცებას გამოხატავს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მიერ უგულავას მომავალში დაკითხვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.
„პირველად არ ვსაყვედურობ პროკურატურას, რომ ვიდრე გამოძიება არ დასრულებულა, ვიდრე ბრალდება უტყუარი და უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით არ დადასტურებულა, უბრალოდ არ მესმის, რა აუცილებლობაა, რომ ამგვარი განცხადებები გაკეთდეს. თანაც საქმე ძალიან მაღალი პოლიტიკური თანადებობის პირს ეხება და ამასთანავე, კბილაშვილმა ჩამოთვალა, რა კითხვები უნდა დაუსვან უგულავას და რა ფაქტები უნდა დააზუსტონ მასთან. მე რომ უგულავა ვიყო, მთავარი პროკურორის განცხადებას მოვისმენდი და მეცოდენებოდა, პასუხად რა უნდა ვთქვა“, - ამბობს ლია მუხაშავრია.
მისი თქმით, ამგვარი განცხადებები არც გამოძიების ინტერესებში შედის და არც ეთიკისა და მტკიცების სტანდარტში ჯდება. ამიტომ იურისტი ამბობს, რომ მოეჩვენა - ეს მაინც განცხადებაა, რომელიც საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად იყო გაკეთებული, ან უგულავას მისამართით გაკეთებული განცხადება იყო, რომელიც რაღაც გზავნილს შეიცავდა, თორემ მუხაშავრიას თქმით, კვალიფიციური იურისტი, მით უმეტეს ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, როგორიც მთავარი პროკურორია, ასეთ ფორმულირებებს მასმედიის საშუალებებით არ უნდა აკეთებდეს.
რაც შეეხება საბიუჯეტო ორგანიზაციებში პარტიული ნიშნით ადამიანების დანიშვნას, ლია მუხაშავრია ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა.
„თუ ეს ფაქტები დადასტურდა, ეს არის წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის პირდაპირი გამოყენება, მიუხედავად იმისა, ამ თანამდებობის პირთა სიები და სახელფასო განაკვეთები საკრებულომ დაამტკიცა, თუ პირადად მერმა. გამოსარკვევია ასევე ვინ აძლევდა ამ ადამიანებს დავალებებს, რომ სამსახურებრივი მოვალეობების ნაცვლად პარტიული დავალებები შეესრულებინათ, ეს უკვე მტკიცების საკითხია და გამოძიებამ ეს უნდა დაასაბუთოს და საბრალდებო დასკვნა ამის შემდეგ დადოს. თეორიულად კი ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც აკრძალული და კანონით დასჯადი ქმედებაა“, - აცხადებს იურისტი.