საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. დღეს, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან და ნატოს სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმავების საკითხებსა და თანამშრომლობის გაუმჯობესების პერპსექტივებს.
„ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ მექანიზმის ეფექტურად გამოყენებაზე, რაც მთავარი ინსტრუმენტია ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომავალში ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, სადაც კიდევ უფრო აქტიურად დაისმება საქართველო-ნატოს შორის ურთიერთობების გაღმავების პერსპექტივები. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ ეფექტური მექანიზმის გამოყენებაზე, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ნატოსთან თავსებადობას და თანამშრომლობის მომავალში გაღრმავებას“ - აღნიშნა ლევან დოლიძემ.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დირექტორთან ფრენკ ბოლანდთან და ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში ჰუსეინ დირიოზთან.
ნატოს შტაბ-ბინაში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ხვალ საქართველოს დელეგაცია მოხსენებით წარდგება ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების წინაშე. შეხვედრაზე ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, ქართული მხარე დეტალურად გააცნობს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებულ ხედვას. მხარეები ასევე, იმსჯელებენ იმ ღონისძიებებზე, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობას უზრუნველყოფს.