საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. მინისტრთან ერთად ბრიტანეთში ასევე გაემგზავრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელთან სერ მალკოლმ რიფკინდთან და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯეიმს არბუტნოტთან. შეხვედრებზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„გავაცანით ჩვენი გეგმები, შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისა და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ. ზოგადად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რამდენად სტაბილურად ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ, თუ რამდენად გრძელვადიანი გეგმები გვაქვს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ ავღანეთში ჩვენს თანამონაწილეობაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ მხარდაჭერით, რომელიც ჩვენ გვაქვს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოში ინტეგრაციის კუთხით“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრების შემდეგ.
დღესვე, ირაკლი ალასანია დიდი ბრიტანეთის პარლამენტარ მარკ რეკლისს შეხვდება და საქართველოზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის წინაშე სიტყვით გამოვა.
ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში გამართავს შეხვედრებს, სადაც ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს განიხილავენ.