ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რაიონში, პარტია - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი კონფერენციები ურთიერთდაპირისპრების ფონზე მიმდინარებს. კონფლიქტების გაღვივების მიზეზებზე კი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე საუბრობს და აცხადებს, რომ მომხდარ ინციდენტებსა და ჩაშლილ კონფერენციებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების გარდა, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებიც იღებდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კოალიციაში მყოფ - „თავისუფალ დემოკრატებს“ რაიონული ორგანიზაციებიდან რიგი წარმომადგენლების გარიცხვის მოთხოვნით მიმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანელიძე „სხვა დასკვნების გამოტანით“ იმუქრება.
თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდი საგანელიძის ინფორმაციაზე რა რეაგირებას მოახდენს, For.ge გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:
დავით საგანელიძე თქვენი პარტიის წარმომადგენლებს კონფერენციების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და მოგიწოდებთ ეს პირები, პარტიიდან გარიცხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვლის, რომ „ამას პარტია აკეთებს!“ უმრავლესობის ლიდერის მირ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რეაგირებას მოახდენთ?
- სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიების რიგებში „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი აგენტებისა და მსტოვრების ჩანერგვას ძალიან კარგად ახერხებდა. პარტიებს, რომელთაც რეგიონალური სტრუქტურები გაშლილი არ ჰქონდათ, ამ საფრთხის წინაშე არ იდგნენ. ხოლო, იმ პარტიებში, სადაც ახალი წევრების შემოდინება იყო, იქ ამ აგენტების გაპარება ხდებოდა და ამ ადამიანების გადამოწმება საკმაოდ რთული საქმეა. ასეთ შემთხვევაში, პარტიაში კონტრდაზვერვის განყოფილება უნდა გქონდეს და შემოწმება აწარმოო, მაგრამ ვერ ვხვდები, რა უნდა აკეთოს პარტიამ - კონტდრდაზვერვით უნდა დაკავდეს თუ პოლიტიკური საქმით? არ გამოვრიცხავ, რომ წინა ხელისუფლების მიერ „ჩანერგილი“ ადამიანები „თავისუფალ დემოკრატებშიც“ იყვნენ, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პარტიაში, რომელიც კოალიციაში შემოდის. ამ მხრივ, განსაკუთრებული სიფრთხილე „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოიჩინოს, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ რეგიონულ კონფერენციებში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები შავ-ბნელი საქმის კეთების მიზნით ჩაერთონ. რა თქმა უნდა, ბატონი დავითის მიერ დასახელებულ ყველა ფაქტს გადავამოწმებთ და თუ ეს ფაქტები დადასტურდა, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული იქნება. ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს არც ბატონ დავითს და არც ჩემს სხვა კოლეგებს.
თქვენს მიმართ გარკვეული მოწოდებები საგანელიძემ პრესით გააკეთა. ამ საკითხზე, პირისპირ თუ ისაუბრეთ და ეს თემა, საჯაროდ რატომ გამოიტანა? თქვენს შორის კომუნიკაციის პრობლემაა?
- ამ განცხადების გაკეთებამდე, საგანელიძეს ვესაუბრე და საკუთარი შეშფოთება გამიზიარა. ასევე მთხოვა, რომ ეს ინფორმაცია პარტიის სხვა ლიდერებისთვის მიმეწოდებინა. ბატონი დავითის მესმის, რადგან ძალიან დაძაბული ვითარებაა და ის, რაც რეგიონებში ხდება, არაფერთან არ არის თავსებადი. ადგილი აქვს გაუგონარ მუშტი-კრივსა და გაუთავებელ ლანძღვა-გინებას, რაც ხელოვნურია და სამწუხაროდ, თუ ამ პროცესში ჩვენი პარტიის წვერები არიან ჩართულნი, ისინი პასუხს აგებენ.
როცა, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების დაფუძნება დაიწყო, ჩვენს წარმომადგენლებს მოვუწოდეთ, რომ არცერთ შემთხვევაში, დაპირისპირებაში არ ჩართულიყვნენ.
როდესაც, ერთ კოალიციას წარმოადგენთ, თქვენთვის დავით საგანელიძის ტონი „სხვა დასკვნებს გამოიტანს“ მისაღებია? თქვენს შორის დაძაბულობას აქვს ადგილი?
- არ მგონია, რომ ეს მოწოდებები, კოალიციისთვის შეურაცხმყოფელი და საშიში იყოს. ბატონი დავითის გამოსვლით, პირადად მე და ჩემი თანაპარტიელები შეურაცხყოფილი არ ვართ. ამ საკითხზე, სავარაუდოდ, დღეს შევიკრიბებით და დავილაპარაკებთ. ბატონი დავითის ემოციური ფონი გასაგებია, რადგან მას მხრებზე რეგიონალური ორგანიზაციების დაფუძნება ადევს, რაც საკმაოდ რთულია.
თქვენი მტკიცების მიუხედავად, აშკარაა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, კოალიციაში პრობლემები აქვთ „თავისუფალ დემოკრატებს“ გაერთიანების სხვა პარტიებთან. რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის მინისტრს ვიცე-პრემიერის პოსტი ჩამოართვეს. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, კოალიცია ვერ თანხმდება და ა.შ. „ბუნტის თავები“ „თავისუფალი დემოკრატები“ ხართ თუ, კოლეგა პარტიები გებრძვიან?
- ბუნტის თავები ნამდვილად არ ვართ. ყოფილი ხელისუფლების მიერ პროპაგანდისტური მანქანა ძლიერად მუშაობს და მათ ამ მხრივ, სოციალური ქსელებიც ეხმარებათ. ჩვენი წაკიდება „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. ზოგიერთი კი, ამ ცდუნებას ვერ უძლებს და სჯობს, კოალიციურ დისციპლინას დავექმემდებაროთ. ყველა დაპირება ერთად გავეცით და ეს ოთხი წელი, ერთად უნდა ვიყოთ, როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, მომავალი კი, რას მოგვიტანს ნამდვილად არ ვიცი, რადგან გულთმისანი არ ვარ. ჩვენი გუნდის უპირობო ლიდერი პრემიერი-მინისტრი ბიძინა ივანიშილია, რომელმაც საქმის კეთება დაგვავალა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ კოალიციას „თავისუფალი დემოკრატები“ არაფრის ფასად არ დაშლიან. არ არის ფასი, რომლის გამოც, შეიძლება ურთიერთოაბში ბზარი შევიტანოთ? თუ ვინმეს ჰგონია, რომ მერაბიშვილი-ადეიშვილი-სააკაშვილის საფრთხე აღარ არსებობს, ძალიან ცდება და სჯობს, კულუარულ საუბრებს თავი დავანებოთ.
უახლოეს მომავალში, კოალიციის დაშლის საფრთხეს გამორიცხავთ?
- ეს საკითხი, დღის წესრიგში, უახლოესი ოთხი წელი არ დადგება.
ვიცი, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ხონის რაიონული ორგანიზაცია თქვენს მიერ დაფუძნდა. დავით საგანელიძე აცხადებს, რომ კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანოძე, რომელიც სურმავას ცოლის დის ქმარია, ყოველ საღამოს ინფორმაციას აკაკი ბობოხიძეს აბარებდა. ამ ინფორმაციის შესახებ, თქვენ თუ იცით?
- ბატონი დავითი გამოსვლაში ხონის რაიონს შეეხო და მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი, ძალიან მაწუხებს, რადგან წარმოშობითთ ხონიდან ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ხონის რაიონული ორგანიზაცია ჩემს მიერ დაფუძნებულია. ვიცოდი, რომ წინა ხელისუფლების მიერ მავნე გავლენებისგან განსაკუთრებით ხონი არის დაზიანებული, რაც ძმები ბობოხიძეების მიერ მომდინარეობს და წლების განმავლობაში, წარმოუდგენელი და გაუგონარი რამ ხდებოდა, რასაც ბობოხიძეები ამკვიდრებნენ. ვიცოდი, რომ ამ რაიონში დაფუძნება გაჭირდებოდა. უნდა გითხრათ, რომ არჩევენების დღიდან, ბატონ დავითს და ჩემს სხვა კოლეგებს ვაფრთხილდებდი, რომ „ქართული ოცნების“ შტაბსა და სხვა პარტიებში ძალიან ბევრი საეჭვო პირია შემოხიზნული და გავასუფთავოთ-თქო, მაგრამ სჯობს, გვიან, ვიდრე არასდროს.
თუ თქვენ ამ საკითხზე საუბრობდით, მაშინ თავად საგანელიძე რას გპასუხობდათ?
- სამწუხაროდ, მაშინ არ დამიჯერეს და ამას იმას ვუკავშირებ, რომ მაშინ ფორსმაჟორში ვიყავით. არჩევნები ახალი ჩატარებული იყო და ორგანიზაციების გაწმენდა ვერ მოესწრებოდა, შედეგი კი, ახლა მივიღეთ. აბსოლიტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ სადაც სიტუაციას ვფლობ, კარგი იქნება თუ ჩემს აზრს მოისმენენ.
ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანოძე, „თავისუფალი დემოკრატების“ რჩეული იყო?
- არა, „ქართული ოცნების“. სანოძე ჩვენს რიგებში არასოდეს ყოფილა. ჩვენი წარმომადგენელია ამირან შუბლაძე, რომელიც უპატიოსნესი კაცია.