ბრიუსელში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებული შტაბის უფროსები იკრიბებიან. 2013 წლის შტაბის უფროსების დონეზე გამართულ ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველ სხდომას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე ესწრება.
შტაბების უფროსების 168-ე შეხვედრას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი გახსნის. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსები ავღანეთში არსებულ ამჟამინდელი მდგომარეობისა და ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარების საკითხებს განიხილავენ. მხარეები, პოსტ-ISAF-ის პერიოდში, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის საწვრთნელი მისიისა და დახმარების შესახებაც ისაუბრებენ.
ნატოს შტაბ-ბინაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დღეს გენერალ-მაიორ კარლოს ბრანკოს შეხვდება. დაგეგმილია ასევე, შეხვედრები ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალთან ევროპაში, ადმირალ ჯეიმს სტავრიდისთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ მარტინ დემპსისთან, ISAF-ის მისიის მეთაურთან, გენერალ ჯონ ალენთან და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან გენერალ კნუდ ბარტელსთან.
საქართველოს დელეგაცია პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის ხელმძღვანელობით გერმანიაში, ჰაიდელბერგში მდებარე ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრსაც ესტუმრება და ISAF-ის მისიაში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს.