აშშ-ის ელჩის ვიზიტი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

აშშ-ის ელჩის ვიზიტი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. რიჩარდ ნორლანდი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ ქაროსანიძეს და აკადემიის ხელმძღვანელობას შეხვდა. აკადემიის კომენდანტმა ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ ამერიკელ სტუმარს გორის სამხედრო სასწავლებლის სტრუქტურის, მასში არსებული სასწავლო კურსებისა და პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრის შემდეგ, რიჩარდ ნორლანდმა ეთა-ს ბაკალავრიატის მსმენელებს სიტყვით მიმართა და ამერიკული მხარის მიერ აკადემიისთვის გაწეულ დახმარებებზე, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ISAF-ის მისიის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აკადემიამ, ხელმძღვანელობამ და კურსანტებმა. ვფიქრობ, ყველა ქვეყანა აცნობიერებს, რომ პროფესიულ სამხედრო განათლებას ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.  განათლებულ ოფიცრებს უნდა შეეძლოთ არა მხოლოდ ომის მოგება, არამედ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. აშშ მოხარულია, რომ წვლილი შეაქვს აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაში, ასევე ეხმარება ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ინგლისური ენის სასწავლო კურსებითა და ინსტრუქტორებით. მოხარული ვიქნები, თუ ნატოს სხვა წევრი ქვეყნებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ. ამ დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისათვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში“ - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

დღესვე, ამერიკელმა სტუმარმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და კომპლექსის შესაძლებლობებს გაეცნო.