ავღანეთში დაღუპული სერჟანტი დღეს დაკრძალეს

ავღანეთში დაღუპული სერჟანტი დღეს დაკრძალეს

ავღანეთში დაღუპული სერჟანტი გიორგი კიკაძე დღეს დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიალს, რომელიც ქალაქ რუსთავში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. დაკრძალვის რიტუალზე ასევე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

დაღუპული გიორგი კიკაძის ხსოვნას საპატიო ყარაულის სამხედრო მოსამსახურეებმა საგანგებო ზალპით მიაგეს პატივი. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.

პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა დღეს გარდაცვლილი სამხედროს გმირობაზე და სამშვიდობო მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით: “გიორგი კიკაძემ სამშობლოს შესწირა თავი. ის საერთაშორისო თანამეგობრობის ჯარებთან ერთად არამარტო საკუთარ სამშობლოს, არამედ უცხო ქვეყნის უსაფრთხოებასაც იცავდა და ამით ძალიან დიდ იმიჯს უქმნიდა ჩვენს სამშობლოს. დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსათვის და მე ოჯახთან ერთად მთელს საქართველოს ვუცხადებ სამძიმარს. უნდა მოვახერხოთ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გახდეს  ჩვენი ჯარისკაცების სამსახური, შიგნით თუ გარეთ. თვითონ პროცესი, ის რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში იღუპება ბადებს კითხვებს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ  ჩვენი ჯარების მონაწილეობა მსოფლიოს უსაფრთხოების  სისტემაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის საამაყოა. შეასაბამისად არა თუ უარს ვერ ვიტყვით, არამედ უნდა ავამაღლოთ და გავზარდოთ ჩვენი როლი ამ პროცესებში, რამე თუ საერთაშორისო იმიჯს უქმნის ეს ჩვენს ქვეყანას. მაგრამ უნდა შევეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსხვერპლი რაც შეიძლება ნაკლები იყოს.”

“გიორგი კიკაძის გარდაცვალება ძალიან დიდი ტრაგედიაა, არამარტო ოჯახისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, მთელი სამხედრო შეიარაღებული ძალებისთვის. გიორგი იყო ვაჟკაცი, ის მეორედ წავიდა მისიაში. ყველა ჩვენი დაკარგული ჯარისკაცის ხსოვნას გულით უნდა ვატარებდეთ, რადგან ისინი პირველ რიგში არამარტო გლობალურ, არამედ საქართველოს უსაფრთხოებას იცავენ ავღანეთში. ეს ტრაგედიაა, რომელმაც კიდევ ერთხელ ყველა უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ მისიაში მონაწილეობით აღებული, რამდენად საჭიროა წინდახედულება, სიფხიზლე და დისციპლინა.” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

გიორგი კიკაძის ცხედარი საქართველოში 1 იანვარს ჩამოასვენეს. სერჟანტი ავღანეთში 19 დეკემბერს  გაუჩინარდა. თავდაცვის სამინისტრომ და გაერთიანებულმა შტაბმა სპეციალური ჯგუფი შექმნა, ბრიგადის გენერლის ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. თუმცა, 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. სერჟანტი გიორგი კიკაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა. ის მეორედ ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა.

თავდაცვის სამინისტრო დაკრძალვის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს, ასევე, მის ოჯახს გადაეცემა კომპენსაცია.