აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირებაზე შესაძლო შეზღუდვების დაწესების ინიციატივას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ადასტურებს, რომ პარლამენტს აზარტული და მომგებიანი თამაშების გაუქმების ინიციატივას წარუდგენს.
მისი განმარტებით, ეს საკითხი, საბოლოოდ, კონსულტაციების თემაა, თუმცა თავად ტყემალაძე არა მარტო შეზღუდვების დაწესების, არამედ კაზინოების და სათამაშო სახლების გაუქმების მომხრეა. დეპუტატის განცხადებით, აზარტული თამაშების ნებისმიერი სახეობა ადამიანების ფინანსური დაზარალების საშუალებაა.
„აზარტული თამაშების ნებისმიერი სახეობა ადამიანების გაყვლეფის საშუალებაა. მე მომხრე ვარ მაქსიმალური ჯარიმა დაწესდეს“, - ამბობს ტყემალაძე.
აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირებაზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივა უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილს ეკუთვნის. დეპუტატის ინიციატივის მიხედვით, შეზღუდვა დგინდება აზარტული და მომგებიანი თამაშების (წამახალისებელი გათამაშების გარდა) რეკლამასა და სამაუწყებლო რეკლამაზე.
ასევე განისაზღვრება ჯარიმის ოდენობა აღნიშნული დარღვევისათვის. საუბარია 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ჯარიმის ოდენობაზე, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, პირველად შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებაა გათვალისწინებული.
სხვათა შორის, სათამაშო ბიზნესის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა მატულობს. ძველი ხელისუფლების პირობებში აზარტული თამაშების წასახალისებლად ახალ-ახალ ინიციატივებს „აცხობდნენ“. ამიტომ, თითქმის, ყველა მოქალაქე ამა თუ იმ ფორმით სათამაშო ბიზნესზე აღმოჩნდა დამოკიდებული.
„თუ საქართველოში ვინმესთვის მომგებიანია სათამაშო ბიზნესი, თუნდაც კომერციული თვალსაზრისით, ესენი საქართველოს აწ უკვე ოპოზიციაში გადასული ე. წ. ნაციონალური ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც, ჩემი მონაცემებით, სწორედ იმიტომ უწყობენ ხელს სათამაშო ბიზნესს და მის სრულიად უკანონო რეკლამირებას, რომ პირადად იყვნენ დაინტერესებულები. ამ, აწ უკვე ყოფილი ხელისუფლების რიგი ლიდერებისა არც იმას თაკილობდნენ, რომ „შავად“ დაებეგრათ აზარტული თამაშების კონკრეტული ობიექტები, მაგალითად, რაოდენობრივად ძალზე გაზრდილი სლოტკლუბები, როგორც უკანონო შემოსავლების სერიოზული წყაროები და ამ გზით ათეულობით მილიონი დოლარის უკანონო შემოსავალს იღებდნენ“, - აცხადებს სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი ანზორ გაბიანი.
ახალმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ უპირველეს საკითხად სწორედ სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა და სამომავლოდ მთლიანად აკრძალვა დაისახა. ამის მოტივი არის ის, რომ იგი მორალურ, ფსიქიკურ და მატერიალურ ზარალს აყენებს ყველას და ყველაფერს. ასეთ მოსაზრება ეთანხმებიან სპეციალისტებიც.
„სამწუხაროდ, აზარტული თამაშების ფართოდ გავრცელება დღევანდელ საქართველოში, გარდა დიდი ეკონომიკური ზარალისა, სოციალურადაც არის საშიში იმის გამო, რომ ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის ანალოგიურად, იწვევს ისეთ ფსიქიკურ მოვლენებს (ძირითადად ახალგაზრდებში), რომელიც უმთავრესად პათოლოგიურ მიჩვევასა და ამ უბედურებაში ჩათრეული ადამიანების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ დეგრადაციაში ვლინდება. ამ დაავადებას ფსიქიატრები ცალსახად მძიმე ავადმყოფობად მიიჩნევენ, რომლისგანაც განკურნება გაცილებით ძნელია, ვიდრე ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმისგან.
დღეს კი გადაუდებელ საჭიროებად მიმაჩნია აზარტული თამაშების ყველა სახეობის სერიოზული შეზღუდვა, მსგავსი სახის ყველა დაწესებულების რაოდენობრივი შეზღუდვის შემოღება, აგრეთვე, დედაქალაქიდან და სხვა ქალაქებიდან კაზინოების პერიფერიებში გადატანა, საქართველოს თითო რეგიონში მათი დროებითი განთავსება დაახლოებით ისე, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებშია.
და რაც მთავარია, სასურველია, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება აზარტული თამაშების ყველა სახეობის რეკლამის კატეგორიულად აკრძალვის თაობაზე, რადგან ის, რაც ამ მხრივ დღეს ხდება, ნამდვილი უმსგავსობაა“, - ამბობს ანზორ გაბიანი.