„მიგრაცია შემაშფოთებელია, ჩინელები არ კვდებიან“

„მიგრაცია შემაშფოთებელია, ჩინელები არ კვდებიან“

ემიგრაციაში მყოფი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ჩინელების მასობრივი ჩამოსახლებით შეშფოთებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა განცხადება „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა და პარალელებიც გაავლო. ზურაბიშვილი წერს, რომ საფრანგეთშიც კი აშფოთებთ ჩინური მიგრაცია, რადგან „ჩინელები არ კვდებიან და სწრაფად მრავლდებიან“.

„იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთში ემიგრანტები ყოფილი აფრიკის კოლონიებიდან არ აკლიათ, საიმიგრაციო სამსახურში ყველზე უფრო აშფოთებთ ჩინური მიგრაცია, რადგან მას გააჩნია თავისი სპეციფიკა: ჩინელები არ კვდებიან. ერთი პირადობის მოწმობით ან პასპორტით სარგებლობს რამდენიმე ადამიანი სანათესაოდან და ვინ გაარჩევს?! როცა გგონია, რომ ათი შემოვიდა, სინამდვილეში, 100-მდე შეიძლება იყვნენ... ანუ ჩვენთან ჩამოსულნი 126 000 რამდენნი გახდებოდნენ ცოტა ხანში, ხომ წარმოგვიდგენია... და ისე, ვინმემ თუ იცის, დღესდღეობით რამდენი არიან დასახლებულნი კახეთში და სხვაგან?“ - ასეთია სალომე ზურაბიშვილის შეშფოთების მიზეზი.

ამასთან, იგი ადასტურებს, რომ მიგრაციას დღევანდელ მსოფლიოში ვერავინ აიცილებს, მაგრამ მიგრაციის კანონის არ არსებობა და კონტროლის მოშლა „კარების ღიად დატოვებას“ ნიშნავს.
For.ge არაერთგზის წერდა ჩინური მიგრაციის საფრთხეების შესახებ, თუმცა ამჯერად სპეციალისტებთან საუბრისას ერთი საინტერესო გარემოება გამოიკვეთა - ჩინელების გარკვეული ნაწილი ჩინური სოფლებიდან არის წამოსული. ამიტომაც უპირატესობას ანიჭებენ საქართველოს სოფლებში დასახლებას. ეს კი ბევრად საშიშია, რადგან ქალაქის მობინადრისგან განსხვავებით, სოფლის მკვიდრს ერთი თავისებურება ახასიათებს - ისინი მრავალშვილიანობისკენ არიან მიდრეკილნი. 

For.ge სპეციალისტებს ესაუბრა.

პროფესორი, დემოგრაფი ანზორ სახვაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის რიცხოვნობით საფრანგეთი ათჯერ დიდი ქვეყანაა, ვიდრე საქართველო, ფრანგებს მაინც აწუხებთ ჩინელების პრობლემა. ამდენად, რა გასაკვირია, რომ ეს ბევრად უფრო პრობლემატური იყოს საქართველოსნაირი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის. უფრო მეტიც, თუკი საფრანგეთში ეს პრობლემა შეიძლება დროში გაწერილი იყოს, აქ მცირე დროში გამოიღებს უკუშედეგებს, რადგან მცირე დროა საჭირო იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით ჩინური მოსახლეობა ბევრად მრავალრიცხოვანი გახდეს.

რაც შეეხება მიგრაციის კანონის მოშლას, ანზორ სახვაძის თქმით, ყველა ქვეყანა ცდილობს, ჰქონდეს თავისი ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების პერსპექტივების შესაბამისი იმიგრაციის კანონი, ანუ დაარეგულიროს მოსახლეობის შემოსვლა. ხოლო გასვლას ის ქვეყანა უნდა არეგულირებდეს, სადაც აქედან გასული მოსახლეობა ჩადის. ამიტომაც ჩვენთან პირველად სწორედ იმიგრაციის კანონი მიიღეს. ეს მოხდა ზვიად გამსახურდიას პერიოდში და ეს კანონი მეტ-ნაკლებად არეგულირებდა უცხოელთა ჩამოსვლას.

„ჩემთვის აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ რამდენიმე კვირის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს 143 ქვეყანასთან აქვს უვიზო რეჟიმიო, ანუ ამ 143 ქვეყნის მოსახლეობა უვიზოდ, თავისუფლად შემოდის საქართველოში. ამ დროს კი საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში შეუძლია უვიზოდ მიმოსვლა. თავისთავად, ეს არათანაბარ პირობებზე მეტყველებს და რამდენი ჩინელი შემოვიდა ჩვენთან, ამის თქმა არავის შეუძლია. ჩვენი სტატისტიკა ამ მხრივ მოიკოჭლებს“, - აცხადებს დემოგრაფი.

მისი თქმით, ჩინელები შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან და ცდილობენ, ძირითადად სოფლის მეურნეობით დაკავდნენ, თუმცა არც ვაჭრობაა მათთვის უცხო და ლილოს ბაზრობასა თუ ქალაქშიც ჩინური მაღაზიების სიმრავლე შეიმჩნევა.

დემოგრაფის თქმით, ის ფაქტი, რომ ჩინელები ქართულ სოფლებში ყიდულობენ ადგილებს, კიდევ უფრო მიანიშნებს, რომ ისინი ტრადიციულად სოფლის მაცხოვრებლები უნდა იყვნენ და ჩინეთის სოფლებიდან უნდა იყვნენ ჩამოსულნი.  

„სოფლად მცხოვრები ადამიანების ფსიქოლოგია მრავალშვილიანობისკენაა მიდრეკილი. ამიტომ სოფლის მიგრანტები უფრო მეტ პრობლემას შეგვიქმნიან, ვიდრე ინდუსტრიული ცენტებიდან ჩამოსულნი. ქალაქელი იშვიათად სახლდება სოფელში, მაგრამ ეს ჩინელები იმდენად შრომისმოყვარეები არიან, რომ აშკარად ეტყობათ, სოფლიდან არიან წამოსულნი და ჩვენთანაც ამიტომაც სახლდებიან სოფლად“, - აღნიშნა ანზორ სახვაძემ.

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის თქმით, დემოგრაფიის თვალსაზრისით, საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა. რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებული გაეროს მონაცემების თანახმად, იმისთვის, რომ ქართველი ერი გადარჩეს, საქართველოში თითოეულმა ქალმა საშუალოდ ოთხი-ხუთი ბავშვი უნდა შვას. ჩვენი გამძაფრებული სოციალური ვითარებიდან გამომდინარე კი, ეს ტენდენცია არ შეინიშნება. ოჯახების რაოდენობა არ იზრდება და, ცხადია, დემოგრაფიული სურათი კატასტროფულია. თუ ვინმე საქართველოში მრავლდება, ეს სომხებსა და აზერბაიჯანულ მოსახლეობას შორისაა მატება. რამდენიმე წლის შემდეგ კი ჩვენ კატასტროფული სურათის წინაშე დავდგებით. ამ დროს ჩინური მოსახლეობა ასიმილაციას ახდენს საქართველოში და ისინი ქართულ გვარებს იღებენ.

პოლიტოლოგის თქმით, ყველა ქვეყანას აქვს კვოტა, თუ რამდენი ადამიანი უნდა მიიღოს უცხოეთიდან საცხოვრებლად. ასეთი კვოტა აქვს აშშ-ს, რუსეთს და სხვა. იმიგრაციის თვალსაზრისით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა აშშ. მეორე ადგილზეა რუსეთი, რომლის შორეულ აღმოსავლეთშიც, ძირითადად, ჩინელების მოზღვავებაა.

„გახსოვთ ალბათ, 10-15 წლის წინ გაჩნდა პირველი ჩინური რესტორანი თბილისში. დღეს ჩინური რესტორნები თითქმის ყველა უბანშია. ამასთან, გაჩნდა ჩინური მაღაზიები. არიან ჩინელები, რომლებიც, სხვათა შორის, შესანიშნავად ლაპარაკობენ საყველპურო ქართულად და კონტაქტს ახდენენ ადგილობრივებთან. ზოგიერთმა ხელი მიჰყო სოფლის მეურნეობას. ჩინელები განსაკუთრებით მარდები არიან ბიზნესში. დაახლოებით 10 წლის შემდეგ ჩინელების პრობლემა საქართველოსთვის სერიოზული იქნება“.       

დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ ჩინეთში ე.წ. „ერთი ბავშვის თეორიაა“ და, თუ ერთ ბავშვზე მეტი ეყოლებათ, მთელი რიგი შეზღუდვები უწესდებათ ხელფასზე, სამუშაოზე და ა. შ. გარდა ამისა, იქ ვაჟის კულტია და, როცა გოგოს ელოდებიან, მას იშორებენ. ამდენად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინელები თითქმის მილიარდ 400 მილიონამდეა და მათი საცხოვრებელი არეალი ტერიტორიის მხრივ ძალიან შეზღუდულია. ამიტომ იძულებულნი არიან, წავიდნენ სხვა ქვეყანაში და ამისთვის ადგილობრივი ჩინელები მათ გამიზნულად ხელს უწყობენ.

„ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამი ათასი ჩინელი ქუთაისის ავტოქარხნის ტერიტორიაზე სახლებს იშენებდა, ქუჩებშიც ძალიან მომრავლდნენ. თუ ასეთი პოლიტიკა გაგრძელდა, არც ისე დიდი დრო დასჭირდება, რომ ჩვენს მიწაზე სხვა ერი იცხოვრებს. დემოგრაფიული ბალანსი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, რათა ტიტულოვანი ერი, რომელმაც სახელწოდება მისცა თავის ქვეყანას, ქართველი ერის სახით, ყოველთვის ცხოვრობდეს ამ მიწაზე“, - აცხადებს დემოგრაფი.

მასვე რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ახსენდება, როცა ჩინელებმა ციმბირში ძალიან დიდი ტყის მასივები შეიძინეს, ხეებს მთლიანად ჭრიდნენ, ხერხავდნენ, რაც დარჩებოდათ, იქიდან კბილის საწმენდ ჯოხებს აკეთებდნენ, დარჩენილ ნახერხს კი პამპერსებში იყენებდნენ. ასე რომ, ჩინელი არაფერს კარგავდა და ყველაფერი გაჰქონდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ჩინელებმა ვაგონებით გაიტანეს ციმბირში არსებული ძალიან კარგი ჰუმუსოვანი ნიადაგი, რომელიც ზრდა-განვითარებისათვის ხელსაყრელ ქიმიურ, ფიზიკურ და აგროქიმიურ თვისებებს შეიცავს. ამაზე რუსებმა ერთი ამბავი ატეხეს, ჩინელები ტყეებს ისედაც ანადგურებენ, ახლა ნიადაგიც გააქვთო.

„ჩვენთან კი ჩინელები ალბათ იმიტომ შემოჰყავთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აღარ არის, მათი რიცხვი იკლებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა მომავალში ძალიან შემცირდება. ამ გამოკვლევის თანახმად, მომავალში სომხეთის მოსახლეობა 7 %-ით გაიზრდება, აზერბაიჯანის მოსახლეობა - 34 %-ით იმატებს, ხოლო საქართველოს მოსახლეობა 28 %-ით შემცირდება“, - აცხადებს დემოგრაფი.