სადაც არ უნდა იყოს კეზერაშვილი, მისი ექსტრადირება პრობლემა არ იქნება

სადაც არ უნდა იყოს კეზერაშვილი, მისი ექსტრადირება პრობლემა არ იქნება

საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნისა და ქრთამის მიღების, ასევე, საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყოფილი მაღალჩინოსანი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დავით კეზერაშვილმა პირადი სარგებელის მიღების მიზნით, თანხმობა განუცხადა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, ნიკოლოზ დავითაშვილს და იოსებ იმნაძეს, რათა გამოეყენებინა მისი პირადი სამსახურეობრივი მდგომარეობა და მფარველობა გაეწია აღნიშნული პირების უკანონო საქმიანობისთვის. კერძოდ, დავითაშვილმა და იმნაძემ განიზრახეს დადგენილი ტექნოლოგიების უხეში დარღვევით - ყურძნის მასალასთან ეთილის ან სხვა სახის სპირტის შერევით და ტექნოლოგიური მანიპულაციებით ეწარმოებინათ ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტი. ეთილის სპირტისაგან კონიაკის სპირტის მსგავსი სითხის დამზადებით მცირდება კონიაკისებური სპირტის თვითღირებულება და მნიშვნელოვნად იზრდებოდა მისი რაოდენობა.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად აღნიშნულმა პირებმა დაარეგისტრირეს შპს „განთიადი“ და შპს „ნაფარეული“. სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, მათ შეადგინეს დანაშაულებრივი სქემა, თუ როგორ უნდა შემოსულიყო ეთილის სპირტი შიდა ბაზარზე ისე, რომ არ მოქცეულიყო იმპორტის დაბეგვრის რეჟიმში. აღნიშნულ პირებს საქმიანობაში დასჭირდებოდათ სახელმწიფო სტრუქტურათა მაღალჩინოსნების მხარდაჭერა, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მფარველობას გაუწევდნენ. ისინი დაუკავშირდნენ ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი უფროსის დავით კეზერაშვილის დის ქმარს, მეირი ჯანაშვილს, გაანდეს დანაშაულებრივი გეგმა და სთხოვეს შუამდგომლობა დავით კეზერაშვილთან. ჯანაშვილი მოელაპარაკა კეზერაშვილს, რომ მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ხელი შეეწყო უკანონო საქმიანობისთვის. კეზრაშვილმა, იმის ნაცვლად, რომ მიეღო ზომები დანაშაულებრივი სქემის აღსაკვეთად, რაც მისი უშუალო მოვალეობა იყო, რადგან იმ პერიოდში იმყოფებოდა ფინანსური პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, დათანხმდა უკანონო ბიზნესის მფარველობას და ქრთამის აღებას“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე უწყების ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი იღებდა ვალდებულებას საბაჟო, საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებზე თავისი ავტორიტეტით და გავლენით მოეხდინა ზემოქმედება. იმნაძემ და დავითაშვილმა თანხმობის მიღების შემდეგ, უკრაინულ სპირტის საწარმოს შეუკვეთეს 480 ტონა ეთილის სპირტი და დაიწყეს საქმიანობა.

2007 წლის 8 იანვარს 240 ტონა სპირტი დავით კეზერაშვილის დახმარებით საქართველოში შემოვიდა, რის სანაცვლოდაც კეზერაშვილმა ქრთამის სახით აიღო 72 000 აშშ დოლარი. ამავე წლის 5 თებერვალს აღნიშნულმა პირებმა საქართველოში კვლავ 240 ტონა სპირტი შემოიტანეს. კეზერაშვილმა დამატებით ისევ 72 000 აშშ დოლარი აიღო. 2007 წლის 7 თებერვლიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში სულ შემოტანილ იქნა 2 445 065 ლიტრი სპირტი, დავით კეზერაშვილმა კი ქრთამის სახით 733 519 აშშ დოლარი აიღო.

2007 წლის მაისის ბოლოს უკვე თავდაცვის მინისტრმა კეზერაშვილმა ქრთამის სახით გადასახდელი თანხის გაზრდა მოითხოვა. შესაბამისად, 2007 წლის 8 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში შემოტანილ 3 353 269 ლიტრ სპირტზე აიღო 2 011 961 აშშ დოლარი. 2008 წლის იანვრიდან კეზერაშვილმა კვლავ გაზარდა ქრთამად მისაღები თანხის რაოდენობა და 2 203 646 ლიტრ სპირტზე 1 542 552 აშშ დოლარი აიღო. 2008 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე შემოტანილ 410 252 ლიტრ ეთილის სპირტზე ქრთამად აიღო 237 946 აშშ დოლარი. თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, დავით კეზერაშვილმა გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა, სათავეში ჩაუდგა ორგანიზებულ ჯგუფს, თავისი ავტორიტეტით არამართლზომიერ გავლენას ახდენდა საბაჟო სამსახურზე და ხელმძღვანელობდა კონტრაბანდული სპირტის საქართველოში შემოტანას და 163 230 ლიტრი სპირტის შემოტანის შედეგად უკანონოდ მიიღო 94 673 აშშ დოლარი. 2009 წლიდან 2012 წლამდე სხვადასხვა პერიოდში კეზერაშვილმა კონტრაბანდული საქმიანობის შედეგად მიიღო 7 570 032 აშშ დოლარი.

„საერთო ჯამში, დავით კეზერაშვილს, როგორც მოხელეს ქრთამის სახით 4 669 978 აშშ დოლარი, ხოლო როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, კერძო პირს 7 664 705 აშშ დოლარი აქვს მიღებული. აღნიშნულ თანხებს კეზერაშვილი შუამავლის - მისი დის მეუღლის, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის მეირი ჯანაშვილის მეშვეობით ღებულობდა. ამ წლების მანძილზე დანაშაულებრივი მანიპულაციებით საქართველოში სულ შემოტანილ იქნა 19 868 312 ლიტრი ეთილის სპირტი, გადასახადების დამალვის სახით სახელმწიფომ იზარალა 49 392 341 ლარი. თავად კეზერაშვილმა კი საერთო ჯამში, უკანონო შემოსავლის სახით მიიღო 12 334 683 აშშ დოლარი“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში, სადაც გამოძიება ოთხი მუხლით მიმდინარეობს და ეს მუხლები 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეს არის ოფიციალური ვერსია, რომლის გამოც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულად სცნეს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვის კეზერაშვილის კიდევ ბევრი საგმირო საქმეა ცნობილი. ასევე საყოველთაოდ ცნობილია მისი ბიზნესინტერესები, რომლებიც საკმაოდ ფართო არეალს მოიცავს. მაგალითად, კეზერაშვილის სახელთან იყო დაკავშირებული „საქართველოს ლატარიის კომპანია“, რომელიც ქართულ ბაზარზე 2009 წელს შემოვიდა და ამ სფეროს მონოპოპლიზება მოახდინა. „ლატარიის კომპანიის“ 100%-იანი წილის მფლობელი არის „ლექსორ კაპიტალ კორპ“, რომელიც ოფშორში, ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული, თუმცა არაოფიციალურად ცნობილია, რომ იგი კეზერაშვილის საკუთრებაა. იგივე მოხდა კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებულ კიდევ ერთ კომპანიასთან, ნავთობიმპორტიორ „გალფთან“ დაკავშირებით, რომლის ბაზარზე გამოჩენამაც მსხვილი კომპანიები „ლუკოილი“, „ეკო ჯორჯია“ და „მაგნატი“ შეიწირა. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის შეფობისას დავით კეზერაშვილმა ბენზინგასამართი სადგურების მფლობელების წინააღმდეგ ბევრი კომპრომატი დააგროვა და, შესაბამისად, მათი ხელში ჩაგდების სურვილიც გაუჩნდა. კიდევ ერთი მსხვილი გარიგება, რაც კეზერაშვილსა და წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის მოხდა, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70%-იანი წილი ხუთწლიანი მართვის უფლებით „საქართველოს ფოსტას“ გადაეცა.

კეზერაშვილს ინტერესები სარეკლამო ბაზარზეც ჰქონდა. კერძოდ, სარეკლამო ბაზრის მონოპოლისტი კომპანიის, „ჯენერალ მედია“-ს უკან პანამისა და ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ფირმები იდგნენ, რომელთა მფლობელები თუ მმართველები მუდმივად იცვლებოდნენ, მაგრამ ყველას ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან ნათესაურ ან მეგობრული კავშირი ჰქონდა. კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა ასევე გარე რეკლამის ბაზრის სრული კონტროლი, რასაც კომპანია „აუთდორ.ჯი“-ს საშუალებით ახორციელებდა.

საკუთარი ბიზნესი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლს, სოფო ჩიქოვანსაც აქვს. იგი სამშენებლო კომპანია „არტიქსის“ დამფუძნებელია და სწორედ მის სახელს უკავშირდება 2009 წლის 26 აპრილს დატრიალებული ტრაგედია. კერძოდ, ამ დღეს, დილის 2009 წლის 26 აპრილს, დილის 5 საათზე, სანდრო ეულის ქუჩაზე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. შენობაში, სადაც სატელევიზიო შოუ „ვარსკვლავების აკადემია“ მზადდებოდა, პარალელურად, სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც მიმდინარეობდა. სამუშაოების არასწორად წარმოებამ კი გამოიწვია შენობის იმ ნაწილის ჩამონგრევა, რომელშიც იმყოფებოდნენ შოუს მონაწილენი და ტელევიზიის თანამშრომლები - მემონტაჟეები და ჟურნალისტები. უბედური შემთხვევის შედეგად ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი, გიორგი გაბუნია და ნიკა გელაშვილი გარდაიცვალნენ. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია „არტიქსი“ ასრულებდა და, არაოფიციალური ვერსიით, შენობის ნგრევა საყრდენი კედლების გამოცლამ თუ დასუსტებამ გამოიწვია, თუმცა, ეს საქმე ისე ჩაიფარცხა, რომ არასწორად ჩატარებული სამუშაოების გამო არავინ დასჯილა. რა თქმა უნდა, სოფო ჩიქოვანი ამას თავის გავლენიან მეუღლეს უნდა უმადლოდეს.

კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც დავით კეზერაშვილს და მისი თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდს ეხება, არის ისტორია, რომელზეც ცნობილი საინფორმაციო პორტალმა WikiLeaks გაავრცელა ინფორმაცია. საუბარია იმაზე, რომ ისრაელმა რუსეთს გადასცა იმ არხების კოდები, რომელსაც საქართველო იყენებდა უპილოტო საფრენ აპარატებთან, რუსეთმა კოდების სანაცვლოდ ისრაელს ირანში განლაგებული რუსული ზენიტური დანადგარების კომპლექსის ტორ-მ1-ის შესახებ საიდუმლო ტექნიკური ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით, საქართველომ თავისი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყო, რომლებიც შეცვლიდნენ ისრაელის საფრენ აპარატებს Hermes-ს  და Skylark-ს  (კომპანია Elbit Systems-ი რომელიც  აწვდიდა საქართველოს) 2007 წელს. მაშინ კომენტარი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი თარგამაძემ გააკეთა და განაცხადა, რომ საუბარია 35 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკაზე,  რომელსაც საქართველო უკან ისრაელში აბრუნებს. თარგამაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი  გადაწყვეტილების საფუძველი Elbit-სა  და საქართველოს შორის უთანხმოება გახდა. Elbit Systems-მა უჩივლა საქართველოს 2007 წელს დადებული კონტრაქტის შეუსრულებლობის გამო და კონპენსაციის სახით 100 მილიონი დოლარი მოითხოვა. ამ კონტრაქტის გაფორმების დროს კი თავდაცვის მინისტრი სწორედაც დავით კეზერაშვილი იყო.

ახლა კი რას ამბობენ ექსპერტები და რა ინფორმაცია აქვთ მათ კეზერაშვილის ბიზნესინტერესებთან დაკავშირებით. ქართულ ბაზარზე კონკურენციის არსებობა - არარსებობის საკითხზე არაერთი კვლევა არის ჩატარებული და ერთ-ერთი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ეკუთვნის. კვლევა გასულ წელს ჩატარდა და ნავთობის ბაზარს ეხებოდა. ეს კი ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, სადაც დავით კეზერაშვილს ინტერესები ჰქონდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსი, ნათია კუტივაძე ორგანიზაციის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ნავთობის სექტორში ფარული გარიგების შესაძლებლობაზე, შესაბამისად, თავისუფალი კონკურენციის წესების შეზღუდვასა და კონკურენტული გარემოს არარსებობაზე მიუთითებს. თუმცა, მისი თქმით, საბოლოო დასკვნა ამ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანომ უნდა დადოს.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ კვლევის ფარგლებში ნავთობის ბაზარზე ხუთი კომპანია დაფიქსირდა („ლუკოილი“, „ვისოლი“, „გალფი“, „სოკარი“, „რომპეტროლი“), რაც ოლიგოპოლიაზე საუბრის საფუძველს იძლევა. კერძოდ, თუ ეს კომპანიები ერთმანეთთან შეთანხმდებიან, პარალელურ ფასებს დააწესებენ და მომხმარებლისთვის ამის შედეგი მაღალი ფასებია, გამოდის, რომ ეს ხუთი კომპანია ბაზარზე მოქმედებს, როგორც ერთი და ეს ვითარება მონოპოლიისგან არაფრით განსხვავდება.

„ფასების ტენდენციებს რომ დავაკვირდით, ჩვენი კლვევა აჩვენებს, რომ ბაზარზე არსებობდა ფასების პარალელიზმი და ამ კომპანიებზე პარალელური ქმედებები იკვეთებოდა. კერძოდ, ისინი ერთსა და იმავე დროს უმატებდნენ ფასებს, ასევე ერთსა და იმავე დროს აკლებდნენ ფასებს და ფასების ცვლილებაც ერთსა და იმავე ფარგლებში ხდებოდა. ამდენად, ფასების აბსოლუტური კორელაცია ხდებოდა“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, ფაქტორები, რომლებიც ბაზარზე კონკურენციის არარსებობაზე მიუთითებენ არის - ჰომოგენური პროდუქტი, ბაზარზე ასიმეტრიების არარსებობა, სტაბილური და არაელასტიური მოთხოვნა, ასევე ინსტიტუციონალური ფაქტორი, როგორიც არის კონკურენციის არ რეგულირება. ნათია კუტივაძის განცხადებით, ნავთობის ქართულ ბაზარზე ყველა ეს ფაქტორი მოქმედებდა.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოავლინა. კერძოდ, ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაცია ცხადჰყოფს, რომ ნავთობიმპორტიორთა მიერ საქართველოში რეალურად შემოტანილ საწვავთან შედარებით გაცილებით ნაკლების დაფიქსირება ხდებოდა საბაჟოზე, რითაც საწვავის დიდი ნაწილი პრაქტიკულად კონტრაბანდული იყო და გადასახადების დამალვას ჰქონდა ადგილი.

ამდენად, ნავთობიმპორტიორებს ბაზარზე ოლიგოპოლიური მდგომარეობა ჰქონდათ მოპოვებული, ამასთანავე, კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანასაც ეწეოდნენ და გარდა იმისა, რომ ბაზარზე ხელოვნურად გაბერილ ფასებს აწესებდნენ, არადეკლარირებული საწვავის რეალიცაზიის შედეგად ზემოგებასაც ნახულობდნენ.

„ახაგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი ყოფილი ხელისუფლების ის მაღალჩინოსანი იყო, რომლის პიროვნების თანაკვეთა ბიზნეს-სფეროსთან ყველაზე ხშირი და აქტიური იყო. განსაკუთრებით მისი აქტიურობა შეინიშნებოდა სხვადასხვა კონკრეტული ბიზნესების მითვისებასთან, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ფაქტები „ელიტ ელექტრონიქსს“ და ნავთობკომპანია „მაგნატს“ უკავშირდება.

„აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე ამ შემთხვევაში ბიზნესის წართმევის ერთიდაიგივე სქემას ქონდა ადგილი. მართალია „ელიტ ელექტრონიქსის“ ოფიციალური მეწილე დავით კეზერაშვილი არ ყოფილა, მაგრამ კომპანიის გასხვისების შემდგომ მის მენეჯმენტში ნავთობკომპანია „გალფის“ კადრები აღმოჩნდნენ, რომელიც კარგად მოგეხსენებათ, დავით კეზერაშვილის კუთვნილი კომპანია იყო. გარდა ამისა, დავით კეზერაშვილი იყო „ლუკოილ ჯორჯიას“ მეწილე. მას ასევე ჰქონდა ექსკლუზივი ლატარეების ორგანიზების თვალსაზრისით, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახით. კეზერაშვილის სახელს უკავშირდება სარკინიგზო გადაზიდვების თემა, რომელიც აბსოლუტურად მის კონტროლს ქვეშ იყო. მის ბიზნეს-ინტერესები უკავშირდება სარეკლამო ბიზნესსაც, კერძოდ კომპანია „აუთდორის“ საქმიანობას. გარდა პირადი ინტერესებისა, კეზერაშვილის სახელს უკავშირდება სხვადასხვა ბიზნესების საქმიანობაზე ნეგატიური გავლენის ფაქტებიც. ერთი სიტყვით, დავით კეზერაშვილი ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. „ბიზნესის მამად“ გვევლინებოდა“, - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.

ასე რომ, შესაძლოა ბრალდება, რომელიც კეზერაშვილს წარედგინა, მის საქმეში ერთადერთი არ იყოს და შეიძლება უახლოეს მომავალში მასზეც, როგორც წინა ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს. ამჟამად, კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, თუკი პიროვნებაზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა, მისი ნებისმიერ ქვეყანაში დაკავება და საქართველში ექსტრადირება არის შესაძლებელი, რადგან იმ ხელშეკრულებაში, რომელიც წითელი ცირკულარით ძებნას ეხება, 150-მდე ქვეყანა მონაწილეობს და ამ ქვეყნებს შორის არის ამერიკა და ისრაელიც. ამ ორ ქვეყანასთან დაკავშირებით ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ ქართულ საზოაგდოებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკასა და ისრაელიდან პიროვნების ექსტრადირება არ ხდება, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.