საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია.
25 ნოემბერს საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ქვეყნის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს.
ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნა, რომ სენატის რეზოლუციაში მოცემულ მოთხოვნას არ იზიარებს.
„ჩვენი სომეხი მეგობრები ამას თავად არ ითხოვენ. ასეთი გადაწყვეტილება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან ჩვენს გარიყვას ნიშნავს. ამ ნაბიჯით შუამავლის როლს დავკარგავთ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის სენატმა მიიღო, სარეკომენდაციო ხასიათისაა და მთავრობას მისი განხორციელება არ ევალება.
10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.