დედაქალაქში მორიგი საპროტესტო ტალღა მზადდება. თბილისის მეხანძრე-მაშველები და მათი პროფკავშირული ლიდერები კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმებას, პროფესიული-სამართლებრივი უფლებების გაუმჯობესებას და ამ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის დაწყებას ითხოვენ.
თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში დასაქმებული მეხანძრე-მაშველების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებში შედის: 6-თვიანის ნაცვლად, უვადო კონტრაქტების გაფორმება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა, ხელფასების ზრდა და მერიის მიერ გამოცხადებული 20%-იანი სახელფასო მატების თანაბარი გადანაწილება. მეხანძრეები ასევე მოითხოვენ საპრემიერო სისტემის გამჭვირვალობას და სამართლიანად გადანაწილებას.
როგორც საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ჭინჭარაული აცხადებს მეხანძრეთა საშაულო ანაზღაურება 500 ლარს შეადგენს, რაც მათ მიერ გაწეულ შრომას არ შეესაბამება.
„მათ არანაირი სოციალური შეღავათი არ აქვთ, პრაქტიკულად, კვირაში 56 საათს მუშაობენ და შესაბამისად, 500-ლარიანი ანაზღაურება ძალიან მცირეა“, - ამბობს ჭინჭარაული.
მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს პირველადმა პროფკავშირებმა მოთხოვნებს კოლექტიური ხელშეკრულების სახე მისცა და მერიის საგანგებო და სამსახურის უფროსს თემურ გიორგაძეს გადაუგზავნა.
ჭინჭარაულს იმედი აქვს, რომ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან სოციალური დიალოგი შედგება.
„მაშველები თავიანთ მოვალეობას სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ. მათ არც სოციალური შეღავათები არ გააჩნიათ“, - აღნიშნავს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე. მისივე თქმით, პროფკავშირებში გაწევრიანების გამო, მეხანძრე-მაშველებზე განხორციელდა ზეწოლა. ამიტომ, დიასამიძემ მოუწოდა სააგენტოს ხელმძღვანელობას, არ გაათავისუფლოს ისინი სამსახურიდან პროფკავშირულ ორგანიზაციაში წევრობის გამო.
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია მიმდინარე წლის 24 იანვარს შეიქმნა. მასში 90-მდე მეხანძრე-მაშველია გაწევრიანებული. სულ სააგენტოში კი 900-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
დიასამიძის მოადგილე, საგანგებო ცვლის უფროსი ლევან როსტომაშვილი ამბობს, რომ თითქმის ყველა თანამშრომელს აქვს დავალიანება ბანკში. განსაკუთრებით უჭირთ რეგიონებიდან ჩამოსულ თანამშრომლებს:
„ბევრი ჩვენი თანამშრომელი რაიონიდანაა ჩამოსული. ხელფასი აქამდე იყო 420 ლარი. წარმოიდგინეთ, ეს ფული რაში უნდა ეყოთ ადამიანებს - გზის ფულად, საკვების ფულად თუ რა ხარჯი გაწიონ? კიდევ კარგი, სამუშაო დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა, თორემ დაზღვევის უქონლობის ფონზე რა უნდა ექნა, როგორ ემკურნალა, არ ვიცი. ამ პროფესიას უცხოეთის ქვეყნებში განსაკუთრებულად აფასებენ, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა“.
დაბალ ხელფასს და არარსებულ დაზღვევას ემატება მოკლევადიანი კონტრაქტების პრობლემაც. მეხანძრე-მაშველებისათვის, რომლებიც წლებია ამ სამსახურში მუშაობენ, შეურაცხმყოფელია ყოველ ჯერზე სამთვიანი კონტრაქტების გაფორმება.
არის ისეთი დღეებიც, როდესაც მეხანძრე-მაშველებს 17-18 საათს უწევთ მუშაობა. სამუშაო დღე დაძაბული და სტრესულია. ბესიკ გოგრიჭიანი, იხსენებს შემთხვევას, როდესაც მუშაობის დროს დაშავებულ მის კოლეგებს დაზღვევა, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, არაფერში გამოსდგომიათ:
„ძალიან სარისკო სამსახურია. ცეცხლი, თოკზე ჩასვლა, დაზარალებულის გამოყვანა... სულ დაძაბული ხარ, სულ სტრესში. ყოველ წუთს შეიძლება დაშავდე... თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა რამდენიმე ბიჭი დაშავდა, მაგრამ დაზღვევა ვერ გამოიყენეს, მხოლოდ რაღაც გადაუდებელს უფინანსებდა“.
მეხანძრე-მაშველების პრობლემების შესახებ ცნობილია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ გიორგაძისათვის. როგორც მან რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, მათი ნაწილი უახლოეს მომავალში გადაწყდება, კერძოდ, ეს ეხება მეხანძრე-მაშველების დაზღვევას.
„მართლაც, იყო გამოსასწორებელი ნიუანსები. ხელფასები გაეზარდათ, მაგრამ 10-12 ლარით ნაკლები აიღეს და ეს მოგვარდება. რაც შეეხება დაზღვევას, თებერვლიდან ყველას დავაზღვევთ ერთწლიანი დაზღვევით, საკმაოდ კარგი სადაზღვევო პირობებით“, - ამბობს გიორგაძე.
ხელფასი კი მოიმატებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთლიანად სამსახურის დაფინანსება გაიზრდება. გიორგაძე თვლის, რომ ამ ეტაპზე მეხანძრეების ხელფასების 50%-იანი გაზრდა არარეალურია.