გაიტანეთ ეს ნაგავი! - მოსახლეობამ ნარჩენების პოლიგონი ჩაკეტა

გაიტანეთ ეს ნაგავი! - მოსახლეობამ ნარჩენების პოლიგონი ჩაკეტა

თბილისის მერია და „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლები რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოქმედ პოლიგონზე გატანას. ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზა ბლოკირებული აქვს დიდი ლილოსა და სოფელ ნორიოს მოსახლეობას, პოლიგონის გაუქმების მოთხოვნით. თბილისის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გზის გახსნა მოსთხოვა, მაგრამ პასუხად მთავრობამ პოლიგონზე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები მიავლინა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესასწავლად.

სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის წინ 3 დღეა აქცია მიმდინარეობს. მისი მონაწილეები მოითხოვენ ნაგავსაყრელის გაუქმებასა და სხვა ტერიტორიაზე გადატანას, რადგან ყოველდღიურად დგას საშინელი, აუტინელი სუნი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

გუშინ აქციაზე ვიცე-მერი ტარიელ ხიზანეიშვილი მივიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა. შემდეგ კი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე შევიდა, რათა თავად ენახა იქ არსებული სიტუაცია. თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გაწმენდითი სამუშაოები წამოიწყეს, კერძოდ კი ნაგავს ზემოდან მიწას აყრიან.

აქციის მონაწილეები გამოეხმაურნენ თბილის მერის გიგი უგულავას განცხადებასაც და ხაზი გაუსვეს, რომ ისინი პოლიტიკურად მართულები არ არიან.

თბილისის მერს გიგი უგულავას კი კონკრეტულად აინტერესებს, პოლიცია კახეთში აქციის მონაწილეებს თუ შლის, ნარჩენების მიმღები პოლიგონის პარალიზების გამო, რატომ არაფერს აკეთებს.

„უკვე მერამდენე დღეა, თბილისის ერთადერთი ნარჩენების მიმღები პოლიგონი, რომელიც 2010 წელს გაიხსნა და სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, პარალიზებულია. შესასვლელში დადგმულია რამდენიმე კარავი. ესეც ორკესტრირდება საკრებულოს „ოცნების“ წევრი ქალბატონის მიერ და პრაქტიკულად, მილიონნახევრიანი ქალაქი მძველად არის აყვანილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ რის ვაი-ვაგლახით ვაგრძელებთ ამ სისტემის უზრუნველყოფას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სატრანსპორტო კოლაფსის პარალელურად, შეიძლება მივიღოთ სანიტარული პრობლემები და ის საგიჟეთი, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში ხდება, გადმოედოს თბილისს.

მე მინდა, მივმართო შსს-ს - კახელები, რომლებიც გამოვიდნენ ამ მთავრობის წინააღმდეგ და ითხოვენ სამართლიან კომპენსაციას, პოლიციამ ძალით დაშალა. მაშასადამე, თუ ეს ხალხი გამოდის ივანიშვილის წინააღმდეგ, ე.ი. პოლიცია თავის კანონიერ უფლებამოსილებას ახორციელებს და გზას ხსნის და ქალაქი, რომ შეიძლება, სანიტარული კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს, პოლიცია თითს თითზე არ ანძრევს და არაფერს აკეთებს.

მივმართავ პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, მათ შეიძლება, აქვთ პოლიტიკური გეგმები, რათა მებრძოლონ მე, მაგრამ თავი დაანებონ თბილისელებს და იმ სერვისებით მანიპულირებას, რომელიც აუცილებელია, რომ ქალაქმა ნორმალურად იარსებოს“, - განაცხადა უგულავამ და ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ცენტრალურ მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

თბილისის მერიამ კი ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა აღნიშნულმა უწყებამ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მისასვლელ გზაზე მოძრაობა აღადგინოს:

„როგორც ცნობილია, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მისასვლელი გზა უკვე სამი დღეა გადაკეტილია. აღნიშნული პოლიგონი ერთადერთია ქალაქში, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ხდება ნარჩენების განთავსება. გზის გადაკეტვით, სპეციალური ტექნიკის პოლიგონის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვა შეუძლებელს ხდის ქალაქის დასუფთავებასა და სხვადასხვა უბნებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას. ყოველივე ეს აზარალებს თბილისის მოსახლეობას და ქალაქში სანიტარულ მდგომარეობას ამძიმებს“, -ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიდი ლილოსა და ნორიოს მოსახლეობის მსგავსად, გარემოსდამცველებიც აღნიშნავენ, რომ პოლიგონი საფრთხეს უქმნის როგორც სოფლების მოსახლეობას, ასევე მახლობლად მდებარე აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავების მგზავრებს. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელის ნინო ჩხობაძის თქმით, დარღვეულია რამდენიმე ძირითადი პირობა, რომლის შესრულებაც თავის დროზე ეკოლოგიურმა ექსპერტიზამ მშენებლობის ნებართვის გასაცემად მოითხოვა.

„სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა: სუნი, რომელიც არ უნდა იყოს თუ ოპერირება სწორად წარმოებს. სუნი ნიშნავს იმას, რომ ჰაერი იწამლება. მეორე პრობლემაა ფრინველები, რომელთა რაოდენობა აუარებელია ნაგავსაყრელზე. ფრინველი საერთოდ არ უნდა იყოს, რადგანაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ნორმებიდან გამომდინარე, ნაგავსაყრელი მდებარეობს ძალიან ახლოს: დაშორება უნდა იყოს 12 კილომეტრი და აქ არის 7 კილომეტრი. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ფრენებისთვის არის საფრთხე. იქ უნდა ყოფილიყო სპეციალური ფრინველთა დამაფრთხობელი მოწყობილობები, რაც არ არის გაკეთებული.

მესამე პრობლემაა წყლის გაწმენდა, რაც არ წარმოებს, რადგანაც აქვთ ერთი სალექი, ნაცვლად იმისა, რომ ჰქონდეთ გამწმენდი“, - განუცხადა ნინო ჩხობაძემ რადიო „თავისუფლებას“.

დიდი ლილოს პოლიგონზე გარკვეული სახის პრობლემების არსებობას არც თბილისის მერიაში უარყოფენ, თუმცა დასუფთავების სამსახურის უფროსი თორნიკე შიოლაშვილი მოქმედების დასაწყებად გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნას ელოდება:

„გარემოს დაცვის სამინისტრო ჩაერთო ამ საკითხში და მათი ექსპერტები გამოიკვლევენ, თუ არის რამე დარღვევა და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ დეტალურად თუ რისი გაკეთება შეიძლება. რა თქმა უნდა, ამ ნაგავსაყრელს ალტერნატივა არ აქვს. ის არის ერთადერთი თბილისში“.