ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს სისტემის გაკეთილშობილება ნამდვილად სურს, თუმცა ძველმა პროკურორებმა მისი წესიერება შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება მთავარ პროკურორს დაუპირისპირონ.
For.ge ზაზა ხატიაშვილს ესაუბრა.
თქვენ აცხადებთ, რომ ძველი პროკურორების მიმართ საზოგადოების ნდობა ნულს ქვემოთაა და პროკურატურის სისტემაში მათი დატოვება არ შეიძლებოდა.
- იცით, რა არის, ძალიან ცუდი მდგომარეობაა საქართველოში იმ კუთხით, რომ ძველი პროკურორები, რომლებმაც ადამიანები გააუბედურეს, თანამდებობებზე რჩებიან და აწარმოებენ სამოქალაქო საზოგადოების დევნას სხვა კუთხით, რომ მათ საქმეებს ბლოკავენ. არ შეიძლება, ერთი პროკურორი, ვთქვათ, წაიყვანო ერთი რეგიონიდან და დანიშნო მეორე რეგიონში და ამით სამართლიანობა აღადგინო.
სააკაშვილის რეჟიმი იდგა კუბლაშვილისა და ადეიშვილის უნამუსო პროკურატურაზე. დღეს ძალიან იოლია ამ პროკურორების ჩამოცილება. მე არ ვამბობ, რომ ყველა ადამიანი საბრალდებო სკამზე უნდა დაჯდეს, მაგრამ იდეური ხელმძღვანელები ციხის იმ კადრებისა, რაც ჩვენ ვნახეთ, გაუპატიურებებისა, ქონების ჩამორთმევისა, სწორედაც პროკურორები იყვნენ. პროკურორები ეუბნებოდნენ პირადად ბრალდებულებს, შენ თუ „დანაშაულს“ არ აღიარებ, იცოდე, ახვალ მე-8 საპყრობილეში და, თანაც, იცინოდნენ. ყველამ იცოდა, მე-8 საპყრობილეში ხალხს აუპატიურებდნენ და ჩემს მეტი ამას არავინ ამბობდა ორი წლის წინ, წარვადგინე კიდეც კონკრეტული მტკიცებულება ერთ-ერთი პატიმრის გაუპატიურების თაობაზე - მალხაზ არქანიას მტკიცებულება, მაგრამ მაშინ არავინ გამოიძია ეს ფაქტი. თვითონაც თქვა ამის შესახებ არქანიამ და მე გავახმაურე ეს ფაქტი და მადლობის ნაცვლად, აქეთ მომდგნენ, შენ რატომ გაახმაურეო. თავის დროზე მარტო For.ge-მ დაბეჭდა ეს სტატია მთლიანად.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პროკურატურაში შესაძლებელია, ძველი კადრის 20% დარჩეს, 80% კი გასაშვებია. თქვენი შეფასება როგორია?
- არა, 100%-ია გასაშვები, იმიტომ, რომ ეს იყო რეჟიმი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სააკაშვილი იყო რეჟიმი, მაშინ ვისზედაც ეს რეჟიმი იდგა, უნდა მათგან გავთავისუფლდეთ. თუ ვამბობთ, რეჟიმი არ იყო, მაშინ ამ კაცს რას ერჩიან, ვერ გავიგე. თუ ამბობენ, რომ ამ კაცმა კარგი არჩევნები ჩაატარა, მაშინ რას ერჩიან ამ კაცს?! სინამდვილეში, ეს იყო რეჟიმი და ეს იყო საშინელი რეჟიმი, ეს იყო 21-ე საუკუნის ჰიტლერი.
ის პროკურორები, ვინც წამოვიდნენ და რეჟიმს გაუწიეს წინააღმდეგობა, პროკურატურაში ისევ უნდა დაბრუნდნენ. საუბარია იმ პროკურორებზე, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო ადამიანის უკანონო დაკავება. ხოლო, ვინც რეჟიმს ემსახურებოდა, მე ვფიქრობ, 100%-ით არიან დამნაშავენი და ამ ხალხის ამნისტია ის იქნება, რომ სამსახურიდან გაათავისუფლონ. ელემენტარულად, ერთს გეტყვით, ძმებ სოზაშვილებზე მოხდა თავდასხმა, თქვენ კარგად იცით, 2 დეკემბერს ისინი სცემეს პოლიციელებმა, ადგა ძველი, ისნის პროკურატურა, კერძოდ, ლაცუსბაია და, ასევე, სხვა ძველი თანამშრომლები და გააყალბეს ყველა მტკიცებულება. ამიტომ ეს ხალხი ვერ გამოიცვლება, გამორიცხულია, მათ აქვთ დანაშაულებრივი ფსიქიკა. როგორც მანიაკს ვერ შეცვლი და, როცა ის ციხიდან გამოვა, დანაშაულს კვლავაც ჩაიდენს, ისე ამ პროკურორებს ვერ ასწავლი, რომ კანონი დაიცვან. ეს გამორიცხულია, ეს ხალხი ელოდება იმ დროს, როდის მოხდება სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება, რომ ისევ მანიაკები გახდნენ.
თქვენ ახსენეთ ზვიად გამსახურდიას პერიოდი და აღნიშნეთ, რომ გამსახურდიას იმედი ჰქონდა, ყოფილი კომუნისტები ეროვნულები გახდებოდნენ, ამიტომაც მათ თანამდებობები შეუნარჩუნა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა და სწორედ მათ უღალატეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს.
- ჩემი შეფასებით, ზვიად გამსახურდია იყო ეროვნული გმირი, ასეთი ეროვნული პრეზიდენტი საქართველოს აღარ ეღირსება და ეს ეროვნული გმირი სწორედ ძველი პროკურორების, მოსამართლეებისა და პოლიციელების დატოვებამ გააძევა საქართველოდან იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ეროვნული მანტიით შემოსილმა ე. წ. პოლიციელებმა დაიწყეს სროლა. როგორც ზვიად გამსახურდიას დროს მოიქცნენ ,,ეროვნულად“ ის პოლიციელები, ვინც კანონიერი პრეზიდენტი გააძევა საქართველოდან, ისე „ეროვნულად“ მოიქცევიან ეს პროკურორებიც.
მინდა გითხრათ, რომ ამ სამი თვის განმავლობაში ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამ პროკურორების საქციელით. ყველაზე მთავარი რა არის, იცით? - 147 ადვოკატი გაასამართლეს, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა - უკანონოდ. მთელმა ევროპამ აღიარა, რომ საქართველოში ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნა მიმდინარეობდა. მე გავიხსენებ ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის პროცესს - ზაქარია ქუცნაშვილი იცავდა ტარიელ მურმანიშვილს, პროკურორი იყო ნათია სონღულაშვილი. ქუცნაშვილი ეკითხება, ქალბატონო პროკურორო, გაქვთ თუ არა მტკიცებულებაო. პროკურორი ეუბნება, სამ დღეში მექნება ეს მტკიცებულებაო. მოსამართლემ შეუფარდა ტარიელ მურმანიშვილს წინასწარი პატიმრობა. მე ახლა მიკვირს, ზაქარია ქუცნაშვილი მათი დასჯის საკითხს რომ არ აყენებს. ჩემი მეგობარია, კურსელები ვართ მე და ზაქარია. მე ვყვირივარ ამაზე და ეს ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, გაჩუმებულები არიან.
როგორ გგონიათ, არის კი დასავლეთის პოლიტიკა ისე გადამწყვეტი, რომ დამნაშავე ადამიანების დევნა თუ არა, ჩამოცილება მაინც განხორციელდეს ამ სისტემიდან?
- არ ვამბობ, რომ ეს ხალხი აუცილებლად ციხეში წავიდეს, მაგრამ ის პროკურორები, რომლებიც გამოუშვეს ამ სისტემიდან, ადვოკატთა ასოციაციაში მოდიან და მეუბნებიან, გამაწევრიანეო.
ამის შესახებ თქვენ ამას წინათაც განაცხადეთ - ის ფაქტი, რომ გათავისუფლებული პროკურორები ადვოკატობას ითხოვენ, ადვოკატთა ასოციაციისთვის ცუდია.
- დიახ. კანონით, უფლება არ მაქვს, უარი ვუთხრა ამ ხალხს გაწევრიანებაზე, ანუ ძალიან ცუდი პროცესები წავიდა იმის გამო, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და არ გამოავლინა დამნაშავე ელემენტები. ამ პროკურორებმა უნდა აღიარონ დანაშაული და მათ უნდა შეეფარდოთ ამნისტია. ოღონდ, ამ პროფესიაში მათი დარჩენა არ შეიძლება.
მაგრამ, თუ კანონი არ არსებობს, როგორ უნდა ჩამოიცილოთ ყოფილი პროკურორები?
- ადვოკატთა შესახებ კანონში ჩვენ შევიტანთ ამ ცვლილებას და ინიცირება გვექნება, რომ ყველა ადამიანის გაწევრიანების ვალდებულება არ უნდა გვქონდეს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს, ზნეობრივი, პროფესიონალური თუ სხვა თვისებიდან გამომდინარე, გავაწევრიანოთ ესა თუ ის ადამიანი ადვოკატთა ასოციაციაში. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ადვოკატი, რომელიც ციხიდან გამოვიდა და კონკრეტული პროკურორის გამო უკანონოდ იჯდა ციხეში, 5, 6 თუ 7 წელი მოიხადა, მიდის სასამართლოში და იგივე პროკურორი ხვდება. იცით, ამით ჩვენ რას ვაკეთებთ? შეიძლება, შურისძიების გრძნობა გავუღვივოთ იმ ხალხს, რომ სახელმწიფომ ისინი არ დასაჯა და მე უნდა დავსაჯოო. ეს ძალიან ცუდია.
ანუ, არ გინდათ სახელგატეხილი პროკურორების მიღება?
- კანონით არ მაქვს უფლება, ისინი არ მივიღო, სახელმწიფო კი არ ძრავს საქმეს წინ. ელემენტარულად, ევროპის სასამართლოში რა გადაწყვეტილებებიც არის გამოტანილი საქართველოს წინააღმდეგ, ამის შემდეგ კიდევ შეიძლება, რომ ის პროკურორები და მოსამართლეები ისევ მუშაობდნენ? რატომ არ გამოდის ეს გადაწყვეტილებები? რატომ არ იწყება დევნა? „ქართუ-ბანკის“ საქმეს თუ იძიებენ, მათი საქმე არ უნდა გამოიძიონ?
იქნებ, უნდა ვაცალოთ ახალ ხელისუფლებას ამ გარდამავალ პერიოდში და შემდეგ დაიწყოს დამნაშავე პროკურორთა და მოსამართლეთა დევნა?
- რას ამბობთ, ის პროკურორი კიდევ ას კაცს ტყუილად რომ დაიჭერს, მე რა უნდა ვაცალო?!
თქვენი მეგობარია არილ კბილაშვილი, მაგრამ, როგორც ვიცი, მის მიმართ გარკვეული შენიშვნები გაქვთ.
- არჩილ კბილაშვილი არის კარგი პროკურორი, მის გარდა მოაზროვნე პროკურორი ამ სისტემას არ ჰყოლია. თუმცა იგი ძალიან ლმობიერად მიუდგა ამ პროკურორებს, ვინაიდან თვითონ არის ძალიან წესიერი და იფიქრა, მათაც წესიერ გზაზე დააყენებდა. მაგრამ მინდა, ჩემს მეგობარ არჩილ კბილაშვილს ვუთხრა, როგორც ჰიტლერი ვერ გახდებოდა დემოკრატი და სააკაშვილისგან არ შეიძლება, წესიერი ადამიანი დადგეს, ისე მისი პროკურორებისგან ვერანაირად წესიერი პროკურორი ვერ დადგება. ეს არის დიდი შეცდომა, ჩემო მეგობარო არჩილ! ადამიანი, რომელიც სამხარეო პროკურორი იყო (ან ნებისმიერი პროკურორი) და სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა, არ შეიძლება, სხვა პროკურატურაში გადაიყვანო. ეს ძალიან დიდი შეცდომაა.
გგონიათ, ეს თავიდანვე არ იცოდა არჩილ კბილაშვილმა, თუ მაინც ლმობიერად მიუდგა საქმეს?
- არჩილი იმდენად წესიერი კაცია, რომ ფიქრობს, ამ სფეროს გააკეთილშობილებს, მაგრამ მისი წესიერება ამ პროკურორებმა შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება მთავარ პროკურორს დაუპირისპირონ.