„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ „კანონიერმა ქურდებმა“ ციხეებიდან გამოსვლა დაიწყეს და მთავრობას მიმართავს, რომ არ დაუშვან ქვეყანაში კანონიერი ქურდების ბატონობის დაბრუნება.
„მინდა ჩემი აღშფოთება დავაფიქსირო იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, ციხეებიდან უკვე დაიწყეს გამოსვლა „კანონიერმა ქურდებმა“. იმ ფონზე, როცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მკვეთრად გაუარესდა საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობა და ამას თითოეული ჩვენთაგანი ვგრძნობთ, „კანონიერი ქურდების“ გამოშვება კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისი თქმით, წინააღმდეგია, რომ საქართველომ დაკარგოს ის მონაპოვარი, რომელსაც მან წლების განმავლობაში მიაღწია - საქართველო იყო თავისუფალი „კანონიერი ქურდებისგან“ და იყო უსაფრთხო ქვეყანა.
„არ მინდა, ჩემი ქვეყანა დაბრუნდეს, ძველ, ბნელ დროში, როცა ჩვენი შვილების და ჩვენს საქმეებს არჩევდნენ კანონიერი ქურდები, იკრიბებოდა „ობშიაკი“ და ისინი მართავდნენ არა მარტო კრიმინალურ სამყაროს, არამედ ეკონომიკას და ხშირად პოლიტიკაშიც ერთვებოდნენ. იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს დამსახურებული პოლიციელების გაშვება პოლიციიდან, ეს ფაქტი არის ძალიან საგანგაშო. ამიტომ, მე მოვუწოდებ მთავრობას, მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა საქართველოში არ დაბრუნდეს „კანონიერი ქურდების“ ბატონობა და მათ არ განსაზღვრონ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის, მით უმეტეს იმ დიდი შეცდომების ფონზე, რომელიც ამ თვეებში დაუშვა, როცა უამრავი დამნაშავე გამოუშვა ციხიდან“, - ამბობს მერაბიშვილი.
ორი სიტყვით შეიძლება შევეხოთ იმას, რასაც ვანო მერაბიშვილი წინა ხელისუფლების მონაპოვარს უწოდებს. შეგახსენებთ, სააკაშვილის გუნდმა ე.წ. კანონიერ ქურდებს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა, ყოველ შემთხვევაში, ეს იყო მათი დეკლარირებული პოლიტიკა, თუმცა არსებობდა გარკვეული ინფორმაციები, რომ კრიმინალური სამყაროს რამდენიმე წარმომადგენელთან მაშინდელ მმართველ გუნდს საკმაოდ ახლო ურთიერთობები ჰქონდა. ამას თავი რომ დავანებოთ, თავად კანონიერ ქურდებთან ბრძოლის მეთოდი იყო ისეთი, რომ ადამიანის უფლებათა დამცველების (არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების) სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა. კერძოდ, თავიდან კანონიერ ქურდებს მათთვის იარაღის ან ნარკოტიკის „ჩადების“ საშუალებით იჭერდნენ, ხოლო შემდეგ ქართულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილება შევიდა, სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიდო სპეციალური მუხლი, რომელიც კანონიერ ქურდებს კრიმინალური სამყაროს წევრობისათვის სჯიდა და ეს მუხლი დღესაც არსებობს. მაშინ უფლებადამცველები ამგვარი ნორმის ამოქმედებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ეს იყო აბსტრაქტული დანაშაულისთვის პირის მსჯავრდება, რასაც უფლებადამცველები არაკონსტიტუციურად მიიჩნევდნენ.
რა თქმა უნდა, არავინ არის მომხრე, რომ საქართველოში „კანონიერი ქურდების“ ეპოქა დაბრუნდეს, მაგრამ მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები გარკვეულ კითხვებს აჩენს და ამაზე ქართულ მედიაში არაერთხელ ყოფილა საუბარი.
რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას და ამნისტიის აქტის საფუძველზე, კანონიერი ქურდების მიერ ციხეების დატოვებას, რამდენადაც ცნობილია ციხიდან გამოსულმა რამდენიმე კანონიერმა ქურდმა საქართველო იმ დღესვე დატოვა. ცალსახაა, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც ასეთი ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოსცა, სერიოზული პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გამწვავება არ უნდა დაუშვას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულ ადამიანებს (არა მხოლოდ კანონიერ ქურდებს) სამართალდამცავები ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ და ეუბნებიან - წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი თქვენგანი ისევ ციხეში დაბრუნდებაო.
ამ ინფორმაციას for.ge-სთან საუბარში არ ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, შალვა შავგულიძე, რომელიც ამბობს, რომ არავინ აპირებს დამნაშავეობის წახალისებას, იქნება ეს „კანონიერი ქურდობა“, ყაჩაღობა, რაიმე სახის თანამდებობრივი დანაშაული თუ სხვა. ამნისტიას კი სპეციალურად კანონიერი ქურდების მიმართ ლმობიერება არ გამოუჩენია. შავგულიძის განცხადებით, ამნისტიაში ძალიან სამართლიანად არის მოცემული გრადაცია, თუ რა სახის დანაშაულებს რა დოზით და რა ოდენობით შეეხო ამნისტია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნაკლებად მძიმე დანაშაულები, შემდეგ მოდის დაუმთავრებელი დანაშაულები, გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულები, არასრულწლოვანთა და ქალთა მიერ ჩადენილი დანაშაულები, ხოლო საერთო ჯამში, ყველა მსჯავრდებულს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა, ვინაიდან საქართველოს ციხეებში პატიმრები არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ.
„ვინაიდან მსჯავრდებულის განაჩენი ასეთ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას არ ითვალისწინებს, დღევანდელმა ხელისუფლებამ აიღო ეს პასუხისმგებლობა და ყველა მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით შეუმცირა სასჯელი. სამართლიანი და მოქნილი ამნისტია თანაბრად შეეხო, როგორც კანონიერ ქურდს, ასევე თანამდებობის პირს (რომელმაც დანაშაული ჩაიდინა) და ა.შ. ასე რომ, ეს პიარკამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, დღევანდელი ხელისუფლება კანონიერ ქურდებს აბრუნებს, ან დამნაშავეობის წახალისებას ეწევა, ეს ისეთივე ტყუილია, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიჩვეულები ვართ“, - ამბობს შალვა შავგულიძე.
რაც შეეხება კრიმინოგენური ვითარების გამწვავების შესაძლებლობას, შავგულიძე ამის საშიშროებას ვერ ხედავს, რადგან მისი განმარტებით, ამნისტია ძალიან მოქნილია, სხვადასხვა კატეგორიის დამნაშავეებს ზომიერად ეხება და გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ ქართველი სამართალდამცავები ამნისტიის პირობებში კრიმინოგენური სიტუაციის კონტროლს შეძლებენ. ამასთანავე, შალვა შავგულიძე დამნაშავეობის წახალისებაში და კრიმინოგენური ფონის დამძიმების მცდელობაში თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს სდებს ბრალს. დეპუტატი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არჩევნების წაგების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა 1500-ზე მეტი პატიმარი შეიწყალა და მათ შორის კანონიერი ქურდებიც არიან.
შავგულიძის თქმით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის 400-ზე მეტი ქურდობისთვის, 100-ზე მეტი ყაჩაღობისთვის და ათეულობით მკვლელობისთვის გასამართლებული პირია. მთლიანად შეწყალებული 1500-ზე მეტი პატიმრიდან მხოლოდ ერთი მეხუთედია ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდნენ სასჯელს. სწორედ ამაში ხედავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კრიმინოგენური ვითარების დამძიმების საშიშროებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ქართველი სამართალდამცავების წყალობით, ჯერჯერობით, ეს არ მომხდარა. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებული პატიმრების ბრალეულობის საკითხის გადახედვა უჩენს ეჭვს, რომ მათთან გარკვეული გარიგება მოხდა, რომ განთავისუფლების შემთხვევაში თვითონაც ჩაედინათ მძიმე დანაშაული და სხვებიც ამაზე წაექეზებინათ, რათა კრიმინოგენური ვითარება დამძიმებულიყო და ეს ამნისტიას დაბრალებოდა.
„როგორც ვანო მერაბიშვილი, ასევე მიხეილ სააკაშვილი ამბობდნენ, კრიმინოგენური ვითარება გაუარესდაო და ცდილობდნენ ეს დაებრალებინათ ამნისტიისთვის, რომელიც ჯერ ამოქმედებულიც კი არ იყო, ანუ მაშინ, როდესაც ამნისტიით ჯერ ერთი ადამიანიც კი არ იყო ციხიდან გამოსული, ხოლო პრეზიდენტის მიერ 1500-ზე მეტი პატიმარი იყო გათავისუფლებული“, - აღნიშნავს შალვა შავგულიძე.
დამოუკიდებელი იურისტი, ნაზი ჯანეზაშვილი იმ საკანონმდებლო ცვლილებებს იხსენებს, რომელთა მეშვეობითაც „კანონიერი ქურდობა“ საქართველოში დასჯადი გახდა. მისი თქმით, ზოგადად, წინა ხელისუფლების მიდგომა, რომ ქურდული სამყაროს მიმართ მკაცრი მიდგომა ჰქონდა, გარკვეულწილად კარგია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლი (ქურდული სამყაროს წევრობა) არანაირ კონტექსტში არ ჯდება და სამართლებრივად სრულად აბსურდული ნორმაა. კერძოდ, იურისტის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლების შემადგენლობაში არის ის დანაშაულების, რასაც ქურდული სამყაროს წევრები სჩადიან (ქურდობა, ბანდიტიზმი და ა.შ.). 223-ე პრიმა მუხლის კოდექსში ჩადება კი აბსურდული იყო და სამართლებრივი თვალსაზრისით მიუღებელია.
რაც შეეხება ამნისტიას, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მისი მიღებისას ყველასათვის ცნობილი იყო, რომ ამნისტია შეეხებოდა ისეთ მუხლებსაც, რომლებიც ქურდული სამყაროს წევრებს მისცემდა ციხეების დატოვების შესაძლებლობას. ამიტომ იურისტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ ამასთან დაკავშირებით გარკვეული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული, შემუშავებული უნდა ყოფილიყო გეგმა, თუ რა მოხდება იმის შემდეგ, რაც კანონიერი ქურდები ციხეებს დატოვებენ.
„უნდა არსებობდეს გარკვეული გეგმა ამასთან დაკავშირებით. კერძოდ, ეს ე.წ. კანონიერი ქურდები რესოციალიზაციას გაივლიან, დატოვებენ ქვეყანას თუ მათ მიმართ რაიმე სარეაბილიტაცო ღონისძიებები გატარდება, ჩემთვის ეს უცნობია. ამ ადამიანების და საერთოდ, ყოფილი პატიმრების მიმართ, რომლებმაც ციხეებს ტოვებენ, გარკვეული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
იგი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამნისტიის კანონით პარლამენტს არ შეეძლო განესაზღვრა, კანონიერმა ქურდებმა უნდა დატოვონ ციხე, თუ სხვა კატეგორიის მსჯავრდებულებმა, რადგან ამნისტია კერძო მიდგომას არ ითვალისწინებს. ამიტომ იურისტი თვლის, რომ ცოტა გაუგებარია ის ინფორმაცია (თუ ეს სინამდვილეს შეესაბამება), რომ ამნისტირებულ პატიმრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი კი აცხადებს, რომ საქართველოში ყველაზე დიდი კანონიერი ქურდები ის პროკურორები არიან, რომლებიც საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დაკავებულებს სოლიდური რაოდენობის თანხებს სძალავდნენ, თვითონვე მიჰყვებოდნენ მათ ბანკში და ამისთვის, თუნდაც საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვის სანაცვლოდ კრედიტის აღებას აიძულებდნენ. რაც შეეხება კანონიერი ქურდების ბატონობის დაბრუნების საფრთხეს, ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოება თავად არ დაუშვებს ამას.
„კაცი რომ კანონიერი ქურდი იყო, ვანო მერაბიშვილის უწყებაში მიჰყავდათ და ეკითხებოდნენ - წამალი ჩაგიდოთ თუ იარაღიო, მიმაჩნია, რომ ეს უფრო დიდი დანაშაული იყო. მერაბიშვილმა თავის თავს დაუსვას კითხვა, ასობით ადამიანი მისმა უწყებამ მიწაში რომ ჩააწვინა. ქართული საზოგადოება არავის აპატიებს კანონიერი ქურდების ბატონობის დაბრუნებას და გამოვა ქუჩაში და როგორც სააკაშვილის რეჟიმი გააგდო, ასევე გააგდებს სხვასაც, ვინც მათ მფარველობას გაუწევს“, - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.