თურქ ინვესტორს სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის იდეა ხიბლავს

თურქ ინვესტორს სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის იდეა ხიბლავს

ცალკეულ ინვესტორებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას არასერიოზულად უყურებენ, სიმბოლურ ფასად ქართულ მიწაზე არსებული ქონების გადაცემის იდეა მოსწონთ. ისინი ახალ ხელისუფლებასაც მოუწოდებენ, მიბაძოს წინა ხელისუფლების პრაქტიკას და ქონება ასე ერთი ხელის მოსმით დაარიგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არც ხმამაღალ განცხადებებს ერიდებიან და საერთაშორისო ბრენდების მხრიდან საქართველოში ინვესტიციების ჩადების საკითხს ეჭვქვეშ აყენებენ.   

„საერთაშორისო ბრენდებმა საქართველოში ინვესტიციების ჩადებაზე შესაძლოა, უარი განაცხადონ“, - ამის შესახებ ინვესტორების საერთაშორისო ასოციაცია ავრცელებს განცხადებას, რომელიც საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან ეკონომიკური სტრატეგიის მიღებას ელის.

ასოციაციის დირექტორის ოსმან ჩალიშკანის განცხადებით, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების პოზიცია მათი დახმარებისკენ იყოს მიმართული. მან მაგალითად მოიყვანა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია, რაც ინვესტორების მისაზიდად ქონების სომბოლურ ფასად გადაცემას ითვალისწინებდა. ჩალიშკანი ყურადღებას ამახვილებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ეს პროცესი შეჩერებულია.
ამასთან, ჩალიშკანმა შრომის კოდექსის ცვლილებასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციატია.
„მაშინ როდესაც საერთაშორისო ბრენდებს საკუთარი მოთხოვნები აქვთ, მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი საქართველოში ინვესტიციებს აღარ ჩადებენ“, - აღნიშნა ჩალიშკანმა, რომელიც, სხვათა შორის, თავის დროზე აჭარის ტურიზმისა და ბიზნესის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

რამდენად რეალურია, რომ საერთაშორისო ბრენდებმა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე უარი განაცხადონ, თუკი მათ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემითა და სხვა შეთავაზებებით არ წავახალისებთ?! ამის შესახებ For.ge ეკონომიკური პროფილის ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის დასახელება მის ფუნქციონირებასა და მასშტაბებს არ შეესაბამება და აღნიშნული თურქული კომპანია საკმაოდ წვრილი და საშუალო დონისაა. უფრო ზუსტად, მას თურქულ დიდ კომპანიებთანაც არ აქვს კავშირი, რომ არაფერი ვთქვათ, ვითომც საერთაშორისო კომპანიებზე.

„ჩალიშკანის ეს განცხადება მოწყვეტილია რეალურ საინვესტიციო ბაზას, მის ცოდნას, პრობლემების ანალიზს. ვერ წარმომიდგენია, რომელიმე პასუხისმგებლიანმა, ავტორიტეტულმა ინვესტორმა ასეთნაირად დააყენოს საკითხი, რომ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მაჩუქეთ ქონება და რამეს გავაკეთებო. არ ეწყინოთ ჩვენს მეზობლებს, მაგრამ ეს ცუდი თურქული მიდგომაა, რადგან მე ბევრ თურქ ინვესტორს ვიცნობ და ისინი საკმაოდ სერიოზულები, მიზანდასახულები და მდიდრები არიან საიმისოდ, რომ ასეთი რამ არ იკადრონ“, - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

მისივე განმარტებით, თავად თურქეთში ბიზნესმენებს ასეთ შეღავათებს არ უწესებენ. ხოლო იმ იშვიათ შემთხვევაში, თუკი ბიზნესმენებზე შეღავათი მაინც განხორციელდება, ეს სკანდალისა და მთავრობის გადადგომის საგანი გახდება. ასე რომ, ემზარ ჯგერენაიას აზრით, ეს ძალიან ცუდი განცხადებაა და ჩალიშკანის ნათქვამი მოწუწუნე კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„ამ პიროვნებას გადასარევად ვიცნობ, დიდი რამე არ გაუკეთებია არასდროს და მუდმივად ეძებდა შეღავათს. ასეთი შეღავათიანი ვითომ ინვესტორების დრო რომ დამთავრდა, კარგია. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან და სერიოზულ ინვესტორებთან მას არანაირი კავშირი არ აქვს და ეს არის არაუფლებამოსილი კაცის განცხადება. ბევრ კომპანიას ჰქვია „საერთაშორისო ინვესტორები“ ან „საერთაშორისო სავაჭრო პალატა“, ხშირად ფიგურირებს ტერმინი „საერთაშორისო“, მაგრამ ქართველები აღარ ვართ დაბალ კლასში, რომ ამით გვაშინებდნენ“, - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ჩალიშკანის განცხადებას ვერანაირად ვერ გაიზიარებს და მას უფრო მიზანმიმართულ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებად მოიხსენიებს. ის, რომ საქართველოში ინვესტიციებისთვის იდეალური გარემო არ არის, მისთვის ეს ცხადია. ერთადერთი, რაშიც მართალი აღმოჩნდა აღნიშნული ასოციაცია, ისაა, რომ ეკონომიკური სტრატეგია გამოკვეთილი, ცხადი და პროგნოზირებადი უნდა იყოს და ადამიანები უნდა ხვდებოდნენ, ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკა როგორი იქნება.

რაც შეეხება ერთ ლარად ქონების გადაცემას, დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ეს ინვესტიციებს ხელს უწყობდეს, რადგან სერიოზულ ინვესტორებს არ სჭირდებათ ერთ ლარად ნაჩუქარი ქონება. მათ სჭირდებათ გარემო, გრძელვადიან პერსპექტივაში საქმიანობის დაგეგმვა, პროგნოზირება და, ასევე, სჭირდებათ პროგნოზირებადი ხელისუფლება.

„ის, რომ უცხოური დიდი ბრენდები არ შემოდიან საქართველოში, ეს დიდი ხანია, ცნობილია, რადგან წინა ხელისუფლების არაპროგნოზირებად გარემოში, როცა არავინ იცოდა, როდის და რა მოუვიდოდათ თავში, ბევრი ინვესტორი თავს იკავებდა. მეტიც,  ბევრ უცხოელ ინვესტორთან ისინი არ იყვნენ თანმიმდევრულნი. სწორედ ეს იყო ჯგუფური მმართველობის შედეგი და არა საბაზრო ეკონომიკისთვის ხელმშემწყობი პირობების შექმნა“, - აცხადებს ეკონომიკური ექსპერტი და თვლის, რომ ახალ ხელისუფლებას აქვს შანსი, ეს ყველაფერი გამოასწოროს.

ამასთან, დემურ გიორხელიძის აზრით, გაუმართლებელია ახალ მთავრობაზე შეტევა ამ კუთხით, მაშინ, როცა მათ ჯერ არაფერი გაუფუჭებიათ. თუმცა ექსპერტი ერთ რამეს ადასტურებს, რომ საქართველოს ახალ მთავრობას ძალიან დიდი ცაიტნოტი აქვს, დრო შეზღუდულია, უახლოესი ორი-სამი თვე არის მაქსიმალური პერიოდი, როცა მთავრობის ყველა ტენდენცია გამოკვეთილი უნდა იყოს და სრულიად ახალი ეკონომიკური გარემოს შექმნისკენ ნაბიჯი უნდა გადაიდგას.

უფრო მეტიც, ექსპერტს მიაჩნია, რომ ეკონიმიკურად აქტიური ადამიანის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება უნდა არსებობდეს. ასე რომ, ეკონომიკური აქტივობის ზრდა, გარემოს შექმნა უახლოესი თვეების უმთავრესი ამოცანაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები, რა თქმა უნდა, იქნება.