რეპრესირებული ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სთხოვენ, საკუთარი პატრონაჟის ქვეშ აიღოს წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ბიზნესის დაბრუნების საკითხი, რადგან ბიზნესმენმა ბიზნესმენის ფასი კარგად იცის და სწორედ იგი არის საიმედო და მტკიცე გარანტი, რომ მოცემულ ეტაპზე ქვეყანაში კანონიერება აღდგება.
საზოგადოებრივი მოძრაობის „დააბრუნე!“ ინიციატივით, სწორედ რესპრესირებულ ბიზნესსა და ახალ რეალობას მიეძღვნა „ქორთიარდ მერიოტში“ გამართული კონფერენცია, სადაც ბიზნეს-სექტორის წარმოამდგენლები, არასამთავრობოები, ექსპერტები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რეპრესირებული ბიზნესის წარმომადგენლები და პოლიტპატიმრები მონაწილეობდნენ. ამ სახის კონფერენციები მომავალშიც გაგრძელდება.
როგორც მოძრაობა „დააბრუნე!“-ს დამფუძნებელი მამია სანადირაძე აცხადებს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ოთხი თვე გავიდა და დაზარალებული ბიზნესმენები სამართლიანობისა და შელახული ღირსების აღდგენას ელოდებიან. მართალია, ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ ობიექტურ მიზეზთა გამო არსებობს შეფერხებები. კერძოდ, დღევანდელ ხელისუფლებას იმ სამართლებრივი სისტემის ფარგლებში უწევს მუშაობა, რომელიც წინა ხელისუფლების მანკიერ საქმეებს ამართლებდა. ამდენად, ბიზნესმენების სურვილია, თავად მიაწოდონ ხელისუფლებას წინადადებები, თუ როგორ განხორციელდეს სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რადგან ეს მათი საერთო ინტერესიცაა.
როგორც აღმოჩნდა, წინა ხელისუფლების წყალობით, ქართული ბიზნესისთვის შექმნილი პრობლემები მრავალწახნაგიანია. პროკურატურაში დაზარალებულ ბიზნესმენთა უკვე 7 ათასამდე განცხადებაა შეტანილი, რომლის მიღმაც 7 ათასი ოჯახის ტრაგედიაა. ზოგ შემთხვევაში, ოფშორში ფორმდებოდა წართმეული ქონება, ზოგჯერ კი ქონების პირველ-მეორე ე.წ. შემძენი კეთილსინდისიერი არ იყო, მაგრამ დღეს უკვე აღნიშნული ქონება მეხუთე და მეექვსე კეთილსინდისიერი მყიდველის ხელში გადავიდა, რომლის დაბრუნებაც გართულებულია.
ამდენად, ამ პრობლემების გამოსავლენად უნდა შეიქმნას სპეციალიზირებულ პროკურორთა კორპუსი, რომელიც ბიზნესის დაბრუნების საქმეებზე იქნება ორიენტირებული.
„თუ სამართლიანობის აღდგენის ტემპი არ დაჩქარდება, ახალი ხელისუფლებისკენ უკმაყოფილების დიდი ტალღა წამოვა. ამიტომ, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ასეთი „დიმიტრი გელოვანი“ უნდა იყოს სპეციალიზირებული პროკურატურა, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებების გამო გამოტანილ განაჩენებს განიხილავს,“ - აცხადებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, იურისტი გია მეფარიშვილი.
უცხადებენ რა უნდობლობას არსებულ სასამართლო სისტემას, ბიზნესმენები მოითხოვენ, უმოკლეს ვადაში შემუშავდეს სასამართლო სისტემის დეპოლიტიზების უზრუნველყოფის შესაბამისი კანონმდებლობა; სამართლიანობის აღდგენის პროცესზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მიზნით შეიქმნას სპეციალური უფლებებით აღჭურვილი საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი; შეიქმნას სპეციალიზირებულ პროკურორთა და გამოძიების უფლებამოსილებით აღჭურვილ სპეციალიზირებულ მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც იმუშავებს რეპრესირებული და ქონებაწართმეული მოქალაქეების ქონების დაბრუნებაზე. ასევე, უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სპეციალური სახელმწიფო სამსახურის შექმნას უზრუნველყოფს, რათა შესწავლილ იქნას ყოფილი და მოქმედი უმაღლესი თანამდებობის პირთა ქონება და მისი წარმომავლობა.
კონფერენციაზე კონკრეტული ფაქტებიც გახმიანდა, თუ როგორ წაართვეს შალვა ობგაიძეს ბიზნესი და მისი ავტოსერვისი მიითვისეს. ამასაც არ დასჯერდნენ და როგორც პირადად მისი, ასევე, რძლის ქონებაც გაუყიდეს, ამას კი მისი და მისი ოჯახის წევრების წამება მოჰყვა. ამასთან, იგი საავტომობილო ფედერაციის ხელმძღვანელობასაც ჩამოაცილეს და სხვა.
კონფერენციაზე ზოგიერთი გამომსვლელი ბევრად კატეგორიული იყო და აცხადებდა, რომ ყველა მოსამართლე სისხლის სამართლის დამნაშავეა და ეს საარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაა, თუ დამნაშვეები ისევ თანამდებობებზე არიან დარჩენილნი.
იყო კონკრეტული წინადადებებიც, რომ, თუ ამ ეტაპზე მოსამართლეებს ვერ ვცვლით, მაშინ წინა ხელისუფლების პროკურორებს მაინც შეველიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აჩენს ეჭვს, ხომ არ მოხდა ხელისუფლების გადაბარება.
უფლებადამცველები არც იმას გამორიცხავენ, რომ მოხდეს ობშორების გახსნის საკითხის წამოჭრა იმ ადამიანების მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა. არც ისაა გამორიცხული, რომ საჭირო გახდეს სატელეფონო მოსმენები და ოპერატიული თვალთვალი შარანგიებისა და მის მსგავს პირთა, ან ცალკეულ პროკურორთა მიმართ, რომლებიც ამ უკანონობაში იყვნენ ჩართულნი.
For.ge კონფერენციის მონაწილეებს ესაუბრა.
მოძრაობა „დააბრუნე!“-ს დამფუძნებელი მამია სანადირაძე ბიზნესმენთა სახელით მოითხოვს, საზოგადოებრივ საწყისებზე სპეციალური უფლებებით აღჭურვილი ჯგუფი შეიქმნას, რომელიც სამართლიანობის აღდგენის პროცესს გააკონტროლებს და მონიტორინგის ეფექტური ბერკეტები ექნება. ამასთან, იგი მიესალმება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივას, სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც წინა ხელისუფების უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს (მათ შორის, ბიზნესის კუთხით) შეისწავლის, მაგრამ მაინც მიაჩნია, რომ ეს კომისია სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს, რომელსაც მონიტორინგისა და სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობის საშუალება ექნება.
„დიდი სიმპათიით ვართ განწყობილი თეა წულუკიანის მიმართ და ნებისმიერ სამთავრობო სტრუქტურასთან სიამოვნებით ვიმუშავებთ, მაგრამ მაინც ბიზნესმენი ვარ და ჩემთვის მთავარია პრობლემის გადაჭრა და მიზანი. ამდენად, ვფიქრობ, ჩვენ უკეთ შევძლებთ, ჩამოვაყალიბოთ კომისია, რომელიც გვჭირდება“.
For.ge დაინტერესდა, წინა ხელისუფლებისგან გადმოყოლილი შიშით ხომ არ აიხსნება ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მოძრაობაში მხოლოდ 300-400 ბიზნესმენი გაერთიანდა, ეს მაშინ, როცა დაზარალებულთა რიცხვი 7 ათასამდეა?! ამის საპასუხოდ მამია სანადირაძე აცხადებს, რომ ისინი შეეცდებიან ეს ხალხი შემოიკრიბონ, რადგან სანამ ერთი დაჩაგრული მაინც იქნება, რომელსაც ქონება არ დაუბრუნეს, მანამდე შეჩერებას არ აპირებენ. აქ მარტო ბიზნესმენებზე არ არის საუბარი. ამასთან, ბევრ მათგანს საკუთარი პრობლემები აქვს, ზოგი ციხიდან გამოვიდა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ზოგიერთი ბიზნესმენი კი დეპრესიაშია და სახლიდან არ გამოდის.
ამასთან, მამია სანადირაძე აპირებს, ახალი მთავრობის პირობებში მას შემდეგ შეუდგეს ბიზნესსაქმიანობას, რაც „კავკასუს ონლაინს“ დაიბრუნებს.
For.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი აცხადებს, რომ ცნობილი ოსტაპ ბენდერიც კი ამბობდა, ასპროცენტიან გარანტიას თვით დაზღვევის პოლისიც არ უზრუნველყოფსო. ამდენად, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ერთადერთ გარანტიას გია იაკობაშვილი ბრძოლაში ხედავს. კერძოდ, დაზარალებულმა ადამიანმა მწყობრად უნდა აკეთოს თავისი საქმე, შეაწუხოს მედია, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპკორპუსი, ვინაიდან ეს შეუჩერებელი პროცესია. მით უმეტეს, ქვეყანაში პროცესები ისე ვითარდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის გამოსვლებიდან და სიტყვებიდან გამომდინარე, უფრო და უფრო კარგავს რეიტინგს. უფრო მეტიც, დღესდღეობით ნაციონალებისთვისაც ზედმეტი ტვირთია სააკაშვილი. ეს მომენტი კი გამოსაყენებელია. ასეთ შემთხვევაში, მოსალოდნელია, მოლაპარაკებებზე წამოვიდნენ ის ადამიანები, ვინც უსამართლოდ ბიზნესის წართმევაში მონაწილეობდა. ამასობაში კი სასამართლოებიც შეეცდებიან, კუბლაშვილის ზეწოლისგან გათავისუფლდნენ.
For.ge-ს დამფუძნებელს აღებული ტემპი არ აკმაყოფილებს, რადგან მიიჩნევს, რომ საჭიროა, ყველა მხრიდან დარტმა მიიღონ იმ ადამიანებმა, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ასევე, ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის იდეასაც იწონებს, რომლის აუცილებლობაზეც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. თუმცა რატომღაც მინავლდა ეს თემა. სინამდვილეში კი, ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა მონოპოლიებისთვის დისკომფორტს გამოიწვევს, რაც ნიშანი იქნება, რომ ახალი ხელისუფლება მზად არის, აღადგინოს სამართლიანობა.
როცა პირადად მისთვის წართმეული კომპანიის თემატიკით დავინტერესდით, გია იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ Presa.ge ნაკლებად იყო ბიზნესი, მაგრამ ეს გახლდათ საქართველოში პირველი ანალიტიკური ინტერნეტპორტალი, რითაც იგი დღემდე ამაყობს, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით Presa.ge არის ის, რაც არის და ეს საშინელებაა.
„ჩემი ღირსების ამბავია მისი დაბრუნება. მთელმა საქართველომ იცის და, მით უმეტეს, ჟურნალისტურმა სამყარომ, რაც მოხდა. ახლა მირჩევენ, სარჩელი შევიტანო სასამართლოში, მაგრამ ამ ეტაპზე არა მგონია, დღევანდელი სასამართლო გურამ დონაძისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ წავიდეს. თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს, რომ გავჩერდები და დაველოდები, სასამართლო როდის გახდება სამართლიანი. იგივე პროცესია ჩემი მხრიდან, რომ შევაწუხო თუნდაც იგივე შარანგიები, რომლებიც ახლა „კავკასუს ონლაინს“ ფლობენ და, რომლებსაც სულაც არ აინტერესებთ Presa.ge. მათთვის ეს შეიძლება ზედმეტი ტვირთიც და ის ლაქაც იყოს, რომლის დავიწყებაც სურთ. მაგრამ, მეორე მხრივ, არის დონაძე, მერაბიშვილი, რომლებსაც შარანგიები უნდა უმადლოდნენ, რომ დღეს მათ საქართველოში ამხელა მონოპოლიები გააჩნიათ. ამიტომ, ამასაც დრო სჭირდება და ეს შეიძლება იყოს მათი მხრიდან ნებაყოფლობითი. ჩემი გეგმა ასეთია, მე უნდა დავიბრუნო Presa.ge, ეს დომეინი ვიქონიო, წელიწადში 30 ლარი გადასახადი გადავიხადო და, უბრალოდ, Presa.ge საერთოდ უნდა გაუქმდეს. ის ლაქა ქართულ ჟურნალისტიკაში, რასაც ჰქვია დღევანდელი Presa.ge და დონაძის ჟურნალისტიკა აღარ უნდა იყოს. რაც შეეხება ITV-ის, ეს „კავკასუსის“ მფლობელობაში იყო და, როცა მამია სანადირაძე დაიბრუნებს „კავკასუს ონლაინს“, იქ ძალიან ბევრს მოეკითხება, თუ რა უქნეს ITV-ს. სხვათა შორის, Presa.ge რომ წამართვეს, მარტო დომეინი არ წაურთმევიათ, კომპიუტერები, ავეჯიც მიაყოლეს. რაც შეეხება ITV-ის ტექნიკას, როგორც ვიცი, ამჟამად იქ შემოწმება ხორციელდება და პროცესებს უნდა დაველოდოთ,“ - აცხადებს გია იაკობაშვილი.
პოლიტიკურ ექსპერტ კახა კახიშვილს წართმეული ბიზნესის დაბრუნება იმ შემთხვევაში ესახება რეალისტურად, თუ სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური სურვილი იარსებებს. ამისთვის კი არ არის საჭირო ათწლეულობით ლოდინი.
„ახლა მოვისმინეთ ბატონი ქუცნაშვილისგან, რომ თურმე ზოგიერთ საქმეს ხანდაზმულობა შეეხება. სინამდვილეში, ხანდაზმულობა არის იმ საქმეებზე, რომლებიც წმინდა სამოქალაქო პრობლემას უკავშირდება, თორემ სისხლის სამართლის დანაშაულზე, სადაც კონკრეტულ თანამდებობის პირთა ინტერესებია, ეს პრობლემა არ უნდა იყოს. მივმართავ პრემიერ-მინისტრს, აუცილებლად შეიქმნას მთავარ პროკურატურაში სპეციალიზირებული პროკურატურა, რომელიც შეისწავლის და გამოიძიებს კორუფციულ სქემებსა და გარიგებებს. სპეციალურმა სასამართლო კორპუსმა უნდა განიხილოს ბიზნესის წართმევასთან დაკავშირებული საკითხები“, - აცხადებს კახა კახიშვილი.
სხვა შემთხვევაში, მისი აზრით, ეს პროცესი დროში გაიწელება. ადამიანები ამას ცხრა წელი ელოდნენ, დღეს კი არ შეიძლება, მათ ვუთხრათ, კიდევ ათი წელი მოიცადეთ, სანამ ძველი მოსამართლეები არ წავლენო.
პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე იხსენებს, რომ ახალი ხელისუფლებისგან გაისმა მოწოდება, ვინც დააბრუნებს წართმეულ ქონებას, მასზე აღარ განხორციელდება დევნა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ, ერთეულთა გარდა, დაბრუნების პრეცენდენტი არ მომხდარა და საჯარო პრეცენდენტი არ შექმნილა, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ნაკადი არ წამოსულა. ამიტომ, ექსპერტის აზრით, თავად ხელისუფლებამ უნდა შექმნას ამის პრეცენდენტი და რამდენიმე ღია პროცესი უნდა გამართოს, სადაც მოხდება საკუთრების დაბრუნება.
„ვფიქრობ, ამის შემდეგ მოგვარდება ეს პრობლემა. სპეციალიზირებული პროკურატურისა და სასამართლოს შექმნაც ეფექტური იქნება“.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ, როცა საუბარია პირთა ჯგუფის პოლიტიკურ დევნაზე, მასობრივ მკვლელობაზე, გაუპატიურებაზე, ქონების ექსპროპრიაციაზე, ჩვენ უნდა მივმართოთ სისხლის სამართლის კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც, განსაზღვრულია ამგვარი ქმედებისთვის დანაშაულის კვალიფიკაცია, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული აქტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. საბოლოოდ, დაზარალებულ პირებს მორალური, მატერიალური და ფიზიკური ზიანი უნდა აუნაზღაურდეს, თუმცა, უფლებადამცველის აზრით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახელმწიფო უძლური იქნება ამის განსახორციელებლად. ამიტომ რაციონალური გზებია საძებარი.
„თუკი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებაში სპეციალიზირებული პროკურატურა შეიქმნება, მაშინ შესაძლებელი იქნება, რეჟიმის ყველა შემოქმედი, მის ყველა რგოლში მხილებული და პასუხისგებაში მიცემულ იქნას. აქედან გამომდინარე, ადვილად მოხდება მიყენებული ზიანის ანაზღაურება. უბრალო მოქალაქეებმა გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან რატომ უნდა ვზღოთ ის კომპენსაციები, რომლებიც კონკრეტული დანაშაულის შედეგად ქონების ექსპროპრიაციის კუთხით მიადგა ამა თუ იმ ადამიანს? ამ მხრივ ვეთანხმები გია მეფარიშვილს და სპეციალიზირებულ პროკურორთა კორპუსის შექმნის იდეას ვიწონებ, რაც კვალიფიციური, სანდო ადამიანებით დაკომპლექტდება და მძლავრი საზოგადოებრივი მონიტორინგის შესაძლებლობა ექნება“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი სამართლიანობის აღდგენას მკაცრ და მკაფიო პოლიტიკურ ნებას უკავშირებს. განსაკუთრებით, ეს შეეხება კერძო საკუთრების დანაშაულებრივ ხელყოფას, რადგან, მისი აზრით, ვერცერთი დასავლელი პოლიტიკოსი, რაც არ უნდა მიამიტი ან სუბიექტური იყოს, ხმას ვერ ამოიღებს რაიმე ტიპის პოლიტიკურ დევნაზე, თუ ადამიანი სამართლდება კერძო საკუთრების ხელყოფის გამო, რაც ბევრი პოლიტიკოსისთვის ბიბლიის ჭეშმარიტებამდეა აყვანილი.
„ამიტომ უნდა გაიმიჯნოს დანაშაულები კერძო საკუთრების ხელყოფისგან. როგორც კი რამდენიმე მაღალჩინოსანი ასეთი ვერაგული საქმისთვის იქნება დასჯილი და დაბინავდება ციხეში, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კარგი მაგალითი მათთვის, ვისაც დასაბრუნებელი აქვს ქონება“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.