გაფიცული მძღოლები და „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობა ერთმანეთს უკვე მუქარებს უთვლიან. პირველნი გაფიცვის არეალის გაფართოებას აპირებენ, ხოლო მეორენი კი მძღოლებისთვის ახალი კონკურსის ჩატარებას არ გამორიცხავენ.
ჯერჯერობით, საგაფიცვო ფრონტზე სრული ქაოსია. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლები ცალმხრივად ასკვნიან, რომ მძღოლებთან შეთანხმება მიღწეულია და აცხადებენ, რომ ამ შეთანხმების ცალმხრივად შესრულებას ისინი ხვალიდან შეუდგებიან. კომპანიის დირექტორის მოადგილე დავით ასანიძის განმარტებით, მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში წარიმართა და ორივე მხრიდან მოხდა შეთანხმება იმ 6 მოთხოვნაზე, რომელსაც მძღოლები აყენებდნენ.
ასანიძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლები და მძღოლები შეთანხმდნენ, რომ მთავარი მოთხოვნა, რაც ეხება გეგმის შემცირებას, გადაწყდება პირველ მარტამდე, განიხილება ინდივიდუალურად კონკრეტული ხაზების მიხედვით და დადგინდება გეგმები.
გარდა ამისა, შეთანხმება მოხდა იმაზეც, რომ კომპანიამ ვალდებულება აიღო, გათავისუფლებული მძღოლები, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს გაფიცვის დაწყებას, დაბრუნდებიან სამსახურში. ასევე, კომპანია პირობას დებს, რომ ის მძღოლებს დაეხმარება იმ საკითხების მოგვარებაში, რაც კომპანიის ხელმძღვანელების კომპეტენციაში არ შედის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „თბილისის მიკროავტობუსში“ ვეღარ ხედავენ იმის საშიშროებას, რომ გაფიცვა გაგრძელდეს.
კომპანიის გარდა პოზიცია დააფიქსირა თბილისის მერიის წარმომადგენელმა. როგორც ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როგორც მედიატორისთვის, თბილისის მერიისთვის გასაგებია კომპანიის პოზიცია და მიესალმება თუ თანხმობა იქნება მძღოლების მხრიდანაც. მისივე თქმით, თბილისის მერია განაგრძობს მოლაპარაკებებში ჩართულობას და მედიაციის ფუნქციის შესრულებას და მოხარული იქნება თუ პრობლემა დროულად გადაწყდება.
თუმცა, გუშინ საღამოს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მძღოლებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეული არ არის და გაფიცვა გრძელდება. კომპანიის პირობები მძღოლებს შეხვედრიდან დაბრუნებულმა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გოჩა მაქაძემ გააცნო.
მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობა მძღოლებს სთავაზობს ინდმეწარმის ფიქსირებული გადასახადი - 10 ლარი შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ ამოქმედდეს; 31 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ყველა მიკროავტობუსი გადასახადისგან გათავისუფლდეს; ბარათების საშუალებით შესული თანხა მძღოლებს ავანსად გადაეცეთ; კომპანია თანახმაა, სამარშრუტო ტაქსებს ზეთი საბაზრო ფასად შეუცვალოს, სხვა ტექნიკური მომსახურება კი მძღოლებმა თავად განახორციელონ. კომპანია ასევე მზადაა, გაათავისუფლოს ყველა იმ „ატეკის“ ხელმძღვანელი, რომელთა მიმართაც მძღოლებს პრეტენზია აქვთ.
აღნიშნული მოთხოვნების მიღებაზე მძღოლების უმრავლესობამ უარი განაცხადა, შესაბამისად, ისინი აქციების გაგრძელებას გეგმავენ. ისინი სწრედ აკაკი ჯოხაძეს ადანაშაულებენ უმოქმედობაში.
გაფიცულების თქმით, ჯოხაძეს პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია და მასთან შეხვედრები სრულიად უშედეგო იყო. გუშინ ჯოხაძე მძღოლებს იმ მიზეზით შეუერთდა, რომ მოესმინა საინიციატივო ჯგუფის პასუხი „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ.
„თბილისის მიკროავტობუსმა“ კი, შესაძლოა, მძღოლებთან იჯარის ხელშეკრულება გააუქმოს და ახალი მძღოლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადოს. როგორც სპეციალურ გამართულ ბრიფინგზე კომპანიის დირექტორმა გიგლა ჯაბიშვილმა განაცხადა, გაფიცულთა ბოლო მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სრული ყოველდღიური გადასახადი შემცირდეს 30%-ით, რაც თითოეულ მძღოლზე ორ კვირაში შემოსავლის 300-დან 600 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, კომპანიას ფინანსურ ზარალს მოუტანს და ამის განხორციელება შეუძლებელია.
„ამის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობა მზად არის, 3 დღის განმავლობაში კიდევ აწარმოოს აქტიური მოლაპარაკებები გაფიცულებთან. თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ იძულებული იქნება, გააუქმოს იჯარის ხელშეკრულება მძღოლებთან და გამოაცხადოს კონკურსი, რის შედეგადაც მოხდება ახალი მძღოლების შერჩევა. ჩვენ ვითვალისწინებთ დედაქალაქის მოსახლეობის მოთხოვნასაც და ვერ დავუშვებთ, რომ თბილისი იყოს პარალიზებული“, - აღნიშნა ჯაბიშვილმა.
„თბილისის მიკროავტობუსმა“ 2011 წელს გაიმარჯვა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რის შედეგადაც 20 წლის ვადით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვა.
„კომპანიაში განხორციელდა 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია, დასაქმებულია 5 000-მდე მოქალაქე, მძღოლების ჩათვლით. საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილია 10 მილიონამდე ლარი“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
მისივე ინორმაციით, შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ მფლობელია ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია და კომპანიასთან სხვა პირებს შეხება არ აქვთ.
გაფიცულებიც თავისი პოზიციების გასამტკიცებლად „დამატებითი სიმძლავრეების“ ჩართვას აპირებენ.
„იმ შემთხვევაში, თუ მძღოლების მოთხოვნები უახლოესი ორი კვირის განმავლობაში არ დაკმაყოფილდება, მათ პროტესტს თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებიც შეუერთდებიან“, - ამის შესახებ განცხადება მეტროპოლიტენის თანამშრომელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა ბესიკ ხარატიშვილმა თბილისის მერიასთან მიმდინარე მძღოლების საპროტესტო აქციაზე გააკეთა.
როგორც ხარატიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მეტროპოლიტენის თანამშრომლები მორალურ თანადგომას და სოლიდარობას უცხადებენ მძღოლებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ისინიც უახლოეს მომავალში მათ გვერდით აღმოჩნდნენ და საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.
ხარატიშვილმა მეტროპოლიტენის თანამშრომელთა სახელით თბილისის მერიას, როგორც მძღოლების საერთო დამსაქმებელს და მთავარ დამკვეთს, მოუწოდა, რომ მძღოლების პრობლემების მოგვარებაში დროულად შეასრულოს თავისი ფუნქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოხდება მეტროს პარალიზება და გამორიცხული არ არის, რომ ამ პროტესტს მომავალში ავტობუსების მძღოლებიც შეუერთდნენ.