„სააკაშვილს დაავიწყდა, რომ „რაგატკების“ დროს  კოდორის ხეობას ჩვენ ვაკონტროლებდით“

„სააკაშვილს დაავიწყდა, რომ „რაგატკების“ დროს კოდორის ხეობას ჩვენ ვაკონტროლებდით“

„რაგატკით“ აღჭურვილი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის ეროვნულ აკადემიას სტუმრობდა. როგორც თავად აღნიშნა, ეს სუვენირი ოფიცრებმა 2004 წლის იანვარში თავდაცვის სამინისტროს მონახულების დროს გადასცეს, როგორც სიმბოლო იმისა, რა იყო მაშინ შეიაღებულ ძალებში. სააკაშვილის თქმით, სწორედ „რაგატკებით“ იყო აღჭურვილი საქართველოს შეიარაღებული ძალები 2004 წელს. მისმა ხელისუფლებამ კი ჯარს ჩააცვა, ჯარი ააშენა და ტექნიკა შეიძინა. ამდენად, საქართველო არასდროს აღარ უნდა დარჩეს, როგორც ერთი ჩვენი თავდაცვის მინისტრი იტყოდა, „რაგატკის“ ამარა.

მიხეილ სააკაშვილი თავის საყვარელ თემას - მუხროვანის ე.წ. ამბოხს კიდევ ერთხელ შეეხო და ნებისმიერ ხელისუფლებას ამ ადამიანების მხრიდან „ამბოხი“ უწინასწარმეტყველა.  

„ეს ხალხი ამბოხს ნებისმიერი მომავალი მთავრობის დროსაც მოაწყობს, თუ შესაძლებლობა მიეცა“.

უფრო მეტიც, მისი თქმით, თურმე საპატიმროდან აღნიშნული სამხედრო ამბოხის რამდენიმე მონაწილე გაათავისუფლეს და ისინი სამხედრო ამბოხს შევარდნაძის დროსაც აწყობდნენ და მაშინაც დასაჭერები იყვნენ.  

რას პასუხობს მუხროვანის ე.წ. ამბოხში დადანაშაულებული ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან ამირიძე პრეზიდენტს და როგორია სამხედრო ექსპერტის მოსაზრება პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, ამის შესახებ ლევან ამირიძე და გიორგი თავდგირიძე გვესაუბრებიან.

ლევან ამირიძეს არ უკვირს, რომ მიხეილ სააკაშვილი, წესისამებრ, არაადეკვატურია. თუმცა რას ერჩის „ეს კაცი“ და რატომ არ ანებებს თავს, მან დღესაც არ იცის. ვარაუდობს, რომ გაბოროტებული ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, სააკაშვილი მათ მიმართ ბოღმას ანთხევს. შესაძლოა, ეს თავის გამართლებაც იყოს იმის გამო, რა უკანონობაც გადახდათ მათ თავს და არაა გამორიცხული, ახლა სააკაშვილი ვინმეს თავს აწონებდეს.

ლევან ამირიძე ერთ რამეში დარწმუნებულია, რომ მთელი ცხოვრება საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოდა და არასდროს არაფერი დაუშავებია სამშობლოსთვის.

„ალალი იყოს ჩემი ხალხისა და ქვეყნისთვის ჩვენი შრომა. რატომ გაამახვილა ყურადღება შევარდნაძის პერიოდზე, არ ვიცი. შევარდნაძის დროსაც შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი, სააკაშვილის დროსაც ვმსახურობდი და სააკაშვილს ნამდვილად არ მივუყვანივარ შეიარაღებულ ძალებში. სააკაშვილი რომ მოვიდა, ჩვენც იქ დავხვდით, მანამდე ვიბრძოდით, ვაშენებდით ქართულ არმიას. შევარდნაძის პერიოდში, 2001 წელს იყო გარკვეული დაუმორჩილებლობა, მაგრამ მე იმ დაუმორჩილებლობაში არ ვმონაწილეობდი. მაშინ დაზვერვის სპეცდანიშნულების ბატალიონის მეთაური ვიყავი, შტაბის უფროსად ვმუშაობდი. არც მაშინ ყოფილა ამბოხი, მაშინ იყო უკმაყოფილება ზოგიერთი ჯარისკაცის მხრიდან. იმ პერიოდში სიდუხჭირე იყო და ჯარისკაცებმა თავიანთი პროტესტი ასე გამოხატეს“, - აცხადებს ლევან ამირიძე.

იგი დღესაც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს მთავარსარდალს ნამდვილად არ უნდა დაემორჩილოს არცერთი ჯარისკაცი, რადგან იგი „ხოხვით მირბოდა ბრძოლის ველიდან“. ისე კი, საერთოდ, ჯარისკაცი კანონმორჩილი უნდა იყოს და თავის მეთაურს უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ, „როცა მეთაური არაადეკვატურია, მორჩილებაზე საუბარი ზედმეტია“. ლევან ამირიძე აცხადებს, რომ 26 მაისს იმართებოდა აღლუმი, თუმცა მათ არ ეზეიმებოდათ, რადგან გვამები იყო შემოწყობილი სახურავებზე. ამდენად, ეს იყო მათი პროტესტი, მორალური არჩევანი და არანაირი ამბოხი არ ყოფილა. როგორც წესი, ამბოხი ნიშნავს, როცა შეიარაღებული ქვედანაყოფები შენობის ან საკომუნიკაციო ნაგებობების ბლოკირებას ახდენენ და ხელში იღებენ მმართველობას, რაც არ მომხდარა.

ლევან ამირიძის აზრით, სააკაშვილი ახლა ჯარისკაცების თვალში გმირობანას თამაშობს და ამიტომაც მიდის თავდაცვის აკადემიაში. თუმცა, როცა აცხადებს, საქართველო არასდროს არ უნდა დარჩეს „რაგატკის“ ამარაო, ლევან ამირიძე მას შეახსენებს, „ნუთუ მიხეილ სააკაშვილს დაავიწყდა, რომ დავით თევზაძის მინისტრობის პერიოდში კოდორის ხეობას ჩვენ ვაკონტროლებდით და 15 წლის განმავლობაში იმ ხეობას ვიცავდით?! იქ იყო ხალხი, რომელიც თავისი თოფითა და იარაღით კანონის ჩარჩოებში იცავდა ხეობას. ოფიციალურად თავდაცვის ბატალიონი იყო „მონადირე“ და მას ჰყავდა მეთაური. ამ დროს კი სააკაშვილს იმის ჩვენება უნდა, რომ თურმე 2004 წლამდე ქართული ჯარი არ გვყოლია. უფრო მეტიც, მან თავისი წელთაღრიცხვა შემოიღო 2003 წლის შემდეგ.

მას სურს, ვიღაცას მოაჩვენოს, თითქოს 150 სოფელი არ ჩაუბარებია, არ გადაუბარებია მოწინააღმდეგე ძალებისთვის. რაც შეეხება საქართველოში სამხედრო ტექნიკის წარმოებას, რაზეც იგი აპელირებს, ამას ძალიან დიდი ბიუჯეტი სჭირდება. შესაძლოა, ტექნიკა ან შეიარაღება შიდა მოხმარების პროდუქციისთვის აწარმოო, მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ იქნება მომგებიანი, როცა საერთაშორისო ბაზარზე გაიტან და სხვა ქვეყნებიც დაინტერესდებიან შენი წარმოების ნიმუშებით. ანუ გაყიდვადი უნდა იყოს ეს ტექნიკა. როგორ წარმოგიდგენიათ, ისრაელში, სადაც საუკეთესო ტანკი „მერკავა“ ჰყავთ, „ლაზიკა“ და „დიდგორი“ სჭირდებათ? კარგია, რომ კეთდება რაღაც, ძალიან მიხარია, რომ გამოცდილებას ვიძენთ, მაგრამ ამ ტექნიკას გამოცდა სჭირდება პრაქტიკაში, საბრძოლო მოქმედებებში და ამაზეა დამოკიდებული ქართული სამხედრო ტექნიკის წარმოების აზრი“, - აცხადებს ლევან ამირიძე.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მუხროვანის ე.წ. ამბოხებულებთან დაკავშირებით სააკაშვილის ბოლოდროინდელ გამონათქვამს ეხმაურება. იგი  სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ის სამხედრო მოსამსახურეები გამოვიდნენ ციხიდან, რომლებსაც ე.წ. ამბოხს აბრალებდნენ. თუმცა სახელმწიფომ უნდა შექმნას მუხროვანის ინციდენტის არსებითად შემსწავლელი კომისია, რადგან ერთია პოლიტიკური განცხადებები და ჩვენი ემპირიული დასკვნები, რომ იქ ამბოხის ნიშნები არ ყოფილა, მაგრამ მეორეა, რომ იყო გარკვეული ინციდენტი, რომელსაც შესწავლა სჭირდება. ამიტომ გიორგი თავდგირიძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი დღესაც გულწრფელი არ არის, რადგან ის მონაწილეა იმ სპექტაკლის, რომელიც დაიდგა მუხროვანში, როცა იგი ტუქსავდა ჯარისკაცებს და გახარებული იყო იმით, რომ ე.წ. ამბოხის ჩახშობა მოხდა, რაც, თავისთავად, ამაზრზენი საყურებელი იყო.

„ამაში ტყუის ქვეყნის პრეზიდენტი. მან ზუსტად იცის, რომ იქ არანაირი ამბოხი ან აჯანყებაში გადასაზრდელად ხიფათი არ ყოფილა, მაგრამ მეორე საკითხია იქ გარკვეული პირების ყოფნა, რომელთაც არანაირი საქმე არ ჰქონდათ სამხედრო ნაწილთან, როდესაც სამხედრო ნაწილში რაღაც კრიზისი მწიფდებოდა. ამ კრიზისის განეიტრალება სახელმწიფოს საქმე იყო, უნდა გვყოლოდა ისეთი მინისტრი და ქვეყნის ისეთი მესვეურები, რომლებიც ტკბილი სიტყვით და არა ნაჯახით, თოფითა და ტანკებით შეძლებდნენ ამ კრიზისის მოგვარებას. რაც შეეხება ოთანაძის ფაქტორს, მე ვფიქრობ, ოთანაძემ კეთილი უნდა ინებოს და მიუხედავად იმისა, რა უძგერს გულში, შეეშვას სამხედრო ქვედანაყოფებთან ახლო-მახლო სიარულს. გარკვეულწილად, ზუსტად ამ საკითხთან ოთანაძის დაკავშირებამ ამ ინციდენტს გარკვეული ამბოხის სახე შესძინა. როგორც შევარდნაძის დროს მოხდა მუხროვანში ე.წ. აჯანყება, ისე ამ შემთხვევაშიც, ამ ფაქტების დაკავშირება მოხდა და სალაპარაკო მიეცა ქვეყნის უპასუხისმგებლო ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ ჯარზე ექსპერიმენტებსა და სპექტაკლებს დგამდა“, - აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ.   

აქვე მან დადებითად შეაფასა, რომ სააკაშვილის შემდეგ სამხედრო ბიუჯეტი გაიზარდა და ტექნიკური აღჭურვა მართლაც გაუმჯობესდა, მაგრამ სააკაშვილს სატრაბახო მაინც არაფერი აქვს, რადგან, საბოლოო ჯამში, შეიარაღებული ძალები, როგორც ერთიანი სისტემა და ეფექტური ინსტრუმენტი, სახელმწიფოსთვის არ შექმნილა. ეს კი იმის ბრალია, რომ ხელისუფლებას კომპეტენცია არ აღმოაჩნდა შეიარაღებული ძალების სიღმისეული რეფორმირებისთვის. მართალია, ამ სფეროსთვის დიდი ფინანსები გამოიყო, მაგრამ ამ ფინანსების ათვისების საქმეში ძველ ხელისუფლებას დასაკვეხი არ აქვს.  

„როცა ქართულ სამხედრო ტექნიკაზე საუბრობს და აცხადებს, რუსულ ვერტმფრენებზე სამათხოვროდ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნიო, ბატონ სააკაშვილს შევახსენებ, რომ მისმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა შეაფერხა ქართულ-ამერიკული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ამერიკული ვერტმფრენების ათვისებას, შესყიდვას და ამ ინფრასტრუქტურის განვითარებას. თავდაცვის ეროვნული აკადემიის მსგავსად, ოქრუაშვილმა ეს პროექტიც გააუქმა, რის გამოც საყვედურიც არ მიუღია პრეზიდენტისგან. ამიტომ, ახლა როცა ამბობს, რომ რუსული ვერტმფრენების ამარა დავრჩითო, ზუსტად მისი ბრალია. შესაბამისად, ცოდნა, რაც არსებობს, ეს არის რუსული ტექნიკის ცოდნა“.

სამხედრო ტექნიკის საქართველოში წარმოება გიორგი თავდგირიძეს ხანგრძლივ პროექტად მიაჩნია. მისი თქმით, დღეს სააკაშვილი სხვას სთხოვს ამის გაკეთებას, როცა თავად მას უნდა მოემზადებინა საფუძველი, რათა ახალ ხელისუფლებას ამ პროექტების თავიდან დაწყება არ დასჭირებოდა. ის, რომ დღეს გამოვუშვით 500 „დიდგორი“ ან „ლაზიკა“, სააკაშვილს უნდა ახსოვდეს, რომ მხოლოდ საცდელი ეგზემპლარები გამოვიდა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი მოკლე გზა საცდელი ეგზემპლარებიდან მასობრივ წარმოებამდე საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია თვით ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი და აშშ-ია.

მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი მხოლოდ ეძებს ხინჯს იმისთვის, რომ დაუმტკიცოს მოსახლეობას, რომ ის უკეთესი იყო, რაც სუფთა პოლიტიკურ-მერკანტინული ინტერესებია. ამასთან, გიორგი თავდგირიძის აზრით, სააკაშვილი დაინტერესებულია, რომ მის პოლიტიკურ ოპონენტს - ირაკლი ალასანიას ჰქონდეს ბევრი შეცდომა, რათა ეს პიარისთვის გამოიყენოს, ან შესაძლოა, სურს, განხეთქილება კოალიციაში. თუმცა უმაღლეს მთავარსარდალს ჰქონდა რვა წელი იმისთვის, რომ თავდაცვის აკადემიაში ევლო არა თავისი პიარ-აქციებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჰქონოდა ძლიერი აკადემია.