300-ლარიანი ვაუჩერი ყველა მცირემიწიანს

300-ლარიანი ვაუჩერი ყველა მცირემიწიანს

ნახევარ მილიონზე მეტი გლეხი საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად მინიმუმ, 300-ლარიან ვაუჩერებს მიიღებს. სამინისტროს საშემოდგომო-ხორბლის თესთვასთან დაკავშირებით გრანდიოზული პროგრამა აქვს შემუშავებული. ვაუჩერების დარიგება თებერვლიდან დაიწყება.

საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მთავრობის დახმარება, წინასწარი მონაცემებით,  600 000 ფერმერს ერგება. სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის თქმით, ყველაზე პრობლემური ბენეფიციართა აღრიცხვიანობის საკითხი იყო, რომელიც მოგვარდა. 

„საგაზაფხულო სამუშაოების მოსამზადებელი პროცესი დასრულებულია. უკვე შეძენილია ტექნიკა, თუმცა მარტის თვეში დამატება იგეგმება. ამ პროცესში ძირითადი პრობლემა აღრიცხვიანობა იყო, რომელიც ჩატარდა და სულ აღწერილია 800 000 ნაკვეთი.

600 000-ზე მეტი ადამიანი საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად მინიმუმ, 300-ლარიან ვაუჩერებს მიიღებს. ვაუჩერების თანხა განსაზღვრულია ჰექტრების რაოდენობის მიხედვით. ამ სამუშაოებისთვის სულ 600-700 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, ხოლო ვაუჩერების დარიგება უახლოეს დღეებში დაიწყება“, - აცხადებს კირვალიძე.

როგორც გაირკვა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო თებერვლიდან „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ განხორციელებას იწყებს. როგორც მინისტრი განმარტავს, ვაუჩერის მეშვეობით მიწის დახვნის სერვისისა და სასუქების შეძენა გახდება შესაძლებელი. ამ დროისათვის სოფლებში გამოკრულია სია, რათა მოსახლეობამ საკუთარი თავი ამ სიებში გადაამოწმოს და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო მას აუცილებლად აღმოფხვრის.

საქართველოში ძალიან ბევრი გლეხია, რომელთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები 2, 4, 6 ან 8 მეასედს შეადგენს. ამიტომ, მცირე მოცულობიდან გამომდინარე, ასეთ ნაკვეთებში ტრაქტორის შეყვანა ვერ ხერხდება. ვინაიდან, ძირითადი სახის ვაუჩერი ტრაქტორის დასაქირავებლად გამოიყენება, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მქონე ადამიანები ამ ვაუჩერის გამოყენებას ვერ შეძლებდნენ. ამიტომ მათთვის სამინისტრომ, მეორე სახის - უნიფიცირებული ვაუჩერი მოიფიქრა, რომელსაც ნებისმიერი მიზნისთვის გამოიყენებენ.

„უახლოეს დღეებში დარიგდება დამადასტურებელი ვაუჩერები. თავისუფალი ვაუჩერით, რომელიც განსაზღვრულია 300 ლარის ფარგლებში, საშუალება ექნებათ სურვილისამებრ შეიძინონ სასუქი ან სათესლე მასალა და სხვა. რეალურად, ამ მილიარდიან ფონდს, სახელად ქვია მილიარდიანი ფონდი, თორემ, ალბათ, თანხა სოფლის მეურნეობაზე მეტი დაიხარჯება“, - აცხადებს კირვალიძე.

პარალელურად მიმდინარეობს ტრაქტორისტების გადამზადების პროგრამაც.

„ამ პროცესში დამატებით 900 ათასი ადამიანი უნდა დასაქმდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველა რაიონში საკუთარი საკონსულტაციო ცენტრის შექმნის პროცესს უკვე ასრულებს. ამჟამად მიმდინარეობს აპლიკანტების ტესტირება, რომლებიც სამომავლოდ ჩვენთან დასაქმდებიან“, - აღნიშნავს მინისტრი.

ჯერჯერობით, სოფლის მეურნეობის ფონდში ფული ჩარიცხული არ არის და რა წყაროებიდან დაფინანსდება ფონდი, მინისტრს არ დაუკონკრეტებია:

„ფონდში თანხა ჩარიცხული არ არის, თუმცა ვაუჩერები მაინც დარიგდება უახლოეს მომავალში“.

წინასწარი ინფორმაციით, სამინისტროს საშემოდგომო-ხორბლის თესთვასთან დაკავშირებით გრანდიოზული პროგრამა აქვს შემუშავებული. მინისტრის თქმით, ხორბლის მოსავლიანობა გაიზრდება და ეტაპობრივად, საქართველოში არსებობს იმის რესურსი, რომ ადგილობრივმა მოსავალმა მოთხოვნის 70% დააკმაყოფილოს.

იმისთვის, რომ მარცვლეული კულტურით ადგილობრივი მოთხოვნილების 70% დააკმაყოფილდეს, ხორბალი დაახლოებით 200 ათას ჰექტარზე უნდა დაითესოს, ხოლო სიმინდი (საფურაჟე და სამარცვლე) 160 ათას ჰექტარზე.