ყოველ მეორე დღეს ნაციონალური არხებით გადმოსცემენ სიუჟეტებს, რომ უცხოელი პედაგოგები სიღანღობის ან ქუთაისობის დღესასწაულს დაესწრნენ და ქართული ტრადიციებით, წესებითა და ადათით აღფრთოვანებულები მეტი მონდომებით და სიყვარულით შეუდგებიან სწავლებას; ტრილალებენ სამზარეულოში და ამზადებენ ჩიხირთმას, ბუღლამას და ჭინჭრის ფხალს, ახვევენ ცხრამეტნაოჭიან ხინკალს; ან მოხალისე პედაგოგები გარემოს დაცვით აქციაში ერთვებიან და მინისტრთან ერთად თბილისის ზღვაზე ხეებს რგავენ. მაგრამ…
შესაძლოა, აღნიშნული პედაგოგები ძალიანაც სწყალობენ ქართულ ტრადიციებს და ხალისით რგავენ ხეებს, მაგრამ ასეთივე ენთუზიაზმით და მონდომებით ირჯებიან თუ არა სკოლებში, ძნელი სათქმელია.
თბილისის ერთ–ერთი სკოლის ინგლისური ენის კანადელი პედაგოგი, შერილი, მხოლოდ 20 წლისაა. ის კანადის ერთ–ერთ კოლეჯში ეუფლება საზოგადოებასთან ურთიერთობას და როგორც თვითონ ამბობს, საზოგადოებასთან ურთიერთობას პრაქტიკულად თბილისში, სკოლაში, ბავშვებთან ურთიერთობით იწყებს, საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებულმა კი, შესაძლოა, უნივრსიტეტში სწავლის გაგრძელებაც გადაწყვიტოს. თუმცა, ეს მომავლის ამბავია. ახლა კი, ის ძალიან მეგობრულად ეპყრობა ბავშვებს და როგორც უფროსკლასელები ამბობენ, კონტაქტშიც კი შედის იმ მოსწავლეებთან, ვინც მშობლების ჯიბიდან ანაზღაურებული დამატებითი გაკვეთილების ხარჯზე ინგლისური მეტ–ნაკლებად იცის.
მე–12 კლასელი გიორგის თქმით, შერილი ძალიან სიმპათიური, მიმზიდველი გოგონაა და, რაც მთვარია, სულ ფორმაშია. იცის, მოკლე კაბები რომ უხდება და არასოდეს ავიწყდება მაკიაჟის გაკეთება. თურმე, გიორგის კლასელ ბიჭებს ძალიან მოსწონთ შერილი და ერთი–ორჯერ შელაპარაკებაც კი მოსვლიათ ამ თემაზე. თუმცა, მოსწავლეების თქმით, შერილი მათ გაკვეთილებს არ უტარებს. არც ქართველ პედაგოგს ეხმარება. ზის შერილი თავისთვის ბოლო მერხზე, ხან მოდურ ჟურნალს ათვალიერებს, ხან მაკიაჟს ისწორებს, ხან კი „ბლექბერითი“ ერთობა. ერთი–ორჯერ თურმე, ინგლისურის მასწავლებლისთვის გაუსწორებია რამდენიმე შეცდომა. მაგალითად, უთქვამს, რომ სიტყვა „ლავს“ თანამედროვე ინგლისელები თუ ამერიკელები გამოთქვამენ, როგორც „ლოვს“.
გიორგის თანაკლასელი თამთა ყვება, რომ მათი ქართველი მასწავლებელი ძალიან ბრაზდება იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა შერილი მას გამოთქმას ან გრამატიკულ შეცდომას უსწორებს – ალბათ, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. თამთას აზრით, შერილის ასეთმა საქციელმა ქართველი პედაგოგისადმი ბავშვების უნდობლობა და უპატივისცემლობაც კი გამოიწვია.
“ბავშვები თვლიან, რომ მასწავლებელმა კარგად არ იცის ინგლისური, რადგან თუ 20 წლის გოგო ამდენ შეცდომას ამჩნევს მის გამოთქმებში, თუ გაკვეთილის ახსნაში, ე.ი. მართლა ბევრი არაფერი იცის. უკვე მთელი კლასი კერძოდ ვემზადებით. ვინც ადრე არ დადიოდა სხვა მასწავლებელთან, იმათაც დაიწყეს. თუ ჩვენმა მასწავლებელმა არაფერი იცის, გამოცდას როგორღა ჩავაბარებთ?! მით უმეტეს, ყველა საგანში მოგვიწევს გამოცდა და ინგლისურში, ალბათ, განსაკუთრებით მკაცრად ჩაგვიტარებენ” – ამბობს თამთა.
განსხვავებულ შეთხვევასთან გვაქვს საქმე ვაზისუბის ერთ–ერთ სკოლაში. თუმცა, ამ სკოლის მოსწავლეების მშობლებს სწავლების ხარისხზე მეტად სხვა პრობლემა აწუხეთ. ვაზისუბნის ამ სკოლაში უცხოელი პედაგოგი ახალგაზრდა, 26 წლის სიმპათიური მამაკაცია, რომელსაც როგორც მოსწავლეები, მშობლები და ქართველი პედაგოგების ნაწილი ერთხმად აღნიშნავენ, თვალი მაღალკლასელ გოგონებზე უჭირავს. მათთვის გაკვეთილების ჩატარებით თავს დიდად არ იწუხებს, სულ რომელიმე ლამაზი გოგოს გვერდით ზის და მასთან საუბრით იქცევს თავს. როდესაც ქართველი პედაგოგი გაკვეთილს ხსნის, იბარებს თუ ესაუბრება მოსწავლეებს, ჯეიმსი რომელიმე მოსწავლე გოგონასთან ერთად ხალისობს. ხან თავის სტუდენტობაზე უყვება, ხან ნუდისტ მეგობარ გოგონაზე, რომელიც თურმე რომელიმე ბაბუს დანახვისას კაბას იწევს და უსაცვლოდ ენახვება გაოგნებულ ბაბუს. მოკლედ, ჯეიმსს სახალისო ისტორიები არ ელევა.
ამ სკოლის ერთ–ერთი მოსწავლის, ნათიას დედამ, ქალბატონმა მარინემ გვითხრა, რომ ჯეიმსი მისი გოგოს ყოველ დღე სკოლაში აცილებს, გაკვეთილების დამთავრების დროს კი კვლავ სკოლის ეზოში ხვდება:
„რა ვქნა, მეძნელება, მაგრამ მეშინია. ნათია ჯეიმსზე სულ აღფრთოვანებული საუბრობს. არ მიმხელს, თორემ მგონი უყვარს კიდეც. რაც ეს ბიჭი ამ სკოლაში მოვიდა მასწავლბლად, მეცადინეობას თავი დაანება, რამდენჯერმე დავინახე, რომ ამ უცხოელმა სახლამდე მოაცილა. რომ ვკითხე ნათიას, მითხრა, აქვე მეზობლად ცხოვრობს, ერთი გზა გვაქვს და იმიტომ დავდივართ ხოლმე ერთადო. სულ მობილური უჭირავს ხელში. რამდენიმე დღის წინ, მობილური სახლში დარჩა და გადავწყვიტე მისი მეისჯები მენახა. სულ ინგლისურად იყო მოწერილი. მე ენა არ ვიცი და ჩემს დიშვილს წავაკითხე. თურმე, ეს ჯეიმსი ჩემს გოგოს ამერიკაში წაყვანას პირდება და რაღაც სისულელეებით აბრუებს. დირექტორთან შევედი, ვთხოვე, რამე მიშველეთ, იქნებ სამინისტროს მივმართოთ, როგორმე ეს „ტიპი“ მოვაშოროთ აქაურობას–მეთქი, მაგრამ გადაირია ქალი. მითხრა, შენ პირველი მშობელი არ ხარ, ვინც ჩემთან მოდის, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებითო. სამინისტროს რომ მივმართო, სამსახურიდან დამითხოვენ, თუ გენინსპექცია არ შემომიგზავნეს და არ დააჭერინეს ჩემი თავიო. დასაღუპი თავი სად მაქვს, თქვენს შვილებს მიხედეთ და ამითი ამოიწურება ეს პრობლემაო, ასე მითხრა დირექტორმა“ – ამბობს აღშფოთებული მშობელი.
ქალბატონ მარინეს ქალიშვილმა ნათიამ კი არ დაგვიმალა, რომ მას და ჯეიმსს ძალიან უყვართ ერთმანეთი. მისი თქმით, ჯეიმსი საქართველოში სასწავლო წლის ბოლომდე უნდა დარჩეს, მაგრამ ყველაფერს იღონებს, რომ კიდევ ერთი წლით დატოვონ თბილისში და ნათია სკოლას დაამთავრებს თუ არა, ერთად გაემგზავრებიან ამერიკაში, სადაც ჯეიმსთან იცხოვრებს და ამერიკულ უმაღლეს განათლებასაც მიიღებს.
ჯეიმსისა და ნათიას სიყვარულის ამბავი თურმე არც პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის ყოფილა უცხო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჯეიმსი, ნათიას მსგავსად, სამუდამო სიყვარულს კიდევ რამდენიმე გოგონას ეფიცება და ყველა მათგანს ამერიკაში წაყვანას ჰპირდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა გოგონა დარწმუნებულია, რომ ჯეიმსს სწორედ ის უყვარს და დანარჩენები ყველაფერს იგონებენ. ყოველ შემთხვევაში, ჯეიმსი ყველა მათგანს ამაში არწმუნებს.
გულგახეთქილი მშობლები მე–10–12 კლასელ ბავშვებს ისევ ისე ელოდებიან სკოლის ეზოში, როგორც წლების წინ, როცა მათი შვილები პირველ კლასში დადიოდნენ. ზუგდიდში კი უცხოელმა პედაგოგმა ოჯახი დაანგრია.
26 წლის მარია ზუგდიდში ოქტომბერში ჩავიდა. ის ავსტრალიაში თურმე სანიტრად მუშაობდა. საქართველოში კი სიახლეების საძიებლად ჩამოვიდა. ბუკიების ოჯახმა მარიას სახლში მიღება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ორი ბავშვი ყავთ. 12 და 14 წლის გოგოები. ოჯახის ყოფილი დიასახლისის, მანანას თქმით, უნდოდათ, ბავშვებს ინგლისურის ცოდნა გაემყარებინათ. ქალბატონი მანანა თავადაც ინგლისურის სპეციალისტია, მაგრამ რამდენიმე წელია აღარ მუშაობს და თვითონაც უნდოდა ენის გაწაფვა, თურმე. მარიას ყველაზე უკეთესი ოთახი გამოუყვეს და მეგრული სტუმართმოყვარეობით შეხვდნენ. ნუ იტყვით და, ელარჯი და გებჟალია მოსწონებია და ამას როგორ მოაკლებდნენ ძვირფას სტუმარს!
ერთ დღესაც სახლში მოსულ მარიას ქალბატონ მანანასთვის აღშფოთებულს მოუყოლია, რომ მისი ქართველი კოლეგა 31 წლის ასაკში ჯერ კიდევ ქალიშვილია და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქმარი არ ჰაქვს. ასე ვის გაუგია, ეს ხომ საშინელებაა, თავის ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას დაიღუპავსო – ცხარობდა თურმე უცხოელი.
ქალბატონ მანანას აღშფოთება მარიათი მაშინ დაიწყო, როცა შემთხვევით მის ოთახში შევიდა და რამდენიმენაირი ფალოიმიტატორი და ვიბრატორი აღმოაჩინა ტუმბოზე. მისი თქმით, შორიდან ვერც კი მიხვდა, რა იდო და ლამაზის ფერის სათამაშოებმა მოხიბლა. ოთახში შემოსულ მარიას აუხსნია დიასახლისისთვის „სათამაშოების“ დანიშნულება და მოხმარების წესები. თანაც, შესთვაზა, თუ გინდათ, ასეთს თქვენთვისაც გამოვიწერ და გაჩუქებთო.
რამდენიმე დღეში კი, ბაზრიდან დაბრუნებულ ქალბატონ მანანას საკუთარ საძინებელში მონებივრ მეუღლისა და პედაგოგოისთვის შეუსწრია: „საშინელება იყო, არც კი მახსოვს, როგორ გამოვვარდი იქიდან, ბავშვებს მივაკითხე სკოლაში და დედჩემთან გავვარდი. მაგრამ დრო რომ გავიდა, ცოტა გონს მოვეგე, მივხვდი, რომ ამის გამო ოჯახი არ უნდა დამენგირა, შეცდომას ყველა კაცი უშვებს, თანაც, ჩემი ქმარი შერიგებას მეხვეწებოდა. მაგრამ მარიასთან ერთად ხომ არ ვიცხოვრებდი?! მივედი ჯერ დირექტორთან, მერე რესურსცენტრში და მარიას სხვა სახლში გადაყვანა ვთხოვე. მიზეზს რომ მეკითხებოდნენ, ვერ ვეუბნებოდი, ყველას ხომ ვერ მოვუყვები ჩემს ამბავს. იმათ კი მიპასუხეს, თუ მიზეზი არ გაქვს, გყავდეს სახლში, მშვენიერი გოგოა და წლის ბოლომდე შენთან იცხვოროსო“.
ეს მხოლოდ რამდენიმე ისტორიაა უცხოელი პედაგოგების შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ, მსგავსი ამბები ძალიან ბევრია. საგულისხმოა ისიც, რომ არცერთმა რესპონდენტმა არ ისურვა მისი ნამდვილი ვინაობის გამჟღავნება. ყველას ეშინია. ჩვენთან საუბარს განსაკუთრებით პედაგოგები გაურბიან. მათი თქმით, განათლების სამინისტროდან მკაცრად არიან გაფრთხილებული, რომ ჟურნალისტებთან ყოველგვარ კონტაქტს მოერიდონ.