აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.
„სენატის მიერ აბსოლუტურად მიკერძოებული რეზოლუციის მიღება მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს. როგორც ჩანს, საფრანგეთის სომხები ფართოდ იყენებენ კონფლიქტის თემას წინასაარჩევნო მიზნებისთვის“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს.
„თუმცა, ამ დოკუმენტის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, საფრანგეთის ნეიტრალური სტატუსი დიდ ეჭვს იწვევს“, - დასძინეს აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.
საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ქვეყნის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 305-მა სენატორმა დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის სენატმა მიიღო, სარეკომენდაციო ხასიათისაა და მთავრობას მისი განხორციელება არ ევალება.
10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.