დონალდ ტრამპმა გენერალი მაიკლ ფლინი შეიწყალა

დონალდ ტრამპმა გენერალი მაიკლ ფლინი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი თანაშემწე, მაიკლ ფლინი შეიწყალა.

„ჩემთვის დიდი პატივია გამოვაცხადო, რომ გენერალმა მაიკლ ფლინმა ჩემსგან სრული შეწყალება მიიღო. ვულოცავ გენერალ ფლინსა და მის შესანიშნავ ოჯახს. ვიცი, რომ ახლა ნამდვილად ფანტასტიური მადლიერების დღე გექნებათ“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

24 ივნისს აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის მოსამართლეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწის, მაიკლ ფლინის წინააღმდეგ საქმის წარმოების შეწყვეტის განკარგულება გასცა.

2018 წლის თებერვალში მაიკლ ფლინს თანამდებობის დატოვება მოუწია, ვინაიდან მან აშშ-ში რუსეთის იმჟამინდელ ელჩ სერგეი კისლიაკთან თავისი საუბრების შესახებ ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს არასრული ინფორმაცია მიაწოდა.

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

გამოძიების ფარგლებში ბრალი 34 ადამიანს წაუყენეს. მათ შორის იყვნენ აშშ-ის ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე რიკ გეიტსი, ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი მაიკლ კოენი და ასევე ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი.

2019 წლის 23 მარტს აშშ-ის რობერტ მიულერის კომისიამ გამოძიება დაასრულა. მისი დასკვნის თანახმად, დონალდ ტრამპის ან მის წინასაარჩევნო შტაბში მომუშავე რომელიმე პირის რუსეთთან კავშირი არ დადასტურდა.