„ბარამბოს“ ტკბილი ოცნება და მწარე რეალობა

„ბარამბოს“ ტკბილი ოცნება და მწარე რეალობა

„ბარამბოს“ ტკბილი ხანა დასრულდა. ცეზარ ჩოჩელის მადევარმა ხელისუფლებამ შოკოლადის საწარმო დააყადაღა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის კომპანიებიდან ერთი უკვე დახურულია, მეორე - დაყადაღებული, მესამე - გაკოტრებული, მეოთხე - ჯერჯერობით, ძველებურად აგრძელებს საქმიანობას.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია „ბარამბოს“ ქონება დაყადაღდა.

გუშინ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მიმართა და სასამართლომაც ნოდარ ხადურის უწყების მოთხვონა დააკმაყოფილა.

ქონების დაყადაღების მიუხედავად, კომპანია „ბარამბო“ მუშაობას არ წყვეტს. „ბარამბოს“ ფინანსური დირექტორის, მარი ჩოჩელის თქმით, კომპანიის ქონების დაყადაღება თანადამფუძნებლებს ლუხუმ კაპანაძესა და ნიკოლოზ ვაშაკიძეს ეხებათ, რომლებიც ამავდროულად კომპანია „ნიუ ენერჯის“ მეწილეები არიან.

„შემოსავლების სამსახური გვედავება, რომ ამ დამფუძნებლებმა „ნიუ ენერჯიდან“ „ბარამბოში“ მოიტანეს თანხა, გარკვეული გზებით და ამიტომ დაგვიყადაღეს ქონება, თუმცა კომპანიის ქონება დამფუძნებლებთან რა შუაშია, არ ვიცი“, - განაცხადა მარი ჩოჩელმა.

მისი თქმით, აღნიშნულ ორ კომპანიას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.

„წესით, „ბარამბოში“ მხოლოდ შაქარაშვილისა და კაპანაძის ქონებები უნდა დაეყადაღებინათ, თუმცა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა მთლიანი ქონების დაყადაღება“, - აღნიშნა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

კომპანიის მთავარი დამფუძნებელია მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ბრალდებულ ცეზარ ჩოჩელის ძმა იაგო ჩოჩელი.  თავად ცეზარ ჩოჩელიც აცხადებს, რომ მისი ძმა დროებით საქართველოდან გასულია და ორ დღეში დაბრუნდება.

კომპანია „ნიუ ენერჯი“ ცეზარ ჩოცელის ბრალდებაშიც ფიგურირებს. კერძოდ, საგამოძიებო სამსახური ცეზარ ჩოჩელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელი გუბერნატორობისას უკანონოდ მონაწილეობდა შპს „ნიუ ენერჯის“ საქმიანობაში, მფარველობას უწევდა აღნიშნულ შპს და ხელს უწყობდა სახელწმიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე და 194-ე მუხლებით. ცეზარ ჩოჩელს აღმკვეთ ღონისძიებად 200 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც უკვე გადაიხადა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩოჩელს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაყადაღების გამო კომპანია შსს-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას ვერ იღებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი ყოველწლიურად აცხადებს ტენდერს სხვადასხვა დასახელების კვების პროდუქტების შესყიდვაზე, მათ შორის შოკოლადზეც. 2010-11 წლებში ტენდერი „ბარამბომ“ მოიგო.

„წელსაც, 23 იანვარს გამოცხადდა ტენდერი 731 555 ლარის საკონდიტრო ნაწარმის შესყიდვაზე. მაგრამ იმის გამო, რომ იანვრის დასაწყისში შემოსავლების სამსახურმა უკანონოდ და უსაფუძვლოდ დააყადაღა შპს „ბარამბოს“ ქონება, კომპანია ვერ მიიღებს ტენდერში მონაწილეობას. მოგეხსენებათ, ტენდერის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე არ არის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა, რომელსაც ვერ წარადგენს „ბარამბო“ იმის გამო, რომ დაყადაღებული აქვს ქონება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, ზიანი მიაყენონ კომპანიას და ხელი შეუშალონ მის საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ბარამბოს“ ბრალდებას შემოსავლების სამსახური პასუხობს.  რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ბარამბოს“ ქონება შემოსავლების სამსახურს არ დაუყადაღებია. მათი განმარტებით, შემოსავლების სამსახურმა სარჩელის უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართა, ხოლო სასამართლომ ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო. 

„ბარამბოს“ სახელი „ბერტასა“ და „ზედაზენთან“ ერთად, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის სახელს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „ბარამბოში“ ცეზარ ჩოჩელის ძმა იაგო ჩოჩელი 66%-იან წილს ფლობს.