მეტრო გაფიცვისთვის ემზადება?!

მეტრო გაფიცვისთვის ემზადება?!

გამორიცხული არ არის, დედაქალაქში გადაადგილება საერთოდ შეუძლებელი გახდეს. თბილისი სატრანსპორტო კოლაფსის წინაშეა. უკვე მეხუთე დღეა გაფიცულ ყვითელ „მარშრუტკებს“, შესაძლოა, მეტროს თანამშრომლები შეუერთდნენ. მეტროპოლიტენის მემენაქანეები ამის შესახებ უკვე დაუფარავად საუბრობენ.

მეტროს თანამშრომელთა მთავარი მოთხოვნა ფინანსური და ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარებაა.

„მეტროსა და ავტობუსების მძღოლებმა ჩემთან საუბარში აღნიშნეს, რომ აპირებენ გაფიცვას შეუერთდნენ“, - აღნიშნა პარტია „საქართველოს გზის“ წევრმა მამუკა ბალიაშვილმა, რომელიც გაფიცულებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის საერთო ენის გამონახვას ცდილობს.

ჟურნალისტებთან პირად საუბარში მეტროს თანამშრომლები მართლაც აცხადებენ, რომ ისინი „თბილისის ავტობუსის“ მძღოლებს მხარს დაუჭერენ და მალე გაიფიცებიან. გარდა იმისა, რომ ეს სოლიდარობის აქცია იქნება.

მეტროს გაფიცვის საშიშროება მაშინაც შეიქმნა, როცა რამდენიმე თვის წინათ ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ, მაგრამ მაშინ ახალი ხელისუფლება ჩაერია და პროცესი დროებით გადაიდო. როგორც ჩანს, ეს დრო ახლა დადგა. მეტროს თანამშრომლები ღიად პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ, მაგრამ ამბობენ, რომ მათი მთავარი მოტივაცია, ადამიანური ხელფასი და ზეგანაკვეთურის ანაზღაურებაა.

ჯერჯერობით კი თბილისი ნაწილობრივ არის პარალიზებული, რადგან მიკროავტობუსების მძღოლთა გაფიცვა და პროტესტი უკვე მეხუთე დღეა გრძელდება და მის დასრულებას პირი არ უჩანს.

მძღოლების უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერიაში, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ და თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელობასთან გაფიცულების შეხვედრა უშედეგდ დასრულდა. ვერ შედგა შეთანხმება ძირითად საკითხზე, რაც გულისხმობს ყოველდღიური გეგმის განსაზღვრას მძღოლებისთვის.

ჩხარტიშვილის თქმით, გარკვეული წინსვლა მოლაპარაკებებში არის სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, ინდმეწარმის სტატუსის მოხსნა მძღოლებისთვის. თუმცა მძღოლები მათთვის მთავარ პრობლემად გეგმის საკითხს ასახელებს და ვინაიდან ამ თემაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ისინი გაფიცვას კვლავ განაგრძობენ.

„თითქმის ვერაფერზე შევჯერდით იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია შეხვედრებს ესწრებოდეს მესამე პირი, რომელიც არის „თბილისის მიკროავტობუსი“. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან რთული და მძიმე იქნება ჩვენი მოლაპარაკებები“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა გოჩა მაქაძემ.

მისივე თქმით, მერიის მხრიდან ძალიან ბევრი შემოთავაზება იყო, რაზეც მძღოლები დაფიქრდებიან და შეჯერდებიან.

„მისაღები ამ ეტაპზე არც ერთი საკითხი არ არის, თუმცა შესაძლებელია მოხდეს შეთანხმება იგივე საგადასახადო სისტემებზე, მანქანის მომსახურებებზე და ტარიფებზე“, - განაცხადა მაქაძემ.

მორიგი საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან, დღეს 14:30 საათზე გაიმართება. საპროტესტო აქციის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფის წევრები სხვა მძღოლებს გააცნობენ მერიისა და „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლების პოზიციას, რის შემდეგაც მერიაში მორიგი შეხვედრა 16:30 საათზე გაიმართება.

თბილისის მერიის და „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეული იქნება ისეთი შეთანხმებები, რომ მინიმუმ შეწყდეს მძღოლების გაფიცვა და თბილისის მცხოვრებლებს გადაადგილების საშუალება მიეცეთ.

როგორც მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ განმარტა, მერიას აქვს კონკრეტული პოზიცია და აპირებს პარლამენტში წარადგინოს შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც მძღოლებისა და დამქირავებელი კომპანიის ურთიერთობას დაარეგულირებს.

დედაქალაქის მერმა უკვე წერილობით მიმართა პარლამენტს ინიციატივით, რომელიც გულისხმობს მძღოლებისათვის ყოველდღიურად ფიქსირებული გადასახადის დაწესებას, არაუმეტეს 10 ლარისა. საქმე ეხება იმ გადასახადს, რომელსაც მძღოლები, როგორც ინდმეწარმეები იხდიან.

„ამ ინიციატივის გაზიარების შემდეგ ეს მნიშვნელოვანი მატერიალური შეღავათი იქნება მძღოლებისათვის“, - აღნიშნა მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ.

აქამდე მძღოლებისთვის ფიქსირებული გადასახადი არ იყო დაწესებული და ისინი გადასახდებს შემოსავლების მიხედვით პროცენტულად იხდიდნენ.