ხელისუფლება ქვეყნის სრულ ჩაკეტვას არ აპირებს, თუმცა მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე 2 დღეში გახდება ცნობილი დამატებით რა სახის შეზღუდვები დაწესდება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჯანდაცვის ექსპერტების მოწოდება გაითვალსიწიანა და სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადება მცირე ეფექტის გამო აღარ გადაწყვიტა, მით უმეტეს არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაკეტვა, სოციალურ ფონს კიდევ უფრო გაართულებს.
შესაძლოა, გარკვეული საათების შემოღება მოხდეს, როდესაც მოსახლეობას გადაადგილების უფლება მიეცემა, ან შაბათ-კვირას კონკრეტული დაწესებულებების მუშაობა აიკრძალება. ხელისუფლება მოსახლეობის მობილობის შესამცირებლად დამატებით რეგულაციებს დააწესებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძე არსებული რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. გამყრელიძე ამბობს, რომ უნდა გაფართოვდეს წერტილოვანი შეზღუდვები. მისი თქმით, მომდევნო დღეებში საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„აუცილებელია, რომ ჩვენ გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციების და დავამატოთ და გავაფართოვოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო. დღესაც ბევრი მსჯელობა იყო ამაზე. ვფიქრობ, გაგრძელდება ხვალაც და უახლოეს ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოს ვიცე-პრემიერის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს მთავრობას სისტემური ლოკდაუნების შესახებ უნდა მიეღო გადაწყვეტილება.
„დღეის მდგომარეობით, სისტემურ შეზღუდვებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„რაც შეეხება სხვა ტიპის შეზღუდვებს, ასევე რაც უკვე ვიცით ეპიდემიოლოგებისგან, პირბადის გამოყენების გარდა, ყველაზე აქტიური და ყველაზე ქმედითი ზომაა მობილობის შემცირება. სწორედ, მობილობის შემცირებისკენაა მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, როლებიც ერთი მხრივ, შესაძლოა, იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორე მხრივ შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით, ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით.
ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი. ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო აკეთებს. ჩვენ აქტიურად ვისმენთ ინფორმაციას თუ რა შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნებში და ვინაიდან ერთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომლებიც იქნება ქმედითი, იქნება ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტასა და გავრცელების შენელებაზე და მეორე მხრივ, იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს სხვადასხვა სექტორს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, რომ შეზღუდვები შეეხოს შაბათ-კვირას, ვიცე-პრემიერმა ასე უპასუხა:
„შესაძლებელია, ეს იყოს შაბათ-კვირა, შესაძლებელია, ეს იყოს კვირის კიდევ რომელიმე დღე, ან შესაძლებელია, ეს იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცოტა უფრო ხანგრძლივი შეზღუდვა, მაგრამ ისევ და ისევ, ჩვენ ვრჩებით წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვები იქნება იქ, სადაც ეს არის მეტად საჭირო“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიზეზი, სწორედ ის აქციები და აქტივობებია, რომლებზეც არანაირი წესების და რეგულაციების დაცვა არ ხდებოდა, არამედ პირიქით, მოწოდებაც კი იყო, რომ წესების დაცვა არ მომხდარიყო.
ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების ის დინამიკა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, სწორედ იმ უპასუხისმგებლო აქციებს უკავშირდება.
ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე for.ge-სთან ამბობს, რომ დაუშვებელია ისეთი ზომების მიღება, რომელიც ინფექციის შეკავების კუთხით მცირე ეფექტს მოგვცემს, ხოლო სოციალური მდგომარეობა დიდად გაუარესდება, ამიტომაც ახლა მთავრობის ძირითადი გამოწვევა ეს არის და ამას საკამოდ ფრთხილადაც ეკიდებიან. ზოიძე ამბობს, რომ კონკრეტული შეზღუდვების სწორი მეთოდები უნდა შეირჩეს, ამისი მთელი არსენალი არსებობს და ეს უნდა გამოვიყენოთ.
ზოიძის აზრით, „ლოქდაუნის“ გარდა ვირუსის შენელების სხვა გზებიც არსებობს. ეს კი არსებული რეგულაციების და შეზღუდვების მკაცრი აღსრულებაა.
„სრული ლოქდაუნი ყველამ კარგად ვიცით, რომ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. ჩვენ არ ვართ ჩინეთის მსგავსი მდიდარი ქვეყანა, რომ ეს ასე მტკივნეულად გავიაროთ. ამიტომაც ახლა ხელისუფლება ამ ზღვარს შორის გამოსავალს ეძებს. ვხედავთ სიტუაცია ასე მარტივად არ არის. პირველ რიგში, არსებული რეგულაციებისა და შესაბამისი რეკომენდაციის მკაცრი აღსრულება და ამაზე დემონსტრაციულად კონტროლი, პირბადეების ტარება, მართლაც თავშეყრის ადგილების თავიდან არიდება, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრების დისტანციური კონტროლი, პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა აღსრულდეს, უკვე რაცაა გაკეთებული.
თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად გარკვეული დამატებითი შეზღუდვები უნდა იქნას შემოტანილი, რომელიც ეკონომიკური ცხოვრების პარალიზებას არ გამოიწვევს ადამიანთა გადაადგილების მობილობის შესამცირებლად და რომელიც ძირითადი საქმიანობა არაა. ვირუსის გავრცელების ძირითადი წყარო არასასურსათო ნახევრად დახურული ბაზრობები და ასევე არასასურსათო მაღაზიებია, სადაც რეგულაციების დაცვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. რა ვქნათ, მესმის მოსახლეობის, მაგრამ ეს რამდენიმე კვირით უნდა შეიზღუდოს და ამ ხალხის დახმარება უნდა მოხდეს. ინფექციის შეკავების კუთხით სრული ლოქდაუნი ისეთ ეფექტს ვერ მოგვცემს, რაც უნდა მოგვცეს. ამიტომაც ისევ წერტილოვანი შეზღუდვების გადაწყვეტილება სწორი ტაქტიკა იქნება“, - ამბობს აკაკი ზოიძე for.ge-სთან.
ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, მათი რეკომენდაციები გაითვალისწინა და ქვეყნის სრული ჩაკეტვა გადაიფიქრა. მისი თქმით, ახლა „ლოქდაუნი“ ქვეყნის ეკონომიკას სრულიად დაანგრევს და ერთ თვეში ქვეყნის გახსნის შემდეგ, თუკი დაგეგმილი მენეჯმენტი და ინფრასტრუქტურა არ ავაწყეთ, გავრცელება ისევ იგივე იქნება. ამიტომაც ქვეყნის ჩაკეტვას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და სხვა გამოსავალია საძებნი. ექსპერტი ფიქრობს, რომ ქვეყნის სრულად ჩაკეტვის შემთხვევაში დღე-დღეზე უნდა გვქონდეს გაწერილი რას როგორ და როდის ვაკეთებთ. როგორ უნდა გავმართოთ ჯანდაცვის სისტემა და არსებულ პრობლემებს როგორ ვადავაგორებთ. თუ ეს საკითხები ქვეყნის ჩაკეტვასთან ერთად არ მოგვარდა, მხოლოდ ხალხის შიმშილობას და ეკონომიკის განადგურებას მივიღებთ და სხვა არაფერი შედეგი არ გევქნება.
„კიდევ კარგი, რომ ხვდებიან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას ახლა აზრი არა აქვს. წინასწარ მომზადებაა ამისთვის საჭირო. ერთი თვე რომ გაგრძელდეს, რას ვაკეთებთ? ამ გაჭირვებულ ხალხს რით ვეხმარებით? ჯანდაცვის სისტემას როგორ ვაუმჯობესებთ, რას რა რესურსით ვყიდულობთ? ექიმების უმრავლესობა დაავადებულია და რით ვავსებთ ამ ადამიანურ რესურს? ასევე საწოლფონდებზე რომ არის საუბარი, ამ ხალხს იქ რომ ვაწვენთ, ვინ უვლის?
მესმის, რომ მძიმე სიტუაცია მივიღეთ, მაგრამ ჩაკეტვით კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკურ სიტუაცია გვექნება. ბიუჯეტში ფული როგორ შეგვაქვს ამ ერთი თვის განმავლობაში? სისტემა უნდა შეიცვალოს, საკორდინაციო საბჭოში უნდა შეიყვანონ ის ადამაინები, რომლებიც მენეჯმენტის მართვაში ერკვევიან. ექიმებმა აკეთონ თავისი საქმე და მენეჯმენტში ნუ ერევიან. ჯობია, რომ სისტემური პრობლემების მოგვარება დავიწყოთ, რაც ამ ეტაპზე მივიღეთ. ვისაც კრიზისული მართვის და მუშაობის გამოცდილება აქვს, ის სპეციალისტები უნდა ჩართონ“, - ამბობს ვატო სურგულაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, პირველ რიგში, სასწრაფოს პრობლემა უნდა მოგვარდეს, როდესაც ავადმყოფის კლინიკაში გადაყვანაც კი ვერ ხერხდება და კორდინირებულად ვერ მოქმედებენ. სურგულაძე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ თანამდებობის დაატოვება არაა. ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ სანამ ხელისუფლება საჯაროდ არ გახდის იმ გეგმას, რის მიხედვითაც ის ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებას აპირებს, მანამდე კომენტარს ვერ გააკეთებს და მოუწოდებს საკორდინაციო საბჭოს, რომ ეს გეგმა უფრო გამჭვირვალე გახადონ.