მერაბიშვილისეული ისტერია: არის თუ არა ეს კრიზისი?

მერაბიშვილისეული ისტერია: არის თუ არა ეს კრიზისი?

ნაცმოძრაობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს.  ახალ მთავრობას ეს სასაცილოდაც არ ყოფნის. სავალუტო ფონდი კი დასკვნების გამოტანას არ ჩქარობს. ყველაფერი 2-3 თვეში გაირკვევა.

წინა კვირას მთელი ნაცმოძრაობა ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ნიშნებია. სტატისტიკის სამსახურის მიერ მონაცემების გამოქვენების შემდეგ კი, მათ ახალი ენთუზიაზმით განაგრძეს რიტორიკა. გუშინ კი ექსპრემიერმა მოსალოდნელი საბიუჯეტო კრიზისის თავიდან ასაცილებლად მთავრობას მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა.

როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, მისი მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებითაც დასტურდება.

„ის მაჩვენებლები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ 22 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე და რომელსაც უარყოფდა საქართველოს მთავრობა, დადასტურდა 25 იანვარს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებით. ამ მონაცემებით, 2012 წლის ნოემბრის თვეში ოქტომბრის თვესთან შედარებით ექსპერტის ოდენობა შემცირებულია. ოქტომბერში საექსპორტო ბრუნვა 216 904, 9 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ნოემბერში 193 674, 5 აშშ დოლარს. დეკემბერში აღნიშნული მაჩვენებელი 198 511, 8 აშშ დოლარს შეადგენს.

ზემოხსენებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ შემცირებულია იმპორტის მაჩვენებლებიც: 2012 წლის ნოემბერში იმპორტის ოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,5%-ით შემცირდა, ხოლო 2012 წლის დეკემბერში - 8,6%-ით.

უახლოეს მომავალში სავარაუდოდ გამოქვეყნდება სხვა მონაცემებიც, როგორიც არის დღგ-ს ბრუნვების, სესხებისა და დეპოზიტების და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლები, რაც აგრეთვე დაემთხვევა ჩვენს მიერ დასახელებულ ციფრებს. აღნიშნული ადასტურებს, რომ მთავრობა სასწრაფოდ უნდა გადავიდეს საგანგებო მუშაობის რეჟიმზე და მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ საბიუჯეტო კრიზისი“, - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოფილი პრემიერის მორიგ განცხადებას მოსალოდნელ საბიუჯეტო კრიზისზე, ნაცმოძრაობის მიერ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებით გამოწვეულ განგაშად აფასებს.

„რა ეკონომიკური და საბიუჯეტო კრიზისის საფრთხეზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, როცა მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვამ წელს იანვრის 27 დღეში 320 მილიონი ლარით გადააჭარბა თუნდაც წინა წლის მთელი იანვრის მონაცემებს. განგაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში საკუთარი დამარცხების გამო აქვს ატეხილი.

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არჩეული ხელისუფლების პირობებში ყველა დაპირებულ სიკეთეს საკუთარ თავზე გაზრდილი პენსიებით, საყოველთაო დაზღვევით, შემცირებული ენერგოტარიფებითა და წნეხისაგან გათავისუფლებული ბიზნესგარემოთი იგრძნობს“, - აღნიშნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა ივანიშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში კი თვლიან, რომ დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

„უახლოეს 2 თვეში, ეკონომიკური აქტივობის დონე გვაჩვენებს, დაიწყო ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა, თუ ეს დროებითი პაუზა იყო“, - განაცხადა სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა. მისი აზრით, უმსხვილეს რუსეთის ბაზარზე გასვლა, ქართულ ეკონომიკას სტიმულს მისცემს, თუმცა გავლენა, შესაძლოა, ეტაპობრივად აისახოს.

„არსებობს რუსეთთან სავაჭრო ოპერაციების ზრდის და უცხოური ინვესტიციების ახალი წყაროების აღმოცენების რეალური საშუალება. მაგრამ თუ დღევანდელი პოლიტიკური გაურკვევლობა გაგრძელდება, ეკონომიკის ზრდა, შესაძლოა, ჩვენ წინა პროგნოზებზე დაბალი აღმოჩნდეს“, - განაცხადა სადიკოვმა. ფონდის პროგნოზით, წლეულს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.

საქართველოს მთავრობის მთავარ გამოწვევად სადიკოვს, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა მიაჩნია, რაც მისი აზრით 15%-იან უმუშევრობას და სიღარიბეს შეამცირებს. ფონდის წარმომადგენლის პროგნოზით, 2013 წლის ბოლოს 3-3,5%-იანი ინფლაცია დაფიქსირდება. მისი შეფასებით, ტურიზმი, მშენებლობა, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სექტორები, განსაკუთრებით მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის.

საქართველოს მთავრობა წელს 2 მლრდ-ის დოლარის უცხოურ ინვესტიციებს ელოდება.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და არა ყველა სახის კაპიტალდაბანდებებზე, ეს ცოტა არ იყოს, ამბიციური პროგნოზია, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია“, - განაცხადა აზიმ სადიკოვმა.