საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა და დღიურად მორიგი ანტირეკორდი, თითქმის 4 ათასი დადასტურდა. სპეციალისტები და კლინიკების დირექტორები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სისტემაში სერიოზული კრიზისი უკვე დაიწყო. კლინიკაში მძიმე პაციენტების მოთავსებასაც რამდენად შეძლებენ, რთული სათქმელია. კრიზისი შეინიშნება, როგორც საწოლ-ფონდის, ასევე სასწრაფო სამედიცინო დამხარების ბრიგადებისაც. თანაც, დღიური მაჩვენებლით, არც ლეტალური შემთხვევების რაოდენობა იკლებს.
ამის ფონზე კი, ხელისუფლება ე.წ ლოკდაუნის გამოცხადებას არ გეგმავს. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განმარტავენ, მორიგი ჩაკეტვა ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუარესებს. თუმცა, ვხედავთ, რომ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად მძიმდება და რეალურად, სრულ ქაოსამდე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს.
ყველაფერთან ერთად, ქვეყნის მთავარი სპეციალისტები მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას პროგნოზირებენ, რაც ჯანდაცვის სისტემას კიდევ უფრო მძიმედ დააწვება. ამ ყველაფერს საქართველოს ჯანდაცვა რამდენ ხანს გაუძლებს, უცნობია.
ინფექციონისტთა ერთი ნაწილი მომხრეა ქვეყანაში „ლოკდაუნი“ კიდევ ერთხელ გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამა თუ იმ წერტილოვანი შეზღუდვებით მორიგი პიკის შეჩერება თითქმის შეუძლებელი იქნება და მოსალოდნელია, რომ შედეგად ძალიან არასასიამოვნო სცენარი მივიღოთ. თუმცა, სპეციალისტების მეორე ნაწილი მორიგ ჩაკეტვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგaნ მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანის ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის. შედეგად კი, მოსახლეობის გაღატაკებას მივიღებთ.
ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი? - კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინას ერთადერთ ხნად მიიჩნევს ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე. მან For.ge-სთან საუბარისას განმარტა, რომ საქართველომ მთელი ძალისხმევა ვაქცინის მიღებას უნდა მოახმაროს. ამასთან, მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში გამოსაყოფია ცალკე სამედიცინო ბრიგადა, რომელიც არაკოვიდინფიცირებულებს გაუწევს დამხარებას, რადგან ქვეყანაში არსებობს სხვა დაავადებებიც, რომელიც საჭიროებს ყურადღებას. რაც შეეხება „ლოკდაუნს,“ მორიგ ჩაკეტვას ირაკლი ხმალაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„თუ ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება, კრიზისი, რა თქმა უნდა, იქნება. არ უნდა მოხდეს ისე, რომ რადგან მსუბუქი პაციენტია, სასტუმროში მიატოვონ. ეს დაავადება ვითარდება და ხშირად გადადის რთულ მდგომარეობაში - საუბარია ფილტვების ანთებაზე და სუნთქვის უკმარისობაზე. ყველა პაციენტი, რომელიც ბინაზე და სასტუმროში მკურნალობს, უპატრონოდ არ უნდა იყოს დატოვებული.
მძიმე ეპიდვითარების ფონზე, ისევ იმართება მიტინგები, ხდება ხალხის შეკრება. როდესაც საუბარია ასეთ რთულ ვითარებაზე, კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ადამიანების შეკრება, უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია. საბოლოოდ, შედეგად შესაძლოა მივიღოთ ეკონომიკური და სოციალური კოლაფსი, რომელიც არც კი ვიცით რაში გადაიზრდება.
მთელი ძალა უნდა მოვახმაროთ ვაქცინის შემოტანას. გერმანელებმა გამოაცხადეს, რომ 1-ელი დეკემბრიდან უკვე დაიწყებენ მოსახლეობის ვაქცინირებას, რომელსაც 98%-მდე აქტიურობა ახასიათებს. მოსახლეობის ვაქცინაცია უნდა მოხდეს განსაკუთრებით პატარა ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა ბევრი არ არის. ამდენი გარდაცვლილი ქვეყნისთვის და თითოეული ოჯახისთვის ძალიან ცუდია. მაქსიმალურად უნდა ვიფიქროთ ვაქცინირებაზე, სხვა არაფერი გვიშველის ამ ეტაპზე.
უნდა მოხდეს ავტობუსების გაჩერება, თუმცა, ტაქსები უნდა მოძრაობდეს. ტაქსიში, ასე თუ ისე, იზოლირებულია ადამიანი. ავტობუსში დისტანციის დაცვა არ ხდება, თან დახურული სივრცეა და ფანჯრებს ვერ გააღებენ სიცივის გამო. სრულიად გადაკეტონ ქალაქი და ტრანსპორტი გააჩერონ, ასე არ უნდა მოხდეს. მხოლოდ კოვიდპაციენტები ხომ არ არიან, ათასი დაავადება არსებობს. რა მნიშვნელობა აქვს რა მოკლავს?! სასწრაფოს იძახებენ და თუ სიცხე არ აქვთ, არ მიდის. სასწრაფოების რაღაც ნაწილი უნდა გამოეყოს, რომელიც მსგავს გამოძახებაზე გავა და უნდა იყოს ჯარიმა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტყუილად იძახებენ სასწრაფოს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას რამდენიმე თვე ჰქონდა იმისთვის, რომ მომზადებულიყო და კრიზისისთვის მარტივად გაეძლო. მისივე თქმით, ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაკეტვა სერიოზულად შეარყევს მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას.
„კრიზისი გვაქვს არა მხოლოდ საწოლ-ფონდის, არამედ ყველა მიმართულებით: პირადი ექიმი, სასწრაფოს გამოძახება, 112, ტესტირება-დიაგნოსტიკა... ყველა მიმარულებით სერიოზული კრიზისული სიტუაციაა ჯანდაცვაში. ეს იმის ბრალია, რომ არ ან ვერ მოვემზადეთ ამ ტალღისთვის, რომ შეგვემცირებინა ის ნეგატიური შედეგები, რომელიც დადგა, როგორც საავადმყოფოების გადატვირთვის კუთხით, ასევე სიკვდილიანობისა და ახალი შემთხვევების ზრდით.
საჭიროა სადიაგნოსტიკო სიმძლავრეებისა და ტესტირების გაზრდა. ბერკეტები ბოლომდე გამოყენებული არ არის. „კომენდანტის საათია“ შემოღებული, სწავლა დისტანციურზეა გადასული. ობიექტები შეზღუდულად მუშაობენ. ნებისმიერი ზედმეტი დაკეტვა უკვე ისედაც ჩამოშლილ ეკონომიკას, გააჩერებს. სრული „ლოკდაუნი“ იქნება კიდევ უფრო დიდი ტვირთი ქვეყნისთვის და სრული კატასტროფა ეკონომიკის კუთხით.
თუ ასე გავაგრძელეთ მართვა, კიდევ უფრო დიდი კატასტროფა გველოდება. ტრანსპორტის გაჩერება არის იგივე სრული „ლოკდაუნი,“ რის შედეგადაც ადამიანებს გაუჭირდებათ გადაადგილება, მათ შორის ჯანდაცვის საჭიროებების მისაღებად. ამიტომ ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა მოსახლეობისთვის. ტრანსპორტის გაჩერების მაგივრად, ამ ხნის განმავლობაში უნდა შემოეყვანათ ზედმეტი ტრანსპორტი, რომ გადავსებული არ იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე ზედმეტი სასწრაფო შემოეყვანათ და სამედიცინო ბრიგადები გადაემზადებინათ, დაემტებინათ. ეს იქნებოდა და დღესაც ეს არის გამოსავალი“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ For.ge-სთან.