სააკაშვილის ფინანსური ამნისტია _ უკანონოდ მითვისებული ბიზნესის დაკანონების მზაკვრული გეგმა

სააკაშვილის ფინანსური ამნისტია _ უკანონოდ მითვისებული ბიზნესის დაკანონების მზაკვრული გეგმა

მამია სანადირაძე ,,ნაციონალთა’‘ მილიარდობით ქონების შემსწავლელ კომისიას ქმნის და რეჟიმის გასამართლებას ითხოვს!

კომპანია „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე ფინანსურ და საგადასახადო ამნისტიას ეწინააღმდეგება და ახალი ინიციატივით გამოდის. ამასთან, არსებულ სამართლებრივ სისტემას უნდობლობას უცხადებს და კომისიის შექმნას გეგმავს, რომელიც ექსპერტებისგან, პროფესორებისა და პარლამენტარებისგან დაკომპლექტდება. კომისია ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსანთა ქონების წარმომავლობას შეისწავლის. საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მართალი სამართალი ღირსებისათვის’‘ ხელმძღვანელი მამია სანადირაძე ,,ვერსიას’‘ იმ დანაშაულებრივ სქემას უშიფრავს, რომლითაც ბიზნესმენებმა, წინა ხელისუფლების დროს, ქონება დაკარგეს. ამასთან, ,,კავკასუს ონლაინის’‘ ყოფილი მფლობელი იხსენებს, როგორ ჩაიგდეს მისი კომპანია სააკაშვილთან დაახლოებულმა ,,მეხინკლე’‘ ბიზნესმენებმა _ ძმებმა შარანგიებმა ხელში და როგორ მოხვდნენ ,,შემოიხედე გენაცვალეს’‘, ,,ქალაქურისა’‘ და ,,ძველი სახლის’‘ მფლობელები ინტერნეტ-ბიზნესში.

- ბატონო მამია, რატომ არ ეთანხმებით ფინანსურ და საგადასახადო ამნისტიას?

- საპარლამენტო უმცირესობის ეს ინიციატივა იმ კომპანიებს ეხება, რომლებმაც დიდი ქონება ხელში საეჭვო მაქინაციებით ჩაიგდეს და რომელი მაქინაციებითაც ათობით და ათასობით ბიზნესმენი გაიძარცვა. სამაგიეროდ, ერთი მუჭა ბიზნესმენები გამდიდრდნენ და დღეს იმაზეა საუბარი, ეს მიტაცებული ქონება დაუკანონდეთ. გაძარცვულ ბიზნესმენთა 90%, არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოში, წართმეული ქონების წარმომავლობას ვერ ამტკიცებს, ის 10% კი, რომელსაც ამის დამტკიცება შეუძლია, სააკაშვილისა და მისი ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფების წევრი მოსამართლეების ხელში მოხვდება, რომლებიც სასამართლო პროცესებს, ალბათ, წლობით გაწელავენ. მეორე თემაა საგადასახადო ამნისტია, რომელიც გადაუხდელ გადასახადებს ეხება. ესეც მახინჯი და მზაკვრული მოთხოვნაა, რადგან გადაუხდელ გადასახადებს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და კომპანიებს პატიობდნენ. ამ მოთხოვნითაც გვასულელებენ, თორემ, მაგალითად მე, თუნდაც 1 ლარის არგადახდა ვინ მაპატია? ხალხის გასულელებას თავი დაანებონ! მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მმართველი ძალის კრიმინალურ გეგმას არ ავყვებით და მოვითხოვთ, საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, სამართალმა პური ჭამოს. მძარცველი და თაღლითი კი, დაისაჯოს! ყველა ის მოყაჩაღო და კრიმინალური ელემენტი, ვინც ბოლო 25 წლის განმავლობაში, ხალხს ძარცვავს და სახელმწიფო ქონებას იპარავს, მოგებულია, რადგან ნაძარცვ ქონებას ახალ მთავრობას უნაწილებს და ხახლის ძარცვას ახალი ხელისუფლების პირობებშიც განაგრძობს. ჩემი ინფორმაციით, ახლაც მიმდინარეობს ფუსფუსი და სიტუაციის დალაგება _ ნათესავებისა და მეგობრების საშუალებით ცდილობენ, სხვადასხვა გზა იპოვონ. სააკაშვილის ფსევდოინიციატივაც სწორედ, ნაძარცვი ქონების ლეგალიზაციასა და ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას ემსახურება.

- გაქვთ კონკრეტული ფაქტები, ვინ ცდილობს ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დალაგებას?.. ძმები შარანგიები, რომლებმაც თქვენი კუთვნილი ,,კავკასუს ონლაინი’‘ გადაიფორმეს, თურმე, ბიძინა ივანიშვილთან მეგობრით ტრაბახობენ.

- ეჭვის საფუძველი ისაა, ეს ხალხი თავს დღემდე ლაღად რომ გრძნობს. მხოლოდ შარანგიების კი არა, იმ ბიზნესჯგუფების ქონებაც ხელშეუხებელია, რომლებიც ძველ მთავრობასთან ერთად, ზემოხსენებულ კომბინაციებში მონაწილეობდნენ. მართალია, დამადასტურებელი დოკუმენტები არ მაქვს, მაგრამ ბევრი მაწვდის ინფორმაციას და ვიცი, შარანგიებს ტრაბახით უთქვამთ, ახალ ხელისუფლებასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვმეგობრობთო. ჩვენს ორგანიზაციაში ექსპერტები, პროფესორები და, საერთოდ, ის ხალხი მოვიწვიეთ, ვინც მთელი ცხოვრება სამართლებრივ საკითხებზე მუშაობს. ვიმსჯელეთ და აღმოჩნდა, რომ კანონმდებლობა მთლიანად წინა ხელისუფლების კრიმინალურ საქმიანობაზეა მორგებული და, როგორც აღვნიშნე, მოსამართლეები პროცესებს წლობით გაწელავენ. ამასობაში კი, კომპანია თუ საწარმო, რომლის დაბრუნებასაც ბიზნესმენი შეეცდება, გაიძარცვება, ვალები დაუგროვდება და პატრონს გამოწურული ლიმონივით მიუგდებენ. მაგალითად, ,,კავკასუს ონლაინს’‘ ათეულობით მილიონი ლარის ვალი აქვს, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ამასობაში, ბაზრის წილი იკარგება, კომპანიაში კი, ,,ზონდერები’‘ და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მუშაობენ, რომლებსაც ინტერნეტთან შეხება საერთოდ არ აქვთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ,,ნაციონალებმა’‘ საკუთარ აქტივისტებს ხელფასი გადაუხადონ. ეს მხოლოდ ,,კავკასუსს’‘ არ ეხება, ესაა ზოგადი სქემა, როგორ გაძარცვა სააკაშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ქართული ბიზნესი.

- ვიდრე ,,კავკასუს ონლაინზე’‘ დეტალურად ვისაუბრებთ, ერთს გკითხავთ: თუკი კანონმდებლობაა შესაცვლელი, რასაც დრო დასჭირდება, გამოსავალი სადაა და ქონებაწართმეულმა ბიზნესმენებმა რა ქნან?

- როცა ნიურნბერგის პროცესზე ფაშისტებს ასამართლებდნენ, ყველა არ გაუსამართლებიათ. ამ პროცესზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დამტკიცდა და ადამიანის ღირსების შემლახავი ფაქტები გამოვლინდა. თუ ერთ ფაქტს მაინც დავამტკიცებთ, რომ ადამიანს ღირსება აჰყარეს, ეს უნდა განზოგადდეს, პოლიტიკური შეფასება მიეცეს და რეჟიმი გასამართლდეს. ვაპირებთ, შევქმნათ კომისია, რომელიც ცრუმაგიერ პირებზე გაფორმებული მილიარდობით ქონების საქმეს გამოიძიებს. დღეს საქართველოს ეკონომიკის 90%-ს, ცრუმაგიერი პირების საშუალებით, ისევ ,,ნაციონალები’‘ აკონტროლებენ, ათობით ათასი ადამიანი კი, გაძარცვულია. საერთოდ, ეშმაკს ეშმაკობაში ვერ აჯობებ. ამიტომ, მათ დახლართულ ბილიკებს არ უნდა გავყვეთ _ ,,ნაციონალებს’‘ ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული. რა უნდა დაამტკიცოს მარჩენალდაკარგულმა ოჯახმა, რომლის ქონებაც მიიტაცეს ან რა ქნას იმ ადამიანმა, რომელსაც ციხეში, ცოლის გაუპატიურების მუქარით, ქონება სხვა პირზე გადააფორმებინეს? რომელი სასამართლო გაუძლებს, ათიათასობით საქმე განიხილოს? ზემოხსენებული კომისია ზედაეშელონების სახელმწიფო მოხელეების ხელში აღმოჩენილი მილიარდობით ქონების წარმომავლობას გამოიკვლევს და გამოიძიებს, როგორ გადაიფორმა, მაგალითად, ვიღაცის 80 წლის მამიდამ მილიარდიანი სუპერმარკეტი.

- შარანგიებმა ,,კავკასუს ონლაინი’‘ ხელში როგორ ჩაიგდეს. პროკურატურაში, ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნით, სარჩელი შეიტანეთ?

- ,,კავკასუს ონლაინი’‘ შარანგიების, უფრო ზუსტად, ,,ჯი ემ სი ჯგუფის’‘ სასარგებლოდ, იძულებით გადამაფორმებინეს. სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციამ ერთდროულად განახორციელა შეტევა კომპანიაზე: თავდაპირველად, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 660 000 ლარით, უკანონოდ დაგვაჯარიმა. ამის შემდეგ, საგადასახადოს თანამშრომლებმა გამოგვიცხადეს, ინტერნეტს იაფად ჰყიდით, რის გამოც სახელმწიფომ, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) სახით, 11 000 000 ლარი ვერ მიიღოო და 11 000 000 ლარით დაგვაჯარიმეს. არადა, ფასებს ბაზარი არეგულირებს _ ,,გაერთიანებულ ტელეკომში’‘ ინტერნეტ-მომსახურება 15 ლარი ჯდებოდა და მეც ასე ვყიდდი. ბიზნესმენი ვარ და მეტად გაყიდვა რომ შემძლებოდა, გავყიდდი კიდეც. 11 000 000 ლარის გადახდა ,,კავკასუსს’‘ არ შეეძლო, არადა, თუ ამ თანხას არ გადავიხდიდი, დამაპატიმრებდნენ. გარდა ამისა, გიორგი რამიშვილი, იგივე ,,ზარალა’‘, თავისი კომპანია ,,სილქნეტის’‘ სასარგებლოდ, ჩვენს კაბელებს ჭრიდა და ამაში მერიის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. აი, ასეთ ვითარებაში მოვიდნენ ჩემთან ,,ჯი ემ სი ჯგუფის’‘ წარმომადგენლები და მითხრეს, თუ ქონებას გადავუფორმებდი, ყველაფერს დაალაგებდნენ. იძულებული ვიყავი, ჩემი კომპანია ,,კავკასუს ონლაინი’‘ მათთვის გადამეცა, რადგან ფსიქოლოგიური ზეწოლის გარდა, უკმაყოფილო აბონენტებიც სხვა კომპანიაში გაედინებოდნენ. ერთ დღეს კი, ყველა სახელმწიფო ორგანიზაციამ, რომელიც ჩემს ქსელში იყო ჩართული, მომწერა, თქვენი კლიენტი აღარ ვარო. პრაქტიკულად, სახელმწიფომ საბოტაჟი მოგვიწყო. ეს ჩვეულებრივი ორგანიზებული დანაშაული გახლდათ, რომელიც ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და ,,სილქნეტი’‘ თუ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტი გამოიყენა. იძულებული ვიყავი, კომპანია გადამეფორმებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთხი შვილით ქუჩაში ვრჩებოდი, რადგან ჯარიმების გამო, სახლსაც დავკარგავდი. უსამართლო სასამართლოზე იმედს არ ვამყარებ, ვაპირებ, ჩამოვაყალიბო საზოგადოებრივი აზრი, ხალხმა რეჟიმის გასამართლება რომ მოითხოვოს. ვინც დანაშაული ჩაიდინა, სამაგალითოდ უნდა გასამართლდეს, რათა სამომავლოდ, მთავრობაში ხელი აღარავის წაუცდეს და სუსტის დაჩაგვრა აღარ მოუნდეს.