საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება.
ნიკოლა სარკოზის გარდა, სასამართლოს წინაშე მისი ადვოკატი ტიერი ერცოგი და საკასაციო ინსტანციის ყოფილი მოსამართლე, ჟილბერ აზიბერი წარდგებიან.
ნიკოლა სარკოზისა და მის ადვოკატს ტიერი ერცოგს ბრალად ედებათ ყოფილი მოსამართლის, ჟილბერ აზიბერის მოქრთამვის მცდელობა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ნიკოლა სარკოზი და მისი ადვოკატი ტიერი ერცოგი ჟილბერ აზიბერის მოქრთამვას ცდილობდნენ და გამოძიების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ მას მონაკოში სამუშაოს სთავაზობდნენ.
საქმე ნიკოლა სარკოზის მიერ 2007 წლის საარჩევნო კამპანიისთვის უკანონო შემოწირულობების შესაძლო გამოყენების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
სასამართლო პროცესი 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. კორუფციაში ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, ნიკოლა სარკოზის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრება.