„ქილერას“ დავალებული ჰქონდა, ციხიდან ცოცხალი არ გამოვეშვი“

„ქილერას“ დავალებული ჰქონდა, ციხიდან ცოცხალი არ გამოვეშვი“

ერთი კვირის წინ for.ge-მ დაბეჭდა ინტერვიუ პოლიტპატიმრობიდან განთავისუფლებულ სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან, სადაც იგი ყვებოდა, როგორ აწამებდნენ ციხეში, როგორ გახდა იძულებული, რაიმე მითი მოეგონა, რათა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს რამდენიმე დღით მაინც დაენებებინათ მისთვის თავი. ამიტომაც მაისაიამ „აღიარა“ გერმანიის სადაზვერვო სამსახურის, „აბვერის“ აგენტობა და განაცხადა, რომ ლაჰუზენის და ადმირალ კანარისის დავალებით მოქმედებდა, რაც კონტრდაზვევრის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაიჯერეს. ამის შემდეგ კი მასთან დასაკითხად რუსული „ფე-ეს-ბე“-ს წარმომადგენელი მივიდა, რომელიც ვახტანგ მაისაიას ეკითხებოდა, საიდან იცოდა მან, რომ ლუჟკოვს აფხაზეთში ჰქონდა ინტერესები.

გთავაზობთ ამ ინტერვიუს მეორე ნაწილს, სადაც სამხედრო ექსპერტი ყვება, როგორ უპირებდნენ მას ციხეში მოკვლას ე.წ. „ქილერას“ დავალებით.

ბატონო ვახტანგ, გასაგებია, რომ თქვენს განაჩენს გრიფისაიდუმლო“ ადევს, მაგრამ თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა მტკიცებულებებს ეყრდნობოდა თქვენს წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი?

- არანაირი მტკიცებულება. საქმის მასალების მიხედვით, მტკიცებულება იყო ჩემი ლეპ-ტოპი, რომელიც სხვათაშორის, დაულუქავი მოიტანეს, ასევე „ფლეშკა“, სადაც ჩემი მასალები იყო თავმოყრილი და „კაგებე“-ს წიგნაკი, რომელიც იყო სუვენირი და ხუთ დოლარად იყიდებოდა. ამ წიგნაკში ჩაკრულია ჩემი ფოტოსურათი, წერია, ვახტანგ მაისაია - გენერალ-პოლკოვნიკი. სამივე ეს მტკიცებულება სასამართლო განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდა.

არ გიფიქრიათ, რომ შესაძლოა, თქვენილეპტოპი“ დაფლეშკაარ გაუნადგურებიათ?

- ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ვიცი, რომ კონტრდაზვერვის თანამშრომლები ჩემს მასალებს იყენებდნენ. ისიც ვიცი, რომ ჩემს „ლეპტოპს“ თვალი დაადგა ორჯონიკიძემ, რადგან მასში ისეთი მასალები იყო, რომლებსაც ის იყენებდა. ამიტომ, არც ის გამიკვირდება, თუ გავიგებ, რომ ჩემი „ლეპტოპი“ დღეს ორჯონიკიძეს აქვს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩემი მასალები მიხეილ სააკაშვილის სპეც-სამსახურებმა ჩაიგდეს ხელში.

თქვენ განაცხადეთ, რომ როდესაც აპირებდით ნატოსთვის მიგეწონებინათ ინფორმაცია, რომ თქვენ ნატოს სპეც-სამსახურების ჯაშუშობის ბრალდებით გაგასამართლეს, იმ ციხის პატიმრებს, სადაც თქვენ იჯექით, საფრთხე შეექმნათ და ამიტომ იმ ეტაპზე ინფორმაციის გამხაურებისგან თავი შეიკავეთ. რას გულისხმობდით ამაში?

- უნდა შემოეყვანათ სპეც-რაზმი და პატიმრები დაერბიათ. ამასთანავე, პატიმრებს წაართმევდნენ ტელევიზორებს და (ჯერ ციხეში სეირნობა რა არის) სასეირნოდაც აღარ გაიყვანდნენ. გარდა ამისა, მათ ტელეფონით სარგებლობასაც აუკრძალავდნენ, ანუ სრულ იზოლაციაში მოაქცევდნენ.

თქვენ საიდან გქონდათ ეს ინფორმაცია, რომ ამგვარი ოპერაცია იგეგმებოდა?

- თვითონ მკურნალიძემ და ჭაკუამ მითხრეს ამის შესახებ. ამასთანავე, პირდაპირ მითხრეს, რომ მეორედ თუ გავბედავდი ამ ინფორმაციის ციხიდან გატანაზე ფიქრს, საერთოდ მომკლავდნენ. ეს ყველაფერი მოჰყვა ჩემს მცდელობას დავკავშირებოდი ნატოს და მისი ხელმძღვანელობისთვის მიმეწოდებინა ჩემს შესახებ ინფორმაცია.

თქვენი მონაყოლიდან ირკვევა, რომ თქვენი თანდასწრებით სპეც-სამსახურების თანამშრომლები, ასე ვთქვათ, ძალიან გულახდილად საუბრობდნენ და როგორ ფიქრობთ, რატომ იქცეოდნენ ისინი ასე და რატომ იყვნენ დარწმუნებულები, რომ თქვენ ამ ინფორმაციას გარეთ ვერ გამოიტანდით?

- ისინი ფიქრობდნენ, რომ მე ციხიდან „ფეხებით წინ“ გამომიტანდნენ. როდესაც ჩემს ადვოკატს, ნათია კორკოტაძეს ჩემს შესახებ მოვუყევი და მან ეს ინფორმაცია 22 ივნისს გაახმოვანა, ამის შემდეგ, 24 ივნისს ღამით ამიყვანეს არაკაც მელაძის კაბინეტში, შემოვიდნენ ორჯონიკიძე და ბაბუციძე და მითხრეს, რომ რადგან მე ეს ინფორმაცია გავახმიანე, ამიტომ მათი მტერი ვიყავი და დამემუქრნენ, რომ ჯერ სამჯერ ჩამაგდებდნენ კარცერში, შემდეგ 20 წელს მომისჯიდნენ და ციხიდან გამასვენებდნენ, ანუ იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. მინდა გითხრათ, რომ ორჯონიკიძემ სამივე დანაპირები შეასრულა, რადგან როგორ მოგახსენეთ ერთი წლის განმავლობაში კარცერში სამჯერ კი არა, ოთხჯერ ჩამაგდეს. ოცწლიანი თავისუფლების აღკვეთაც მომისაჯეს, მესამე დანაპირებიც, პრაქტიკულად, შეასრულეს, რადგან 2010 წლის 24 აგვისტოს ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის მიზნით ჩემზე თავდასხმა განხორციელდა. უბრალოდ ეს არაპროფესიონალურად იქნა გაკეთებული და ამიტომ გადავრჩი.

24 აგვისტოს თავდასხმას რამე უძღოდა წინ?

- ჩემმა თანამოაზრემ, პოლიტპატიმარმა მელორ ვაჩნაძემ დაიწყო შიმშილობა და სოლიდარობის ნიშნად 18 აგვისტოს მეც შიმშილობა გამოვაცხადე. სხვათაშორის, მაშინ ეს ინფორმაცია ეკა ბესელიამ გაახმაურა (მაშინ იგი ადვოკატი იყო). 24 აგვისტოს ჩემთან შემოვარდნენ და შიმშილობის შეწყვეტა მოითხოვეს. ჩემზე ზეწოლის მოსახდენად ჩემს თვალწინ ჩემი თანამეინახეების ცემა დაიწყეს. ეს ხდებოდა ჩემი პროვოკაციაზე წამოგების მიზნით, რათ შემდეგ ჩემი ლიკვიდაცია მოეხდინათ. პროვოკაციაზე ვერ წამომაგეს და ამიტომ პირდაპირ დამესხნენ თავს, ხელები შემიკრეს, თავში კასტეტი ჩამარტყეს და დამიწყეს ცემა. გარკვეული ხნის შემდეგ გონება დავკარგე და როგორც მოგვიანებით მითხრეს, როდესაც უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ვცურავდი, რაციით ხელმძღვანელობას (სავარაუდოდ, მუხაძეს) შეატყობინეს, მაისაია „ტრუპიაო“, იქიდან კი მოვიდა ბრძანება, კარგი, მაშინ გააფორმეთ, როგორც წესი და რიგიაო.

ამაში რა იგულისხმებოდა?

- ნუ, გამაფორმებდნენ, რომ თითქოს კიბიდან ჩამოვვარდი, თავი დავარტყი და ამის შედეგად მოვკვდი. მოგვიანებით, როდესაც მოვსულიერდი, ექიმების ორი ბრიგადა მადგა თავზე, მათ მომასულიერეს, რაღაც ნემსი გამიკეთეს, მაგრამ ვერ ვმოძრაობდი, სხეულს საერთოდ ვერ ვიმორჩილებდი. ამის შემდეგ შემიყვანეს ცალკე საკანში, სადაც შემოვიდა „ქილერა“ (ალექსანდრე მუხაძე) და მითხრა - შიმშილობა უნდა შეწყვიტო და ციხის განაწესს დაემორჩილო, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ღამით დავასრულებთ იმას, რაც დავიწყეთო. მან ასევე მითხრა, რომ ჰქონდა ბრძანება, იმ დღეს იმ საკნიდან ცოცხალი არ გამოვეშვი.

თქვენ განაცხადეთ, რომ ვიღაცამ მოგიყვათ ის, რაც თქვენი უგონო მდგომარეობაში ყოფნის დროს ხდებოდა. ვინ მოგიყვათ ამის შესახებ?

- იქ იყო ციხის რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც გულწრფელად თანამიგრძნობდა. რა თქმა უნდა, ისინი ამას ღიად არ გამოხატავდნენ, მაგრამ შეძლებისდაგვარად გვერდში მედგნენ. სხვათაშორის, მათ შორის იყო ლადო ბედუკაძე, რომელმაც იმ დღეს გამაფრთხილა, რომ ჩემს წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმებოდა და ფრთხილად ვყოფილიყავი. მან ასევე გამაფრთხილა, რომ საკანში, სადაც შემიყვანეს ჩემზე ფარული აუდიო და ვიდეო თვალთვალი ხორციელდებოდა. გარდა ამისა, მან მითხრა, რომ თუ რამე დამჭირდებოდა, შემეძლო მისთვის მიმემართა და ის შეძლებისდაგვარად დამიდგებოდა გვერდით. ყველაფერ ამისთვის მინდა ლადოს დიდი მადლობა გადავუხადო.

თუკი მუხაძეს თქვენი ლიკვიდაცია ჰქონდა დაგეგმილი, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ის, რომ გადარჩით?

- ჩემს გვერდით იდგნენ ისეთი ადამიანები, როგორიც არის ჩემი ადვოკატი ნათია კორკოტაძე, ბატონი უჩა ნანუაშვილი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი (ბატონები სოსო ცისკარიშვილი და მამუკა არეშიძე), ასევე დიტო ლორთქიფანიძე, რომელიც დეპუტატი იყო, შემოაღწია ჩემთან და მისი მოხსენების საფუძველზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩემი ცემის ფაქტი დააფიქსირდა. მინდა თქვენი მეშვეობით თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ჩემი ცემის ფაქტის გახმაურებამ კონტრდაზვევრის დეპარტამენტი ცოტა შეაშინა და ამის წყალობით გადავრჩი. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ეკა ბესელიას, მანანა კობახიძეს, გელა ნიკოლაიშვილს, ნანა კაკაბაძეს, ასევე ყველა პოლიტპატიმარს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩემი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და ვინც ამ ფაქტის გახმაურებაში შეიტანა წვლილი.

თქვენ აღნიშნეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ძალიან ეშინოდა იმის გახმაურების, რომ თქვენ ნატოს ჯაშუშობის ბრალდებით გაგასამართლეს. როგორ ფიქრობთ, მაშინ რატომ წაგიყენეს სწორედ ეს ბრალდება?

- მათ ჯერ ჩემი დისკრედიტაცია მოახდინეს, რადგან რუსეთის ჯაშუშობა დამაბრალეს, თუმცა როგორც მე ვიცი, თავად ნატოს სტრუქტურების მხრიდან სააკაშვილის ხელისუფლებას გარკვეული ზეწოლა ხორციელდებოდა, ოღონდ ეს არაფორმალურად ხდებოდა. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩემს შესახებ გიორგი ჯანელიძის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენებაზე ნატოს მეკავშირე ოფიცერი დაესწრო. ასეთი რამ არ ხდება არასდროს, რადგან ნატოს მეკავშირე ოფიცერს ნებისმიერ პოლიტიკურ ღონისძიებაზე დასწრება ეკრძლება. მით უმეტეს, ამ შემთხვევაში საუბარია ნატოს სამხედრო მეკავშირეზე. ამით მან დააფიქსირა ის, რომ ნატოს მეკავშირის ამ ფილმზე დასწრებით ნატომ თავისი პოზიცია დააფიქსირა, რაც მიშა სააკაშვილისთვის სიგნალი უნდა ყოფილიყო.

ამდენად, თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაცია ნატოს ჰქონდა?

- დიახ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა ბრალდება მქონდა მე წარდგენილი. მოგეხსენებათ, ჩემი საქმე გასაიდუმლოებლი იყო.

აქვე აუცილებლად მინდა შევეხო ერთ საკითხს. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად ოპერატიული ინფორმაციის გაჟონვა მოახდინა, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთთან ჯაშუშების გაცვლას აპირებდა. მინდა გითხრათ, რომ ჩემთან „ფე-ეს-ბე“-ს თანამშრომილს შემოყვანით ვანო მერაბიშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან ამოცანას ახორციელებდა. პირველი იყო ის, რომ მან კრემლის მიმართულებით გაუშვა სიგნალი, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ დასავლეთის სპეც-სამსახურების ჯაშუში დააკავა. ამით მერაბიშვილი მათ სთავაზობდა, რომ თუ რუსეთს ეს ადამიანი (ანუ მე) დააინტერესებდა, შეეძლოთ ჩამოსულიყვნენ და მათ ჩემს თავს გადასცემდნენ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იმ პერიოდში რუსეთს ლიტვინენკოს გამო ბრიტანეთთან ძალიან რთული ურთიერთობა ჰქონდა. ამასთანავე, იმ პერიოდში საქართველოში ოპოზიციური გამოსვლები იყო, მიშას რეჟიმი ირყეოდა, მას უკვე დასავლეთიდანაც აკრიტიკებდნენ და ამიტომ მფარველი სჭირდებოდა. ჩემი დასავლეთის სპეც-სამსახურების ჯაშუშად გამოცხადებით, მიშა ცდილობდა კრელმზე გასულიყო და მათთვის ეცნობებინა, რომ მიუხედავად ომისა და მიუხედავად ყველაფრისა, მზად იყო კრემლის მფარველობა მიეღო. ამ შემთხვევაში მე მისთვის იდეალური ვარიანტი ვიყავი და სწორედ ამიტომ ჩამომიყვანეს „ფე-ეს-ბე“-ს აგენტი. შემდეგ ჩამიყვანდნენ ლუბიანკაში და იქ ისე დამამუშავებდნენ, რომ... იქ მოხვედრას, მერჩივნა მოვმკვდარიყავი. რუსეთისთვის ჩემი გადაცემით კი მიშა კრემლის ინდულგენციებს მიიღებდა.

როგორც მიშამ ჯაშუშობა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დამაბრალა, არ მინდა, მეც მტკიცებულების გარეშე მასზე რამე ვთქვა, მაგრამ მე ვსაუბრობ მტკიცებულებებით, რომლებითაც დასტურდება, რომ მიშა, სულ მცირე, რუსეთის გავლენის აგენტი მაინც არის. ჩემი საქმე არის რუსეთის სპეც-სამსახურებთან მიშას კავშირის მადასტურებელი.

აპირებთ რომ თქვენს საქმესთან დაკავშირებით ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდეთ და პირადად მოახსენოთ ყველაფერი?

- თუ მისი სურვილი იქნა, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ. მოგეხსენებათ, მე ნატოს სტრუქტურებში ვმუშაობდი და ნატოს გენერალური მდივანი პრაქტიკულად ჩემი ხელმძღვანელი იყო. ამიტომ, მე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ყველაფრის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენო. ამასთან დაკავშირებით მე მას ოფიციალური მიმართვაც გავუგზავნე. შესაბამისად, თუ ამის საშუალება მომეცემა, მე აუცილებლად შევხდები ბატონ რასმუსენს და პირადად მოვახსენებ ყველაფერს.