სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო მუნდიალი და რვაფეხა პაული ალბათ განუყრელი ცნებები გახდა. „რვაფეხა–მკითხავმა“ მისთვის „მირთმეული“ ყველა თამაშის შედეგები ზუსტად იწინასწარმეტყველა და თავის მედმივ საქმეს დაუბრუნდა. უკვე მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ მისანს სიმღერებს უძღვნიან და ტოტალიზატორები ახალ კარიერას სთავაზობენ. პაულს უკვე მიმდევარიც გამოუჩნდა, სიდნეის ზოოპარკის ბინადარ ნიანგ ჰარის სახით, რომელსაც არჩევანის გასაკეთებლად ორ მაცდურ წიწილას სთავაზობენ.
– გერმანიის ქალაქ ობერჰაუზენის ოკეანარიუმის მკვიდრი წინასწარმეტყველი „რვაფეხა“ „თანამდებობიდან გადადგა“. ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეითედ პრესი“ იუწყება. ოკეანარიუმის წარმომადგენლის, ტანია მუნცინგის განცხადებით, ის ამიერიდან მისთვის ჩვეული საქმიანობით დაკავდება.
„პაული თანამდებობიდან მიდის. ახლა ის იმ საქმით დაკავდება, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის – მწვრთნელებთან თამაში და ბავშვების გამხიარულება, რომლებიც მას სანახავად სიამოვნებით სტუმრობენ“, – აცხადებს მუნცინგი.
რვაფეხა პაულმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა მატჩის შედეგი გამოიცნო, რომელშიც გერმანია მონაწილეობდა და ესპანეთის ნაკრებსაც მსოფლიო ჩემპიონობა უწინასწარმეტყველა.
ცნობილ მისანს ტოტალიზატორები ახალ კარიერასაც სთავაზობენ. გაზეთ „24 საათის“ ცნობით, რვაფეხა პაული, რომელმაც საკუთარი წინასწარმეტყველებებით გერმანიის ნაკრების თითოეული თამაშის ბედი, მოგვიანებით კი ფინალური დაპირისპირების შედეგები განსაზღვრა თუ გამოიცნო, საბუკმეკერო კანტორებისთვის მეტად სასურველი არსება გახდა.
– ობერჰაუზენის ოკეანარიუმის ბინადარმა მათი მხრიდან წამოსულ მაცდურ წინადადებებს დამსახურებულ პენსიაზე გასვლა ამჯობინა. ამასთან არც ასაკითაა პატარა. ადამიანური საზომებით მედიუმი პაული პაპად გვეკუთვნის. საქმე ისაა, რომ Octopus vulgaris, რომლის ოჯახსაც განეკუთვნება მისანი რვაფეხა, ყველაზე დიდი სამ წელიწადს ცოცხლობს. პაული კი ორწლინახევრისაა.
ირკვევა, რომ დარჩენილ ცხოვრებას წინასწარმეტყველი პაული მშობლიურ აკვარიუმში გაატარებს, სადაც მას სითბოს და სიყვარულს არ მოაკლებენ. მიუხედავად საქვეყნო აღიარებისა, პაული მეტად მოკრძალებული ყოფილა: დღეში საკვებად ორი მიდია ჰყოფნის.
პაულს წინასწარმეტყველების ნიჭი პატარაობიდანვე აღმოაჩნდა. ოკეანარიუმის ბინადართა დახმარებით აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ტრადიციულად ეწყობოდა ერთგვარი მკითხაობები. რვაფეხების არ იყოს, მარჩიელობის ნიჭი ჰქონიათ ცხენთევზებსაც. ყოველივე კი ძირითადად დამთვალიერებელთა მოსაზიდად კეთდებოდა. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც პაულმა გერმანიის ნაკრების შედეგების 80 პროცენტი გამოიცნო, არავის უფიქრია, რომ სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე მედიუმის ნიჭი საქვეყნო მონაპოვარი გახდებოდა.
გერმანიის ნაკრები თითოეული შეხვედრის წინ სწორედ მას გერმანელთა ავგაროზად შერაცხულ რვაფეხას მიმართავდა. დროთა განმავლობაში პაულის შესაძლებლობები ყველამ ირწმუნა, მას პროგნოზისთვის სხვა ნაკრებებმაც მიმართეს. მადლიერმა ესპანელებმა მისანს პოლიტიკური თავშესაფარიც კი შესთავაზეს და იმავდროულად დადეს პირობა, საფეხბურთო წინასწარმეტყველის ხელშეუხებლობისთვის შესაბამის კანონს მივიღებთო.
ერთი სიტყვით, პაული ჩემპიონატის ნამდვილი სომბოლო გახდა, რომელსაც მავანმა ლექსიც მიუძღვნა. გარდა ამისა, Facebook-ზე აქვს საკუთარი გვერდი, სადაც დარეგისტრირებულია რვაფეხას 5 ათასზე მეტი თაყვანისმცემელი.
ამასობაში რამდენიმე მსხვილი საბუკმეკერო კანტორა მზადაა მოლუსკის სანაცვლოდ დიდი თანხა გაიღოს. ბოლო ხანებში პაულისადმი ინტერეს ავლენენ ბროკერებიც, რომლებიც ოცნებობენ რვაფეხას ბინა დაუდონ საფონდო ბირჟაზე და საკუთარ საქმისთვის დახმარება შესთხოვონ. ეგაა, უკვე ასაკოვან წინასწარმეტყველს საკუთარი ნავთასყუდელის დატოვება არ სურს. მათ შორის არც მსოფლიოს ჩემპიონებთან გამგზავრება. ფაქტია, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პაული ესპანეთში დაპატიჟა.
მისანი რვაფეხასი შურთ მეცნიერებსაც, რომლთა ზუსტი მათემატიკური გამოთვლებიც რვაფეხასთან შედარებით დიდი სისულელე აღმოჩნდა. ფარდობითობის თეორიის ცნობილი ბრიტანელი პროფესორი დავიდ შპიგელხატელტერიც კი აღიარებს, რომ წინასწარმეტყველმა რვაფეხამ მისი აქამომდელი ნაშრომები წყალში გადაყარა, რამეთუ ყველა შედეგის გამოცნობის ალბათობა 1 პროცენტზე ნაკლებია, – წერს „24 საათი“.
ამავე დროს, რადიო კომერსანტის ცნობით, რვაფეხა პაული სამხრეთ აფრიკის რესტორნების ქსელის „სახე“ გახდება, რომლებიც ზღვის პროდუქტების მომზადებაზეა სპეციალიზებული. სწორედ უნიკალური თვისებების გამო პაული ქსელის მთავარი კერძის სიმბოლოდ იქცა, რომელიც სპორტული გულშემატკივრებისთვისაა განკუთვნილი.
ამერიკელმა მუსიკოსმა პერი გრიპმა, პოპ–პანკ ჯგუფის Nerf Herder–ის ვოკალისტმა რვაფეხა–მკითხავ სიმღერაც მიუძღვნა. სიმღერას ეწოდა Paul The Octopus („რვაფეხა პაული“) და მისამღერში არის ფრაზა – „რვაფეხა პაულ, ჩვენ შენ გვიყვარხარ!“. სიმღერის ავტორი, გრიპი ცნობილია თავის მოკლე და აქტუალურ თემებზე დაწერილი სიმღერებით.
შეგახსენებთ, რომ პაული თავდაპირველად მხოლოდ გერმანიის მატჩების შედეგებს იცნობდა. მოლუსკთან მიჰქონდათ კონტეინერებში მოთავსებული, ორი ერთნაირი ნიჟარა, რომლებზედაც დატანილი იყო მეტოქე ქვეყნების დროშები. პაული არჩევანს მომავალ გამარჯვებულ ქვეყანაზე აკეთებდა.
პაულმა ზუსტად გამოიცნო გერმანიის გამარჯვებები –ავსტრალიასთან, განასთან, ინგლისთან და არგენტინის გუნდთან, იწინასწარმეტყველა დამარცხებებიც – სერბეთთან და ესპანეთთან.
9 ივლისს, პაულმა ზუტად გამოიცნო ბრინჯაოსა და ოქროს მომავალი მფლობელები – გერმანია და ესპანეთი.
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, რვაფეხა პაულის ახალი „მიმდევარი“ ნიანგი ჰარი გამოუჩნდა. ეს უკანასკნელი სიდნეის (ავსტრალია) ზოოპარკის ბინადარია. ეტყობა, ამ ზოოპარკის მფლობელმა მიკ ბერნსმა გადაწყვიტა, ყურადღების მიღმა არ დარჩენილიყო და „ჰარის“ „წინასწარმეტყველური“ შესაძლებლობების დემონსტრირება მოეხდინა.
700-კილოიან ნიანგს არჩევანის სახით ორი წიწილა შესთავაზეს: ერთი – ესპანეთის დროშით, მეორე – ჰოლანდიის. „ჰარიმ“ „ესპანური“ წიწილა შესანსლა, რაც თურმე იმას ნიშნავს, რომ კვირას ფინალს ესპანეთის ნაკრები მოიგებს. ზოოპარკის მფლობელმა კი, ჩემი რაღა მიდისო და, ანგარიში იწინასწარმეტყველა – 1:0 ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდო. მერე ესეც არ იკმარა და თამაშის შინაარსიც „გაგვიმხილა“ – ძალიან დაძაბული და აგრესიული ბრძოლა იქნებაო. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს წინასწარმეტყველებაც საფინალო შეხვედრამდე გაკეთდა. რა უნდა თქვას ამაზე კაცმა, თუ არა – არ ვიცი, რა ვიცი მე...
ერთი სიტყვით, ფაუნის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მსოფლიოს ჩემპიონატში და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალი მუნდიალისთვის ეს კიდევ უფრო აქტიურ ხასიათს მიიღებს. ფეხბურთის გულშემატკივრების თქმით, „ჩვენ რა, ტოტალიზატორის მეპატრონეებმა იკითხონ...“