დიტო გელოვანი: დაახალე პირდაპირ... ფეხებში

დიტო გელოვანი: დაახალე პირდაპირ... ფეხებში

პეტერბურგის სადგურზე კვაჭს ექიმი ყორანაშვილი შეჰხვდა. ისიც ოსმალეთის ფრონტისკენ მოდიოდა. სამხედრო ექიმის ტანისამოსი ეცვა. ერთმანეთი მოიკითხეს. ყორანაშვილი კვაჭმა თავის კუპეში შეიპატიჟა. არზრუმამდის ერთი კვირა იმგზავრეს. იმ ერთ კვირაში ყორანაშვილმა ერთი სიტყვაც არ დასძრა არც ექიმობაზე, არც სხვა საგანზე: შვიდ დღეში კვაჭი არქეოლოგიით და ისტორიით გაჰბერა. დილიდან საღამომდე ყურში ჩაბზუოდა: „ურარტუელნი... ნაირები... ალაროდიელნი... ფაზისი... კარნუ ქალაქი... ნიკოფსია... არხეოპოლი... ხეტნი... სუმერიელნი...!! ადარნასე... ღლიღვნი...ლენორმანი და შარდენი... თარგამოსი და ქართლოსი... ოძრახე და გურჯიბოღაზი“. ბოლოს კვაჭმა ყველა სახელები და ეპოქები ერთმანეთში აურია და თქვა: „აჰ, ვერაფერი გევიგე. ისტორია ჩემი საქმე არ ყოფილა“.

(მიხეილ ჯავახიშვილი, „კვაჭი კვაჭანტირაძე“)

„ჩვენ ყველანი გავფრინდებით და საქართველო ისეთი იქნება, როგორიც ერთაოზს წარმოედგინა, - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეჟისორ ელდარ შენგელაიას დაბადების 80 წლის იუბილე ასე მიულოცა. მისივე თქმით, ქვეყანა ყველა იმის ჯინაზე  გაფრინდება, ვისაც „ჩვენი დამიწება და ცხრაკლიტულში გამოკეტვა სურს“. „ელდარ შენგელაია არის სულით ახალგაზრდა, რადგან არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ახალს სწავლობს და ყველაფერ ახალს უყურებს კეთილი თვალით, ესეც არის გენიოსობის დამახასიათებელი თვისება. რა თქმა უნდა, ყველანი გავფრინდებით, აუცილებლად, ჩვენი ქვეყანაც გაფრინდება ყველა იმის ჯინაზე, ვისაც უნდა დაგვაკაოს, დაგვამიწოს, ცხრაკლიტულში მოგვათავსოს. ჩვენი მთავარი ნატვრა ახდება, ყველაზე გაბედული რაღაცები მოხდება და საქართველო ისეთი იქნება, როგორიც ერთაოზს წარმოედგინა და, როგორც ჩვენ ყველას გვინდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა“.

პირდაპირ ნიუსით დავიწყე... რა თქმა უნდა, ეს არ იყო მთავარი და რაც არ უნდა თქვან და რაც არ უნდა განაცხადონ, დავოსზე მთავარი, ირაკლი ალასანიას ვიცე–პრემიერობიდან მოხსნაზე მთავარი, ჩოჩელის დაჭერა–გამოშვებაზე მთავარი, მძღოლების გაფიცვაზე მთავარი, საერთოდ, ყველაფერზე მთავარი არის გაგება, ანუ ფიქრი, გააზრება, წვდომა და, თუ გნებავთ, მუღამის დაჭერაც. ისე, რომ იცოდეთ, მუღამის დაჭერასაც მუღამის დაჭერა უნდა. ერთს თუ დაიჭერ, მერე სულ ამუღამებ და ამუღამებ და სულ დაჭერის მუღამში ხარ.

ჩვენში დარჩეს და, ყველა დასაჭერია – ისიც, ვინც 2003 კვადრატში აიყვანა და ისიც, ვინც კვადრატში აყვანილი 2003–დან კუბური ფესვი ამოიღო... მაგრამ, ცოტანი ვართ და ყველას დაჭერა არ ივარგებს. გაუშვი... და კინაღამ ვთქვი იფრინონ–მეთქი. ყველამ ვიცით და ყველას გაგვიგია – „მხოხავად შობილს არ ძალუძს ფრენა“. „საზამთროს კურკები იქცეოდნენ ბუზებად და მიფრინავდნენ თბილ ქვეყნებში“ – თენგიზ ჩანტლაძეს დავესესხე და ცოტათი ჯამლეტ ხუხაშვილსაც დავესესხები: მინიატურების თეატრის „სტაჟიან გულშემატკივრებს“ აუცილებლად ეხსომებათ ჩანტლაძის ეს მონოლოგი, სადაც საზამთროს კურკებისა და ბუზების შეჯვარებაზეა საუბარი.

დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ნარჩენებს ერთი სული აქვთ, როდის მოვა ოქტომბერი, როდესაც სააკაშვილი თბილ ქვეყნებში გაფრინდება; როდესაც საზოგადოების ერთი, კორექტული ნაწილი იტყვის, წადი და ჩვენკენ აღარ მოიხედოო, ხოლო მეორე, არაპოლიტკორექტული ნაწილი (მათ შორის მეც) სიძულვილის ენაზე მიაძახებს: „წადი, წადი შენი...“

დღე არ გავა, რომ ემულგატორებით აღსავსე ვადაგასულმა რამე არ თქვას და ამ რამეებში უამრავი სულელური რუმეები არ გამოურიოს. ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ვინმე მაგის წასვლას ნატრობს, ეს, პირველ რიგში, სწორედ მისი ნარჩენებია. ის უნდა წავიდეს, ჩვენ უნდა დავივიწყოთ, ესენი გადაეწყობიან და ბუზადქცეულ საზამთროს კურკას მშვიდობის მტრედად შემოგვასაღებენ.

რამდენადაც მახსოვს, ერთაოზს ცათმფრენი მხოლოდ იმისათვის ჭირდებოდა, რომ მარგალიტა ამყოლაძესთან ჯვარი ეფსკვნა. ასეც ეუბნებოდა ქრისტეფორე მგალობლიშვილს – გავფრინდეთ, მე ჩემ ცოცხალს მივხედავ, შენ შენს მკვდარს მიხედეო.

ამან კიდევ, სააკაშვილმა, ისეთ საქართველოში გვეცხოვროს, ერთაოზი რომ ოცნებობდაო... გაივლის წლები და ისტორიის ფურცლებზე სააკაშვილი იმ სიმბოლოთი იქნება აღნიშნული, დაკლაკნილ ჭიას რომ გავს.

„...რა თქმა უნდა, ყველანი გავფრინდებით, აუცილებლად, ჩვენი ქვეყანაც გაფრინდება ყველა იმის ჯინაზე, ვისაც უნდა დაგვაკაოს, დაგვამიწოს, ცხრაკლიტულში მოგვათავსოს. ჩვენი მთავარი ნატვრა ახდება, ყველაზე გაბედული რაღაცები მოხდება და საქართველო ისეთი იქნება, როგორიც ერთაოზს წარმოედგინა და, როგორც ჩვენ ყველას გვინდა“ – უკვე მერამდენედ გადავიკითხე...

თერთმეტჯერ! თერთმეტჯერ, შე გამოქათამებულო! მაგისთვის გაგიშვით პარიზში?!

ნუ დავიჭერთ, დავაკავოთ. არ არის საჭირო ცხრაკლიტული, მხოლოდ ნატვრისთვალი ჩამოვართვათ. ნუ მოვკლავთ, დავჭრათ. ნუღარ გადავდებთ, ვრეკოთ თავში და გულიანად გავიცინოთ, როდესაც შეგვეკითხება, ვინ მოგცათ თქვენ ჩემი ცხედარიო. ვინ მოგვცა და, კომკავშირის, სუკისა და მოქკავშირის მიერ დაარსებულმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ.

ჰოდა, როდესაც ეს წავიკითხე... თუმცა, მოდით თქვენც წაიკითხეთ გიგი უგულავას სიტყვები: „ამ მთავრობასთან დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ რიტორიკულ კითხვას დავსვამ: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა აი, ამ ჩუკენობას და როდის გადავა ახალი მთავრობა რეალური საქმის კეთებაზე“.

როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა ჩუკენობასო, ანუ, გიგი უგულავამ დასვა რიტორიკული შეკითხვა, როდის შეგვეშვება, როდის გაგვიშვებს ხელს ახალი მთავრობაო... დარდობს, შეძრულია, აინტერესებს. დიდი შეძრული ვინმეა ეს გიგი უგულავა, დიდი შეძრული!!!

ასი დღე, რომელმაც შეძრა გიგი უგულავა და ერთი დღე, რომელმაც შეძრა საქართველოს ბიუჯეტი – გიორგი თორთლაძემ 2012 წლის 2 ოქტომბერს დალაშქრა კილიმანჯარო, სადაც მან გაშალა დროშა, წარწერით „Georgia Without Occupant’s“, დამზადდა ვიდეო რგოლი, რომელიც რეგულარულად გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში“.

საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ვუყურებ და ამიტომ არც იმ ვიდეორგოლის ამბავი ვიცოდი. აწი დავინტერესდები და გავარკვევ, როგორ არის სტატისტიკურად, ანუ თორთლაძის ვიდეორგოლის თითო დატრიალებაზე რამდენი ოკუპანტი ტოვებს საქართველოს და თუ აღმოჩნდება, რომ მართლაც ტოვებს, ხომ არ გვეფიქრა პროცესების დაჩქარებაზე – დავირაზმოთ ქართველები და ყველამ ერთად შევუტიოთ კილიმანჯაროს თოვლიან მთას, თითომ თითო რგოლი დავამზადოთ და სოფელიც აშენდება. თუმცა, ბიუჯეტზე ვსაუბრობდი – „საქართველო ოკუპანტების გარეშე“ ორგანიზებისთვის 2012 წლის ივლისში 350 000 ლარი გამოყო. აღნიშნულ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქვეყნებს“.

აჰა... ერთი ნაცნობი მყავს, ერთ ჯერზე ათი ლიტრის დალევა შეუძლია. გადაიხადოს კულტურის სამინისტრომ 350 ათასი ლარი და ათლიტრიან ყანწს დალევს, ვიდეორგოლსაც დაამზადებს და საზმაუს ეთერშიც განათავსებს. ოღონდ ოკუპანტები წაეთრიონ და რას არ გააკეთებს კაცი! მე მაგალითად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოთხოვნით, თანახმა ვარ დავესწრო ლივერპულურ დერბის და არც 350 ათასი მინდა, მაგის ნახევარსაც თავისუფლად ვიმყოფინებ და მერე ვიდეორგოლში ყველანი იხილავთ, როგორ გეახლებით „პაულანერს“ „ენფლიდ როუდის“ უახლოეს პაბში და როგორ მოვითხოვ „საქართველოს ოკუპანტების გარეშე“.

„თორთლაძე აცხადებს, რომ გასულ წელს კულტურის სამინისტრომ 350 000 ლარი არა პირადად მას, არამედ ცენტრს გადაურიცხა. მისივე თქმით, ასევე არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თანხა მხოლოდ კილიმანჯაროს დასალაშქრად და ვიდეორგოლის დასაფინანსებლად დაიხარჯა. თორთლაძე განმარტავს, რომ ამ დაფინანსებით ცენტრმა ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და არაერთი ღონისძიება გამართა. მისივე თქმით, აღნიშნული დაფინანსებიდან 81 529 ლარი ახალმა ხელისუფლებამ უკან დაიბრუნა. თორთლაძე ასევე განმარტავს, რომ კულტურის სამინისტროსთან მიღება-ჩაბარების აქტში, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გაფორმდა, აღნიშნულია, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ“ – მატყობინებდა სააგენტო, რომელთანაც ძველი მეგობრობა მაკავშირებს.

აბა, ახლა, თორთლაძე რას იტყოდა? მაგრამ ეს მიღება–ჩაბარება რაღაც ვერ გავიგე, ნუთუ, თორთლაძისგან კულტურის სამინისტრომ ოკუპანტებისგან თავისუფალი ცხინვალი და სოხუმი ჩაიბარა?! თუ ეს ასეა და, მაშინ რაზეა ლაპარაკი და თუ ეს ასე არ არის, მაშინ უკვე ის აღარ მესმის – კულტურის სამინისტროსთან მიღება-ჩაბარების აქტში, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გაფორმდა, აღნიშნულია, რომ „მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ“.

გასულ კვირაში ისე გამოვიდა, რომ ირაკლი ალასანიას მიმართ ლამის ყველას პრეტენზია გაუჩნდა – როგორ გაბედა და როგორ ემხრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკას! როგორ გაბედა და როგორ გაივლო თავში, რომ პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი! როგორ გაბედა და ამ თემაზე თანაპარტიელებთან დაილაპარაკა! უნდა დაისაჯოს!!!

თუ ვიღაცისთვის ვიცე–პრემიერობიდან გადაყენება არის დასჯა, ლოგიკურად გამოდის, რომ იმ ვიღაცისთვის ვიცე–პრემიერობა ჯილდო ყოფილა. აი, ეს არ მესმის. მაგალითად, თუ ვინმეს ჩემი დასჯა უნდა, შეუძლია დამნიშნოს ვიცე–პრემიერად, მაგრამ მერე, თუ კარგად მოვიქცევი, მომხსნას და დავისვენებ.

საერთოდ კი, ამ პარლამენტის მთლ საპარლამენტო უმცირესობას და საპარლამენტო უმრავლესობის აბსოლუტურ უმრავლესობას რომ ვუსმენ, ვუყურებ და მათ მიერ გავლილი ცხოვრების გზა რომ ვიცი, მეც საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრე ვარ, ხოლო ოლეგ იაძე რომ მახსენდება, მზად ვარ კილიმანჯაროზე ავიდე და მთლი ხმით დავიბღავლო: „საქართველო გამგებლების გარეშე“ და თუ სხვაგანაც განმეორდება ის, რაც რუსთავისა და წყალტუბოს „ოცნების“ შეკრებებზე მოხდა, მაშინ უკვე ევერესტზე დავდგები და სინანულით ვიკითხავ: „რატომ ჩაგვიკუკეთ ოცნებებში?“

ჩემი ოცნება სულაც არ ყოფილა ის, რომ ვიღაც ტლუებს და უვიცებს პარლამენტში მოსახვედრად ფული დაეხარჯათ და არც ის, რომ ვიღაც თავგასიებულებს პარლამენტში მოხვედრით ეშოვნათ ფული.

ა, ბატონო: „როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, შემოდგომისთვის იმდენად მძაფრი იქნება ქვეყანაში კრიზისი, იმდენად ცუდი იქნება ეკონომიკური ვითარება და იმდენად ღრმა იქნება კრიტიკა მთელი მსოფლიოს მხრიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვოს“.

ა, ბატონო – როცა ნანა ყეენიშვილი ბლატაობს და ქარქუსოვებს აბლატავებს, იქ უკვე იმ თავგასიებული ნუგზარ–წუგზარ წიკლაურ–წაკლაურის ბლატაობის დროც დგება.

„მიხეილ სააკაშვილი: „თინა ბურჯალიანს საქმე ისე გაუხადეს, რომ საქართველოს დატოვება მოუხდა“ – ეს არის ნიუსის სათაური და აქვეა ჩემი და სხვა ბევრის საყვედურიც ხელისუფლების მიმართ – როგორმე ისე მოახერხეთ, რომ თინა ბურჯალიანებმა და ზურაბ ადეიშვილებმა საქართველოს დატოვება რომ ვერ შეძლონ. დღეს 28 იანვარია და ვინც სანდრო გირგვლიანს გაიხსენებს, ვთხოვ, რომ არც თინა ბურჯალიანი დაივიწყოს.

სვანს თითზე ჯვარი აქვს დახატული. რატომო – ჰკითხეს და, ინგლისური ვისწავლე და რომ არ დამავიწყდესო. შალვა ნათელაშვილმა ინგლისური ისწავლა და როგორც ნიუსის სათაურში ამოვიკითხე აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება“: „ლეიბორისტული პარტია“ 100-დღიან მორატორიუმს ასრულებს და აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა“.

ცოტას გავერთობით... ისა და, ლეიბორისტები ხუდადოვზე კანალიზაციის შეკეთებას რომ ითხოვდნენ, ბოლო–ბოლო, შეაკეთეს თუ არა? ამის შესახებ, ალბათ, ლეიბორისტების იდეოლოგიური მდივნის, კახა ძაგანიას უახლოესი პრეს–კონფერენციიდან შევიტყობთ. უკვე ვიცით, რომ გაფიცული მძღოლებისა და „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლების მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

სამი დღეა თბილისელები მარშუტკების გარეშე დავრჩით და პრობლემა არ არის, ერთი სამ დღეს და იქნებ უფრო მეტსაც, კიდევ ავიტანთ. ამ შემთხვევაში აუტანელი მხოლოდ საინფორმაციო ვაკუუმში ყოფნაა. შეუმცირდებათ მძღოლებს გეგმა? შემცირდება მგზავრობის ღირებულება? მიეცემათ მძღოლებს რადიოს ჩართვის უფლება? – ეს ის კითხვებია, რომელიც არაპროგრესულ საზოგადოებას აწუხებს, რაცშეეხება პროგრესულ საზოგადოებას – სამოქალაქო და ელჯიბიტი საზოგადოებებს და ექსპერტებს, მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, იქნება თუ არა დაცული გენდერული ბალანსი, ეს კი მხოლოდ რუსუდან კერვალიშვილმა იცის. გადაიყვანს, გადმოიყვანს და დააბალანსებს. სასაცილო ის იქნება, თუ ქ–ნ კერვალიშვილის კაბინეტს „ვულკანიზაცია და ბალანსირება“ აწერია.

სხათა შორის, ნაცების საპარლამენტო ფრთამ (შტომ) ვულკანიზაციის შიშით ბალანსირება წამოიწყო – ზაზა კედელაშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადის და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარებში“ ერთიანდება. ახალციხის მაჟორიტარი ვაჟა ჩიტაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – რეგიონებში“ შესვლის მიზნით გავიდა.

ამასთან დაკავშირებით განმარტება ბობოხიძემ გააკეთა: „ვხედავთ, რომ ადგილი აქვს დეპუტატებზე ზეწოლას, რათა მოხდეს კონსტიტუციით დამტკიცებისთვის საჭირო 100 ხმის მოპოვება. ამასთან, საგაზაფხულო სესიაზე დღის წესრიგში საკონსტიტუციო პროექტების კენჭისყრა მოხდება და შესაძლოა, ეს ზეწოლები კიდევ უფრო გაძლიერდეს, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ფრაქციების შემადგენლობა 7 დეპუტატამდე გაიზარდოს“.

ეს სიტყვა – ზეწოლა – რომ არ არსებობდეს, რა ეშველებოდათ?! ნაცები ყოველთვის ამ ზეწოლების იმედზე იყვნენ, ამის დამადასტურებელი კადრები პროკურატურამ ტელევიზიით გვიჩვენა და როგორც ჩანს, პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრები ნაციონალებს საიმედოდ აქვთ გადამალული, რადგან „აკაკი ბობოხიძე იმედს გამოთქვამს, რომ საგაზაფხულო სესიისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობას მაჟორიტარები არ დატოვებენ და შემთხვევებს, როდესაც მაჟორიტარები უმცირესობიდან გავიდნენ, ადგილი აღარ ექნება“.

ვაღიაროთ – ბევრს აინტერესებს, რომელი პოლიტიკოსები იყვნენ იმ კადრებში... ვისაც აინტერესებს, დაჯდეს და დააკვირდეს, ვინ გავა ნაცებიდან და ვინ დარჩება ნაცებში. ვინც ნაცებში დარჩება, ჩათვალეთ, რომ იმას ნაცების აქვს დარჩენილი.

ახლა, ექსპერტები ამიჯანყდებიან, მაგრამ ახლა ერთი ნიუსით შევაფასოთ, რანი არიან ქართველი ექსპერტები და რისთვის იბრძვიან ისინი.

„ჩემი აზრით, პრემიერის განცხადება კიდევ უფრო შემწყნარებული და დელიკატური იყო ალასანიას განცხადებასთან შედარებით, როცა თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით ძალზე მძიმე საუბარი ჰქონდა პრემიერთან. მე შევახსენებდი ბატონ ალასანიას, რომ ძალზედ მძიმე საუბრის შემდეგ არც ერთი თავმოყვარე მინისტრი თავის თანამდებობაზე აღარ რჩება“ – ეს სიტყვები ცნობილ ქართველ ექსპერტს და ღვაწლმოსილ საზოგადო მოღვაწეს, სოსო ცინცაძეს ეკუთვნის.

ტელევიზორის სტაჟიან მაყურებელს სოსო ცინცაძის მრავალი სიბრძნე ახსოვს. ცინცაძის მიხედვით, სსრკ იყო მშვიდობის გარანტი მთელ მსოფლიოში; სკკპ იყო ჩვენი ეპოქის გონება, სინდისი და ღირსება და ბრეჟნევი ხომ იყო და იყო, ანდროპოვი ხომ იყო, იყო და იყო, ჩერნენკო, გორბაჩოვი ხომ იყვნენ და იყვნენ... 80–იან წლებში კომუნიზმში უნდა გვეცხოვრა.

მე შევახსენებდი ბატონ ცინცაძეს, რომ მისი ამ მძიმე–მძიმე აზრების შემდეგ ყველა თავმოყვარე ექსპერტი დაუჯერებდა გიგი უგულავას, თავისი ქალაქის მეეზოვე გახდებოდა და უფროსად ეყოლებოდა შოთა ხიზანიშვილი, რომელიც გასულ კვირაში თბილისის მერის მოადგილედ დაბრუნდა. 35 000 ლარი გადაიხადა და დაბრუნდა.

მე რომ 35 ათასი ლარი გადამეხადა, ახლა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვიქნებოდი მიერთებული, ჩემი მთელი საახლობლო კი ტოტალიზატორში შეგდებული ბოლო ლარიანის იმედად იქნებოდა.

რა იოლად გადაიხდიან ხოლმე... ალბათ იმიტომ, რომ თავს ძალა დაატანეს და გაიხადეს... აი, პროკურატურამ კადრები რომ გაავრცელა...

ვინ იყო იმ კადრების უფროსი? ვინ არის ყველაფრის მკადრებელთა უფროსი?

„სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაში სწორი აქცენტები შენიშნეს. როგორც დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, იყო გარკვეული კონკრეტიკა იმ საკითხებთან მიმართებაშიც, რომლებსაც პრეზიდენტი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის მნიშვნელოვნად და აქტუალურად მიიჩნევს“ – „ინტერპრესნიუსი“ რომ არ მყავდეს...

არადა, გამოსვლა იყო... თუმცა, ყველამ ნახეთ და მოისმინეთ.

ყველა გიჟი ჩვენ როგორ უნდა აგვეკიდოს?! კიდევ რამდენი კვირა უნდა გავიდეს, რომ ეს შეკითხვა ბოლოჯერ დავსვათ?!

რაღაც, საზიზღარი კვირა იყო – მთავრობასთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან მძიმე შეკითხვები მქონდა, მაგრამ კვირაში შვიდი დღე–ღამეა, დღე–ღამეში – 24 საათი და გასული კვირის ერთი კონკრეტული დღის ერთ კონკრეტულ საათს ჩემს მეგობარს, ალექსანდრე გუგეშაშვილს შეეძინა შვილიშვილი - ალექსანდრე გუგეშაშვილი.

გაუმარჯოს რაჭველებს!

ნ. (ნაცმაცუნებო!) ამხანაგებო! – განაგრძო კვაჭმა – მე ძალიან ბევრი მტერი მყავს. ვიცი, რომე ეგენი ეცდებიან ჩემი ღვაწლი წაშალონ და ისტორიიდან ამომფხიკონ, მარა თქვენისთანა მეგობრებიც ბლომად მომეპოვება. ვინ იცის, მე დევიღუპო, მარა თქვენ ჩემი სახელი ისტორიკოსებს დავიწყების სანაგვეზე არ გადააგდებიოთ.

(მიხეილ ჯავახიშვილი, „კვაჭი კვაჭანტირაძე“)