ზაალ სამადაშვილი საკრებულოს წევრებს მოუწოდებს ხმა აიმაღლონ

ზაალ სამადაშვილი საკრებულოს წევრებს მოუწოდებს ხმა აიმაღლონ

საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი საკრებულოს დეპუტატების დაკითხვას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზეწოლად აფასებს და საკრებულოს წევრებს ხმის ამაღლებისკენ მოუწოდებს. აქამდე ყოველთვის თვინიერი სამადაშვილი არ აკონკრეტებს, რას ნიშნავს ხმის ამაღლება - დაუმორჩილებლობას თუ სხვა რამეს, იმიტომ, რომ ნაციონალები ხმის ამაღლებას ისედაც არ აკლებენ.

ზაალ სამადაშვლის განცხადებით, სამართალდამცველების ქმედება უკვე ცივილურ ფორმებს გასცდა:

„ადგილი აქვს ხელის შეშლას საკრებულოს მუშაობაზე. ეს არის დემოკრატიაზე ზეწოლა. ეს არის განსხვავებული აზრის დევნა“.

საკრებულოს თავმჯდომარის აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით საკრებულოს ორი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხვიჩა სანაია და ვახტანგ ცაგარეიშვილი დაიკითხა, ხოლო მთავარ პროკურატურაში ჩვენებას საკრებულოს კიდევ ერთი ნაციონალი დეპუტატი გელა ომანიძე იძლეოდა.

ამის საპასუხოდ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისის’" თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

როგორც გიორგი მუსხელიშვილი აცხადებს, თბილისის საკრებულოს დეპუტატებს საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა არ ეკრძალებათ. მისივე თქმით, განვლილ რვა წელიწადს თუ გადავხედავთ, ხშირად ადამიანებს არა მარტო დაკითხვაზე იბარებდნენ, არამედ სახლებიდან მიათრევდნენ და ატუსაღებდნენ. მუსხელიშვილის განცხადებით, სამი დეპუტატის დაკითხვაზე დაბარება და მათი საკრებულოს სხდომაზე დაუსწრებლობა ბევრს არაფერს ცვლის, რადგან ხშირად საკრებულოს სხდომას დეპუტატთა ნახევარი არ ესწრება, მაგრამ სხდომები მაინც ტარდება.

For.ge-ს საკრებულოს ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ესაუბრა.

- ყველა ადამიანი იმის მიხედვით დგამს ნაბიჯს, თუ რამდენად გასაზიარებელია ცალკეული პირის მოწოდება. ზაალ სამადაშვილი თუ ვინმეს რამეს მოუწოდებს, ალბათ, ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს. თუმცა მას არ აქვს უფლება, მოუწოდოს ვინმეს, მაგრამ შეუძლია, გამოთქვას თავისი მოსაზრება და ვიღაც დაეთანხმოს კიდეც და ვიღაც -არა. ჩვენმა ფრაქციამ თქვა, რომ, როგორც კოლეგებს, ამ ადამიანებს მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ, მაგრამ ასევე, დარწმუნებულები ვართ დღევანდელი ახალი ხელისუფლების სამართლიანობაში, გამოძიების სწორად წარმართვაში, რაც რევანშისტული არ იქნება. ამიტომ, ამ საქმის დრამატიზება სწორად არ მიმაჩნია. ქათამი რომ დაუჭირონ ნაცმოძრაობის წევრებს, იმაზეც იტყვიან, პოლიტიკურად დაიჭირესო. ეტყობა, ამნეზია აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ, თუ რამე უნდა ახსოვდეთ, თავის მიერ ჩადენილი სიბინძურეები უნდა ახსოვდეთ. დიდი ხნის განმავლობაში მოსახლეობას თავიანთ ქვეყანაში ცხოვრება ცხვირიდან ძმრად ამოადინეს. ახლა კი გამტკნარებული და გაოცებული სახეებით იძახიან, ჩვენზე პოლიტიკური დევნა ხორციელდებაო. რამდენადაც ვიცი, სულ ხუთი ადამიანია დაკავებული, დანარჩენებს დროებით დაუძახეს, შეკითხვები დაუსვეს და გამოუშვეს. ნაციონალები ამას აღარ იძახიან და ქმნიან ფონს, თითქოს, ამ ხელისუფლების სათავეში ვანდალები მოვიდნენ და სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებენ. ზუსტად ამ რეჟიმის გამო აიმაღლა ხალხმა ხმა მათ წინააღმდეგ და გამოცვალა ხელისუფლება. ამიტომ ახალ ხელისუფლებასაც ვალდებულება აქვს, რომ სამართლიანობის აღდგენა უზრუნველყოს.

როგორ გგონიათ, საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს განხორციელებული საქმეების გამო ზაალ სამადაშვილის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?  

- გაჩნდება თუ არა კითხვები ზაალ სამადაშვილის მიმართ, ჩემთვის უცნობია. ისიც უცნობია, ვის რისი ეშინია. შეგნებულად, რომ ამ პიროვნებებს ვებრძოდე, ან მათ მიმართ ზიზღი და დევნის განხორციელების სურვილი გამაჩნდეს, ასეთი რამ არ მაქვს. მე ვებრძვი რეჟიმს, იმ სისტემას, რომელმაც კინაღამ დაჩოქებამდე მიიყვანა ჩემი ქვეყანა.       

მაგრამ ზაალ სამადაშვილის ხელმძღვანელობით ნაციონალებით დაკომპლექტებული საკრებულო უკანონო გადაწყვეტილებებით არ გვანებივრებდა?

- გარკვეული პერიოდის შემდეგ სარევიზიო კომისიას ექნება ვალდებულება, შეამოწმოს როგორც ქალაქის სამსახურებისა და მერიის სტრუქტურების ხარჯვითი ნაწილი, ისე საკრებულოს აპარატის ხარჯვითი ნაწილი.

მას შემდეგ, რაც გაემიჯნეთ ნაციონალებს, თქვენ აცხადებდით, რომ ნაციონალების კულუარებში რევანშისთვის სერიოზული მზადება მიმდინარეობს და, რომ ნაციონალები ამ პერიოდს ზვიადისდოინდელ პერიოდს და მის ფინალს ადარებენ.

- ნაციონალები რევანშისთვის კი არა, ვერაფრისთვის ვეღარ ემზადებიან. ნაციონალები აგონიაში ჩავარდნილი ადამიანები არიან, რომლებსაც სირაქლემას პოზა აქვთ მიღებული და იჯერებენ, თითქოს სხვა რეალობაში ცხოვრობენ.

„მაგრამ მათგან განუწყვეტლივ ისმის - „ჩვენ დავბრუნდებით“.

- „ჩვენ დავბრუნდებითო“, - ამას ჰიტლერიც ამბობდა, სანამ ბუნკერიდან გამოიყვანდნენ. არ მინდა, მათაც ჰიტლერის ბედი გაიზიარონ, მაგრამ, ზოგადად, ნაციონალებს პროფაშისტური აზროვნება ჰქონდათ -  ვინც ჩვენიანი არ არის, ყველა უცხოა და ყველა მტერია. ვისაც „სამოსელი პირველი“ წაკითხული აქვს, მისთვის ნაცნობია, რომ ქალაქი კანუდოსი კამორიდან გამოსული საზოგადოების წევრებისგან იქმნება, რომლებმაც კამორაში ყოფნას თავისუფალ ქალაქში ცხოვრება არჩიეს.

რა ინფორმაციას ფლობთ, საკრებულოს ნაციონალი დეპუტატები ფრაქციის დატოვებას ფიქრობენ?

- დარწმუნებული ვარ, ნაცმოძრაობიდან გამოსვლასა და გამიჯვნას ბევრი ადამიანი აპირებს. შესაძლოა, ცალკე დეპუტატად გავიდნენ, შეიძლება, სხვა ფრაქციას შეუერთდნენ. ნებისმიერი ადამიანის გამოსვლა დროულია, დაგვიანებული არცერთი შემთხვევა არ იქნება, ოღონდაც ბოროტების ეს მანქანა დაიმსხვრეს. ჭაობივით ჰყავთ ეს ადამიანები ჩათრეული და იმდენად მძიმეა მათი იქიდან გამოგლეჯა, რომ ნაცმოძრაობიდან თითოეულის გამოსვლა გმირობა და ერის წინაშე ვალდებულების მოხდაა. არავის ეგონა, რომ ქალბატონი ნინო თევდორაძე, რომელიც ჩვენს ფრაქციას შეუერთდა, გაემიჯნებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ ეს მოხდა. ნაციონალები ვერ გადაეჩვივნენ ტყუილის თქმას, ფასადურ პოლიტიკასა და მარიაჟს. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ამაზეა ნათქვამი.