ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუთიუნის“ წარმომადგენელმა, გეგამ მანუქიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ტერიტორიების დაკარგვაშია დამნაშავე, ხელისუფლებაში არ უნდა დარჩეს.
საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი მივიდა. პოლიცია მათ პერიოდულად დაშლისკენ მოუწოდებს, ვინაიდან სომხეთში საომარი მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს და აქციების ჩატარება აკრძალულია.
10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.
11 ნოემბერს სომხეთის 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.