აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის ცხრა მოქალაქე და 47 ორგანიზაცია, ასევე ერთი თურქული და ერთი გერმანული კომპანია სასანქციო სიაში შეიყვანა.
„აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოურ აქტივებზე კონტროლის სამსახურმა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ კონტროლირებული ისლამური რევოლუციის „მოსტაზაფანის ფონდის“ წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა“, - ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ფონდი, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია მოქმედებს, თუმცა მისი ჰოლდინგები ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ თავისი ოფისის გამდიდრებისა და რეჟიმის მოწინააღმდეგეების დევნისთვის გამოიყენება.
სასანქციო სიაში ირანის დაზვერვისა და უშიშროების მინისტრი, მაჰმუდ ალავიც მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ „მოსტაზაფანის ფონდი“ ირანის მთავარ სექტორებში 160 ჰოლდინგით არის წარმოდგენილი.