გასულ წელს მკითხველის სამსჯავროზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ ხალხში მოარული ანეკდოტები გავიტანე. ჩვენს ქვეყანაში ეს პიროვნება ისეთი „პოპულარობით“ სარგებლობდა რომ ამ თემამ ერთი წერილი არ დაიტია და მისი რამდენჯერმე გაგრძელება მომიწია.
საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მეგონა რომ მიხეილის თემა თანდათან დავიწყებას მიეცემოდა. თავდაპირველად ვარაუდი გამიმართლდა. სააკაშვილი თავის საპრეზიდენტო სასახლეში ჩაიკეტა და ყოფილ სამფლობელოში განვითარებულ მოვლენებს შორიდან აკვირდებოდა.
უმცირესობაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე დღეები დაუდგა და მიშიკოც მალე „იატაკქვეშეთიდან“ გამოვიდა, უწინდელი მხნეობა დაიბრუნა და საქართველოს მოსახლეობის თითქმის ყოველდღიური დამოძღვრა დაიწყო. თავდაპირველად ერის ბედზე მაფიქრალი შეწუხებული პიროვნების სახით მოგვევლინა, შემდეგ კი დაუნდობელ შეტევაზე გადავიდა.
გასული წლის ოქტომბრიდან სხვადასხვა ვებ-გვერდებზე სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ ახალ ანეკდოტებს მუდმივად ვეძებდი, მაგრამ უშედეგოდ. ალაგ-ალაგ ახალ „სიახლეებს“ კი ვაწყდებოდი, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი გახლდათ. მიშას პოლიტიკური „გააქტიურების“ შემდეგ ხალხი კვლავ გამოფხიზლდა, წარსული გაიხსენა და ყოფილი ბელადი ისევ ანეკდოტების ერთ-ერთ „საყვარელ“ გმირად მოგვევლინა.
პრეზიდენტის გარდა „პოპულარულ“ პიროვნებათა რიცხვში ბატონი ბაჩო ახალაიაც ჩაეწერა. დღევანდელ წერილში გასულ წელს დაწყებულ ერთგვარ ტრადიციას გავაგრძელებ და სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ ახალ „სახალისო ისტორიებს“ შემოგთავაზებთ. მათ ღირებულებაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ამის შესახებ თავად მკითხველმა იმსჯელოს. წერილის ბოლოს კი ბაჩო ახალაიასაც გაგახსენებთ.
„მიშა მიფორთხავს უდაბნოში და იძახის:
- ვადა... ვადაა...“
„მიშას ეუბნებიან:
- რუსები მოდიან, 10000-კაციანი დესანტი გადმოსხეს ფოთშიო.
- მაშ, გამომიტანეთ წითელი შარვალი, რათა ჯარისკაცებმა სისხლი არ დაინახონ თუ დავიჭრებიო.
მოგვიანებით:
- ბატონო პრეზიდენტო შევცდით, 10000 კი არა, 100000 კაცი გადმოსხესო.
- მაშინ წითელი კი არა ყავისფერი შარვალი გამომიტანეთო“.
„სააკაშვილი სამსახურს ეძებს. დააგზავნა სივები და ტანსაცმლის მწარმოებელი ერთერთი წამყვანი ბრენდისგან მიიღო გასაუბრებაზე მოწვევა.
მივიდა და კითხვას უსვამენ:
- რამდენად კარგად ერკვევით მამაკაცის სამოსში? მაგალითისთვის ჰალსტუხების შესახებ თქვენს ცოდნას როგორ შეაფასებდითო?
ეს პასუხობს - გადაღეჭილი მაქვსო“.
„მიშა ეკითხება თავის ფსიქიატრს:
- ექიმო, წამალი რატომ შემიცვალეთო?
- ეგ რამ გაფიქრებინა მიშაო
- ადრე, ტაბლეტებს წყალში ვყრიდი და დაცურავდნენ, ახლა ჩაძირვა დაიწყესო.“
„ანეგდოტი მიშასაგან:
- ბიჭი, რამდენი წლის ხარ?
- შვიდის.
- შენ?
- მე რვის.
გახარებული მიშა: -უიი, თქვენ ტყუპები ხართ?“
„ერთი ქართველი მოკვდა და სამოთხეში მოხვდა. შეამჩნია ერთგან ბევრი საათი და დაინტერესდა - ეს რა არისო? მთავარანგელოზმა აუხსნა: ეს ტყუილის საათებია. ყველა ადამიანს საკუთარი საათია აქვს. როცა იტყუებიან, ისარი ერთი საფეხურით გადაიწევსო.
ახლა დაინტერესდა რომელი საათი ვისი იყო:
- ეს დიდი საათი ვისიაო?
- დედა ტერეზასი, არასდროს იტყუებოდა და ისრები სულ ადგილზე იდგაო.
ეს მეორეო? ეს ლინკოლნისააო, ორჯერ მოიტყუა და ორჯერ გადაიწია ისარმაო.
- აბა მიშასი მანახეთო.
- ეგ კაბინეტში მიდგას ვენტილატორის მაგივრადო“.
„თბილისელი გელა მიხეილ სააკაშვილთან მივა და სთხოვა, მისთვის სამსახური ეშოვნა. მიშა შეეკითხა, თუ რისი გაკეთება შეეძლო.. მაგარი ადამიანი ვარ, ყველა მიცნობსო. აი ახლა თუ გინდა ბუშს დავურეკავ და მოვიკითხავო.
მიდიო, უთხრა სააკაშვილმა. დარეკავს გელა ბუშთან, გადაირევა ბუში: გელას ვახლავარ სად დაიკარგე კაცო ასე უნდაო? გაოცდება სააკაშვილი. წავლენ ევროპაში. შეაჭრის გელა სარკოზისთან და ერთი საათის შემდეგ მიშა ძლივს გამოიყვანს. დამშვიდობებისას სარკოზი ეტყვის, აბა შენ იცი არ დაიკარგოო.
ასე შემოვლიან ევროპას. ბოლოს ჩავლენ ვატიკანში და გელა ეუბნება: ახლა მე ავალ, რომის პაპთან ერთად აივანზე გამოვალ და ხელს დაგიქნევო. მართლაც ცოტა ხანში გამოვა პაპთან ერთად და ხელს აქნევს. რომ დაბრუნდება სააკაშვილს უკვე ასულიერებენ. გელა შეეკითხება რა გჭირსო? რაო და შენ რომ აივანზე იდექი ვიღაც ზანგმა გამოიარა და მკითხა: იმ აივანზე რომ გელას გვერდით კაცი დგას, ვინ არისო?“
„ბიძინა ივანიშვილი ეკითხება მიშას:
- შენი შენახვა ძვირი ჯდება და ხარჯები უნდა შეგიმციროო.
სააკაშვილმა:
- გაჭირვებული ქართველი ხალხი მინახავდა და შენ ვერ უნდა შემინახოო ?“
„დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ სახალხო პარტიის კრებაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შემდეგ სააკაშვილი შეხვდა რუმინეთის პრეზიდენტს ტრაიან ბარესკუს, ესაუბრა პრემიერ მინისტრს ვიქტორ პონტას.
ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა რუმინეთის მთავრობის სხდომაზე ვიქტორია პალასში და რუმინეთის სენატში. ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან ერთად მოინახულა ადგილი, სადაც განთავსდება ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემები. მოინახულა ქვეყნის 37 პრეფექტი (5 შვებულებაში იყო).
ესტუმრა დედაქალაქის მერიას და გაეცნო მუნიციპალურ პროექტებს.
ეწვია ბუქარესტის უნივერსიტეტს, სადაც ორ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა, სანამ არ მიანიჭეს საპატიო დოქტორის ხარისხი.
გადაცურა დუნაი, ინტერვიუ მისცა ბუქარესტის სამ, ბულგარეთის ერთ ტელევიზიას და მერე უკან გადმოცურა.
გადმოხტა პარაშუტით ბუქარესტის კულტურისა და დასვენების პარკში.
დაესწრო საფეხბურთო კლუბი "სტიაუას" ვარჯიშს და მთავარ მწვთნელს მისცა საქმიანი რჩევები.
ხელი ჩამოართვა 17 564 მოქალაქეს.
მოიარა 7 პიცერია და გაეცნო ეროვნული სამზარეულოს მიღწევებს 11 სხვადასხვა რესტორანში.
შეჭამა 62 ნაყინი.
კიდევ უნდოდა დუნაის გადაცურვა, მაგრამ უთხრეს - გვიანია და დაკეტილიაო.
ამის მერე წამოვიდა სახლში.
იმავე დღეს, გვიან ღამით, თავის საგანგებო სხდომაზე რუმინეთის მთავრობამ 18 ოქტომბერი, ხუთშაბათი, დასვენების დღედ გამოაცხადა“.
„არჩევნებია ამერიკაში.
ობამა მიშას დაურეკავს და დახმარებას სთხოვს, მაგრად ვაგებ და იქნებ მომაგებინო არჩევნებიო. მიშამ უპასუხა, - არა გრცხვენია, დაგეხმარები აბა რას ვიზამო. გაუგზავნის საქართველოდან რჩეულ გამყალბებლებს თავისი ტელევიზიან- მელევიზიიანად.
ერთ კვირაში ობამა ურეკავს მიშას:
- ყველაფერი კარგად მიდის, კონკურენტი თითქმის დამარცხებულია, ერთი ეგაა რომ რამდენიმე შტატში ნაციონალები ლიდერობენო“.
„იაპონელები, ბრიტანელები, ამერიკელები და ქართველები ერთმანეთს ეჯიბრებიან, - ვინ უფრო მაგარი გამომგონებელი-მეცნიერია. იაპონელები მიცვალებულს ხელოვნურ ორგანოებს გადაუნერგავენ, დააპროგრამებენ და გააცოცხლებენ.
ბრიტანელები ჩონჩხს ხორცის მაგივრად ხელოვნურ ქსოვილებს მიაბამენ, დააპროგრამებენ და გააცოცხლებენ.
ამერიკელები ადამიანის თვალს იპოვიან, მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგიით თვალის მიერ სიცოცხლეში ნანახ ყველა ინფორმაციას შეისწავლიან და მისი მეშვეობით ზუსტად ისეთ ადამიანს შექმნიან, როგორიც თვალის პატრონი იყო.
დადგა ქართველების ჯერი და ქართველები დასცინიან დანარჩენებს - ეგ რა არის, ჩვენ გაურკვეველი ნივთი ვიპოვეთ, ჰალსტუხი გავუკეთეთ და პრეზიდენტად დავნიშნეთო“.
„ცენტრპოინტის მიერ აშენებული შენობა დაინგრევა და საშენ მასალებს ასამართლებენ. მიადგნენ აგურებს.
- თქვენი ბრალია ყველაფერი, არ ვარგიხართ გენაცვალეო
- რას ამბობთ, ჩვეულებრივი აგურები ვართო.
ნახავენ, მართლაც ჩვეულებრივები არიან,
- მაშინ ქვიშის ბრალიაო
- როგორ გეკადრებათ, მშვენიერი ქვიშა ვარო.
შეამოწმებენ – მართლაც კაია,
- ნუ, მაშინ ცემენტის ბრალიაო!
- რა გინდათ ძმაო ჩემგან, საერთოდ არ ვყოფილვარ მანდო“.
„ორი ძმაკაცი ხვდება ერთმანეთს:
- ბაჩო ახალაიას კამერიდან ყოველდღე "ჰეფი ბერზდეი" რატომ ისმისო?
- ყოველდღე ერთი წელი ემატებაო“.
„ციხეში შესული წიკლაური ეუბნება ბაჩოს, შენ არ იცი რამდენი მტერი გვყავს ამ ქვეყნადო. ბაჩომ უთხრა, შენ ის მკითხე იმ ქვეყნად რამდენი გვყავსო.“
„ბაჩო ახალაიას უთხრეს მკვლელობას გაბრალებენო. ბაჩომ - მომიყვანეთ, ვინ თქვა მაგი, ტყვია უნდა დავაჭედო შუბლშიო“.